უბედურ შემთხვევად გასაღებული მკვლელობა? - რატომ ითხოვენ ბრიტანელი დეპუტატები პატარკაციშვილის სიკვდილის გამოძიებას? - კვირის პალიტრა

უბედურ შემთხვევად გასაღებული მკვლელობა? - რატომ ითხოვენ ბრიტანელი დეპუტატები პატარკაციშვილის სიკვდილის გამოძიებას?

ბრიტანელმა დეპუტატებმა 14 ადამიანის, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის საგულდაგულო გამოძიება მოითხოვეს.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ "დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს ამბერ რადს მიმართეს და ბრიტანეთის ტერიტორიაზე ბოლო წლებში მომხდარი საეჭვო (თუ მოულოდნელი) სიკვდილის 14 ფაქტის საფუძველზე აღძრული საქმეების საგულდაგულო გამოძიება მოითხოვეს. ბრიტანელმა დეპუტატებმა ეს განცხადება რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით გააკეთეს.

ვინ არიან ამ 14 საქმის ფიგურანტები? ბორის ბერეზოვსკი, ბადრი პატარკაციშვილი, ალექსანდრ პერეპელიჩნი, იგორ გოლუბევი, იგორ პონომარევი, სკოტ იანგი, სტივენ კერტისი და სხვები. 14 საქმის შესახებ მასალები ჯერ კიდევ შარშან ამერიკულმა გამოცემამ BuzzFeed-მა გამოაქვეყნა. ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით, ჩამოთვლილი პირების სიკვდილში რუსეთის სპეცსამსახურებისა და მაფიოზური სტრუქტურების ხელი ურევია, ბრიტანულმა პოლიციამ კი, რუსეთთან კონფლიქტი რომ არ მოსვლოდა, გარდაცვალების ფაქტები თვითმკვლელობად და უბედურ შემთხვევად ჩათვალა".

ბი-ბი-სი-ს სტატიაში მოცემულია ზემოთ აღნიშნული 14 პიროვნების საქმიანობისა და მათ სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები.

"ბადრი პატარკაციშვილი

გარდაცვალების თარიღი: 2008 წლის 12 თებერვალი

ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ბორის ბერეზოვსკის საქმიანი პარტნიორი და უახლოესი თანამოაზრე იყო. 2001 წლამდე ბადრი პატარკაციშვილი რუსეთში ბიზნესით იყო დაკავებული. 1995-2001 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია ОРТ-სა და ТВ-6-ში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2001 წლის ივლისში რუსეთის გენპროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილს ბრალი წაუყენა, თითქოს მან ხელი შეუწყო საზღვარგარეთ გაქცევაში "აეროფლოტის" გენდირექტორის ყოფილ მოადგილეს ნიკოლაი გლუშკოვს, რის შემდეგაც ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში წავიდა. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ ბიზნესმენზე ძებნა გამოაცხადა. მოსკოვმა რამდენჯერმე მოითხოვა საქართველოსაგან ბადრი პატარკაციშვილის გადაცემა, მაგრამ წარუმატებლად.

2008 წლის იანვარში ბადრი პატარკაციშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც, მიღებული ხმების რაოდენობით, მესამე ადგილი დაიკავა. იმავე წლის აპრილში იგი ლონდონის გარეუბანში მდებარე თავის სახლში გულის შეტევისაგან გარდაიცვალა". (წყარო)

იხილეთ ასევე: ვის შეეძლო მოეკლა ქართველი მილიარდერი

მოამზადა სიმონ კილაძემ