"მილიონობით მიგრანტს, მათ შორის ტერორისტებსაც, ხელგაშლილი ეგებება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მოწადინე გერმანია" - კვირის პალიტრა

"მილიონობით მიგრანტს, მათ შორის ტერორისტებსაც, ხელგაშლილი ეგებება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მოწადინე გერმანია"

"თუ ევროკავშირი გაბედავს, მეტიც, გარისკავს, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ეს თავად მას დაუბრუნდება ცუდად"

20 თებერვალს გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს.

"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გუშინ განხორციელდა მორიგი რეადმისია, უკან გამოაბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვიეს ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი", - განაცხადეს გერმანიაში საქართველოს საკონსულოში.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეადმისიას დაექვემდებარნენ, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და ბადენ-ბიურტემბერგში ცხოვრობდნენ.

როგორც ცნობილია, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის შემცირების მიზნით ქართული მხარე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის, გერმანიასთან, მოლაპარაკებებს მართავს. რამდენად ეფექტიანი იქნება საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, გააჩეროს ქვეყნიდან მიგრაცია შენგენის ქვეყნებში, რამაც შეიძლება უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერება გამოიწვიოს? - გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

- ერთჯერადი სანქციებით ამ საქმეს არაფერი ეშველება. უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა შესაძლოა მართლაც აღმოჩნდეს ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი, რადგან ევროპაში გამგზავრებისა და იქ დარჩენის მსურველების ნაწილმა შეიძლება ამაზე უარი თქვას, რადგან თავშივე ეცოდინება, რომ თავშესაფარზე უარს ეტყვიან, მაგრამ თუ დავსვამთ კითხვას, უსაფრთხოა თუ არა მართლაც საქართველო, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. უსაფრთხოებას აქვს მრავალი ასპექტი, მათ შორის უმთავრესია სოციალური უსაფრთხოება და სწორედ ამ თვალსაზრისით საქართველო ვერანაირ ნორმებს ვერ პასუხობს. გარდა ამისა, შარშან, წლის მიწურულს, ტერორიზმთან დაკავშირებული მოვლენები და ბოლო ხანს კრიმინალური ვითარების აფეთქებაც ამ მიმართულებით ბევრ კითხვას აჩენს.

უმთავრესი მაინც, რის გამოც გარბიან ქვეყნიდან, არის სოციალური უსაფრთხოება და

ვერანაირი სანქციით ამას ვერ უშველიან. ამ ყველაფრის მოგვარებას სჭირდება სისტემური ხედვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვითარება არც მხოლოდ ამ ხელისუფლების დანაშაულია. ყველა წინამორბედი ხელისუფლებაც დამნაშავეა იმაში, რომ ქვეყანაში სოციალური უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებიც კი ვერ დაინერგა. შედეგად, ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის სამშობლოში ცხოვრება გაუსაძლისია. სამწუხაროდ, ამ პრობლემატიკის მოგვარების სისტემური ხედვის, სახელმწიფოებრივი და სტრატეგიული ხედვის დეფიციტია ამ ხელისუფლებაშიც. თუმცა ბოლო პერიოდში რამდენიმე საინტერესო ინიციატივაც მოვისმინეთ, მაგალითად, გავიხსენებ ახალდანიშნული ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის წინადადებას მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებისა და მცირე მეწარმის სტატუსის იმ პირებზე გავრცელების თაობაზე, რომლებსაც წლის განმავლობაში ნახევარი მილიონი ბრუნვა აქვთ. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა, თუმცა ამასაც სჭირდება სისტემური მიდგომა.

- თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა მართლაც ისე განვითარდეს პროცესი, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერება დადგეს დღის წესრიგში? ეს ხომ უპირველესად პოლიტიკური საკითხია?

- რა თქმა უნდა. ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს და ევროკავშირის ქვეყნებს, ერთად თუ ცალ-ცალკე, კარგად აუხსნას და დაანახოს, თუ ამას ვერ ხედავენ, რომ ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც იმავდროულად ევროკავშირის წევრებიც არიან, საქართველო არის ბოლო ციტადელი და პარტნიორი იმ დიდ სივრცეში, რასაც დიდი ახლო აღმოსავლეთი ჰქვია. თუ ევროკავშირი გაბედავს, მეტიც, გარისკავს და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ეს თავად მას დაუბრუნდება ცუდად.

საერთოდ, რაზეა ლაპარაკი, როდესაც მილიონობით მიგრანტს, მათ შორის დიდი დოზით ტერორისტებსაც, ხელგაშლილი ეგებება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მოწადინე გერმანია.

კიდევ ერთი გასათვალისწინებელი საკითხია რუსული ჰიბრიდული ომი, რომლის ერთ-ერთი მიზანი საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის უთანხმოების ჩამოგდებაც არის. რა თქმა უნდა, ამ პროცესების მიღმა რუსული ხელიც უნდა ვეძიოთ. საკმარისია საქართველომ პატარა საბაბი მისცეს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ევროპის დედაქალაქების აგრესიაში გადაიზარდოს. რუსეთი ჰიბრიდულ ომს ბევრი მიმართულებით აწარმოებს, მისი ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების მოსყიდვა. ის, რომ ევროპელ პოლიტიკოსებში რუსეთის ფინანსებს დიდი გასავალი და გავლენა აქვს, არ არის ახალი. ეს არ არის მხოლოდ ერთასპექტიანი საკითხი. ძალიან ბევრი გვაქვს საფიქრალი და სამოქმედო, რომ ეს საკითხი რეალურ პრობლემად არ იქცეს. (იხილეთ სრულად)