სახელფასო ორ-ომ-ტრიალი ბორჯომში
სახელფასო ორ-ომ-ტრიალი ბორჯომში
"ეს იყო პოლიტიკური შოუ, რომელიც შეიძლება ოთხი წელი გაგრძელდეს"

ბორჯომში პოლიტიკური კრიზისი მომწიფდა - ბორჯომის მერიის თანამშრომლები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში არიან და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ, პარალიზებულია მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაც და მოქალაქეები საჭირო და გადაუდებელ მომსახურებას ვერ იღებენ.

რა მოხდა ბორჯომში? - მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ: 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ბორჯომის საკრებულო 28 დეპუტატით დაკომპლექტდა და საქართველოს მასშტაბით აღმოჩნდა ერთადერთი, სადაც უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა. ბორჯომში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია საკრებულოს
თავმჯდომარე - "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ზაზა ჩაჩანიძე, ბორჯომის მერი კი "ქართული ოცნების" წევრი­ ლევან ლიპარტიაა. მას შემდეგ, რაც ბორჯომის საკრებულოში მართვის სადავეები­ ხელთ ოპოზიციამ ჩაიგდო, 2018 წლის იანვრის ბოლომდე საკრებულოში გამართულ სხდომას "ქართული ოცნების" დეპუტატები არ დასწრებიან. მმართველი გუნდის დეპუტატების გარეშე ჩატარდა ბორჯომში 2018 წლის
მთავარი ფინანსური დოკუმენტის შიდა და საჯარო განხილვაც, ასევე "ქართული ოცნების" დეპუტატების გარეშე დაამტკიცა 2017 წლის 27 დეკემბერს ბორჯომის ბიუჯეტი საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ.

2018 წლის 18 იანვრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც "ქართული ოცნება" კვლავ არ ესწრებოდა, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერიას საშტატო ნუსხა, რომელიც თანამდებობის პირებისთვის ხელფასის მატებასაც ითვალისწინებდა, არ დაუმტკიცეს.

ხელფასის განსაზღვრული ოდენობით გაზრდის მოთხოვნით ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ საკრებულოს 16 იანვარს მიმართა. ხელფასის ოდენობები კი ასეთი იყო: მუნიციპალიტეტის მერი - 3.450 ლარი, პირველი მოადგილე - 2.400 ლარი; მერის მოადგილე - 2.300 ლარი, სამსახურების უფროსები - 2.000 ლარი. საკრებულოს უმრავლესობამ საშტატო ნუსხას მხარი არ დაუჭირა და ძველ, 2017 წლის (2017 წლის 16 ივნისის დადგენილებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგო 2.650 ლარია, მისი მოადგილის - 2.000, სამსახურის უფროსების - 1.550 ლარი) საშტატო ნუსხას უყარა კენჭი. მერიამ კი საკრებულოს მიერ მიღებული დოკუმენტი არ დაამტკიცა და საკრებულოს ხელფასების გაზრდილი ოდენობები დასამტკიცებლად იანვრის ბოლოს განმეორებით გადაუგზავნა.
თითქმის ორთვიანი ჭიდილის შემდეგ, საბოლოოდ, 28 თებერვალს, საკრებულოში სხდომა ორჯერ ჩატარდა.

პირველი სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა, როგორც მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს დეპუტატებს, ასევე საკრებულოს წევრებს შორის.
ბორჯომის საკრებულოში საკუთარი­ პარტიის წევრების დასაცავად ჩავიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" პოლი­ტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და "ევროპული საქართველოს" ლიდერი სერგო რატიანი...

საშტატო ნუსხისა და გაზრდილი ხელფასების საკითხის დამტკიცებას მეორე სხდომაზე არ ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე - ის მანამდე მერიის თანამშრომლებმა საკუთარ კაბინეტში ჩაკეტეს და გათავისუფლებას მხოლოდ იმ პირობით თანხმდებოდნენ, თუ საკრებულო ხელფასების საკითხს დაარეგულირებდა. ამის შემდეგ მეორე სხდომა დაინიშნა და მას საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის ნაცვლად, მისი მოადგილე გიორგი გოგიჩიშვილი გაუძღვა. სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილებოდა - გაზრდილი სახელფასო ოდენობები და 13 ხმით, 3-ის წინააღმდეგ, დაამტკიცეს.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი ლევან ალაფიშვილი:

- "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ, როგორც იქნა, მთავრობამ აამოქმედა საჯარო სამსახურში სახელფასო ანაზღაურების შესახებ რეგულაციები. კერძოდ, ახლებურად განისაზღვრა ხელფასისა და პრემია-დანამატების საკითხი. რეალურად, ზუსტად იმავე ანაზღაურებას იღებს დღეს ყველა საჯარო მოხელე, რასაც შარშან, უბრალოდ, დანამატი და ხელფასი გაერთიანებულია და ანაზღაურების აღების წესს სახელი შეეცვალა.

ვიმეორებ, საჯარო მოხელეებს კანონმა­ დაავალა დანამატისა და ხელფასის გაერთიანება და გაერთიანებული ხელფასის­ სახელით მისი გაცემა. ეს პროცედურა­ უკვე გაიარა 70-ვე მუნიციპალიტეტმა. პრობლემა ბორჯომში მხოლოდ იმის გამო შეიქმნა, რომ საკრებულოში უმრავლესობაშია ოპოზიცია და "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო პოლიტიკური მიზნებისთვის ამის გამოყენება. პოლიტიკურ ველზე დაპირისპირება და ბრძოლა გამართლებულია, თუმცა თვითმმართველობაში ხელოვნური კრიზისის შექმნა კატეგორიულად დაუშვებელია. ეს იყო პოლიტიკური შოუ, რომელიც შეიძლება ოთხი წელი გაგრძელდეს, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

- ქუჩაში გამოსული "ქართული ოცნების" წევრებიც პოლიტიკური შოუს ნაწილი იყო, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს საკრებულოს და მოქალაქეები ვერ ახერხებენ მომსახურების მიღებას უკვე რამდენიმე დღეა?

- ქუჩაში გამოვიდნენ ისინი, რომლებსაც სამი თვეა ხელფასი არ მიუღიათ. მერს ძველი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ხელფასების გაცემის უფლება არა აქვს. თავად ის პოლიტიკოსები, რომლებიც იქ ვითარების ესკალაციისთვის მივიდნენ, რამდენ ხანს შეძლებენ უხელფასოდ მუშაობას? თანაც, დააკვირდით, როგორ ოსტატურად დაიგეგმა ყველაფერი - თუ საკრებულო არ დაამტკიცებს მერიის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს, ვითარებაში ცენტრალური ხელისუფლება ერევა და აქვს უფლება საკრებულო დაითხოვოს, მაგრამ ეს სცენარი არ აწყობდა ზოგიერთს ბორჯომში - თავად ხელფასებს ინარჩუნებენ, მერიის თანამშრომლებს კი სამი თვეა ხელფასები არ აუღიათ. ამიტომაც ბიუჯეტი დამტკიცდა, თუმცა სადავო გახდა საშტატო ნუსხა და ხელფასების საკითხი, ასეთ დროს კი არავის აქვს უფლება მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩაერიოს. ერთადერთი გამოსავალი სასამართლოა, რომელსაც, ალბათ, ბორჯომის მერმა უნდა მიმართოს და რადგან საკითხი მაინც ბიუჯეტთანაა დაკავშირებული, შესაბამისი სამართლებრივი გზებიც გამონახოს. გააჩნია, სარჩელი როგორ იქნება მომზადებული.

- ანუ გამოსავალი ოპოზიციის დაშლა და ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაა?

- ბორჯომი და ბოლნისი ორი გამონაკლისი შემთხვევაა მუნიციპალიტეტებში, რომლებიც ფინანსურად არ არიან დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე და საკუთარი შემოსავლებიც საკმარისად აქვთ. თუ ეს კრიზისი ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა და ნებისმიერ საკითხზე პოლიტიკური მანიპულაციებით წარიმართა დავა, ამ მნიშვნელოვან მუნიციპალიტეტს სერიოზული რისკის ქვეშ დავაყენებთ.

"მოქალაქის შემოსავალსა და ჩინოვნიკის ხელფასს შორის ათჯერ მეტი სხვაობაა"

ეკონომისტი აკაკი ცომაია "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმ უზარმაზარ განსხვავებაზე საჯარო მოხელის ანაზღაურებასა და მოქალაქეების შემოსავლებს შორის, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა:

- კერძო სექტორში, როდესაც კონკრეტული პროექტი იწერება, დეტალურად განისაზღვრება სამუშაოს მოცულობა, რომელიც მენეჯერმა უნდა გასწიოს და სწორედ მის მიერ შესრულებული პასუხისმგებლობის მიხედვით დგინდება ანაზღაურებაც. სამწუხაროდ, მსგავსი პრაქტიკის დანერგვა საჯარო სექტორში უკვე წლებია ვერ ხერხდება - არავის აინტერესებს, რისთვის ვუხდით ხელფასს ჩინოვნიკს, თავად ჩინოვნიკისთვისაც ნაკლებად საინტერესოა, რატომ იღებს ხელფასს და რა ტიპის სამუშაოებსა თუ შედეგზეა პასუხისმგებელი. როგორც წესი, სახელფასო ანაზღაურება მაღალჩინოსნებისთვის განისაზღვრება ზეპირად, სურვილისამებრ სუბიექტურად და დამოკიდებულებით, რომ თუ სხვა მაღალჩინოსანი, მაგალითად, 5.000 ლარს იღებს ყოველთვიურად, რატომ არ შეიძლება იგივე ანაზღაურება გამოვიწერო მეც. ამ მხრივ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში სრული განუკითხაობაა - ვისაც როგორ უნდოდა, ისე იწერდა პრემიას და ეს პრაქტიკა გრძელდება ახლაც. ამ დროს კი, გადავხედოთ ქვეყნის სოციალურ ვითარებას - მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურესი გაჭირვების ზღვარზეა, განსაკუთრებით რეგიონებში. ადამიანები შიმშილობენ და არ იციან, ბავშვები როგორ გამოკვებონ. დღეს მინიმალური შემწეობა 60 ლარამდეა, საარსებო მინიმუმი კი - 200 ლარის ფარგლებში, ასეთ გაღატაკებულ ქვეყანაში კი თუნდაც დაბალი რგოლის საჯარო მოხელისთვის მინიმალური ხელფასი 1000 ლარია, მერებისა თუ გამგებლების ხელფასი კი 3.000-დან 5.000 ლარს აღწევს, ანუ რიგითი მოქალაქის შემოსავალსა და ჩინოვნიკის ხელფასს შორის ათჯერ მეტი სხვაობაა, რაც არც ერთ სტანდარტში არ ჯდება.

- ახალი კანონმდებლობით, თითქოს დარეგულირდა დანამატებისა და პრემიების საკითხი, თუმცა შედეგი მაინც არ შეცვლილა - დღეს ჩინოვნიკი იმავე ანაზღაურებას იღებს, რასაც დანამატების გამოწერისას იღებდა.

- სწორედ ეს უთანასწორობაა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და განსაკუთრებით თვალსაჩინოა რეგიონებში, სადაც მერები და გამგებლები ცხოვრობენ ფუფუნებაში, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ახალგამომცხვარი პური ენატრება. გამოსავალზე კი მანამდე ვერ ვისაუბრებთ, სანამ სახელმწიფოს არ ექნება შესაბამისი ნება და ბოლოს და ბოლოს, ვერ მიხვდება, რა არის მისი ფუნქცია, რისთვის არის განკუთვნილი ბიუჯეტი და როგორ უნდა გადანაწილდეს მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ, რომ ბიუჯეტი თანაბრად გადავანაწილოთ მოქალაქეებზე და ყოველთვიურად დახმარება დავუნიშნოთ, პრიორიტეტული საკითხები უნდა გამოიკვეთოს, რომ გავარკვიოთ, რა მოუტანს მოქალაქეებს მეტ შემოსავალს. ასეთი მძიმე სოციალური ფონის დროს კი, ნებისმიერი ჩინოვნიკის მთავარი საზრუნავი ხელფასი და დანამატი ხდება. ახალარჩეულმა მერებმა თუ საკრებულოს თავმჯდომარეებმა და დეპუტატებმა, ასევე გუბერნატორებმა, ერთ-ერთ პირველ გადაწყვეტილებად სწორედ ხელფასებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს მოაწერეს ხელი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჯარო სექტორში ნებისმიერი ადამიანი, პირველ რიგში, კერძო ინტერესების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული, რადგან იცის, რომ კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს და თუ ათეულობით და ასეულობით ჩინოვნიკს შეუძლია ანაზღაურების გაზრდა, მასაც აქვს განცდა, რომ ეს მისთვისაც ნებადართულია.

უნდა შევთანხმდეთ, რეალურად ვისი შრომა რა შედეგს მოგვიტანს და რამდენი უნდა ჰქონდეს მას ხელფასი, მაგრამ ისიც გასააზრებელია, როგორ უნდა გავაკონტროლოთ ბიუჯეტის თვითნებურად განკარგვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის გვეყოლება 1%, რომელიც ისევ მოქალაქეების ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრობს და მეორე მხარეს იქნება მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც 1%-ის კომფორტულ ცხოვრებას შორიდან უყურებს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები