"ვფიქრობ, ტატუნაშვილის მკვლელობას ჰააგის სასამართლო განიხილავს"
"ვფიქრობ, ტატუნაშვილის მკვლელობას ჰააგის სასამართლო განიხილავს"
"კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს ჰააგის სასამართლოში ტატუნაშვილის საქმეც მიემატება და გახდება რუსეთთან ურთულესი ურთიერთობის ნაწილი. ეს იციან სეპარატისტებმაც და ოკუპანტებმაც, ამის ეშინიათ"

საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალურ ურთიერთობაში გაჩენილი თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, შეიძლება ითქვას, პირველი ოფიციალური ღია წერილით მიმართა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ის წერილში ლაპარაკობს 2008 წლის ომზე, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებასა და ამის გამო ჩიხში შესულ ურთიერთობაზე.

"ამჟამად ჩვენ წინაშეა
არჩევანი - შევხვდეთ ამ თარიღს ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც პატარა ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობის გამოსაყვანად", - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის თქმითვე, ქართული მხარე მზად არის პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი
იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში კი, შესაძლებელია, სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

"ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა. მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად," - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წერილში, რომელსაც ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

სწორედ ამაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- ცხადია, პრემიერის წერილის მიზეზია არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვა და დღემდე ცხედრის დაუბრუნებლობა. მისი მთავარი მიზანიც სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე თავს ზევით ძალა არ გვაქვს.

დღეს რუსეთის წინააღმდეგ ხისტი მოქმედება აბსოლუტური სიბეცე იქნებოდა. ყველამ ვიცით, რომ ამით არაფერი გამოვა. ერთხელ უკვე წამოვეგეთ რუსეთის პროვოკაციას და ამის სამწუხარო შედეგს დღემდე ვიმკით. ვინც დღეს ხელისუფლებას რადიკალური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს და ზომიერების გამო აკრიტიკებს, მიმაჩნია, რომ პოპულისტურად და არასახელმწიფოებრივად იქცევა. ეს გულზე მჯიღის ცემა ყოვლად უსაფუძვლოა და პიარით არის გამოწვეული.
მართალი გითხრათ, არც ის მგონია, რომ პრემიერის წერილს მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება.
როგორც უკვე აღვნიშნე, მისი მთავარი მიზანი ცხედრის დაბრუნებაა. ვნახოთ, ეს დიპლომატიური სვლა რა შედეგს მოიტანს.
ისმის კითხვა: თუ თავიდანვე უშედეგობისკენ იყო განწირული, მაშ, რა საჭირო იყო ამგვარი მიმართვა?

მე პრემიერის განცხადება უფრო დასავლური დიპლომატიის ჭრილიდან წავიკითხე. ვფიქრობ, სწორედ მათთვის არის მისაღები ამგვარი დიპლომატიური სვლები.
ბიბილოვი, აშკარაა, სახელმწიფობანას თამაშობს - გველაპარაკება ექსპერტიზის მნიშვნელობაზე, საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე და ა.შ. არადა, ბოლო კვირების განმავლობაში ოკუპაციური რეჟიმის მოქმედებამ აჩვენა, რომ ეს მკვლელობა იყო. უკვე საჭიროც აღარ მგონია ექსპერტიზის დასკვნა, რადგან ეს ექსპერტიზა, უპირველესად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციურმა რეჟიმმა ვერ გაიარა. ცხადზე ცხადია, ისინი ცხედრის გადმოცემაზე უარით ცდილობენ, დანაშაულის კვალი დაფარონ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ დანაშაულში უკვე მხილებულნი არიან არა მხოლოდ ჩვენს, არამედ საერთაშორისო საზოგადოების თვალშიც.

ბოლოს და ბოლოს, დაგვიბრუნებენ ცხედარს, თუმცა მანამდე მოგვიწევს ამ დავიდარაბის გადატანა.შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესში საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერას გრძნობს. აშშ-ის ელჩი ლამის ყოველდღე აკეთებს განცხადებას, ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, მომხდარს მკაცრად ეხმაურება... დღეს ოსურ-რუსული პოზიცია კრიტიკას ვერ უძლებს. და ესეც ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგია - ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ტრიბუნაზე, სადაც კი ხელი მიგვიწვდა, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი მთავარ თემად წამოიჭრა.მესმის, რომ ოჯახისთვის ეს უმძიმესი ვითარებაა, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ჩვენს ხელისუფლებას ძალისხმევა არ დაუშურებია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მეტი არაფერი შეგვიძლია.

- ოპოზიცია ხელისუფლების მოქმედებას არათანამიმდევრულად აფასებს. ერთი მხრივ, გვესმის განცხადებები, რომ პარლამენტში უმრავლესობა და ოპოზიცია თანხმდება რეზოლუციის შინაარსზე, რომელიც მკაცრი უნდა იყოს და სანქციების დაწესებასაც ითვალისწინებდეს, მეორე მხრივ კი ვრცელდება პრემიერის, შეიძლება ითქვას, მეტისმეტად ზომიერი წერილი...

- სიმართლე გითხრათ, ასეთი არაეფექტიანი ორგანო, როგორიც ჩვენი პარლამენტია, არც მინახავს. ორ კვირაზე მეტი გავიდა ამ ტრაგედიიდან და ვერაფრით მოახერხეს სამფურცლიანი წერილის დაწერა, რომლითაც მომხდარს დაგმობდნენ... ახლა ამ კვირისთვის გვპირდებიან ამ დოკუმენტის მიღებას...
რაც შეეხება სანქციებს, საქართველო არ არის აშშ, აქ რუსი ოლიგარქები ფულს არ ინახავენ, არც მათი შვილები სწავლობენ ჩვენს ქვეყანაში... მოკლედ, მათ ვერაფერს ავუკრძალავთ.
ვერ წარმომიდგენია იმ სანქციების ნუსხა, რომელიც შეიძლება საქართველომ რუსეთს დაუწესოს. მეც ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე, მაგრამ სახარბიელო ვერაფერი მოვიფიქრე, გარდა იმისა, რომ საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოიღოს სავიზო რეჟიმი.

მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი დაზარალდება, რადგან ბოლო წლების მაჩვენებლებით რუსი ტურისტების წილი ძAალიან გაიზარდა.
თუ ხელჩასაჭიდი და მტკივნეული სანქციების შემოღება და განხორციელება არ შეგიძლია, მგონი, ჯობს, ამაზე საერთოდ უარი თქვა.
ვფიქრობ, ტატუნაშვილის მკვლელობაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს განსახილველ საკითხად იქცევა. ეს იციან სეპარატისტებმაც და ოკუპანტებმაც, ამის ეშინიათ. მათ მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს ესეც მიემატება და გახდება რუსეთთან ურთულესი ურთიერთობის ნაწილი.

- გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდნენ ბრიუსელში. ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების განხილვის თემად იქცა საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტები და "ქართული კრიმინალი", ამასთან, გახმაურდა ინფორმაცია, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატი შეიქმნება...
- ჩემი აზრით, ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე განსახილველია. მე როგორც ვხვდები, ევროპელები დიდ შეშფოთებას მაინც "ქართული კრიმინალის" გამო გამოთქვამენ, არადა, ეს ხომ ახალი პრობლემა არ არის! პოსტსაბჭოთა სივრცეში ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის ქართველების წილი საკმაოდ დიდია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ისინი ევროპის ქვეყნებში მიმოიფანტნენ. გვახსოვს მასშტაბური სპეცოპერაციები ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში და ა.შ. ვიზალიბერალიზაციამდე კარგა ხნით ადრე. ვფიქრობ, ჩვენმა სამართალდამცავებმა ამ მიმართულებით მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ევროპულ ქვეყნებთან. სხვათა შორის,­ ეს საქართველოს ინიციატივაა. ალბათ, არ იქნებოდა ურიგო, უფრო ადრე გამოგვეჩინა ამ თანამშრომლობის სურვილი, რათა ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოფხვრილიყო. ინფორმაციისა და მონაცემთა ბაზების გაცვლა, საქართველოდან ევროპაში კრიმინალთა ტალღის შესამცირებლად კონკრეტულ კრიმინალურ საქმეებზე ერთობლივად მუშაობა უფრო აქტიურ პროცესად უნდა იქცეს და ვფიქრობ, ასეც იქნება.

რაც შეეხება გერმანიას, მიმაჩნია, რომ აქ სურათი, ცოტა არ იყოს, გაზვიადებულია. არ ვიცი, ვისი ან რისი მიზეზით, მაგრამ ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა აშკარად გადააჭარბეს.
დღეს საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით მართლაც ლიდერია. ჩვენი ქვეყანა შეუდარებლად წინ არის უკრაინასა თუ მოლდოვასთან შედარებით. ამ ქვეყნებიდან არანაკლებია ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი და მხოლოდ საქართველოს პრობლემას და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ.
ახლა რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ფორმატს... ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები მოწადინებული არიან, საქართველოსთან ურთიერთობა უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდეს. ამისკენ ისწრაფვის საქართველოც, ამიტომ ეს პროცესი, ჩემი აზრით, შეუქცევადია. რა თქმა უნდა, პრობლემები და პროცესის შეფერხების მცდელობა აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება, მაგრამ ეს მნიშვნელოვან ბარიერს ვერ შექმნის. ევროპელებსაც არ აძლევთ ხელს საქართველოსთვის პრობლემების შექმნა, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მათაც სჭირდებათ ჩვენი ქვეყანა...

- ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და შესაძლო კანდიდატებზე ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება. როგორც ირკვევა, მმართველ გუნდშიც დაიწყეს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა. გავრცელებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ქალი კანდიდატის დასახელება განუზრახავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კანდიდატები, შესაძლოა, თეა წულუკიანი და სალომე ზურაბიშვილი იყვნენ...
- რატომაც არა, იყოს ქალბატონი, მაგრამ მხოლოდ ამ ნიშნით კანდიდატის შერჩევა არასწორი მგონია. როგორც ჩანს, ისევ თავის "ოცნებისებურ" წარმოჩენასთან გვაქვს საქმე. ამის მაგალითი გვქონდა, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ თავდაცვის მინისტრად ქალი დანიშნა.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებები ძალიან შეზღუდულია, მომავალ პრეზიდენტს კვლავაც ექნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია.
ის უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის სახეს საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით კი იტვირთოს არბიტრის ფუნქცია, იყოს ქვეყნის ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და მარგველაშვილივით ოპოზიციაში არ ჩაუდგეს მმართველ ძალას.

თეა წულუკიანზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა. მე როცა წავალ არჩევნებზე, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ტიპის საპრეზიდენტო კანდიდატს ხმას არ მივცემ. თუ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური ჰარაკირი სურს, თამამად შეუძლია წულუკიანი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელოს. მაგრამ არა მგონია, "ქართულმა ოცნებამ" მისი კანდიდატურა წამოაყენოს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის არის ადამიანი-პარადოქსი. არც მისნაირ პრეზიდენტს ვისურვებდი.
ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის პრეზიდენტი ქართულად მაინც ხომ უნდა ლაპარაკობდეს გამართულად. ახსენეს თამარ ჩუგოშვილის გვარ-სახელიც, მაგრამ მას საპრეზიდენტოდ ასაკი არ უწყობს ხელს და არა მგონია, ამის გამო კონსტიტუცია შეცვალონ. ჩემი აზრით, ისინი, ვის შესახებაც კულუარებიდან ინფორმაციამ გამოჟონა, მხოლოდ ვითარების მოსასინჯად არიან დასახელებულნი, "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატად სრულიად სხვა ადამიანს შეარჩევს და ის, შესაძლოა, ქალი არც იყოს...
აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" შიგნით საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა ძალიან გაუჭირდებათ, ამიტომ არ გამოვრიცხავ, ის პარტიის გარედან შეარჩიონ და არა - პოლიტიკური წრიდან.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ ოპოზიციურ ფლანგზე. რამდენად შეძლებს ოპოზიცია ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებას და ექნება თუ არა სახელისუფლებო კანდიდატთან თანასწორი პაექრობის ყველაზე მეტი შანსი დამოუკიდებელ კანდიდატს?

- ჩემი აზრით, დამოუკიდებელ კანდიდატს, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს არა მხოლოდ თანასწორი პაექრობის, არამედ გამარჯვების შანსიც, მაგრამ გამარჯვებისთვის საჭიროა ფინანსები, 20 მილიონი მაინც! ძნელი წარმოსადგენია, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი მდიდარიც იყოს, ამიტომ მას მოუწევს შეთანხმება, გამარჯვების შემთხვევაში კი - გარკვეული ძალებისთვის ვალის დაბრუნება. ეს როგორ წაადგება ქვეყანას, უკვე აღარ ვიცი.
რაც შეეხება ერთი კანდიდატის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებას, ეს წარმოუდგენელია. ქართველები ამბიციური ხალხია, სხვას ყველას რომ თავი დავანებოთ, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოც" კი ვერ შეთანხმდებიან ერთ კანდიდატზე.

- ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" გამარჯვებისთვის ბრძოლა ისევ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით მოუწევს. ელით, რომ ყოფილი პრემიერი წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერთვება?

- ივანიშვილი პრაგმატული ადამიანია და თუ აუცილებელი იქნება, ვფიქრობ, გუნდის დასახმარებლად ისევ გამოჩნდება პოლიტიკურ პროცესებში...

- ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილიც ხშირად ლაპარაკობს საქართველოზე... არსებობს მოსაზრება, რომ მან, შესაძლოა, უკრაინაზე ხელი ჩაიქნიოს და ისევ ქართულ პოლიტიკაში სცადოს გააქტიურება...

- ამ ადამიანის გაჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რაც უფრო მოახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მისი განცხადებები გახშირდება, მაგრამ ასე დისტანციურად ის ქართულ პოლიტიკაზე გავლენას ვეღარ მოახდენს.
მიხეილ სააკაშვილი დღეს გახლავთ ადამიანი ეროვნების გარეშე - მოქალაქეობის არმქონე პირი. ის საქართველოსთვის უკვე წარსულია და მომავლად ვეღარ იქცევა...

- რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის მერის პოსტზე 100-დღიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ დედაქალაქში ღამის ეკონომიკის განვითარებას სერგი გვარჯალაძეს აბარებს...
- ამ ბოლო ინიციატივას ჩვენში მხიარულება მოჰყვა, თუმცა, მერწმუნეთ, კახა კალაძე ამ საკითხს სერიოზულად უყურებს. სხვა საქმეა, რა გამოვა აქედან. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა მიჭირს. ვიცნობ სერგი გვარჯალაძეს და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მის ადგილზე ასეთ შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი. წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი ქალაქში, რომელსაც მთელი მსოფლიო ღამის ქალაქად აღიქვამს. ეს პარიზია. იქ ნამდვილად არსებობს ღამის პარიზი, ქალაქის საცხოვრებელი რაიონებიდან მოშორებით. თუ ჩვენ ამ მიმართულებით გვინდა თბილისის განვითარება, მაშინ არ შეიძლება, ღამის შფოთი ქალაქის ყველა რაიონში იყოს.
იმის წარმოდგენაც მიჭირს, ეკონომიკურად რა მოგება შეიძლება მოიტანოს ამან. სახელმწიფოსთვის აკრძალულია სამეწარმეო საქმიანობა,
ვერანაირი კალაძე და გვარჯალაძე ვერ აიძულებს რომელიმე დაწესებულებას, მთელი ღამე იყოს ღია, თუ მას 12 საათზე სურს სამუშაოს დასრულება...
სიმართლე გითხრათ, მე მერის სხვა ინიციატივა უფრო მომწონს - რომ იმ დაწესებულებების მფლობელებს, რომლებზეც წარწერა ქართულად არ იქნება, ჯარიმას გადაახდევინებენ.
ამ 100 დღის ანგარიშმა კი გვაჩვენა ერთი - კახა კალაძე აქტიურად მუშაობს, რაღაც გამოსდის, რაღაც - არა... თუმცა, რამდენად პროფესიულია მისი გუნდი და იციან თუ არა ქალაქის მართვა, ჯერ ჩემთვის მთლად გასაგები არ არის. დაველოდოთ წლის ბოლოს და ვნახოთ, რა იქნება, რა პროექტები განხორციელდება და მერე უკეთ მოვახერხებთ შეფასებას.

ნათია დოლიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები