ქალთა რბოლა საპრეზიდენტო მარათონში?! - კვირის პალიტრა

ქალთა რბოლა საპრეზიდენტო მარათონში?!

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ამბიცია ჯერ კიდევ 2012 წლიდან აქვს. არა მგონია, მის კანდიდატურას გუნდში არსებულმა სხვადასხვა ჯგუფმა ერთსულოვნად დაუჭიროს მხარი, თუმცა, ბუნებრივია, საბოლოო სიტყვა ბიძინა ივანიშვილზე იქნება

საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონი ოფიციალურად დაიწყო - მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებს მართავენ და შესაძლოა უპირატესობა ქალს მიანიჭონ. ამასობაში ოპოზიცია შეთანხმებას ცდილობს, თუმცა, კონსულტაციების დაწყებამდე ვარაუდობენ, რომ საერთო კანდიდატზე შეთანხმების მცდელობა კრახით დასრულდება. სანამ პარტიები კანდიდატებზე შეთანხმდებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანდიდატების არჩევანი არც ისე მრავალფეროვანია - როგორც ამბობენ, "ქართულ ოცნებას" თეა წულუკიანსა და სალომე ზურაბიშვილს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება, თუმცა ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას ემხრობა.

როგორც კულუარებში ამბობენ, "ნაციონალურ მოძრაობაში" სანდრა რულოვსის კანდიდატურაზე მსჯელობენ. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, დიდი ალბათობით, საარჩევნო მარათონში გიორგი მარგველაშვილი და ასევე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩაერთვებიან. როგორც ამბობენ, ორივე ოპოზიციის ერთსულოვან მხარდაჭერას ელოდება. ვის რა შანსი აქვს გახდეს უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს, "კვირის პალიტრის" შეკითხვებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პასუხობს:

"თუ "ქართული ოცნება" დამარცხდა, მაშინ..."

- დარწმუნებული ვარ, წულუკიანის შესაძლო კანდიდატურაზე ინფორმაცია "ქართული ოცნებიდან" არა მისმა კეთილმოსურნეებმა, არამედ მოწინააღმდეგე ჯგუფმა გაავრცელა. ახლა მმართველ გუნდში კონსულტაციები იმ ეტაპზეა, როდესაც სხვადასხვა ჯგუფი ცდილობს ფავორიტების დასახელებასა და ლობირებას. წულუკიანზე საუბრის დაწყება ემსახურება იმას, რომ საზოგადოება შეეჩვიოს კანდიდატ ქალს და იუსტიციის მოქმედი მინისტრის ფონზე გამოჩნდეს სხვა ქალი, რომელიც წულუკიანთან შედარებით ბევრად სოლიდური გამოჩნდება ამომრჩევლის თვალში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მგონია, "ქართული ოცნება" იმდენად ვერ აანალიზებდეს ვითარებას, რომ ეგონოს, წულუკიანს ხალხი მხარს დაუჭერს - ადამიანს, რომლის წარმატებული გადაწყვეტილების გახსენება მის გულმხურვალე მხარდამჭერებსაც კი გაუჭირდებათ. სამაგიეროდ, მისი არაერთი ნეგატიური ნაბიჯი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ: კრახი სასამართლოში, კრახი საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ყოფილ მაღალჩინოსნებს ინტერპოლიდან ერთმანეთის მიყოლებით იღებდნენ ძებნილთა სიიდან და მეტიც, ევროპულ სასამართლოებს გამამართლებელი განაჩენი გამოჰქონდათ...

- თქვენი შეფასებით, თეა წულუკიანის ფონზე უკეთესი არჩევნის ილუზიის შესაქმნელად დასახელდა სალომე ზურაბიშვილი?

- ეს მარტივი პოლიტტექნოლოგიაა. ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ამბიცია ჯერ კიდევ 2012 წლიდან აქვს. არა მგონია, მის კანდიდატურას გუნდში არსებულმა სხვადასხვა ჯგუფმა ერთსულოვნად დაუჭიროს მხარი, თუმცა, ბუნებრივია, საბოლოო სიტყვა ბიძინა ივანიშვილზე იქნება.

- "ნაცმოძრაობაშიც" კანდიდატ ქალზე მსჯელობენ. სანდრა რულოვსის დასახელება ხომ არ გახდა "ქართულ ოცნებაში" კანდიდატ ქალზე მსჯელობის საფუძველი?

- რულოვსის საპირისპიროდ კონკურენტი ქალის დაყენება პოლიტტექნოლოგიურად წამგებიანი იქნება, აჯობებს, ისევ მამაკაც კანდიდატზე იფიქრონ. პოლიტტექნოლოგიურად მისი კანდიდატურა "ნაცმოძრაობისთვის" მომგებიანი იქნება, თუმცა შედეგს ვერ მიიღებენ, რადგან ეს პარტია ჩამოყალიბდა ჩაკეტილ სისტემად, რომელსაც ელექტორატის გაზრდის პოტენციალი დაკარგული აქვს.

- რულოვსის კანდიდატურის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება არარეალურია?

- როგორ წარმოგიდგენიათ "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გაერთიანება? დანარჩენი კი ერთკაციანი პარტიებია, რომელთა შეკრება შედეგს ვერასდროს მოგვცემს. არც "ნაცმოძრაობისა" და "პატრიოტთა ალიანსის", ან ნინო ბურჯანაძის გაერთიანებაა შესაძლებელი. კი, ოპოზიციის გაერთიანებაზე ლაპარაკი შეიძლება, თუმცა კონკრეტიკაზე საუბრისას გასაგები ხდება, რომ ეს შეუსრულებელი ამოცანაა.

- რა შანსი აქვს მოქმედ პრეზიდენტს, ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც მზადყოფნას, ფაქტობრივად, აფიქსირებს?

- ალბათ, მარგველაშვილი ეცდება ამ თამაშში მონაწილეობა მეორედ არ მიიღოს, რადგან პოლიტიკა არ არის მისი ძლიერი მხარე, მაგრამ პოლიტიკიდან გასვლა ყოველთვის რთულია - შესაძლოა ის რაღაც პირობებმა აიძულოს მეორედ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა.

- რა პირობებმა?..

- თუნდაც ხელისუფლების მუდმივმა ზეწოლამ - როდესაც გიტევენ, შენც გიჩნდება კონტრშეტევის სურვილი, მაგრამ მარგველაშვილმა პოლიტიკური პლატფორმის შექმნა დააგვიანა. მმართველი გუნდი ეცდება მის ირგვლივ მიწა ამოწვას, ჩამოაშოროს ისედაც მცირე ადამიანური რესურსი. საზოგადოებაც აუცილებლად ჰკითხავს, რა გააკეთა ხუთი წლის განმავლობაში და რატომ უნდა ვენდოთ მომავალში?

რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, მასზე უკეთეს კანდიდატურას ვერ ვხედავ, თუ ბიძინა ივანიშვილს არ ჩავთვლით - ამ ეტაპზე მისი გაპრეზიდენტება იქნებოდა ქვეყნის განვითარების ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმ სტაგნაციაში, რაშიც ახლა ვართ, მეტიც, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა თავად აიცილოს და ყველაფერი ივანიშვილს დააბრალოს, თუმცა მცირეა შანსი, მან ეს ნაბიჯი გადადგას... 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება 2020 წლის გენერალური რეპეტიცია. თუ მოხდა სასწაული და "ქართული ოცნება" დამარცხდა, რისი ალბათობაც მცირეა, 2020 წელს ხელისუფლებაში აუცილებლად ოპოზიცია მოვა.

"კანდიდატზე მოკლე დროში შევთანხმდებით"

არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: - "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს გაზაფხულზე დაასახელებს. საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე გუნდში უფრო გახშირდება კონსულტაციები და მოკლე დროში შევთანხმდებით კანდიდატზე.

"პოლიტიკაში მოსისხლე მტრებიც კი ერთიანდებიან"

გიგი წერეთელი, "ევროპული საქართველოს" წევრი: - მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ მოხერხდება ერთიან კანდიდატზე ოპოზიციის შეთანხმება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სახე მიეცემა კონსულტაციებს - შევთანხმდებით პირველივე ტურში საერთო კანდიდატზე, თუ შეთანხმებას მივაღწევთ მეორე ტურში გადასულ კანდიდატზე. ვფიქრობ, მეორე ვარიანტი უფრო რეალურია.

- არსებობს შანსი, შეთანხმებას მიაღწიოთ, მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობასთან"?

- პოლიტიკაში მოსისხლე მტრებიც კი სხდებიან საერთო მაგიდასთან.

"რულოვსის კანდიდატურაზე საუბარი სპეკულაციაა"

ზაზა ბიბილაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: - რულოვსის კანდიდატურაზე ახლა საუბარი სპეკულაციაა, ამ ეტაპზე მთავარია, ოპოზიცია შეთანხმდეს, ვიბრძვით თუ არა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ამისთვის კი უპირველესად აუცილებელია პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება ერთი კანდიდატის გარშემო.

- რამდენად რეალურია, მაგალითად, "ევროპულ საქართველოსთან" გაერთიანება?

- რეალურია გაერთიანება ყველასთან, ვისაც სურს ივანიშვილის მოშორება.

- ეს იქნება პირველ ტურამდე, თუ მეორე ტურში გადასვლის შემდეგ, რასაც უფრო რეალურად მიიჩნევს "ევროპული საქართველო"?

- დეტალებზე ჩაკირკიტებას არ დავიწყებ. უნდა შევძლოთ პირველ ტურამდე, და თუ ვინმე მიზეზს ეძებს, რომ თავიდან აიცილოს შეთანხმება, სხვა საკითხია.