უვადონი - "ქართულმა ოცნებამ" კარგად დაუგდოს ყური სულხან მოლაშვილის ატირებულ მოხუც მამას"
უვადონი - "ქართულმა ოცნებამ" კარგად დაუგდოს ყური სულხან მოლაშვილის ატირებულ მოხუც მამას"
"ქართულმა ოცნებამ" კარგად დაუგდოს ყური სულხან მოლაშვილის ატირებულ მოხუც მამას, რომლის შვილსაც სასიკვდილო განაჩენი ახლა უკვე უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ გამოუტანა"

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სულ­ხან მოლაშვილისა და ე.წ. კაბელების საქმის, ასევე სერგო თეთრაძისა და 7 ნოემბრის საქმის განმხილველი მოსამართლეები უვადო მოსამართლეებად გაამწესა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნის სამართლიანობაში ეჭვი შეეპარა პრემიერ-მინისტრსაც და დასძინა, რომ კითხვები გუნდსაც აქვს, თუმცა­ სამოქალაქო სექტორი კვირიკაშვილის, როგორც თავად განაცხადა, "მძიმე რეაქციას" დაგვიანებულს უწოდებს. რა შეიცვალა სასამართლო სისტემაში
2012 წლის შემდეგ, ან როგორ შეინარჩუნეს მანტია იმ მოსამართლეებმა, რომლებიც პოლიტიკურ დავალებებს უპირობოდ ასრულებდნენ, "კვირის პალიტრას" უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ესაუბრა:

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ის მძიმე შედეგია, რომელზეც ხელისუფლებას 2012 წლიდან ვაფრთხილებდით, მაგრამ რატომღაც მოსალოდნელი კრიზისი მმართველი გუნდისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. უმძიმეს დანაშაულში მონაწილე
მოსამართლე­ებს არავინ მოსთხოვა პასუხი ადამიანების­ გაუბედურებასა და მკვლელობაში უშუალო მონაწილეობისთვის და წულუკიანის რეფორმების "დამსახურებით", ისინი თანამდებობაზე უვადოდ დატოვეს. ახლა "ქართულმა ოცნებამ" კარგად დაუგდოს ყური სულხან მოლაშვილის ატირებულ მოხუც მამას, რომლის შვილსაც სასიკვდილო განაჩენი სწორედ მანუჩარ კაპანაძემ, ახლა უკვე უვადო მოსამართლედ არჩეულმა გამოუტანა. სწორედ ეს ადამიანები არ ახდენდნენ პროკურატურის, სასამართლოსა და პოლიციელების დანაშაულის ლეგალიზებას? ეს ადამიანები არ "აპრავებდნენ" რეჟიმს?! ახლა რას ვაკეთებთ, იმავე მოსამართლეებთან მივიდეთ სიმართლის დასადგენად?

- პრემიერმა განაცხადა, რომ მასაც მძიმე რეაქცია ჰქონდა, როდესაც ეს გადაწყვეტილება შეიტყო.­ რა გამოდის, ხელისუფლება იხსნის პასუხისმგებლობას შედეგზე, რომელიც სასამართლო სისტემაში მივიღეთ?

- ახლა "მძიმე რეაქცია" დაგვიანებულია - პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, დაუსჯელობის სინდრომი ასე თავხედურად არ გაგრძელდება. 2012 წელსვე უნდა მოგვეთხოვა ამ პირებისთვის პასუხი. თუ სისხლის სამართლის საქმეს ვერ დაიწყებდა ახალარჩეული ხელისუფლება, მინიმუმ სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო დამნაშავე მოსამართლეების. თუმცა, ნაცვლად ამისა, თავად ხელისუფლება­ აღმოჩნდა კრიმინალი­ მოსამართლეების შანტაჟის მსხვერპლი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ის ეკისრება როგორც თეა წულუკიანს, ისე საკანონმდებლო გუნდს, რომლებმაც დროულად არ მიიღეს ზომები ამ მარაზმის დასასრულებლად. რომელ სამართალზე უნდა გვესაუბრონ ან იუსტიციის მინისტრი, ან პარლამენტის წევრები, თუ მთლიანად მთავრობა, როდესაც მიუკერძოებელ და კვალიფიციურ მოსამართლეებს კონკურსში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე იწუნებენ და პრივილეგირებული ჰყავთ სულხან მოლაშვილის­, ან სერგო თეთრაძის საქმეების მოსამართლეები?!

- ყველა საერთაშორისო ანგარიშში მწვავედ დგას სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები. გახმაურებულ საქმეებში მონაწილე მოსამართლეების უვადოდ გამწესება გაამძაფრებს თუ არა კითხვებს, რა ტიპის მართლმსაჯულება გვაქვს ქვეყანაში?

- კონკრეტული მოხელეების უპასუხისმგებლობის გამო სასამართლო სისტემაში მიღებული შედეგი წინ აუცილებლად მძიმედ დახვდება ხელისუფლებას. პირადად მე სამართლებრივი საქმე მაქვს სააპელაციო სასამართლოში, სადაც ლევან მურუსიძე მოსამართლედ გაამწესა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ბუნებრივია, საქმეზე მოსამართლე მურუსიძის აცილებას მოვითხოვ და დარწმუნებული იყავით, ასე მოიქცევა თითოეული მოქალაქე, რომელმაც იცის კონკრეტული მოსამართლეების მძიმე დანაშაულების შესახებ. ეს კი ისედაც კრიზ­ისში მყოფ სასამართლო სისტემას ძირს გამოუთხრის. ასეთ შედეგზე გვაფრთხილებდნენ პროფესიონალები როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ ეს შენიშვნები ყურად არ იღო. ასე რომ, კეთილინებონ და შედეგზეც შესაბამისად აგონ როგორც სამართლებრივი, ისე მორალური პასუხი.

"გოგინაშვილმა სხეულზე მძიმე დაზიანებები რომ შეამჩნია, ღიმილით ჰკითხა, - კიბეზე დაგორდით, ბატონო სერგო?"


ნანა თეთრაძე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე:
"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი ხმა ქვეყანაში არავის ესმის და არავის აინტერესებს. რომ არა მოსამართლე გოგინაშვილის გადაწყვეტილება, ჩემი ქმარი დღეს ცოცხალი იქნებოდა. სწორედ მან ჩაუგდო ჯალათებს საწამებლად ხელში სერგო თეთრაძე. ჩემი მეუღლის დაკავებიდან მეორე დღეს სასამართლო სხდომა ჩატარდა, სადაც სერგო ნაწამები მოიყვანეს, ფეხზე ძლივს იდგა და გოგინაშვილმა სხეულზე მძიმე დაზიანებები რომ შეამჩნია, ღიმილით ჰკითხა, - კიბეზე დაგორდით, ბატონო სერგო? ამ ცინიზმით წარიმართა განხილვა... ნებისმიერი ადამიანი ასეთ დროს სასწრაფო დახმარებას გამოიძახებდა, მაგრამ პირიქით, გოგინაშვილმა სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ზუსტად შვიდ დღეში ჩემი ქმარი წამებით მოკლეს! ზუსტად შვიდი წელია ამ თემაზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ დამნაშავეების დასჯის ნაცვლად, ჯალათები უმაღლეს თანამდებობებზე ინიშნებიან და მეტიც, თურმე ახლა ცხოვრების ბოლომდე მოქალაქეებმა მაღალი ხელფასი უნდა ვუხადოთ ჯალათ გოგინაშვილს".

მანუჩარ კაპანაძე - სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მანუჩარ კაპანაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გაამწესა. მანუჩარ კაპანაძე სულხან მოლაშვილისა და ე.წ. კაბელების საქმის განმხილველი მოსამართლე იყო. მისი გადაწყვეტილებით, 2005 წლის 7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ მოლაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებასა და 3 მილიონი ლარის მითვისებაში. კაპანაძე ფიგურირებს ე.წ. კაბელების საქმეშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს 4.102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს... მათ ბრალი ედებოდათ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და საკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში... თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ხუთ ჩინოვნიკს შვიდწლიანი პატიმრობის ვადა შეუმცირა.

გიორგი გოგინაშვილი - სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლე


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე დანიშნა მოსამართლე გიორგი გოგინაშვილიც. მან პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეს, ჯაშუშობის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რამდენიმე დღეში პოლკოვნიკი გლდანის ციხეში გარდაიცვალა.
გიორგი გოგინაშვილის სახელი სხვა არაერთ გახმაურებულ საქმესაც უკავშირდება. 2012 წლის 9 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე გიორგი გოგინაშვილმა ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2013 წლის 9 თებერვალს შს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს, გურამ დონაძეს 25 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა. 2014 წლის 4 ივლისს გიორგი გოგინაშვილმა მიიღო გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება.

ლილი მსხილაძე - 7 ნოემბრის საქმის მოსამართლე


მოსამართლე ლილი მსხილაძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეა, მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა.
ლილი მსხილაძე ფიგურირებდა ტელეკომპანია "იმედისა" და 7 ნოემბრის საქმეში, სადაც ბრალდებულები იყვნენ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. თუმცა საქმიდან მისი აცილება მოხდა, ადვოკატების განცხადებით, მსხილაძე არაობიექტური და მიკერძოებული მოსამართლე იყო, რადგან სუბიექტური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა ბრალდებულების მიმართ. მის სახელს უკავშირდება 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიური განცხადება, როდესაც ის სოციალურ ქსელში წერდა: "გეების პარადი დასაშვებად ქართულ ხასიათში არასდროს ჩაჯდება და ყოველთვის ამგვარ გულისწყრომას გამოიწვევს."

"დღეს მაფია მოსამართლის მანტიით გვევლინება"


თამაზ მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის მამა:
- გაოგნებული ვუსმენდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცინიკურ გადაწყვეტილებას, ყველა ჭრილობა განმიახლდა, მიუხედავად იმისა, რომ სულხანის დაკავების დღიდან, ფაქტობრივად, ვსუნთქავ, თორემ არც ერთი დღით არ მიცოცხლია. ღამეები ვბღაოდი, ვტიროდი იმ უსამართლობის გამო, რასაც ჩემი შვილის წინააღმდეგ სააკაშვილის ბრძანებით აკეთებდნენ კაპანაძე, მურუსიძე და სხვა მოსამართლეები, ადამიანები, რომლებიც ნელ-ნელა წამებით მიკლავდნენ შვილს. სულხანისთვის ტყვია არ უსვრიათ, არც ქვა ჩაურტყამთ თავში, არც დანა გაუყრიათ გულში, მას კლავდნენ ყოველდღიურად, კლავდნენ უსამართლო, ჯალათური გადაწყვეტილებებით და ამ პროცესში მთავარი მონაწილე სწორედ მანუჩარ კაპანაძე იყო. ნუთუ არ არსებობს ელემენტარული მორალი, სამართლის განცდა, რომ კაცის მკვლელი არ დავაწინაუროთ, არ მივცეთ გარანტია, საპენსიო ასაკამდე ხელშეუხებელი ფიგურა იყოს?! მე სულხანი მომიკლა კაპანაძემ და ახლა ვეღარაფერს შევცვლი, შვილს ვეღარავინ გამიცოცხლებს, მაგრამ რა დააშავა სხვა მამამ ან დედამ, რომლის საქმეც უნდა განიხილოს კაპანაძემ, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა შევწიროთ მსხვერპლად მის "სამართალს"?!

- მმართველი გუნდის განცხადებით, მათაც გაუჩნდათ კითხვები...

- კითხვებიო? რა კითხვები? კიდევ ვინმეს აქვს კითხვები კაპანაძის "სამართალზე"? კიდევ ვინმეს დარჩა კითხვა, როგორ მიიღო მან გადაწყვეტილება სასიკვდილოდ გაეწირა ჩემი შვილი?! კითხვა კი არ მაქვს, ღიად ვამხელ მას დანაშაულში - კაპანაძემ ჩაიდინა დანაშაული, მომიკლა შვილი, უდანაშაულო შვილი! კარგად მახსოვს თითოეული სასამართლო სხდომა კაპანაძის მონაწილეობით, ადვოკატები ლამის მუხლზე დაჩოქილი ეხვეწებოდნენ, განიხილეთ და გაარკვიეთ, რას ამბობს სამედიცინო ექსპერტი, გაეცანით ჩვენს მტკიცებულებებსო, მაგრამ კაპანაძე იცით, როგორ გვპასუხობდა? გმადლობთ, თავად გადავწყვეტ, რა განვიხილო და რა არაო და იქვე ცინიკური ღიმილით გადმოგვხედავდა ხოლმე მშობლებს. სწორედ მისი იგნორის გამო, სპეციალურად ჩ ჰეპატიტით დაავადებულ სულხანს მკურნალობის შესაძლებლობაც კი არ მისცეს. არ არის ეს მკვლელობა და არ არის კაპანაძე მკვლელი?! არ ვითხოვ კაპანაძის ჩამოხრჩობას, არც სიკვდილით დასჯას, მაგრამ ბოდიშის მოხდაც კი არ იკადრა, ისიც კი არ აღიარა, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას უშუალო მითითებას ცინიკურად ასრულებდა, თუმცა ჩემთვის ეს ბოდიშიც არ იქნებოდა საკმარისი, რომ მის დაწინაურებას მივსალმებოდი. ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს ეს, ამ ქვეყანაში დამნაშავე და მკვლელი მოსამართლეები აღარ უნდა წყვეტდნენ ჩვენი შვილების ბედს! მაგრამ ვერავინ გაარღვია ეს წრე და დასაჯა მაფია, დიახ, მაფია, რომელიც დღეს მოსამართლის მანტიაში გვევლინება. მადლობა პრემიერს, რომელიც გამოეხმაურა კაპანაძის უვადოდ გამწესების საკითხს ნეგატიურად, მაგრამ გვინდა ადეკვატური მოქმედება ხელისუფლების მხრიდან. იქნებ საზოგადოება დავდგეთ ერთად, სულხანის სიკვდილი მხოლოდ ჩემი ტრაგედია არ გახლავთ, ეს ტრაგედია უკვე მეორე ათეული წელია ქვეყნის ტრაგედიადაც კი იქცა, რადგან ისევ მკვლელები გვყავს კომფორტულად, ჩვენ კი შორიდან ვუყურებთ მათ აღზევებას.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (1)
ლევანი
05 მარტი 2018 12:45
დაბალი დონის სტატიაა . ჯერ წასულიყვნენ და კარგად მოეძია ის გადაწყვეტილებები რასაც მოსამართლეთა 90% აწერდა ხელს. ამის მეტი საქმეები არ არასებობს. გეზარებათ შრომა და იმის ბრალია. ადვოკტთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარისთვის მაინც მიგემართათ ის მოგიყვებოდატ ყველაფერს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები