"პარლამენტი ვეტოს დაძლევით ქვეყნის ინტერესს დაუპირისპირდა"
26-02-2018
"პარლამენტი ვეტოს დაძლევით ქვეყნის ინტერესს დაუპირისპირდა"
მიუხედავად მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პრეზიდენტის ადმინისტ­რაციისა და ოპოზიციის პროტესტისა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში"შეტანილ ცვლილებებზე, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის ვეტო 83 ხმით დასძლია და კანონპროექტი კანონად დაამტკიცა. ასე რომ, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" შეუძლია იმაზე მეტი რეკლამა მოიზიდოს, რისი უფლებაც ძველი კანონმდებლობით ჰქონდა, შეუძლია პროდუქციის 25%-მდე შეიძინოს გარე სტუდიებიდან ისე, რომ მასზე არ გავრცელდეს გამჭვირვალობის ის სტანდარტი, რაც ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ და ა.შ.

რატომ არ გაითვალისწინა საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოების პროტესტი და რა შედეგს მივიღებთ
კანონის ამოქმედების შემდეგ,"ამ საკითხებზე მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე გვესაუბრება:

- სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ლოიალურად შეხვდებოდა პრეზიდენტის ვეტოს, პირიქით, სწორედ პოლიტიკური დაპირისპირება იყო მოსალოდნელი, თუმცა მაინც არსებობდა მცირეოდენი შანსი, რომ ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა ქვეყნის წინაშე არსებულ მწვავე გამოწვევებს. საქართველოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს
ევროპული ტიპის საზოგადოებრივი მაუწყებელი და არა "კარმუშკაზე"­ ორიენტირებული ტელევიზია.

- მმართველი გუნდის განცხადებით, თუ პროცესი ისე არ განვითარდება, როგორც ელიან, ცვლილებებს კიდევ ერთხელ გადახედავს პარლამენტი.

- ეს არის ცინიკური დამოკიდებულების თვალსაჩინო გამოხატულება. პარლამენტი იმისთვის კი არ ავირჩიეთ, ექსპერიმენტები ატარონ, იმისთვის გვჭირდება, რომ ყველა შესაძლო რისკი გაითვალისწინოს და ისე მიიღოს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. პარლამენტმა ისიც ვერ გათვალა, რომ ვეტოს დაძლევით პრეზიდენტს კი არა, ქვეყნის ინტერესსა და საზოგადოებას დაუპირისპირდა, დაუპირისპირდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" კი სწორედ დემოკრატიული ინსტიტუციაა. წლებია ამ არხს ხალხი არ უყურებს, იმიტომ, რომ არ ენდობა, და როდესაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი კიდევ მეტ ხვრელს უტოვებს მენეჯმენტს, რომ სარეკლამო შემოსავლებიდან მეტი თანხა წაიღოს სახლში, ან ტელევიზიაში კონკრეტულმა ბიზნესჯგუფებმა მიიტანონ რეკლამა და საკუთარი ინტერესების გატარება მოითხოვონ, ის მცირეოდენი ნდობაც მიწასთან სწორდება. როგორც წესი, ბიზნესინტერესებს მოჰყვება პოლიტიკურიც, რასაც დემოკრატიული განვითარების ეჭვქვეშ დაყენებამდე მივყავართ. რატომ უნდა შევწიროთ ეს სიკეთე მაღლაფერიძეს ან ვინმე სხვას?

- რატომ გახდა თვითმიზანი პარლამენტისთვის ამ რისკზე წასვლა?

- მათ ჰქონდათ დავალება, რომ სიცოცხლის ფასად დაეძლიათ ვეტო, მაგრამ არც ერთი დეპუტატი არ დაფიქრებულა, რას ემსახურება რეალურად კანონი... ხვალ მაუწყებლის სტრუქტურის შეცვლაზე წავა საუბარი, შესაძლოა, გვითხრან, რომ კომერციული სტრუქტურები შემოვიდნენ ან აქციების გამოშვება დაიწყონ­ და დამფინანსებლად მსხვილი საფინანსო ჯგუფები შემოიყვანონ, როგორც ხდება ე.წ. საზოგადოებრივ მაუწყებლებში ყაზახეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინაში... უნდათ,­ მეტ ფულს გაუსინჯონ გემო. შეგვაჩვევენ­ ნელ-ნელა, რაში გვჭირდება "საზოგადოებრივი მაუწყებელიო" და ა.შ. აი, ეს არის საშიში ტენდენცია, რომელსაც 83-მა­ დეპუტატმა მოაწერა ხელი და შესაბამისად, საზოგადოების წინაშე შესაბამისი პასუხისმგებლობის აღებაც მოუწევს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით