"არსებობს ეჭვი, რომ ქართველთა პრობლემა პრორუსი პოლიტიკოსების წამოჭრილია"
26-02-2018
"არსებობს ეჭვი, რომ ქართველთა პრობლემა პრორუსი პოლიტიკოსების წამოჭრილია"
"როდესაც საქართველოს ვახსენებ, ეჭვის თვალით მიყურებენ, რამდენჯერმე პირდაპირ მკითხეს, მოსაპარად ხარ ჩამოსულიო?"

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უკმაყოფილოა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდით საქართველოდან, საქარ­თველო კი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებისა და უვიზო მიმოსვლის შეჩერების თავიდან აცილების მიზნით ევროკავშირთან ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს და საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩასმას ითხოვს - ევროკავშირისა და შენგენის ზონის 30 ქვეყნიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ვრცელდება, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მხოლოდ შვიდ სახელმწიფოს ჰყავს აღიარებული და ამ სიაში არ
არის გერმანია, სადაც, საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ყველაზე მეტი პრობლემა შეიქმნა.­ სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელთან შედ­არებით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 35%-ით­ გაიზარდა. მხოლოდ შვედეთს შარშან თავ­შესაფარი საქართველოს 963-მა მოქალაქემ­ სთხოვა, თუმცა შვედეთმა არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამ მაჩვენებლით საქართველოს შვედეთში
სირია, ერაყი, ერიტრეა და ავღანეთი უსწრებენ. ბევრად მძიმე ვითარებაა გერმანიაში - ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წლის იანვარში თავშესაფარი საქართველოს 745-მა­ მოქალაქემ მოითხოვა (თვეების მიხედვით თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა­ ასეთია: სექტემბერი - 238, ოქტომბერი - 355, ნოემბერი - 444, დეკემბერი - 522). 44%-ით არის გაზრდილი შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, თუ 2016 წელს თავშესაფარი 465-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, 2017 წელს 670 მიმართვაა დაფიქსირებული. რამდენად საგანგაშოა ეს სტატისტიკა, რას მოასწავებს გერმანიის შს მინისტრის განცხადება, რომ თუ დარღვევები გაიზრდება, გერმანია შეჩერების მექანიზმს აამოქმედებს და ვართ თუ არა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვრის, ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის ზღვარზე?
"კვირის პალიტრა" რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა:

- ბოლო რამდენიმე თვის განმავლობ­აში გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი გასამმაგებულია, თუმცა მხოლოდ ეს არ არის მთავარი­ პრობლემა - თუ ქვეყანა უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფ­რის მიცემაზე, თითქოს მარტივად უნდა მოხდეს­ მათი სამშობლოში დაბრუნება, თუმცა სწორედ ამ პროცედურის აღსრულება გაძნელდა. საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 55% დაბრუნდა სამშობლოში მას შემდეგ, რაც კონკრეტულმა ქვეყანამ თავშესაფარზე უარი განუცხადა, დანარჩენი კი ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად დარჩა, რაც ზრდის ალბათობას, რომ ისინი კრიმინალური მოქმედებებით ცდილობენ არსებობისთვის ბრძოლას.

- ციფრები შთამბეჭდავად გამოიყურება,­ მაგრამ თუ მას სხვა ქვეყნების მონაცემებს შევადარებთ, ევროკავშირში როგორც კრიმინალის, ისე თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით არაერთ სახელმწიფოს ჩამოვრჩებით. მაგალითად, ალბანეთს, რომელიც ჩვენზე ორჯერ­ მცირე სახელმწიფოა და ოთხჯერ მეტი არალეგალი მიგრანტი ჰყავს ევროკავშირში... რას უკავშირებთ საქართველოსთვის ნეგატიურ კამპანიას, განსაკუთრებით გერმანიაში?

- დიახ, ალბანეთს ჩვენთან შედარებით ოთხჯერ მეტი არალეგალი მიგრანტი ჰყავს ევროკავშირში, თუმცა ბოლო პერიოდში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა­ მცირდება. მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლებიც უკეთესია, ვიდრე ჩვენი. მოლდოვიდან ევროკავშირში თავშესაფარი დაახლოებით 3000-მა მოქალაქემ მოითხოვა, საიდანაც 48% სამშობლოში დააბრუნეს, უკრაინის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირეა. 2017 წელს კი საქართველოს 8000-მა მოქალაქემ მოითხოვა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფარი. ვიზალიბერალ­იზაციის შემდეგ ველოდით, რომ ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა გაიზ­რდებოდა, თუმცა დინამიკა მუდმივად მზარდია...

- ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ქვეყნიდან გადინების მაჩვენებელი იზრდება. ხომ არ არის დაგვიანებული ის მექანიზმები, რომელთა შემუშავებასაც გეგმავს ხელისუფ­ლება, მათ შორის, უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვედრის მოთხოვნას?

- პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა, თუმცა მთავარი პრობლემა არასწორი ინფორმაციის პროპაგანდაშია. მაგ­ალითად, გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც მოქალ­აქეებს არწმუნებენ, რომ დოკუმენტაციის შედგენასა და ევროკავშირში თავშესაფრის მოპოვებაში დაეხმარებიან, სანაცვლოდ კი ანაზღაურ­ებას ითხოვენ. ამ ჯგუფების აგრესიული მარკეტინგი ქმნის აჟიოტაჟს და უწყობს ხელს გამსვლელთა რაოდენობის მასობრივად ზრდას. სამართლებრივად ასეთი ჯგუფები კანონს არ არღვევენ, ისინი კონსულტაციად ასაღებენ საკუთარ საქმიანობას, თანაც თავის დაზღვევის მიზნით ასპროცენტიან გარანტიას არ აძლევენ მოქალაქეებს, თუმცა მოლოდინს ქმნიან და თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ქვეყანამ მართლაც დააკმაყოფილა განაცხადი, ამას საკუთარ დამსახურებად იწერენ. ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს მოქალაქეების 6%-მა მიიღო, თუმცა, რაც უფრო გაიზრდება მთხოვნელთა­ რიცხვი, ეს მაჩვენებელი აუცილებლად შემცირდება - წელიწადში­ 300-400 კაცზე მეტის უფლებას ევროკავშირი არ გასცემს. თუ მაძიებელთა რიცხვი იმდენად გაიზრდება, რომ დაკმაყოფილების მაჩვენებელი 3-4%-მდე ჩამოვა, ეს უკვე მიზეზი გახდება ვიზალიბერალიზაციის გასაუქმებლად. ევროკომისიის ერთ-ერთ დოკუმენტში ხაზგასმით არის მითითებული, რომ თუ შესაბამის პერიოდთან შედარებით ორი თვის დაკვირვების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 50%-ით გაიზრდება და პარალელურად, შემცირდება განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 3-4%-მდე, ეს უკვე სიგნალი იქნება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აჟიოტაჟურად მიდის ევროკავშირში.

- და მაინც, ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფარი ნახევარ მილიონზე მეტმა კაცმა მოითხოვა, კრიმინალის თვალსაზრისითაც დიდია­ როგორც ბალკანეთის ქვეყნების­ წილი, ისე რუსეთისა და თურქეთის. საქართველოს წინააღმდეგ რუსულ პროპაგანდას გამორიცხავთ?

- ხმაური, რომ დინამიკა კატასტროფულად უარყოფითია, ვფიქრობ, ხელოვნურად არის შექმნილი. არსებობს ეჭვი, რომ განცხადებები ქართველთა პრობლემაზე პრორუს გერმანელ პოლიტიკოსებს ეკუთვნის, თუმცა გერმანიის შს მინისტრს არ ვგულისხმობ.
საკითხი გაბუქებულია რუსული პროპაგანდის წყალობით, მათ აქვთ გავლენა ზოგიერთ პოლიტიკოსზე, გერმანიის ორივე პალატის პარლამენტში რამდენიმე დეპუტატი სიმპათიით არის რუსეთის მიმართ განწყობილი და მათზე რუსეთის ზემოქმედებაც მარტივია. შესაძლოა, გერმანიის შს მინისტრს სულაც არ სურდა მსგავსი განცხადების გაკეთება და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. თუმცა სხვა პოლიტიკოსებმა ისეთი კამპანია ააგორეს, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვეს... ამიტომ პოლიტიკაში მკაფიო გარანტიები არ არსებობს, რომ ვინმე თავს გაწირავს და საქართველოს უვიზო მიმოსვლას არ შეუჩ­ერებს. თუ ასე მოხდა, დამნაშავე იქნება არა მხოლოდ რუსული პროპაგანდა, ჩვენი­ მოსახლეობაც, მთავრობაც და ის კრიმინალებიც, რომლებიც ევროპაში სახელს უტეხენ ქვეყანას.

- თუ უვიზო მიმოსვლის გაუქმება დღის წესრიგში დადგება, ევროპა ხომ საქართველოს და­კარგავს და პირიქით... სკეპტიციზმი დასავ­ლური ინტეგრაციის მიმართ გაღვივდება და ამას ხელს შეუწყობს რუსეთი.

- ჩვენ პარტნიორები ვართ და ბუნებრივია, დასავლეთს, მათ შორის, გერმანიას, სურთ საქართველოში მეტი რეფორმა გატარდეს... გერმანიის შს მინისტრის განცხადება არის წუხილი, რომ არ დადგნენ კონკრეტული ალტერნატივის წინაშე. ამასთან, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი ჯერ უნდა განიხილოს ევროკომისიამ, არის თუ არა ევროპისთვის პრობლემა საქართველოსთვის მინიჭებული ვიზალიბერალიზაცია, შემდეგ უნდა მიეცეს რეკომენდაცია გერმანულ მხარეს, რომ საქართველოს მთავრობასთან დაიწყოს კონსულტაციები და იქნებ მოგვარდეს საკითხი, მაგრამ თუ გერმანიამ დაასაბუთა, რომ საქართველომ ვერ მოახერხა ვითარების გაუმჯობესება, განაცხადის მიღების შესახებ ევროკავშირის ქვეყნების 50%-ის თანხმობაა საჭირო, რომ ის ევროსაბჭოზე კენჭისყრაზე გავიდეს, კენჭისყრაზე კი ევროკავშირის კვალიფიციური ქვეყნების 65%-მა უნდა დაუჭიროს მხარი. თუ საკითხი განსახილველად მიიღეს, კენჭისყრა ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

- რამდენად მოსალოდნელია, ევროკავშირის 30-მა სახელმწიფომ ერთხმად უსაფრთხო ქვეყნად დაგვასახელოს?

- მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშ­ი­რმა საქართველო არაფორმალურად მაინც აღიარა უსაფრთხო ქვეყნად, ამის გამოცხადებისგან შორს ვართ - ამისთვის­ უზრუნველყოფილი უნდა იყოს დემოკრატიის მაღალი ხარისხი, სოციალური მდგომარეობა, როდესაც 22 ლარი გაქვს სოციალური დახმარება, ამას ევროკავშირის სახელმწიფოები სტანდარტად ვერ ჩაგითვლიან.

რას ჰყვებიან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები ქართველები


მიშა ხაჩიძე, გერმანულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტი: -
ადგი­ლობრივი გამოცემები ქართველების შესახებ მხოლოდ ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობისა და სისხლიანი გარჩევების ფაქტებს აშუქებენ... აქ, ჟურნალ-გაზეთები საზოგადო­ებრივი თავშეყრის ადგილებში უფასოდ რიგდება. საქართველო მხოლოდ კრიმინალურ ქრონიკებშია მოხსენიებული და თანაც კვირაში რამდენჯერმე.

ლევან პატარაშვილი, ჰამბურგში­ მცხოვრები ქართველი ემიგრანტი: -
რვა წელია აქ ვცხოვრობ. უვიზო რეჟიმის შემოღებამდეც­ ბევრი არალეგალი ქართველი იყო, მაგრამ ბოლო ორი წელია,­ მათი რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. ძალიან ბევრი იწერება ჩვენზე - გაძარცვეს, მოიპარეს, მოკლეს... როდესაც საქართველოს ვახსენებ, უკვე ეჭვის თვალით მიყურებენ, რამდენჯერმე პირდაპირ მკითხეს, მოსაპარად ხარ ჩამოსულიო? ზოგი თავშესაფარს ითხოვს და აძლევენ საცხოვრებელს, კვებითაც უზრუნველყოფენ, თუმცა, მაინც იპარავენ. ზოგი უვიზო რეჟიმის ფარგლებში სამი თვით ჩამოდის მოსაპარად, ძირითადად, პარფიუმერიასა და სამკაულებზე ნადირობენ... ერთხელ თვითმფრინავში ქართველი კაცი დამემგზავრა, ოქრომჭედელი ყოფილა და ჰამბურგში ჰქონია სალონი. ისევ ქართველებმა დააყაჩაღეს. მას შემდეგ იქ რამეს როგორ გავხსნიო, ჰყვებოდა გამწარებული...

სოფო ბენიაშვილი, ბერლინში მცხოვრები ქართველი: -
დანაშაულის ჩადენაში ქართველებს თურქები და მოლდოველები უსწრებენ, მაგრამ ჩვენი ხალხი პროცენტულად ცოტაა და როდესაც 10-დან 7 იპარავს, ეს საგანგაშოა... ქართველები აფხაზებსა და ოსებთან ერთად ქმნიან კრიმინა­ლურ დაჯგუფებებს და ერთობლივად მოქმედებენ. ხშირად ერთმანეთსაც დაერევიან ხოლმე, მაშინ უნდა ნახოთ ჟურნალებში სტატიები სათაურებით: "პოსტსაბჭოური ვენდეტა", "სისხლიანი გარჩევების კვალი" და ა.შ.

ლევან ბარამიძე, გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი: -
გერმანიამ უნდა დააჩქაროს თავშესაფრის მაძიებელთა­ სტატ­უსის განხილვა. ვისაც ეკუთვნის, დატოვონ,­ ვისაც არა - სამთვიანი ლოდინის ნაცვლ­ად, უკან გაუშვან... ქართველი კრიმინალები სწორედ ამ პერიოდს იყენებენ საქმიანობისთვის. 22 თებერვალს დორტმუნდის აეროპორტიდან ორი ქართველი გააბრუნეს უკან. ალბათ ეს ჯობია, ვიდრე ის, რომ აქ ძარცვაზე დაეჭირათ... ზოგადად, ეს პრობლემა ცოტა გაზვიადებულია რუსული პროპაგანდის წყალობით. ვერ ვიტყვი, რომ საფუძველი არ აქვთ, მაგრამ ბოლო დროს საეჭვოდ დიდ ყურადღებას აქცევენ. არადა, კრიმინალური დანაშაულებით, ქართველები გერმანიაში პირველ ადგილზე არ ვართ.

თეონა ლაშხი, ქართველი ემიგრანტი:­
- უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ­ მიუნხენში ჩემი ნაცნობი ცოლ-ქმარი ჩამო­ვიდა. ოთხი შვილი ჰყავთ. ვიცოდი, რომ უჭირდათ და ევროპაში გასეირნების შესაძლებლობა არ ჰქონოდათ. გაირკვა, რომ ქმარს "მუშაობის" გამოცდილება თურქეთში მიუღია და გადაწყვიტა­, ახლა ევროპ­აში ეცადა ბედი. ტანსაცმელს, სათვალეებს­, სუნამოებს, თმის ფენებს, ერთი სიტყვით, ყველაფერს იპარავდა და ცოლს აბარებდა, ის კი რეალიზაციაზე ზრუნავდა. გერმანიაში ჩამოსასვლელად ვალი აიღეს იმ იმედით, რომ ქმარი მოიპარავდა და ასე გაისტუმრებდნენ ვალებს... რამდენიმე ხანში ქმარი დაიჭირეს და ცოლი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა, მალევე უკან ჩამოვიდა შეცვლილი გვარით და თავშესაფარს ითხოვდა... ცოტა ხნის წინ ისიც დაუკავებიათ, მოპარულ ნივთებს ინახავდა.

რუსუდან შელია, ლალი პაპასკირი

ცისი
06 მარტი 2018 16:22
გული მტკივა ქათველი ერის ასეთ იარლიყის მიკერებაზე.
როგორრ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა , ასე თა ი რომ არ მოჭრა.
რა ჭირი დაგემართათ, რა ? სულ დაკარგეთ ნამუსი?
ეს ყველაფერი უკავსირდება აღზრდას, სკოლა ,ოჯახი, საზოგადოება არსად არ ისწავლება.
პატრიოტიზმი ხომ მიწასთანაა გასწორებული.
რა მივიღეთ? სახელი ქურდი ერი.
ქვეყანა წაობშია, საერტოდ არ ჩანს იმედი მომავლის
მოსახლეობა მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობს .
აი ჩვენი რეალობა.
მაკა
05 მარტი 2018 23:55
ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ვიზალიბერაციაა, რომელიც ქვეყნის "ხელმძღვანელობამ" გააკეთა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც გაქვს სტსტისტიკა და იცი(თუ დებილი არა ხარ), რომ ეს სტატისტიკა გაიზრდება. დადასტურდა კიდეც. საქართველოსთვის ჯერ ადრეა ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა. ალბათ სადღაც 20 წელიწადში
გავაზელი
05 მარტი 2018 16:00
ევროპაში საქართველოდან რომ ანგელოზები არ ჩადიან, ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ ქართველები სხვებისგან გამორჩეულები არაფრით ვართ. ყველა ეროვნების ხალხი იპარავს და მამაძაღლობს.
ჰამბურგში ვიყავი საქმეზე, ერთი რუსი მეხმარებოდა. სადრაც მიმიყვანა, ათიოდე წუთი საქმე მაქვს, შენც წამოდი თუ გინდაო. წავყევი, მიმიყვანა, უზარმაზარი საწყობი სავსე იყო ათასნაირი საქონლით. ეს რა არის თქო. ეს მოპარული ნივთებია, რაღაცეების ყიდვა მინდა, შენც იყიდე, თუ რამე მოგწონსო. 100 ევროს ღირებულების ნივთებს 20 ევროდ ყიდდნენ. რაც მე იქ ვნახე, ალბათ ყველა ქართველი ერტად ვერ მოიპარავს იმდენს.

რედაქტორის რჩევით