კავშირები კრემლთან - რა როლს ასრულებს ქართველი ლევან პირველი ავსტრიულ პოლიტიკაში?
კავშირები კრემლთან - რა როლს ასრულებს ქართველი ლევან პირველი ავსტრიულ პოლიტიკაში?
გერმანულ გამოცემაში «Die Zeit»  გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "მითხარი ვინაა შენი მეგობარი და..." - ქართველის როლი ავსტრიულ პოლიტიკაში", რომლის ავტორიც ჰერვიგ ჰიოლერია. გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას

"ავტრიის თავისუფლების პარტიას, რომელიც ქვეყნის მმართველ კოლიციაში შედის, სერბ ნაციონალისტებთან მჭიდრო კონტაქტი აქვს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ სიმპათიებს ამჟღავნებს. ისმის კითხვა, რატომ?

2007 წლიდან დაწყებული, როცა თავისუფლების პარტიას სათავეში ჰანს-ქრისტიან შტრახე ჩაუდგა, მისი საგარეო-პოლიტიკური კურსი რადიკალურად შეიცვალა: თუ წინა ლიდერი კოსოვოს უჭერდა მხარს,
ამჟამინდელი სერბეთის მხარდამჭერია. იმავე ხანებში დაიწყო რუსეთთან და მის პრეზიდენტთან დაახლოებაც. 2007 წელს, ვენაში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჰანს-ქრისტიან შტრახემ დაიწყო პრორუსული განცხადებების გაკეთება, აშშ ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ ავსტრიაში ვლადიმერ პუტინი ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნება. ერთი წლის შემდეგ ჰანს-ქრისტიან შტრახემ
თავისი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად გამოხატა საქართველო-რუსეთის ომის მიმართაც: მაშინ როცა მსოფლიო თანამეგობრობა რუსეთს აკრიტიკებდა, თავისუფლების პარტიის ლიდერი მოსკოვის მოქმედებას გაგებით შეხვდა.


ამ ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველმა ბიზნესმენმა და პრორუსულმა პოლიტიკოსმა ლევან პირველმა. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ქართული ცენტრის მონაცემებით ირკვევა, მას 2001 წელს სამშობლოში 21 წლის სტუდენტის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს და თავს ავსტრიაში გაქცევით უშველა, სადაც მალე პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ვენაში ლევან პირველს კარგად იცნობდნენ: 1998 წელს მის ფირმას - Anglo Oil International Ltd-ს და საქართველოს ნავთობის კომპანიას ავსტრიულმა Raiffeisen Zentralbank-მა კრედიტი მისცა ენერგეტიკული პროექტის განსახორციელებლად. პროექტის რეალიზება ჩაიშალა. საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლური პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის გამარჯვების შემდეგ მისმა მთავრობამ, სახელმწიფო გარანტიების მიუხედავად, ავსტრიული ბანკისათვის კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვა. თბილისმა ბანკისათვის ფულის დაბრუნებას მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო: 2015 წლიდან 2017-ის ცათვლით ვენაში 25 მილიონი დოლარი გადაირიცხა.

თუმცა ეს ისტორია თავისუფლების პარტიისათვის ბარიერად არ ქცეულა. ლევან პირველთან კონტაქტები 2007 წელსაც დაფიქსირდა: თავისუფლების პარტიის ერთ-ერთი აქტივისტი და ევროდეპუტატი ბარბარა კაპელი და მის კომპანია Austrian Technologies გარკვეული პერიოდის განმავლობაში პარტნიორი იყო კომპანიისა Amadea Holding GmbH, რომლის უმსხვილესი აქციონერს სწორედ ლევან პირველი წარმოადგენდა. გარდა ამისა, 2014 წელს იმავე ევროპარლამენტის დეპუტატმა და თავისუფლები პარტიის წევრმა მოაწყო დისკუსია გეოპოლიტიკურ საკითხებზე, რომელშიც ლევან პირველიც მონაწილეობდა. მოგვიანებით კი ჰანს-ქრისტიან შტრახემ იგი ავსტრიის ეროვნულ საბჭოში ასე წარადგინა: "ლევან პირველი, ჟენევის კონვენციის თანახმად, ლტოლვილია, რომელსაც თავის ქვეყანაში სიკვდილის საფრთხე ელოდება".

თავისუფლების პარტიის ძალისხმევას რუსეთში მიესალმნენ: 2008 წლის ბოლოს პარტიული დელეგაცია მოსკოვს ეწვია და დედაქალაქის მერს იური ლუჟკოვს შეხვდა. ამის შემდეგ რუს პოლიტიკოსებთან კონტაქტებმა რეგულარული ხასიათი მიიღო. 2012 წლის დასაწყისში ავსტრიის თავისუფლების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ვენის მომავალი ვიცე-მერი იოჰან გუდენუსი, ეროვნული საბჭოს მრჩეველი იოჰან ჰიუბნერი და ლევან პირველი გროზნოში ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს ეწვივნენ. ვინ დააფინანსა მათი ვიზიტი, ამაზე პარტიას არაფერი უთქვამს, თუმცა, როგორც რუსმა ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ განაცხადა (იგი შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობდა), "ვიზიტი ჩეჩნურმა მხარემ უზრუნველყო". 2013 წელს, როცა ლევან პირველი საქართველოში დაბრუნდა, იოჰან გუდენუსი თავისი პარტიიდან რუსეთის ყველაზე აქტიურ მოკავშირედ იქცა". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ





02 მარტი 2018 09:17
აჰა!გამოჩნდა შადიმან პირველი.ამ მთავრობის ხელში კარგი არაფერი მოგველის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები