"ბიჭი მოკლეს, თანაც - მოკლეს წამებით. ამის ასე დატოვება არ შეიძლება!" - კვირის პალიტრა

"ბიჭი მოკლეს, თანაც - მოკლეს წამებით. ამის ასე დატოვება არ შეიძლება!"

"რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ მშვენივრად იცოდა, ვინ იყო ტატუნაშვილი, მაგრამ ახლა დასჭირდათ, რომ ასე მოქცეულიყვნენ და მოიქცნენ კიდეც..."

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს კიდევ ერთი ქართველის - 35 წლის არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის 22 თებერვალს ახალგორში დააკავეს ორ სხვა ქართველთან ერთად, 23 თებერვალს კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა კაცი ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მათი მტკიცებით, "ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილი" არჩილ ტატუნაშვილი ქართული სპეცსამსახურების ინფორმატორი იყო, რაც აბსურდული განცხადებაა მათი წარმოდგენილი ვითომ მტკიცებულებების მიხედვითაც კი. მომხდარს გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები. ქვეყნის პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, არჩილ ტატუნაშვილი "გაიტაცეს და მოკლეს". როგორც გაირკვა, ახალგაზრდა კაცი სამხედრო-სამშვიდობო მისიების მონაწილე გახლდათ. საქმის სასწრაფოდ და სრულყოფილად გამოძიება მოითხოვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ. აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- რაც მოხდა, საშინელებაა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მაგრამ ოკუპირებულ რეგიონებზე ფიქრს ჩვენი საზოგადოება მხოლოდ ასეთი ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ არ უნდა იწყებდეს. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ამ რეგიონების მიმართ საზოგადოების ინტერესი სულ უფრო და უფრო ნაკლებია, რაც დიდი შეცდომაა. ეს, უპირველესად, ხელისუფლებისა და მედიის "დამსახურებაა". ჩვენ ვაქციეთ ეს ოკუპაცია და იქ მიმდინარე მოვლენები "სტაბილურ მოვლენად". რასაკვირველია, დროდადრო პროტესტს გამოვთქვამთ, მაღალი ტრიბუნიდან ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს ვერა და ვერ იქცა როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოებისთვის უპირველეს საზრუნავად.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ვთქვი კიდეც, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ არის დამოკიდებული შერიგებისა და თანასწორობის სამინისტროს სწორ პოლიტიკაზე, რომელიც საზოგადოების ყურადღებას მუდმივად მიაქცევს ამ რეგიონების პრობლემებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ხელოვნურად დუნდება საზოგადოების ყურადღება, რათა მკაფიო კითხვები არ დაისვას.

ჩვენში მხოლოდ მაშინ იწყება საზოგადოებრივი მღელვარება, როცა ასეთი ტრაგედიები ხდება. არჩილ ტატუნაშვილი, ფაქტობრივად, იქაური იყო და ბოლო წლების განმავლობაში ახალგორში არაერთხელ შესულა და გამოსულა. ვფიქრობ, რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ მშვენივრად იცოდა, ვინ იყო ტატუნაშვილი, მაგრამ ახლა დასჭირდათ, რომ ასე მოქცეულიყვნენ და მოიქცნენ კიდეც...

დარწმუნებული ვარ, ის მოკლეს. მომხდარის ვერსია, რომელიც გაავრცელა ოსურმა პრესამ, სასაცილო იქნებოდა, ტრაგიკული რომ არ იყოს.

ჯერ ერთი, ასეთი უსუსურობა და უვიცობა, კარგა ხანია, არ მინახავს. მომხდარზე ველაპარაკე რამდენიმე რუს ბლოგერს, რომელთაც "დერჟავნიკული" განწყობა აქვთ, მაგრამ მათაც კი შერცხვათ იმ ე.წ. ოფიციალური ვერსიის კომენტირება. რასაკვირველია, ბიჭი მოკლეს, თანაც - მოკლეს წამებით. ამის ასე დატოვება არ შეიძლება! მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატით ასეთი პრობლემები ვერ მოგვარდება! ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ სხვა, მათ შორის - არაოფიციალური ზომებიც უნდა გამოიყენოს... საჭიროა საერთაშორისო აქტივობები, რათა ინიციატივები ჩვენს მხარეს იყოს.

თუ არ გვექნება სათანადო რეაქცია, ოკუპანტები და მათი მარიონეტები კიდევ უფრო გათავხედდებიან. არ შეიძლება, ეს შერჩეთ!

საქმეში ჩახედული ადამიანები კარგად ვხედავთ, როგორ აძლიერებს რუსეთი იქ თავის გავლენას, როგორ ახდენს იქაური მოსახლეობის ფაქტობრივ რუსიფიცირებას. ამ შემთხვევაში მხოლოდ ეთნიკურ ნიშნებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ცხოვრების წესის შეცვლას, რადგან იქ მოქმედებს რუსული კანონები, საგანმანათლებლო სისტემა და ა.შ.

კიდევ ერთი - ლამის დღე არ გავა, რომ ოკუპაციის ზოლთან, ხშირად ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდანაც, ჩვენი მოქალაქეები არ მოიტაცონ.

სამწუხაროდ, ცხინვალის რეგიონში ქართველების მოტაცება ლამის ბიზნესად აქციეს. 2000 რუბლი ღირს ადამიანის გამოშვება. თუ რუს ჯარისკაცს შვებულებაში წასვლა მოუნდა, გამოდის საშოვარზე და იტაცებს ქართველს, ჯილდოდ კი ან პრემიას აძლევენ, ანაც შვებულებაში უშვებენ. ტატუნაშვილთან ერთად სხვა ორი ქართველიც დააკავეს და კიდევ კარგი, ისინი მაინც გათავისუფლდნენ საღ-სალამათები.

- ბრძანეთ, რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ მშვენივრად იცოდა, ვინ იყო ტატუნაშვილი, მაგრამ სიტუაციას დასჭირდა, რომ ასე მოქცეულიყვნენო. რას გულისხმობდით?

- იმას, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას მუდმივად სჭირდება საკუთარი არსებობის გამართლების ძებნა, კრემლისთვის მათი ყოფნის აუცილებლობის დამტკიცება. ის, რომ თითქოს საქართველოს სპეცსამსახურები მათ წინააღმდეგ ოპერაციებს ატარებენ, აშკარად ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი სცენარია. სხვა საკითხია, რომ ოსურ მხარეს ინტელექტის დიდი დეფიციტი აქვს.

ეს მით უფრო იგრძნობა ე.წ. სამართალდამცავებში. ის, რაც, მათი მტკიცებით, ამ ადამიანს ჯიბეში ჰქონდა და ასე იყო სპეციალური დავალებით ჩასული, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათი ვერსია სრული სისულელეა. რომელი აგენტი დადის დავალებაზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოფიცრის სავიზიტო ბარათით?!

ეს ყველაფერი შეთხზულია! (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: "ოც კაცზე მეტი ურტყამდაო თქვენს გმირსო, გადმოგვცეს შენი გულადობით გაკვირვებულებმა ცხინვალიდან"