გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება ევროპაში წამსვლელთა რიცხვს შეამცირებს? - კვირის პალიტრა

გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება ევროპაში წამსვლელთა რიცხვს შეამცირებს?

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრებაა მოსალოდნელი. ლაპარაკია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელსაც განსახილველად მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენენ და ითვალისწინებს ზოგიერთი ღონისძიების გატარებას, რათა არ შეფერხდეს უვიზო რეჟიმი.

რას შეცვლის გვარის შეცვლის პროცედურების გართულება, ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ზაალ სარაჯიშვილი ესაუბრა:

- ორ საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: პირველი - იზრდება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა და მეორე - დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფების არსებობა. შესაბამისად, გასააქტიურებელია შსს-სა და პოლიციის ატაშეების მუშაობა, მათ უფრო მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან. იმ პირებისთვის კი, რომელთაც სავიზო რეჟიმი არ დაურღვევიათ, არც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაუდენიათ, თავშესაფრის მოთხოვნისთანავე იწყება შიდასამართლებრივი პროცედურები - სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, ჩაატაროს საემიგრაციო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და თავშესაფარი მისცეს ან უარი უთხრას. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა თავშესაფრის მიღებას დასაქმების მიზნით ითხოვს. არსებობს სხვა მიზეზებიც - ჯანმრთელობის პრობლემა, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე დაქორწინება და ა.შ. ასეთ საკითხებზე სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მიდგომა აქვს.

- გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრებას როგორ შეაფასებთ?

- ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე ბიომეტრიული პასპორტებით შესულიყვნენ. ამ დოკუმენტში მოცემულია პირის შესახებ მონაცემები - ფოტოსურათი, პირადი ნომერი, სახელი, გვარი და თითის ანაბეჭდი. ყველაფერი რომ შეიცვალოს, პირადი ნომერი უცვლელია. შემდეგ მონაცემებს ციფრულ ბაზაში ამოწმებენ. ევროპის ზოგიერთი ქვეყანა არ იყო მზად, რომ საზღვარზე ბიომეტრიული პასპორტებით გაეტარებინა ჩვენი მოქალაქეები. ამიტომაც ასეთ ქვეყნებს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების უფრო გამართულად ამუშავება სჭირდება...

- გამოდის, გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება სულაც არ არის პრევენციული ზომა, რათა ევროკავშირის ქვეყნებში საზღვრის დამრღვევი პირები ან დამნაშავეები ხელმეორედ არ შევიდნენ.

- ევროკავშირის 28 ქვეყანას სხვადასხვაგვარი სამართალდამცავი სტრუქტურა აქვს. შესაძლოა ზოგიერთმა ქვეყანამ სთხოვა საქართველოს, რომ გვარის შეცვლის პროცედურები გაერთულებინა, რათა სამართალდამრღვევებთან ბრძოლა გაადვილებულიყო. თუმცა არ არის გამორიცხული, სავიზო რეჟიმის დამრღვევი ან კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირი სხვა ქვეყნის გამშვები პუნქტიდან შევიდეს იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოასახლეს. ამის მიზეზი კი შეიძლება ის გახდეს, რომ მესაზღვრემ ვერ მოიძიოს ქვეყნიდან ერთხელ უკვე გაძევებული პირის მონაცემები და ვერ მოახდინოს მისი იდენტიფიცირება.

ეკა ასათიანი