"ვისაც სურს "ოცნების" მორჩილი და სიმბოლური პრეზიდენტი, მე არ გამოვადგები!" - კვირის პალიტრა

"ვისაც სურს "ოცნების" მორჩილი და სიმბოლური პრეზიდენტი, მე არ გამოვადგები!"

საპრეზიდენტო კანდიდატის სამი ტიპი: "ოცნების ფარი"; "ოპოზიციის ხმალი" და "საქართველო ყველასია და მე ყველას სახელმწიფოს მეთაური ვარ"!

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ძალზე გაჭიანურდა. სწორედ ამ ფონზე ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთისადმი მიმართვა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის თაობაზე, თუმცა კონკრეტულად რა იგულისხმება "ერთობლივ ნაბიჯებში", ტექსტში არაფერია ნათქვამი. მმართველი გუნდი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მმართველის ნაბიჯად აფასებს, ოპოზიცია კი ეჭვობს, რომ მიმართვის მიღმა ფარული გარიგების კონტურები იკვეთება. გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსაცემად და რამდენად დროული იყო პრემიერ-მინისტრის მიმართვა, ამასთან, როგორ ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, "კვირის პალიტრა" პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, "შენების მოძრაობის" დამფუძნებელ დავით უსუფაშვილს ესაუბრა:

- პრემიერი ვალდებულია გაუმკლავდეს მძიმე მორალურ და პოლიტიკურ დილემებს, მაგრამ ვთვლი, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა საქართველოს უნდა მოეთხოვა და არა ეთხოვა. თავი არ უნდა ჩავიყენოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ცხედრის გადმოცემა რუსეთისგან მოწყალებად ან ჩადენილი დანაშაულების გადამფარავ კეთილშობილურ საქციელად ჩაითვლება. ეს არის ოკუპაციისა და დე ფაქტო ომის პირობებში მყოფი ქვეყნის რეალობა, სადაც უმძიმესი ადამიანური ტრაგედიებიც კი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრატეგიის კონტექსტშია დასანახი. საეჭვოა ამ კონკრეტულ კონტექსტში გლობალური სახელმწიფოთაშორისი საკითხების წამოწევაც. ისე არ გამოგვივიდეს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მოქალაქეებს გვტაცებდეს, გვიხოცავდეს, ცხედრების დაბრუნებით "კეთილ პოლიტიკურ ნებას" ავლენდეს და ჩვენგანაც საპასუხო კეთილშობილურ ქცევას ითხოვდეს.

- ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისთვის ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კიდევ რა რესურსი აქვს მმართველ ძალას?

- მკაცრი სახელმწიფოებრივი პოლიტიკაა საჭირო როგორც რუსეთთან, ისე ცხინვალსა და სოხუმთან. ის, რომ საქართველო გამორიცხავს პრობლემების იარაღით მოგვარებას, ნათელი პოზიციაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება საკმარისი ნაბიჯი იქნება იმაში დასარწმუნებლად, რომ რუსეთს კეთილი პოლიტიკური ნება ამოძრავებს...

- ხელისუფლების განცხადებით, არსებობს მხოლოდ ორი გზა - საომარი მოქმედებები ან საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკების გაგრძელება. არსებობს თუ არა მესამე ვარიანტი, რათა რუსეთისთვის, სულ ცოტა, იმ დონეზე ანგარიშგასაწევი ძალა ვიყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს წამებით არ ხოცავდნენ და ისევ ჩვენ არ გვიწევდეს ცხედრის გადმოცემის თხოვნა?

- შეიარაღებული გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა არც კი უნდა გავივლოთ თავში. ჩვენ გვჭირდება მოლაპარაკების ფორმატი, მაგრამ რუსეთთან ერთი ერთზე არასოდეს არ უნდა დავრჩეთ. ჩვენი მთავარი ძალაა დემოკრატიული სამყაროს თანადგომა, მაგრამ, თუ ვინმე ამბობს, რომ ამ დიდი ტრაგედიის ფონზე ყველაფერი უნდა გადავდოთ, და თუ ამ ნაბიჯს გადმოდგამს კრემლი, ქართველ ხალხს ვუთხრათ, რომ ჩვენი კეთილგონივრული წინადადება გაითვალისწინეს, სწორ შედეგამდე ვერ მივალთ. პირიქით, ტრაგედიების ჯაჭვში თუ ამ კონკრეტულ საკითხს დავუკავშირებთ რუსეთთან ერთად მომავალზე საუბრის მზაობას, წამგებიან შედეგამდე მივალთ.

- ოპოზიციის თქმით, ამ მიმართვის უკან შესაძლოა იმალება კონკრეტული გარიგება რუსეთთან. რამდენად უშვებთ აზრს, რომ მსგავსი რამ რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო?

- არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს განცხადება იმისთვის გაკეთდა, სრულიად სხვა ვითარებაში უპირატესობა მოიპოვოს რუსეთმა და დაგვაშანტაჟოს. ფაქტია, დღეს მმართველი გუნდი მძიმე მდგომარეობაშია და ეს გასაგებია, თუმცა, არ უნდა ვეხვეწებოდეთ რუსეთს, ჩვენს განცხადებებს უნდა ჰქონოდა მოთხოვნის კილო.

- უკვე ცნობილია, რომ მმართველ გუნდში დაიწყო კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატის თაობაზე. კულუარებში ასახელებენ სავარაუდო კანდიდატურებსაც - სალომე ზურაბიშვილსა და თეა წულუკიანს, ოპოზიცია კი საერთო კანდიდატურაზე შეთანხმების ალბათობას გამორიცხავს.

- დარწმუნებული ვარ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით პოლიტიკური ცხოვრების არსებული ვითარება აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ ცვლილება მოსალოდნელია სამიდან რომელიმე მიმართულებით: 1) რევოლუციური - "ოცნების" კრახი და რევანშისტული ან/და პრორუსული ძალების აღზევება; 2) სტაგნაციური - სახელმწიფო-ადმინისტრაციულ სისტემასთან ბოლომდე შეზრდილ-გაბიუროკრატებული "ოცნება", რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის; 3) ევოლუციური - კანონის ფარგლებში მოქმედი და ერთმანეთის დამბალანსებელი ძლიერი ინსტიტუტები; ძალაუფლების მონოპოლისტი კონგლომერატის რელსებიდან ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის რელსებზე გადასული "ოცნება", რომელიც ან სახელისუფლებო კოალიციაში ერთიანდება პროევროპულ ძალასთან, ან ოპოზიციაშია.

2018 წელს არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის განვითარების მიმართულებას. თუ იგი იქნება - "ვინ მოგვერევა მე და ბიძინას" სულისკვეთებიანი "ოცნების" სახელისუფლებო გუნდის წევრი, ანუ "ოცნების ფარი", მაშინ ქვეყანას უბიძგებს დამღუპველი სტაგნაციისკენ. თუ იქნება "ჯერ ბიძინა და "ოცნება" გავუშვათ და დანარჩენი გამოჩნდება" ფორმულით გაერთიანებული ჭრელი ოპოზიციური ლაშქრის ლიდერი, ანუ "ოპოზიციის ხმალი", მაშინ ის ქვეყანას მორიგი რევოლუციის უფსკრულისკენ წაიყვანს. თუ იგი იქნება "საქართველო ყველასია და მე ყველას სახელმწიფოს მეთაური ვარ" პლატფორმის მქონე ზეპარტიული და არა აპოლიტიკური ან არაპოლიტიკოსი პრეზიდენტი, მაშინ იგი უზრუნველყოფს განვითარებას და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დამყარებას.

მე მხარს ვუჭერ "საქართველო ყველასია" პრეზიდენტის ვარიანტს, რადგან სწორედ ასეთ მეთაურს ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუციური მოდელი; "ოცნების ფარი" პრეზიდენტიც და "ოპოზიციის ხმალი" პრეზიდენტიც არასწორ გზაზე დააყენებენ პროცესებს; სწორედ ამ ვარიანტის გარშემოა შესაძლებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია; სწორედ ამ პლატფორმას აქვს არჩევნებში გამარჯვების საუკეთესო შანსი. სახელმწიფოს მეთაური ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს და მან საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა დაიცვას. მთელი ქვეყანა რომ ერთმანეთს გადავეკიდოთ, პრეზიდენტი უნდა დარჩეს ერთიანობისა და თანხმობის მაძიებლად. პრეზიდენტმა სწორედ ამ გზით უნდა შეცვალოს სიძულვილზე დაფუძნებული პოლიტიკური ცხოვრება.

- კონსტიტუციური ცვლილებებით დასუსტებულ პრეზიდენტს რა ბერკეტები აქვს ამ ყველაფრის გასაკეთებლად?

- არასწორია იმაზე აპელირება, რომ მას აღარაფერი ეკითხება და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება იგი. პრეზიდენტის ხელში გავლენის მთავარი ინსტრუმენტი ავტორიტეტი უნდა იყოს, ამის მოსაპოვებლად საკმარისი არ არის ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა. აუცილებელია მოწინააღმდეგე ამომრჩეველთა დარწმუნებაც, რომ პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ მათთან ბრძოლას კი არ გააგრძელებს, კონსტიტუციისა და ზნეობის ფარგლებში ჩატეულ მათ ინტერესებსაც მოემსახურება. პრეზიდენტმა უნდა აცოცხლოს ეროვნული ღირსება და მომავლის იმედი.

მან უნდა ითანამშრომლოს თითოეულ მოქალაქესთან, როგორც სახელმწიფოს თანამფლობელთან... ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მიერ საკუთარი როლის სწორად გააზრებაც. მაგალითად, თუ ყოველდღიურ პერსონალურ-პარტიულ-პოლიტიკურ კინკლაობაშია ჩართული თუ ჩათრეული, მაშინ ის სუსტია; თუ ზოგადსახელმწიფოებრივ-კონსტიტუციურ-ზნეობრივი გადმოსახედიდან განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთვება პოლიტიკურ დებატებში, მაშინ მისი სიტყვა გავლენიანია, ხოლო როგორც პრეზიდენტი - ძლიერი.

- თქვენ თუ გეგმავთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას? ამბობენ, რომ კონსულტაციებს მართავთ ბიძინა ივანიშვილთან.

- ასეთ ჭორებს რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. ვისაც სურს "ოცნების" მორჩილი, პასიური და სიმბოლური პრეზიდენტი, მე არ გამოვადგები არც კანდიდატად და არც მხარდამჭერად; ვისაც სურს რევანშისტი და მორიგი რევოლუციის ბელადი პრეზიდენტი, მე არ გამოვადგები; ვისაც სურს პოპულისტი და სანახაობების გამმართავი პრეზიდენტი, არც მათ გამოვადგები; ვისაც სურს საზოგადოების გამაერთიანებელი, პოლიტიკური კომპრომისების მაძიებელი, პოზიტიური, ოპტიმისტი და სათანამშრომლო გარემოს დამამკვიდრებელი პრეზიდენტი, მეც შეიძლება გამოვადგე როგორც კანდიდატად, ისე მხარდამჭერად.