"გმირთა მემორიალის დადგმა ფსიქიატრების განსახილველი მოვლენაა" - კვირის პალიტრა

"გმირთა მემორიალის დადგმა ფსიქიატრების განსახილველი მოვლენაა"

"ოპერაში რომ იმღერო და სოლისტი იყო, ამისთვის დილიხორი არ კმარა"

"ამ სპექტაკლში სააკაშვილი თავისას თამაშობს, ბურჯანაძე და ნოღაიდელი კი - თავ-თავიანთს"

სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე 1956 წლის მარტის იმ მოვლენების მონაწილეა, რომელიც  "პიროვნების კულტის" გაუქმების წინააღმდეგ იყო მიმართული. როგორ აფასებს სტალინის მშობლიური ქალაქიდან მისი ძეგლის აღებას, რას ფიქრობს დღევანდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე ნოდარ ნათაძე, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ქართველი ერის მოღვაწეთა პანთეონში სტალინის გაჩერება არ შეიძლება. ის საქართველოს მტერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი XX საუკუნის ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა იყო, ქართველმა ხალხმა თავისი მეხსიერებიდან მისი ხსოვნა უნდა გამოაძევოს და დაგმოს.

სტალინმა თავისი სამშობლო იმდენად მოსპო, რომ მისგან ატენური ღვინის,  თონის პურისა და ქართული  ცეკვის გარდა არაფერი დატოვა მტრისა და მოყვრისათვის საყურადღებო. სტალინის სიკვდილისა და განსაკუთრებით, ბერიას დამხობის მერე რუსულმა მასამ გადაწყვიტა, ქართველებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნისათვის პასუხი უნდა მოეთხოვოთო.

პიროვნების კულტის გაუქმებისთვის დაწყებულმა კამპანიამ გზა მისცა ანტიქართულ ქმედებებს. რუსეთში მყოფი ქართველებისადმი მტრულმა გამოხდომებმა სისტემატური ხასიათი მიიღო.  სტალინისადმი ანტიპათია ანტიქართული განწყობილების ზრდას დაუკავშირდა, სწორედ ეს გავაპროტესტეთ 1956 წელს...

სტალინის ძეგლის აღებით სააკაშვილი ვიღაცას "წაეპადხალიმა", დემოკრატობა აჩვენა. ვიღაცასთან თავი მოიწონა, აქაოდა, საკუთარ ეროვნებას გადავახტიო.

სინამდვილეში სააკაშვილი საკუთარს კი არა, სხვის ეროვნებას გადაახტა. სტალინს ქართველი ერი უნდა გადაახტეს და არა სხვა ერის სააკაშვილი.

რამდენადაც ვიცი, წარმოშობით ოსია. გორის რაიონში არის სოფელი ველები, იქიდან არიან საკაშვილები, რომლებიც ერთ "ა"-ს უმატებენ გვარში.

- სტალინის ოსობაზეც ბევრი გვსმენია.

- სტალინი კი ატარებდა ჯუღაშვილის გვარს, მაგრამ სინამდვილეში ეგნატაშვილის შვილი იყო და ეს კარგად იცოდა. ძმები, რომლებიც  ეგნატაშვილის გვარს ატარებდნენ,  ერთი კრემლის კომენდანტად ჰყავდა და მეორე საქართველოში უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ, ფაქტობრივად, პირველ კაცად.

- ასეთი რა გაჭირვება უნდა  ჰქონდეს სააკაშვილს, რომ სტალინის ძეგლს მისდგომოდა, როდესაც არჩევნები მოიგო და უკვე უცხოეთშიც იღებენ?

- სააკაშვილი ძალიან დისკრედიტირებულია მსოფლიოში. მერე რა, რომ სარკოზი შეხვდა? ეს გადამწყვეტი არ არის. ის სააკაშვილს მედვედევთან საუბრის მოსამზადებლად შეხვდა.

- მაგრამ "მშვიდად ჩატარებული" არჩევნების შემდეგ სააკაშვილისადმი დამოკიდებულება შეიცვალა.

- დასავლეთში დარწმუნდნენ, ქართველი ერი იმდენად სულელია, სააკაშვილს ირჩევსო. დაინახეს, რომ სააკაშვილს კონკურენტები არ ჰყავს, ნულზეა დასული ჩვენი ეროვნული ცნობიერება და გონება. ამიტომაც ჩათვალეს, რაც ხართ, ისეთი პრეზიდენტი გეკუთვნითო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო მსოფლიოში სააკაშვილის პრესტიჟი აღდგა.

- დღეს ქართულ ოპოზიციაში გადაჯგუფების პერიოდია, საზოგადოების ნაწილი კი სახალხო კრებისათვის ემზადება.

- მთელი ეს მოძრაობა რუსული გეგმაა, რომელშიც სააკაშვილი მონაწილეობს. რუსეთის აგენტურა ქუჩაში სამოქალაქო ცემა-ტყეპის გამართვას ან ცემა-ტყეპის სიმულაციას აპირებს. სახალხო კრება კი იურიდიული და პოლიტიკური შეუსაბამობაა ისეთი ლამაზი  სახეების მონაწილეობით, როგორიც არიან  ჭაბუა ამირეჯიბი, ნონა გაფრინდაშვილი და სხვები. მათი როლი იგივეა, რაც შულავერის მთავრობამ შეასრულა 1921 წელს. მათ უნდათ რუსები ქართველების გამშველებლად მოიწვიონ, შედეგად კი რუსები საქართველოში გაშლილი დროშით შემოვლენ.

ნოღაიდელი და ბურჯანაძე გამიზნულად მონაწილეობენ რუსულ გეგმაში და სამწუხაროა, რომ მათ აჰყვნენ ძიძიგური და დავითაშვილი, რომელთაც, ვფიქრობ, ანგარება ამოძრავებთ და არა ქვეყნის საწინააღმდეგოდ ქმედების სურვილი. თრუსოს ხეობაში დიდი პროვოკაცია მზადდება.

ამას წინათ მოხევეებმა და სახალხო ფრონტმა განცხადება დავბეჭდეთ, სადაც გახსნილია რუსული სცენარი.

თრუსოს ხეობიდან რამდენიმე ოსური ოჯახი ახლა ვლადიკავკაზშია წასული, მალე დაბრუნდებიან რუსული მოქალაქეობით, ხეობაში რაღაცას ატეხენ და მათ დასახმარებლად რუსი ჯარს შემოიყვანს. რუსეთს მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის (პანკისის ხეობის ჩათვლით) დაკავება და იქიდან ჩეჩნების ზურგში მოქცევა უნდა. აი, ეს არის რუსული გეგმა.

- ძეგლების გადატანით ხელისუფლების გატაცებას რით ახსნით?

- ესენი ბოროტმოქმედები არიან, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბავშვიტვინები. ნორმალური კაცი გმირთა მოედანზე ასეთ სიმახინჯეს არ გააკეთებდა. ასეთი ძეგლის დადგმა არის სიმპტომი და  ფსიქიატრების განსახილველი  მოვლენა.  იგივე ითქმის ახალ ხიდზეც, რაც ბავშვური კომპლექსების გამოხატულებად მიმაჩნია.

ერთხელ ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციაში ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ ის ინტერიერით, არქიტექტურითა და იერით ტიპური სანაყინეა. მიშას ასეთი გემოვნებაა ჩემთვის სწორედ ფსიქიატრიული სიმპტომი.

სააკაშვილი და ხელისუფლება რუსეთის მარიონეტები არიან, მაგრამ საქართველოს მიზანმიმართული ნგრევისას დასავლეთის სახელით მოქმედებენ, რითაც დასავლეთის დისკრედიტაციას ახდენენ, სახელს უტეხენ, მაგრამ დასავლეთი არ მიუშვებს რუსებს იქამდე, რომ მისი სტრატეგიული ინტერესები დაზიანდეს. რუსებს შეაჩერებენ მაშინ, როცა საჭირო იქნება.

- ოპოზიციაც შევაფასოთ.

- ბურჯანაძე არჩევნებსა და რევოლუციას შორის საშუალო რგოლებს ვერ ხედავს. ცოფიანი ძაღლის გამო არავინ უკიდებს იმ უბანს ცეცხლს, სადაც ეს ძაღლი დარბის.

ოპოზიციას ქუჩაში ხალხი რომ გამოჰყავს, პატარა ბავშვივით "წადი, წადი" კი არ უნდა აძახებინოს, მოითხოვოს ვადამდე არჩევნები,  რეალური საარჩევნო კანონი და არჩევნები გაერომ ჩაატაროს.

ამაზე ვერავინ გვისაყვედურებს და საბაბს გამოგვიძებნის, რომ გვესროლოს. მეტსაც გეტყვით, 2007 წელს სააკაშვილმა რუსეთის დავალებით ისროლა მხუთავი და ცრემლმდენი გაზი, რადგან რამდენიმე თვეში  იმართებოდა ბუქარესტის სამიტი, სადაც ჩვენთვის მაპ-ის მოცემაზე უნდა ემსჯელათ. სწორედ 7 ნოემბრის მერე მიეცა გერმანიას სათქმელი, საქართველო კაციჭამიების ქვეყანაა, რომლის ხელისუფლებაც თავის მოქალაქეებს მხუთავი გაზით წამლავსო, მაშინ სააკაშვილმა რუსეთის დავალებით ჩაშალა მაპ-ი.

- თუკი ბურჯანაძეც და სააკაშვილიც რუსეთის დავალებით მოქმედებენ, რატომღა უპირისპირდებიან ასე მწვავედ ერთმანეთს?

- ამ სპექტაკლში სააკაშვილი თავისას თამაშობს, ბურჯანაძე და ნოღაიდელი კი - თავ-თავიანთს. მთავარი ისაა, რომ ამ სპექტაკლს რეჟისორი ჰყავს ერთი - რუსეთი. აგენტებს არავინ ეკითხება, რა უნდათ, ისინი მხოლოდ ბრძანების შემსრულებლები არიან.

- პატიოსანი ოპოზიცია არ გვყავს?

- რესპუბლიკელების აგენტობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეგენი 100%-იანი მოღალატეები არიან. საქართველოს ფულსა და გავლენაზე ყიდიან. სხვა ვინღა დარჩა? "ახლებიც" ნული არიან, ფულის გარდა არაფერი აქვთ. ან ალასანიას რა აქვს? სმენა აქვს, ხმა თუ არტისტული ნიჭი, სოლისტად რომ დგება. ოპერაში რომ იმღერო და სოლისტი იყო, ამისთვის დილიხორი არ კმარა.