"პრემიერმა თავი მოიჭრა" - კვირის პალიტრა

"პრემიერმა თავი მოიჭრა"

"თავი მოიჭრა საქართველოს ეკლესიამ, სამარცხვინო წერილი მიწერა რუსეთის ეკლესიას, პარლამენტის წევრები თავს იჭრიან და ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი", - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მისამართით დღეს გავრცელდა.

ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი განცხადებით ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეში თავისი უსუსურობა დაადასტურა.

"ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს მის უსუსურობას ამ პრობლემის მოგვარებაში. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით იმას, თუ რას შეძლებდა და რას ვერა სხვა ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება არის უსუსური და მას არ შეუძლია ტატუნაშვილის საკითხის გადაწყვეტა. პრემიერის ეს ნაბიჯი სწორედ ამის ნიშანია და სამწუხაროდ, შედეგად ამასაც არაფერი მოყვება. თუ უფრო მეტ დათმობაზე წასვლა შეუძლია საქართველოს, მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ გადადგეს და მოვიდეს ვინმე, ვინც უფრო კარგად იცის და შეუძლია რამის გაკეთება. საქართველოს რუსეთთან დასათმობი აღარაფერი აქვს. რუსეთი არის ოკუპანტი, და რა მოლაპარაკებაზეა საუბარი საერთოდ? რაზე უნდა მოილაპარაკონ?! ვის უნდა შეუთანხმოს ეს? რომელ კანონში წერია ეს, რომ იმის გამო, რომ პრემიერს თავი ეჭრება, რაღაც უნდა ვქნათ ახლა და სადმე რამე უნდა დავთმოთ? ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება არის ისეთი, როგორიც არის. მსოფლიო ვერაფერს უშვრება მას, მითუმეტეს ვერაფერს უშვრება საქართველოს ხელისუფლება, უნდა ვაღიაროთ ეს და უნდა მივიღოთ ისეთი ზომები, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩვენს ტერიტორიაზე მაინც გვყავდეს დაცული. ჩვენ უკვე ვნახეთ, თავი მოიჭრა საქართველოს ეკლესიამ, სამარცხვინო წერილი მიწერა რუსეთის ეკლესიას და რუსეთის ეკლესიამ დაგვცინა. საქართველოს პარლამენტის წევრები თავს იჭრიან და ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი. როგორც ვხედავთ არ გადმოგვცემენ ცხედარს იმიტომ, რომ თავისი ხუშტურები აქვთ რუსებს და დაგვცინიან. ყოველთვის არის ეს ფაქტორი და აქ რამეზე საუბარი არ შეიძლება. შეგვითანხმოს საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ რას ვთმობთ ამ საქმეში, რომ პრემიერ-მინისტრის პრესტიჟის გადასარჩენად ნახევარი საქართველო ჩავაბაროთ ოკუპანტებს? წარმოუდგენელია საერთოდ რა შეთავაზებაა. ჩემი აზრით, ამას სასწრაფოდ უნდა მოყვეს მისი გადაყენება", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს. (იხილეთ განცხადება)