"რუსული პროპაგანდის შედეგია საუბარი, რომ "ევროპა ქართველობას წაგვართმევს" - კვირის პალიტრა

"რუსული პროპაგანდის შედეგია საუბარი, რომ "ევროპა ქართველობას წაგვართმევს"

"სირთულე არის იმასთან დაკავშირებით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ევროპაში ჩადიან კრიმინალს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, აქტიური კამპანია ჩატარდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა დარღვევის შემთხვევაში რა სირთულეები წარმოიქმნება.

"რა გითხრათ, ყველა სახელმწიფოში, ყველა ქვეყანაში, ყველა ერში არიან კრიმინალები. სახელმწიფოები განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით, რამდენად ორგანიზებულად პასუხობენ ისინი კრიმინალს და რამდენად ორგანიზებულად აღკვეთენ ამას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პოლიციის ატაშეები ძალიან აქტიურად მუშაობენ ყველა ქვეყანაში. კრიმინალის აღკვეთაც ამ აქტიური თანამშრომლობის შედეგია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა რუსულ პროპაგანდაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ხშირად, რუსული პროპაგანდის შედეგია, როცა საქართველოში საუბრობენ, რომ "ევროპა ქართველობას წაგვართმევს" და რუსული პროპაგანდის შედეგი შეიძლება იყოს, როცა "ევროპის ქალაქებში მედია ქართველების მიმართ არის განსაკუთრებით მობილიზებული".

"როდესაც საზოგადოებრივი "პროჟექტორი" ასე მიჩენილია ქართველების მიმართ, მერე უკვე ამის პედალირება ხდება. ასე, რომ აქ ბევრი დეტალია. თუმცა, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ როგორია რეგულაციები. მეორე, კრიმინალი აღკვეთილი უნდა იყოს და ქართული სახელმწიფო ყველა მონაცემებით ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი სახელმწიფოა, რომელიც ევროპას ეთანამშრომლება და ქართული სამართალდამცავი სისტემა პასუხობს მათ მოთხოვნებს. მესამე - ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ქართველების წარმატება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნისა, ძალიან მძიმედ აღიქმება რუსი პოლიტიკოსების მიერ. თუ ისინი ახერხებენ, ამა თუ იმ ფორმით, ყველაზე წამყვანი ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა, მე არ გამიკვირდება, რომ ისინი მოახერხებენ რამდენიმე "კრიმინალური ქეისი" ისე შეკრან, რომ წარმოჩინდეს თითქოს ქართველები ევროპაში მართლაც განსაკუთრებულ სირთულეებს ქმნიდნენ. ვხედავ, რომ ქართული სახელმწიფო ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად მობილიზებული და გახსნილია ევროპის დედაქალაქებთან დიალოგისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"