"იმედია, ომის მსურველ კრემლს ხელში ისევ საქართველო არ შერჩება"
"იმედია, ომის მსურველ კრემლს ხელში ისევ საქართველო არ შერჩება"
"მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი უსაქმურობაში იღებს ხელფასს. მაგალითად, გუბერნატორები რას აკეთებენ? ვის სჭირდება ეს უცნაური წარმონაქმნი და რა ფუნქცია აქვს?"

გასულ კვირას საზოგადოების ყურადღება ბორჯომისკენ იყო მიმართული, სადაც 28 თებერვალს მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის მიერ დაკომპლექტებულ საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნების" მერიის თანამშრომლების სახელფასო პაკეტი არ დამტკიცდა. ამას შენობის პიკეტირება და ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. ბორჯომში გამოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც, რამაც უფრო გაამწვავა ვითარება,
რომლის არსიც ტრაგიკომიკური გახლდათ.
ამის პარალელურად მთელი კვირის განმავლობაში ამაო გამოდგა ოკუპაციას შეწირული კიდევ ერთი ქართველის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მოლოდინი, რომ შვილის ცხედარს, ბოლოს და ბოლოს, მისცემდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი. შექმნილი ვითარება ჩვენი საზოგადოებისთვის გამოცდად იქცა... ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან:

-
უპირველესად, თანავუგრძნობ ამ გმირი ადამიანის ოჯახსა და ახლობლებს. რაც შეეხება მომხდარის პოლიტიკურ მნიშვნელობას, მოგეხსენებათ, ასეთი ტრაგედია პირველი არ არის და სამწუხაროდ, შეიძლება განმეორდეს მომავალშიც. არ არის გამორიცხული, მსგავსი ტრაგედიები ოკუპაციური პოლიტიკის იმ ნაწილად იქცეს, რომლითაც ჩვენს საზოგადოებაზე მუდმივად იქნება ემოციური ზეწოლა და რის საფუძველზეც შესაძლოა ახალ-ახალი პროვოკაციები დაგეგმონ.
გავიხსენოთ 2008 წელი, როდესაც ომამდე ბომბავდნენ ქართულ სოფლებს, ხოლო, როდესაც ქართულმა მხარემ სწორედ ემოციურ ფონზე გადაწყვიტა, დაეცვა ქართული სოფლები, ვნახეთ, რაც მოხდა. ხომ აშკარაა, რომ ჩვენი ემოციურობის გათვლით მოგვიწყვეს პროვოკაცია.

ასეთი მდგომარეობა დღეს თითქოს არ არის, თუმცა პოლიტიკა ისეთი ოხერი რამ არის, შეიძლება დაუგეგმავ ინციდენტებს მოჰყვეს სწორედ იმგვარი ტალღა, რომლის აგორებითაც რომელიმე მხარე იქნება დაინტერესებული. მსოფლიო ომები დაწყებულა ცალკეული ინციდენტებით, წინასწარი დაგეგმვის გარეშე, ამიტომ არის სიფრთხილე საჭირო.
დღეს რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქვეყანაა მთელი მსოფლიოსთვის და მით უფრო, ჩვენთვის. სახიფათოა არა მარტო იმიტომ, რომ ატომური იარაღი აქვს და წინ და უკან ატრიალებს, არამედ იმის გამოც, რომ დღეს ის გაცილებით უარეს მდგომარეობაშია სოციალურ-ეკონომიკურად, ვიდრე იყო თუნდაც რამდენიმე წლის წინ.
პუტინმა ფედერალური სათათბიროს ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებაზე გაკეთებულ დიდ აქცენტთან ერთად, არანაკლებ საინტერესო რამ თქვა - მან რუსეთის მთავარ მტრად ეკონომიკური ჩამორჩენა დაასახელა და განაცხადა, თუ ეკონომიკურად არ გაძლიერდა რუსეთი, შეიძლება დაიშალოსო. ჩემი აზრით, როდესაც პირველი პირი, მით უფრო, პუტინის მსგავსი მმართველი, ამას ამბობს, ესე იგი, საფრთხე რეალურია.

როდესაც რუსეთი ეკონომიკურ ჩიხშია, კრემლს უცხოელებთან ურთიერთობა უჭირს და შეიარაღებით ცდილობს მათ შეშინებას, მაგრამ პუტინს დიდი პრობლემები აქვს თავის მოსახლეობასთანაც.
რუსულ წრეებთან კავშირის მქონე ბევრი ადამიანისთვის ცხადია, რომ მოსკოვშიც კი ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა წინა წლებთან შედარებით. ეს რომ დედაქალაქში ხდება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაშია რეგიონები.

შექმნილ ვითარებაში ოპოზიციური განწყობებიც მოძლიერდა - ნავალნიმ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მოახერხა დემონსტრაციების გამართვა, ეს იმ რუსეთში, სადაც ამ ცოტა ხნის წინაც კი პუტინის სიყვარულით საპროტესტო აქციებზე, ფაქტობრივად, არავინ გამოდიოდა. ამას დაემატა სირიაში ბოლოდროინდელი სამარცხვინო მარცხი, როდესაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა რუსი მებრძოლები გაანადგურეს. კრემლს მოსახლეობის წინაშე ისევ ღირსების დეფიციტი გაუჩნდა და ამიტომაც შეიძლება ახალი სამხედრო ლუკმის ძებნა დაიწყოს.
შესაბამისად, არაპუტინისტი რუსი ექსპერტები უკვე წერენ, რომ მოსახლეობის გულის მოსაგებად პუტინს აშკარად სჭირდება პატარა და მომგებიანი ომი. თუმცა სხვა საკითხია ამას ეკონომიკურად როგორ აუვა.იმედია, ომის მსურველ კრემლს ხელში ისევ საქართველო არ შერჩება.
ამიტომაც ვლაპარაკობ სიფრთხილეზე!

არ არის გამორიცხული, რომ ტატუნაშვილის მკვლელობა გამოიყენოს სწორედ ჩვენში ემოციური ფონის გასაზრდელად. ის, რომ ცხედრის გადმოცემა გაჭიანურდა, გარდა იმისა, რომ დანაშაულის კვალის წაშლას ემსახურება, შეიძლება ემსახურებოდეს ჩვენში დაძაბულობის გაზრდასაც, იმას, რომ ცხელ გულზე ვიმოქმედოთ.
ჩვენი ხელისუფლების ფრთხილი პოლიტიკური ხაზი, რაც უშედეგობის გამო ჩვენში ბევრს აღიზიანებს, შესაძლოა ყველაზე მიზანშეწონილიც კი არის.

- ამ ვითარებაში საზოგადოებისთვის ცნობილ პირთა წერილი, რომლის ადრესატები დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, ბევრმა რუსული პროპაგანდის ნაწილად შეაფასა. წერილში გაპროტესტებულია სტრატეგიული კვლევების ამერიკული ინსტიტუტის Heritage Foundation-ის მოხსენება და მასში ჩამოყალიბებული საქართველოს ნატოში გაწევრების ვარიანტი, რომლის თაობაზე ჩვენში შესაძლოა ბევრს აქვს კითხვები, მაგრამ წერილში იმგვარადაა დაყენებული საკითხი, რომ თითქოს რუსეთთან საქართველოს პრობლემების მთავარი წყარო დასავლეთია, რაც სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის.

- გეთანხმებით, ნატოსთან დაკავშირებით კონკრეტული საექსპერტო ჯგუფის წინადადება საკამათოა და ამაზე კრიტიკული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმაც კი გამოთქვა. თვითონ ამერიკულ წრეებშიც მოჰყვა ამ პროექტს კრიტიკა. ეს არის ერთ-ერთი მოსაზრება, რომლის განხორციელებასაც ჯერჯერობით აშკარად არავინ აპირებს. ჯერ ერთი, აშშ, რომელიც რუსეთს ნომერ პირველ საფრთხედ განიხილავს, არა ჩვენი, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არ დათანხმდება ჯერჯერობით საქართველოს ნატოში შესვლას. ამასაც რომ თავი დავანებოთ, წარმოუდგენელია, ეს პროექტი გაიზიარონ ნატოს ევროპელმა წევრებმა. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რა აზრი ჰქონდა ამ წერილის დაწერას?
ასე დაუფიქრებლად ასეთი წერილების წერა, ისე, რომ მის შედეგს არ გათვლი, შეიძლება ძალიან საზიანო აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ იმავე კრემლმა შეიძლება საკუთარი იდეოლოგიისა და ოკუპაციური სტრატეგიის გამართლებისთვის გამოიყენოს.

ვთქვათ, საკითხი ასე წარმოაჩინოს - აგერ, ბატონო, საქართველოში მთელი ინტელიგენცია ნატოს წინააღმდეგია და დასავლეთს უჩივიანო.
რატომ ჩაერთნენ ამ გამწვავებულ პროცესებში ეს ადამიანები, არ მესმის. ხომ აშკარაა, რომ საერთოდ არ არიან აზრზე, რა ხდება საქართველოს გარეთ. არანაირი საჭიროება მაგ მოწოდებისა, არიქა, ეგ პროექტი რატომ გვაკადრეთო, დღეს არ იყო! მით უფრო, გაუგებარია ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიით ჩვენი საზოგადოება ისედაც ძალიან აღშფოთებულია.

ჩემი აზრით, ესეც ქართველი ინტელიგენციისთვის ტრადიციული ჰუმანიტარული ტენდენციაა, რომელიც მას საბჭოთა კავშირიდან მოსდევს, როდესაც მათ პოლიტიკა არ ესმოდათ, მაგრამ აწუხებდათ. შეიძლება ახლაც ბევრმა რამ შეგაწუხოს, მაგრამ ღია წერილის დიპკორპუსისთვის მიწერა ამ ვითარებაში, როდესაც არ გესმის პროცესების მსვლელობა და არ იცი, რა მოჰყვება შენს ნაბიჯს, ვფიქრობ, გაუმართლებელია.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს კვლავაც პრორუსულ პოზიციას იზიარებენ, არ მესმის, რატომ არ უნდათ გაიგონ, რომ აი, ამ რუსეთთან, რომელიც მარცხის პირასაა, არაფერი გვესაქმება.
იმის მოლოდინი, რომ თუ ისევ მის ორბიტაზე ვიტრიალებთ, დაგვიბრუნებს ტერიტორიებს და დაგვიცავს, სასაცილოა. შეხედეთ სომხეთს. მასზე დიდი პარტნიორი ამ რეგიონში რუსეთს არა ჰყავს, მაგრამ ყველა საწარმო წაართვა, მის თავდაცვის სისტემაში ჩაერთო, ისევე როგორც აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში და, ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და ა.შ. რუსეთისთვის მეგობრის გატყავება ჩვეულებრივი ამბავია, ერთნაირი სისასტიკით ექცევა მტერსაც და მეგობარსაც. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ამ არაფრისმქონე, აგრესიულ ქვეყანას დავუწვეთ და ამისთვის დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, სრულიად ოდიოზურია. მით უფრო, რომ ევროპული პერსპექტივა შენ რუსეთისთვის არ გჭირდება მხოლოდ.
მსოფლიოს წინ უდგას რამდენიმე უდიდესი გამოწვევა - მაგალითად, ჩინეთი, რომლის დემოგრაფიული ტალღა და ეკონომიკური განვითარება ლამის მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის; ასევე პოლიტიკური ისლამი, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ვხედავთ, რა ამბიციები გაუჩნდა ბოლო დროს თურქეთსაც. შესაბამისად, ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე, რომლის ინტერესები ჩვენსას ემთხვევა, მხოლოდ დასავლეთია. დასავლეთი ჩვენ უფრო სამომავლოდ გვჭირდება, ვიდრე დღევანდელი დღისთვის.

- ცხადად ჩანს, რომ საქართველოში არცთუ დაფარულად მოქმედებს რუსული პროპაგანდა.

- დიახ და მეთოდი, ძირითადად, ასეთია: თითქმის ულტრანაციონალისტური პოზიციიდან დაუპირისპირდეს ყველაფერს დასავლურს, ანუ რუსული პროპაგანდა იმაზე კი არ მუშაობს, რომ საქართველოში რუსეთი გახდეს მისაღები, არამედ ქვეყანაში დასავლეთის მიმართ გაჩნდეს უნდობლობა და მიუღებლობა.
უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთს ამ მიმართულებით აქვს წარმატებაც, თუმცა ეს მხოლოდ რუსული პროპაგანდის დამსახურებად ვერ ჩაითვლება. პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლური პოლიტიკის ხარვეზებზე თვითონ დასავლელი ანალიტიკოსები ლაპარაკობენ. აი, ამ ხარვეზებს იყენებს რუსული პოლიტიკა და კიდევ იმას, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს ყოველთვის ერიდებათ დასავლეთის გაკრიტიკება და მუდამ გაიძახიან, რომ დასავლეთი ყველაფერში მართალია. ეს პროპაგანდისტული შეცდომაა. თუ გინდა, რომ დაგიჯერონ, ის უნდა თქვა, რასაც ფიქრობ. თუ შენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლეთი შეცდომას უშვებს, მაშინ შენც უნდა თქვა, რომ ასეა, მაგრამ იქვე დააყოლო, რომ ეს მხოლოდ შეცდომებია. აი, რუსეთი კი შეცდომებს არ უშვებს, პირდაპირ დანაშაულს სჩადის. როდესაც არჩევანზე არის ლაპარაკი, რეალურად ასე დგას საკითხი:
რა გვირჩევნია, გვქონდეს ურთიერთობა მასთან, ვინც შეიძლება შეცდომები დაუშვას, თუ მასთან, რომელიც უშეცდომოდ დაგახრჩობს?!

- გასულ კვირას საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბორჯომში მიმდინარე პროცესები მოექცა.

- ამ ყველაფერს ცოტა სიურრეალისტური კომედიის ელფერი კი დაჰკრავდა, მაგრამ უარყოფითად ვერ შევაფასებ იმიტომაც, რომ თურმე მუნიციპალიტეტის მოხელეებმა თითქმის ყველგან გაიზარდეს ხელფასები, ჩვენ კი ეს მხოლოდ იმიტომ გავიგეთ, ბორჯომში ამაზე ოპოზიციური საკრებულო აყვირდა. სხვაგან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს პრობლემები არ შეჰქმნიათ.
თავის დროზე მოხელეთა ხელფასების გაზრდა დაიწყო იმ მოტივით, რომ კორუფციის დასამარცხებლად იყო საჭირო. ეს სააკაშვილის ხელისუფლებას დასავლეთმა ურჩია, რაც მათი რეალობიდან გამომდინარე სწორი იყო, მაგრამ ეს მიდგომა რამდენად სწორია ჩვენს შემთხვევაში, საკითხი სწორედ ასე უნდა დადგეს.

მაშინ, როდესაც ამხელა სხვაობაა მოსახლეობის ეკონომიკურ დონესა და მოხელეთა ცხოვრების დონეს შორის, სრულიად არასწორი მგონია სახელმწიფო სექტორში ისედაც მაღალი ხელფასების თემის უფრო წინ წამოწევა. ამან შეიძლება სოციალური აფეთქება გამოიწვიოს, მით უფრო, რომ ამას შეჩვეული ვართ, თითქმის ყველა პრეზიდენტი ჯოხით გავაგდეთ.
კიდევ ერთი საკითხია, რას აკეთებს ეს ხალხი, რომლებიც ჯერ პრემიებსა და სახელფასო დანამატებს ვერ შეელივნენ, ახლა კიდევ ხელფასებს იმატებენ. ჩემი დაკვირვებით, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი უსაქმურობაში იღებს ხელფასს. მაგალითად, გუბერნატორები რას აკეთებენ? ვის სჭირდება ეს უცნაური წარმონაქმნი და რა ფუნქცია აქვს? მოკლედ,
ასე თუ გაგრძელდა, "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდება. ისედაც უკვე მყიფე ნიადაგზე დგას.
ჯერჯერობით არჩევნებს კი იგებს იმის ხარჯზე, რომ მეტოქე, ფაქტობრივად, არა ჰყავს, მაგრამ საკმარისია გამოჩნდეს რეალური ალტერნატივა, რომელიც ამ სუსტ წერტილებს გამოიყენებს, ძალიან ცუდად წაუვა "ქართულ ოცნებას" საქმე.

- გასულ კვირას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ 7.000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. 2018 წლის 28 თებერვალს მან მოქალაქეს წინასწარ გამოართვა თანხის ნახევარი და სწორედ მაშინ დააკავეს.

- "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგანვე მაქვს მოსმენილი, ჩვენი ხელისუფლების ჰუმანური მიდგომები ჩვენსავე გუნდში ვერ გაიგეს და ვის კორუფციისკენ გაექცა ხელი და ვის ძალადობისკენო. მეც მგონია, რომ "ქართულ ოცნებაში" სახელმწიფოს მართვას ძალიან გულუბრყვილოდ მოეკიდნენ. აუცილებელია სიკეთეც, ადამიანის უფლებებზე ზრუნვაც, მაგრამ ასევე აუცილებელია კანონზე დაფუძნებული ძალის ჩვენებაც, სხვა შემთხვევაში აუცილებლად წამოყოფს თავს ისეთი პროცესები, რაც საზოგადოებას მეტად დააზიანებს, ვგულისხმობ კრიმინალსა და კორუფციას.
ასე რომ, მართვაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, ზოგიერთმა უკვე ამოყო თავი ამ კორუფციული ფაქტების სახით. ასეთივე პრობლემებზე მიუთითებს კრიმინალის ზრდა, რაც მინისტრმაც აღიარა. ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, შს მინისტრი მკაცრი ხელით მიუდგა საქმეს, ვნახოთ, რამდენად მიეცემა მას რეფორმების გატარების საშუალება.
ადმინისტრაციულ მართვაშიც მკაცრი ხელია საჭირო. შეიძლება მოხელეთა მართვა დამნაშავეთა მართვაზე რთულიც კი იყოს.

ნათია დოლიძე
სოსო
11 მარტი 2018 11:05
მე იმ განცხადებაში პროპუსული ვერაფერი დავინახე.მათ ის თქვეს რაც უნდა ეთქვათ.ბატონი რამაზი კი თან მათ აკრიტიკებს და თან მათვე ეთანხმება.არ უნდა ამოეღოთ ხმა,ასეთ სულელურ და საშიშ წინადადების წინააღმდეგ?ეს ჩვენი ბედოვლათი მთავრობა შეიძლება დათანხმებოდა კიდეც ამას და მერე ვეღარაფერი ეშველებოდა საქმეს.
რაც შეეხება კომენტარებში დადებულ "ანალიზს",აშკარად ნაცისტის დადებულია და აღკარად გვიჩვენებს,რომ მათ გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ.ნაცი ყველგან და მუდამ ნაცია.ახლა ყველა პარტიას მოედვნენ,მაგრამ აზროვნების მანერა ყველგან იდენტურია.მე ვიტყვი და შენ დაამტკიცე,რომ აქლემი არა ხარო.
////////////?
10 მარტი 2018 14:23
მე პოლიტიკოსი არა ვარ მაგრამ ამ ადამიანის საუბრის შინაარსი სულაც არ მომეწონა და არც მგონია სწორი მიდგომა იყოს ეს. ვნახოტ როგორ შეაფასებს ამ ტემას ხალხი.
ა ნ ა ლ ი ზ ი
10 მარტი 2018 13:43
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ბატონ საყვარელიძეს თითქმის ყველაფერში ვეთანხმები (და თუ რის თაობაზე არა - ცოტა ქვემოთ) ანუ ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, მის მიერ შიდა და გარე სიტუაციის შეფასებაში. და აქ ერთსაც დავამატებდი, ალბათ, ამ "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლაც საჭირო იყო, რათა ქართველებს თვალნათლივ დაგვენახა ჩვენივე ინფანტილობა, თუნდაც ამას 2030 წლამდე პერიოდიც დასჭირდეს (რას ვიზამთ, ყველაზე ძვირად ადამიანისათვის, საზოგადოებისათვის სწორედ ჭ კ უ ი ს ს წ ა ვ ლ ე ბ ა ფასობს). წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, 2012 წელს ისევ ნაციონალებს რომ გაემარჯვათ - რა ქარიშხალი ატყდებოდა და არა მარტო სპეცკოლონის ძალების მიერ, მითიური 7 მილიარდიდან წილის მომლოდინეთა მხრიდანაც (სხვათა შორის, სწორედ ასეთი ქარიშხლის ამოვარდნა და საქართველოში შემოვარდნა შედიოდა რუსეთის გეგმებში, რასაც ამერიკელების რჩევით, გნებავთ, დაძალებითაც, აერიდა წინა ხელისუფლება).

ასე რომ, კრემლი იძულებული შეიქნა, მინიგამარჯვებით დაკმაყოფილებულიყო, უფრო ზუსტად კი პიროსის, რადგანაც უკვე ყველასათვის ნათელი გახდა, რომ მისგან საქართველო არავითარ დათმობას, ოდნავ რაიმე სიკეთეს არ უნდა ელოდეს - კრემლისათვის კარგი ქართველი ეს არის მხოლოდ მ ო რ ა ლ უ რ ა დ განადგურებული, დ ა მ ო ნ ე ბ უ ლ ი, დ ა ო ს ე ბ უ ლ - გ ა რ უ ს ე ბ უ ლ ი არსება. ამის წინააღმდეგი ხართ?!! მაშინ მისგან ელოდეთ (და სწორედ 23 თ ე ბ ე რ ვ ა ლ ს!) ვაჟკაცური სულის ქართველთა რ ი ტ უ ა ლ უ რ მკვლელობას!!!

ახლა კი, რასაც კა ტ ე გ ო რ ი უ ლ ა დ არ ვეთანხმებით ბატონი რამაზის მსჯელობაში, ექსპერტი წერს:

"გავიხსენოთ 2008 წელი, როდესაც ომამდე ბომბავდნენ ქართულ სოფლებს, ხოლო, როდესაც ქართულმა მხარემ სწორედ ე მ ო ც ი უ რ ფონზე გადაწყვიტა, დაეცვა ქართული სოფლები, ვნახეთ, რაც მოხდა. ხომ აშკარაა, რომ ჩვენი ემოციურობის გათვლით მოგვიწყვეს პროვოკაცია".

ვნახოთ, საიდან იღებს სათავეს ეს ატაცებული კლიშე - ე.წ. პროვოკაციას წამოგებული ემოციური ქართველობა! მცირე ისტორიული ექსკურსი - მივმართოთ მხოლოდ მშრალ, უ ტ ყ უ ა რ ფაქტებს:

1. ომი რუსეთმა საქართველოსთან დაიწყო პეტრე I-მდე ჯერ კიდევ 2 თაობით ადრე!!!
იქიდან მოყოლებული დღეის ჩათვლით, მას საქართველო მუდამ მიაჩნდა (და მ ი ა ჩ ნ ი ა !) თავის კუთვნილებად, ყოველგვარი ტრაქტატ-მატრატებისა და მათი დარღვევების გარეშეც!
აი, როგორი იყო რუსი მეფეების ტიტულატურა:
"В 1625 году царь Михаил Федорович в титул добавляет фразу: «Повелитель и Государь И в е р с к и я земли, К а р т а л и н с к и х и Г р у з и н с к и х царей и Кабардинския земли, Черкасских и Горских Князей».

2. რუსეთს არა მხოლოდ საქართველზე აქვს გართულება. მათი ლიდერის - პუტინის სიტყვებია, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი უბედურება იყო არა, ვთქვათ, ორი მ ს ო ფ ლ ი ო ო მ ი , არამედ - ს ს რ კ - ის დ ა შ ლ ა !
აქედან გააკეთეთ დაკვნებიც - გაითვალისწინეთ თუნდაც ის ფაქტი, რომ მან მოსვლისთანაცე აღადგინა სსრკ-ს ჰიმნი...

3. მერე, პუტინმა თვითონვე საქვეყნოდ განაცხადა, რომ 2008 წლის ომი მანვე დაგეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს (მედვედევს არ დააბრალოთ, ჩემი დამსახურება არისო!!!).

4. წ ი ნ ა წ ე ლ ს კრემლმა აფხაზეთში სრულიად უკანონოდ შეიყვანა ე.წ. "სარკინიგზო ჯარები", მოამზადა რკინიგზა სამეგრელოსაკენ შეიარაღებული ძალების გადასასროლად და ჩამოაგდო ჩვენი მზვერავი უპილოტო თვითმფრინავი თავიანთი ნამოქმედარის კვალის დასაფარავად!

5. დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების შემდეგ პუტინმა 2008 წლის თებერვალში საქვეყნოდ გვამცნო, რომ მიდიოდა "დომაშნიე ზაგატოვკების" დაზუსტება! იმავე წლის აპრილში დიპლომატიური კავშირი დაამყარა ჯერ კიდევ 1993 წელს მიტაცებულ ტერიტორიებთან, რაც უკვე სრლიად აშკარად ო მ ი ს გამოცხადებაა !!!

6. ომის დაწყებამდე ზაფხულში იმპერია 200 ათასიანი არმიით "შემთხვევით" მოადგა საქართველოს საზღვრებს, მათგან 5 ათას ჯარისკაცს გზა "დაებნა" და ასევე "შემთხვევით" გაირა როკის გვირაბი 7 აგვისტომდე, მანამდე კი დ ა ი ბ ო მ ბ ა ქართული სოფლები: ნული, ავნევი,.. განხორციელდა სამთავრობო საიტებზე მძლავრი კიბერშეტევა, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას და წინასწარ ორგანიზებას მოითხოვს.

7. ოპერაცია იმდენად ფართოდ იყო დაგეგმილი, რომ იგი გასცდა საქართველოს ფარგლებს - თურქეთის დაშინება- დაშუნტების მიზნით, 5 აგვისტოს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ააფეთქეს "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" მილსადენი!

8. ყოველივეს "სათანადოდ" ასახვისათვის, თუ როგორ "ვერაგულად და სრულიად მოულოდნელად" დაესხმებოდნენ "ბარბაროსი" ქართველები "ბაიბურში არ მყოფ, მძინარე" ცხინვალელებს, იქ ერთი კვირით ადრე გადასროლილი იქნა წინასწარ მომზადებული რუსული მასმედიის წარმომადგენლებიც.

9. აქ სათანადო ინსტრუქციებით
აღიჭურვა მე-5 კოლონა, რომელიც უკვე ამდენი წელია, კრემლთან უნისონში ასრულებს იქ დაწერილ ""სიმღერებს".

10. აგვისტოს პირველივე დღეებში მოკლეს ქართველი სამშვიდობოები, ხოლო გადაგდებულმა და სასიკვდილოდ განწირულმა კ უ ლ ა ხ მ ე ტ ო ვ მ ა (მისი რამდენიმე ასეული ცხინვალში ერთი კვირით ადრე გადასროლილ რუსულ სპეცნაზს უნდა გაენადგურებინა, რათა სამშვიდოების დაღუპვა "პირსისხლიან" სააკაშვილს დაბრალებოდა), ქართველთა ტელეკამერების წინ ა ღ ი ა რ ა თავისი უსუსურობა!

11. საქართველოს მტრები ჩვენს გასამტყუნებლად ხშირად "იშველიებენ" ტალიავინის კომისიის დასკვნას, მაგრამ იქ ხომ საუბარი იყო მხოლოდ კონფლიქტის კულმინაციაზე, რომელიც საქართველიო ბრალდებოდა, მაგრამ მოდით, ასე დავსვათ საკითხი:
ვთქვათ, მტერი 1-ლი იანვრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღე თითო მოქალაქეს გიკლავს და 31-ში შენ მას 2 მეომარი მოუკალი, ცხადია, ა რ ი თ მ ე ტ ი კ უ ლ ა დ სწორედ ბოლო ქმედება ჩაითვლება კონფლიქტის კულმინაციად!
და რა გამოდის - წყნარად, მშვიდად უნდა ჩავბარებოდით კრემლს?!! წარმოგიდგენიათ, როგორი გ ნ ი ა ს ი ატყდებოდა წინა ხელისულების მოწინააღმდეგების მხრიდან, ვითომ მხოლოდ კოკოითის ძალებს (სულ რამდენიმე ასეულ ოსს!) რომ განეხორციელებინა მთელს სამაჩაბლოში ქართველების ე თ ნ ო წ მ ე ნ დ ა, რა მიზნის შესახებაც მან აგვისტოს დასაწყისშივე ს ა ქ ვ ე ყ ნ ო დ განაცხადა რუსული ტელეკამერებისვე წინ და მისი აღსრულება, როგორც უკვე ვთქვით, ქართული სოფლების - ნულის, ავნევის - მასირებული დაბომბვითა და ქართველი სამშვიდობოების მკვლელობით დაიწყო!
დ ა ამ დროს ჩვენებს, პირველ რიგში ჯ ა რ ს, იმის შიშით, პ რ ო ვ ო კ ა ც ი ა ს არ წ ა მ ო ვ ე გ ო თ ო , აუღელვებლად ეყურებინა, როგორ ხოცავდნენ ქართველებს ოსები და ათი ათასობით "მშვიდობის მტრედი" რუსი და როგორ მოჰქონდათ მათ საზღვარი გორამდე?!! თან, ესეც არ დაივიწყოთ, ოსების გაცხადებულ მიზნებში შედიოდა სხვა "ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ‘ ო ს უ რ ი ტერიტორიების" - ქარელის რაიონის, ბაკურიანის და ა.შ. მიტაცებაც!!! რა ექნა სააკაშვილს - ისედაც "შეშფოთებული" ევროპის მხოლოდ კიდევ მეტად შეშფოთებით დაკმაყოფილებულიყო და ხელი არ გამოეღო?!! მაშინ რას აღარ იტყოდით მასზე, ოპონენტებო?!!

12. დაბოლოს, ყირიმში და დონბასში "პროვოკაციას არ წამოგებული" უკრაინის მაგალითმა მაინც აღარ უნდა გვასწავლოს ჭკუა?!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები