"ჩვენს ციხეებში ადგილები ჩვენივე არამზადებისთვის გვჭირდება" - რა მოითხოვა გიორგი გახარიასგან შვედმა მინისტრმა? - კვირის პალიტრა

"ჩვენს ციხეებში ადგილები ჩვენივე არამზადებისთვის გვჭირდება" - რა მოითხოვა გიორგი გახარიასგან შვედმა მინისტრმა?

სტოკჰოლმში შვედეთის იუსტიციის მინისტრის მორგან იოჰანსონის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შეხვედრა გაიმართა.

როგორც შვედეთის რადიო «Sverige Radio» იუწყება, შვედი მინისტრი ცდილობდა დაერწმუნებინა ქართველი კოლეგა იმაში, რომ მან სამშობლოში უნდა წაიყვანოს შვედეთის საპყრობილეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავისუფლება სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის გამო აღუკვეთეს: "მათ ჩვენს ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მათი რეაბილიტაცია და უფლებების აღდგენა საქართველოშია შესაძლებელი და არა შვედეთში. თბილისს შეუძლია თავისი მოქალაქეების სამშობლოში დაიბრუნოს. ჩვენს ციხეებში ადგილები ჩვენივე არამზადებისთვის გვჭირდება".

შვედეთის რადიოს კორესპონდენტის, ივან გარსიას თქმით, პოლიციის მონაცემების თანახმად, შვედეთში მომხდარი ძარცვა-ქურდობის თითქმის ნახევარი უცხოელების მიერ ხორციელდება. საქართველო ერთ-ერთია იმ ოთხი ქვეყნიდან, საიდანაც შვედეთში "საგასტროლოდ" ყველაზე მეტი ორგანიზებული ბანდების წევრი ჩადის. ისინი ძირითადად იპარავენ გემების ძრავებს, ავტომობილის დეტალებს და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. გარდა ამისა, ძარცვავენ ხანშიშესულ შვედეთის მოქალაქეებს.

ევროკავშირის ფარგლებში უცხოელი მოქალაქეების მიმართ უკვე ხუთი ათასზე მეტი დანაშაულებრივი საქმის გამოძიება მიმდინარეობს. მათგან ბევრს დანაშაული შვედეთშიც აქვს ჩადენილი და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც.

როგორც მორგან იოჰანსონი ამბობს, "საერთაშორისო წესების თანახმად, საქართველო ვალდებულია შვედეთში მსჯავრდებული თავისი მოქალაქეები სამშობლოში დაიბრუნოს, მაგრამ ბოლო ათი წლის მანძილზე ასე არ ხდებოდა: თბილისი ჩიოდა, რომ პენიტენციალურ სისტემაში თავისუფალი ადგილი არ ჰქონდა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილია".

საქართველოსთან პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების - რუმინეთის, ლიტვის და პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შვედეთი ამ ქვეყნების დამნაშავეებს არაფერს სთავაზობს - არც ფულს და არც რაიმე კომპენსაციას.

მინისტრის თქმით, არსებობს იმის საფუძველი, რომ საქართველოს მთავრობა უნდა დაეთანხმოს შვედეთის მოთხოვნას პატიმრების ქართულ ციხეებში გადაყვანის თაობაზე: "მათ ვიზალიბერალიზება მიიღეს, უვიზო რეჟიმს კი გაფრთხილება სჭირდება. ვფიქრობ, საქართველოს ეს კარგად ესმის და ამისკენ ისწრაფვიან", - ამბობს მორგან იოჰანსონი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ