იან კელი: "საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა როდის, არ ვიცი" - კვირის პალიტრა

იან კელი: "საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა როდის, არ ვიცი"

"ჩვენ გეხმარებით იმაში, რომ შეაკავოთ აგრესია, მოხდება იარაღის, სისტემების მოწოდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნარის გაძლიერებას, რომ შეაკავოს აგრესია", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განაცხადა.

ელჩმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამართული ვიდეოკონფერენციისას უპასუხა ერთ-ერთი მოქალაქის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, თუ რა დრო დასჭირდება საქართველოს, რომ გახდეს ნატო-ს წევრი.

"მე საკმაოდ დიდი ცხოვრების ისტორია მაქვს, ორჯერ ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში. 1976 წელს, როცა საქართველოში პირველად ჩამოვედი, ვინმე თუ მკითხავდა რა დროს დასჭირდება საქართველოს, რომ გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანაო, დაეჭვებით შევხედავდი, რაზე მელაპარაკებითთქო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ შემდგომი 20 წლის შემდეგ საქართველო გახდა დამოუკიდებელი. მე გეტყვით უბრალოდ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ვერ გეტყვით როდის, არ ვიცი. მე ვიტყოდი, რომ აქ უმნიშვნელოვანესი მომენტი არის ის, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება და შეძლოს დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი. ასევე მოახერხოს საქართველოს კონტროლის გავრცელება კონფლიქტის რეგიონებზე, მოახდინოს მათი დაბრუნება და უზრუნველყოს, რომ არავინ არასოდეს მოიტანოს აგრესია ამ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ძალისხმევაში ვეხმარებით საქართველოს, გეხმარებით იმაში, რომ შეაკავოთ აგრესია. ასევე არსებობს უამრავი ტრენინგ-პროგრამები სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, ასევე მოხდება იარაღის, სისტემების მოწოდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნარის გაძლიერებას, რომ შეაკავოს აგრესია, თუმცა მაინც ბევრი არის დამოკიდებული თქვენზე. ეს მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ შექმნათ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა", - განაცხადა იან კელიმ.

"ინტერპრესნიუსი"