"ჩემზე ზეწოლას მინისტრის მოადგილე ახორციელებდა" - კვირის პალიტრა

"ჩემზე ზეწოლას მინისტრის მოადგილე ახორციელებდა"

გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, თამარ ბაგრატიას განცხადებით, მასზე ზეწოლას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ახორციელებდა.

როგორც თამარ ბაგრატიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნინო თანდილაშვილი მისგან მოითხოვდა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირი დაენიშნა. მისივე ინფორმაციით, თანდილაშვილი ზეწოლას როგორც ”ვაიბერში”, ისე სატელეფონო ზარებით ახორციელებდა და მისთვის სასურველი კადრის დანიშვნისთვის კონკრეტული ვადაც მისცა.

"გუშინ დავტოვე გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა ჩემი სურვილის საფუძველზე. ამ განცხადებას და ასეთი სურვილის გაჩენას წინ უძღოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესები. კერძოდ, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა ჩემზე ზეწოლას როგორც სატელეფონო საუბრებში, ასევე "ვაიბერში" მიმოწერით, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დამენიშნა კონკრეტული პირი. მე არ ვთვლიდი, რომ ის ადამიანი, რომელზეც მიმითითებდნენ ასე ცალსახად და დაჟინებულად იყო, ის კადრი, რომელიც გაართმევდა თავს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობებს და იქნებოდა ეფექტური თანამშრომელი. მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა იმ გამოწვევებს, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოს გააჩნია. გარემოს ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია ქვეყანაში ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგზე, პრევენციაზე და ა.შ. ულტიმატუმივით იყო, რომ მე 17:00 საათზე აუცილებლად უნდა მომეწერა ხელი ამ ადამიანის დანიშვნაზე. ეს ადამიანი დამიკავშირდა კიდეც, უკვე მოდიოდა სააგენტოში, რომ განცხადება დაეწერა. მე მას ვუთხარი, რომ დროებით გაჩერებულიყო, არ მოსულიყო, რადგან არ ვაპირებდი ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. მას შემდეგ, რაც დღე იწურებოდა და მეც კარგად გავაანალიზე სიტუაცია, ჩავთვალე, რომ უმჯობესი იყო მე დამეტოვებინა სააგენტოს უფროსის თანამდებობა. ჩემი აზრით, ასეთი ტიპის პირობებში, როდესაც მინისტრის მოადგილე ასეთი ტიპის ულტიმატუმებით საუბრობდა და ახდენდა ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ავარიდე საკითხის შემდგომ ესკალაციას თავი და გადავწყვიტე, რომ მე თვითონ დამეტოვებინა თანამდებობა. ეს ნაბიჯი არის ჩემი მხრიდან პროტესტი ასეთი ტიპის ფაქტზე. მე არ ვაპირებ სინდისთან კომპრომისებზე წასვლას და ჩემი გადაწყვეტილებები ვერ იქნება ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს", - განაცხადა ბაგრატიამ.

მისივე თქმით, მიმოწერის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ აპირებს. "მიმოწერის გასაჯაროებას არ ვაპირებ ამ ეტაპზე. როგორც ვიცი ქალბატონი ნინო უარყოფს ამ მიმოწერას. თუ საჭირო გახდება, ნამდვილად მზად ვარ გავასაჯაროო მიმოწერა, ხოლო თუ ხელმსაწვდომი იქნება სატელეფონო ზარები, დამერწმუნეთ, ეს ნამდვილად უფრო რთული მოსასმენი იქნება", - აღნიშნა ბაგრატიამ.

"ინტერპრესნიუსი"