"თურქეთში ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - კვირის პალიტრა

"თურქეთში ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება"

ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი სასამართლომ 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება საექსტრადიციო პატიმრობის ამოწურვამდე 4 დღით ადრე მიიღო, რაც ნიშნავს, რომ თურქეთისთვის გადაცემის საკითხი ღიად რჩება და ჩაბუქი საბოლოო გადაწყვეტილებას ციხის გარეთ დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ ჩაბუქი თურქეთის მოთხოვნით ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. თურქეთის პროკურატურის მტკიცებით, მას ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ჩაბუქმა საქართველოს ხელისუფლებას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა, თუმცა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უარი უთხრა. "კვირის პალიტრა" მუსტაფა ემრე ჩაბუქს ესაუბრა:

- 24 თებერვალს ველოდი გათავისუფლებას, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე გამომიშვეს. ამ დღეს 9 თვე ველოდი.

- თუმცა ექსტრადიციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს არ არის საბოლოო განაჩენი.

- დარწმუნებული ვარ, პროცესი ჩემს სასარგებლოდ დასრულდება. თეა წულუკიანისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ველი, მას ვიცნობთ როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების დამცველს.

- საერთაშორისო ორგანიზაციები რომ არ ჩარეულიყვნენ, დღეს გარეთ იქნებოდით?

- მადლობელი ვარ ქართველი საზოგადოებისა, კოლეგების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპარლამენტარების, მასმედიის, ჩემი პიარსამსახურის. ჩემს უფლებადამცველებს, იოსებ ბარათაშვილსა და ვახტანგ კვიჟინაძეს დიდი ენერგია აქვთ ჩადებული ამ საქმეში. ასე რომ, ჩემს გათავისუფლებაში ყველას წვლილია, ჩვენ ეს ერთად შევძელით.

- თურქეთის პროკურატურამ ბრალი დაგდოთ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და ხელშეწყობაში... ექსტრადიციის შემთხვევაში რა გელით სამშობლოში?

- თურქეთიდან გამოგზავნილი პროკურატურის მასალა სიმართლეს არ შეესაბამება. საერთაშორისო ორგანიზაციების უამრავი დასკვნა არსებობს, რომ თურქეთში მოიშალა სასამართლო სისტემა, მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები, ფიქსირდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, მათ შორის, პენიტენციარულ სისტემაში, ამიტომ, ჩემთვის წაყენებულ ბრალდებას თუ გავითვალისწინებთ, იქ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

- რატომ გახდით მათთვის სამიზნე მაინცდამაინც თქვენ?

- საქართველოში სასწავლო დაწესებულებების დამფუძნებლები გერმანიაში მცხოვრები ბიზნესმენები არიან, რომლებიც გიულენის იდეოლოგიას იზიარებენ და მათ ევროპასა და ამერიკაში არავინ ადანაშაულებს ტერორიზმის ხელშეწყობაში. თურქეთში კი გიულენის მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. წლებია, რაც საქართველოში ვასრულებდი დამფუძნებლების დავალებებს და ამიტომ აღმოვჩნდი სამიზნე. გიულენს არ ვიცნობ, არასოდეს შევხვედრივარ. რაც შეეხება იმას, ვიზიარებ თუ არა მის იდეოლოგიას, დღეს ვერ ვხედავ ისეთ გარემოებებს, რომ ამას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის კვალიფიკაცია მივანიჭო.

- გრძნობთ თუ არა საქართველოში უსაფრთხოდ თავს, არ გიფიქრიათ სხვა ქვეყნისთვის თავშესაფრის მოთხოვნაზე?

- დიდი ხანია აქ ვცხოვრობ, მიყვარს და პატივს ვცემ ამ ქვეყანას. თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, მე და ჩემი ოჯახი აქ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას. დღეს მთავარ პროკურატურას მივმართეთ სახელმწიფო დაცვის პროგრამაში ჩასმის თხოვნით. მგონი, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ აქ თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ, მაგრამ არც ქვეყნიდან წასვლას ვაპირებ.

ნანა ფიცხელაური