"ჩინეთის გაძლიერება სახიფათო სიგნალია არა მხოლოდ იაპონიის, არამედ სრულიად აღმოსავლეთ ქვეყნებისა და აშშ-ისთვისაც კი" - კვირის პალიტრა

"ჩინეთის გაძლიერება სახიფათო სიგნალია არა მხოლოდ იაპონიის, არამედ სრულიად აღმოსავლეთ ქვეყნებისა და აშშ-ისთვისაც კი"

"გულწრფელად გეუბნებით - თქვენ უნდა იყოთ ამაყნი, რომ ქართველები ხართ და ამ საოცარ, მდიდარი კულტურის ქვეყანაში ცხოვრობთ. მთავარია, ეს გჯეროდეთ! სწორედ ასეთი კულტურული სახელმწიფოები იზიდავს მაგნიტივით იაპონელებს..."

"მართალია, ატომურმა ბომბმა და ომმა გაანადგურა ქალაქები, მაგრამ ადამიანური კაპიტალი დაგვრჩა. იაპონური ეკონომიკის მთავარი საყრდენი სწორედ ადამიანური კაპიტალია, ადამიანები, რომლებიც რთულ ვითარებაშიც კი დიდ თუ მცირე ორგანიზაციაში მომავლის რწმენით თავდაუზოგავად მუშაობდნენ..."

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის ეკონომიკურ განვითარებაზე ლაპარაკიც კი წარმოუდგენელი იყო. დაცემულ და გაკოტრებულ ქვეყანაში სრულად მოიშალა ინფრასტრუქტურა, ნანგრევებად იყო ქცეული ქალაქები. ჰიროსიმასა და ნაგასაკიში - ატომური ბომბი ჩამოვარდა. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარებისა, იაპონელებს არასოდეს დაუკარგავთ იმედი, რომ ოდესმე კაცობრიობისთვის ისევ ცივილიზაციის კერად იქცეოდნენ. მეორე მსოფლიო ომიდან ოციოდე წელში მთელი მსოფლიო გაოცებული ადევნებდა თვალს იაპონიის ეკონომიკის განვითარებას. 80-იანი წლების ბოლოს კი იაპონია ეკონომიკის განვითარების დონით მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩებოდა. კიდევ რამდენიმე ათეული წელი და, დღეს მსოფლიო შეთანხმდა, რომ იაპონია განვითარებულ მსოფლიოს რამდენიმე ათეული წლით უსწრებს როგორც ეკონომიკური, ისე ტექნოლოგიური განვითარების მაჩვენებლით. რა არის იაპონური ეკონომიკური სასწაულის მთავარი საიდუმლო, მით უფრო იმ ფონზე, რომ ქვეყანა დღემდე ცდილობს, დაიბრუნოს რუსეთის მიტაცებული კურილიის კუნძულები და როგორ წარმოუდგენია იაპონიის ხელისუფლებას საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება? "კვირის პალიტრა" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს იაპონიის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან, ტომოჰიკო ტანიგუჩისთან:

- ბატონო ტომოჰიკო, უპირველესად, ჩვენთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი პოზიცია ბოლო დღეების მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლულია საქართველოს მოქალაქე და აქამდე არ ვიცით, როდის დაგვიბრუნებენ მის ცხედარს. იაპონიას ათეული წლებია, რუსეთთან აქვს კონფლიქტი კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით. რას გვირჩევთ ასეთ ვითარებაში?

- იაპონია ყოველთვის პატივს სცემს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ უპირველესად, ამ პოზიციას გამოვხატავ საქართველოსთან დაკავშირებითაც. ასევე, გამოვეხმაურები იმ ტრაგედიას, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს მოქალაქეს და ამის გამო მწუხარებას გამოვთქვამ.

რაც შეეხება ჩვენს მაგალითს, ვფიქრობდით, რომ იაპონიასა და რუსეთს შორის ხიდი უნდა ყოფილიყო საერთაშორისო კანონმდებლობა, თუმცა, როდესაც 1945 წლის აგვისტოში რუსები შეიჭრნენ იაპონიის ტერიტორიაზე, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინზო აბე ყველა შესაძლებლობისას ხვდება ვლადიმირ პუტინს, რაც არა წარსულში გახედვაზე, არამედ მომავალზეა ორიენტირებული. აღიარებულია, რომ იაპონიას რუსეთის ტერიტორიის ნაწილში შეუძლია ცვლილებების განხორციელება ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ჯანდაცვასა და განათლებაში. ანუ, მივედით კონდიციამდე, როდესაც იაპონიასა და რუსეთს შორის, საგარეო ურთიერთობის გარდა, გაჩნდა ბიზნესშესაძლებლობები, თუმცა მართლაც არ არის ჩვეულებრივი ვითარება, შეინარჩუნო სიმშვიდე ქვეყნებს შორის, როცა არ არსებობს სამშვიდობო შეთანხმება.

- როგორ მოახერხეთ ეს ისეთ არასტაბილურ პარტნიორთან, როგორიც რუსეთია და რა გაძლევთ გარანტიას, რომ პუტინი, ინტენსიური შეხვედრების მიუხედავად, დაგთანხმდებათ მშვიდობის აქტის ხელმოწერაზე?

- იაპონიის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს პრინციპით - თუ არა დღეს, მაშ, როდის და თუ არა მე, მაშინ ვინ უნდა შეძლოს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა? ვფიქრობ, პრემიერს იმედი აქვს, რომ ერთ დღეს პუტინიც იტყვის: "თუ არა მე, მაშინ ვინ, თუ არა ახლა, მაშ, როდის?" აქეთ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, მოთმინებითა და იმედით. ჩვენ გვაქვს მთავარი - მოთმინება!

- იაპონიისგან განსხვავებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით გაფორმდა ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთს ერთ-ერთ მთავარ ვალდებულებად დაეკისრა, რომ შეიარაღებული ძალები 2008 წლის ომამდელ პოზიციებს დაჰბრუნებოდნენ, თუმცა მოსკოვი არა მხოლოდ ამ შეთანხმების, სხვა ვალდებულებების შესრულებაზეც უარს აცხადებს.

- ეს ხანმოკლე თამაში არ გახლავთ. იაპონიასა და რუსეთს შორის კონფლიქტი ათეული წლებია, გრძელდება, მაგრამ მთავარია, არ დავკარგოთ იმედი და მოთმინება, და ამ ორ იარაღთან ერთად, ბალანსი რეალობის აღსაქმელად. ვგულისხმობ, უპირველესად, საზოგადოების ჩართულობას - პოპულისტური ელემენტებით ხალხის ემოციების პროვოცირება აბსოლუტურად გაუმართლებელია.

უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან საზოგადოების ემოციების ხელოვნურად აფეთქება ყველაზე იოლი გზაა მტრისთვის, უფრო მეტს მიაღწიოს. თანაც, მოსახლეობის ემოციების მართვა გამარტივდა ტექნოლოგიურ საუკუნეში, როდესაც არსებობს ფეისბუქი, ტვიტერი, ინსტაგრამი თუ სხვა სოციალური ქსელები. მთავარია, ხელისუფლების ლიდერები საზოგადოებრივი ემოციების კარგი მმართველები იყვნენ. არ ვგულისხმობ არადემოკრატიულ მეთოდებს ან იმას, რომ ხელისუფლებამ უკარნახოს ემოცია მოსახლეობას. მთავარია, ლიდერს ემოციების რაციონალურ ქმედებად ქცევა შეეძლოს. ცივი გონებისა და მოთმინების გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ. იაპონიის გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ პრინციპი - "დღეს და ახლა", ყოველთვის მძიმე შედეგის მომტანია. რთულია იაპონიისა და რუსეთის ურთიერთობის გაანალიზებისას პესიმისტურად არ განეწყო. ისევ მოთმინებითა და იმედით ველით, რომ შედეგს მივაღწევთ, თუნდაც იმ საკითხში, როგორ შეუძლიათ იაპონიასა და რუსეთს, ერთობლივად განავითარონ ციმბირის დიდი ნაწილი. იაპონია მუდმივად განიცდის მეზობლების - ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის ზეწოლას. ამის გათვალისწინებითაც მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან...

საქართველომ მსოფლიოს ერთ ნაწილში არ უნდა იპოვოს საკუთარი თავი - ევროკავშირთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა, არსებობენ სხვა დიდი მოთამაშეებიც, მაგალითად, იაპონია, სადაც ჯანსაღი არეალი დაგხვდებათ თუნდაც ბიზნესპარტნიორობის თვალსაზრისით.

- რა მიმართულებებია დღეს საქართველოში იაპონიისთვის საინტერესო?

- საქართველოს აქვს პოტენციალი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის არის საინტერესო. მთავარია, ამის კომერციალიზაციას როგორ მოახერხებთ. არ არის საჭირო ექსპერიმენტები, აუცილებელია კარგად დაგეგმილი სტრატეგია და ეკონომიკური გამჭვირვალობა. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება ინფრასტრუქტურის საკითხებში, რაც ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. თუმცა, ჩვენ შორის ურთიერთობა უნდა გახდეს მთავარი ინდიკატორი შემდგომი თანამშრომლობისთვის.

იაპონელი ბიზნესმენების უპირატესობაა ისიც, რომ მათ გადაწყვეტილების მიღება სწრაფად შეუძლიათ. მთავარია კომუნიკაცია და ქართული მხარის მეტი მუშაობა.

როგორც ისრაელთან ვმუშაობთ ინტენსიურად და კარგ შედეგსაც მივაღწიეთ, ასევე უნდა ვიპოვოთ ურთიერთობის გზები საქართველომ და იაპონიამ. მანამდე კი ხალხმა უნდა გაიცნოს ერთმანეთი, იაპონელები განსაკუთრებულად აღვიქვამთ უძველეს ქვეყნებსა და კულტურებს. გულწრფელად გეუბნებით - თქვენ უნდა იყოთ ამაყნი, რომ ქართველები ხართ და ამ საოცარ, მდიდარი კულტურის ქვეყანაში ცხოვრობთ. მთავარია, ეს გჯეროდეთ! ასეთი კულტურული სახელმწიფოები იზიდავს მაგნიტივით იაპონელებს, ამიტომაც ვამბობ, რომ აუცილებელია, მაგალითად, ტურიზმის საკითხებში გააქტიურება. ვფიქრობთ, გავზარდოთ იმ სტუდენტების რაოდენობაც, რომლებიც საქართველოდან ჩვენთან ჩამოვლენ და პირიქით, იაპონიიდან საქართველოში ჩამოვიყვანოთ ახალგაზრდები. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც იაპონიის იმპერატორის თასი წელს სწორედ ქართველმა ლევან გორგაძე-ტოჩინოშინმა ჩაიბარა და ის იაპონელმა ხალხმა შეიყვარა, საქართველოს მიმართ ინტერსი გაიზარდა. ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ქართველი და იაპონელი ხალხის ურთიერთობაში. ეს მძლავრი გზაა ურთიერთობის დასამყარებლად.

- იაპონიისგან განსხვავებით, უკვე დამყარდა მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან. ის აზიაში სულ უფრო ძლიერდება როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურადაც. იაპონიისთვის სახიფათოა აზიაში ჩინეთის გაძლიერება?

- აზიაში ჩინეთის პოლიტიკური გაძლიერება მართლაც სახიფათო სიგნალია არა მხოლოდ იაპონიის, არამედ სრულიად აღმოსავლეთ ქვეყნებისა და აშშ-ისთვისაც კი. ისინი სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო ნორმებს, მათ შორის - ტერიტორიული თვალსაზრისითაც... ჩინელები ამბიციური ხალხია და მათი ეკონომიკური განვითარება თუ დანახარჯი ყველა მიმართულებით გაძლიერებას ისახავს მიზნად. იაპონელები ჩინელებს მუდმივად ვუმეორებთ, რომ პატივი უნდა სცენ საერთაშორისო კანონებსა და ნორმებს, რაც უმნიშვნელოვანესია და ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხების მოგვარებასა თუ თანამოაზრე ქვეყნების გაერთიანებას. საფრთხე მართლაც არსებობს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ იაპონიასა და ჩინეთს შორის დაძაბული ვითარებაა და ჩვენ ამ საკითხს მხოლოდ შავ-თეთრ ფერებად აღვიქვამთ. არსებობს იაპონიისა და ჩინეთის ურთიერთობის მეორე მხარე - ეკონომიკა და ბიზნესი. მთავარია, გამოვიყენოთ ჩინური ტექნოლოგიური თუ სამომხმარებლო ბაზრის ზრდის უპირატესობა, ოღონდ ისე, რომ ყველას უფლებები დაცული იყოს. სამწუხაროდ, ეს ხშირად ვერ ხერხდება, რადგან პრობლემაა ჩინეთის მიერ ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა. ამის მსხვერპლი გამხდარა არაერთი იაპონური კომპანია.

- დაბოლოს... 1945 წელს დანგრეული იყო იაპონიიის ეკონომიკა, ქალაქები, ატომურ აფეთქებას ემსხვერპლა უამრავი ადამიანი... ამ ფონზე რა არის იაპონიის საოცარი წარმატების მთავარი ფორმულა?

- საქართველოს მსგავსად, იაპონიაც არ არის წიაღისეულით მდიდარი სახელმწიფო. 60-იან წლებში გვქონდა მხოლოდ ქვანახშირი და ისიც ამოგვეწურა. სწორედ ამ დროს ჩვენთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის მიმართულებით ნავთობპროდუქტების ტრანზიტს ჩვენი პარტნიორი აშშ აკონტროლებდა. მეორე ფაქტორი, რამაც ჩვენი სწრაფი განვითარება განაპირობა, ადამიანური რესურსია.

მართალია, ატომურმა ბომბმა და ომმა გაანადგურა ქალაქები, მაგრამ ადამიანური კაპიტალი დაგვრჩა. იაპონური ეკონომიკის მთავარი საყრდენი სწორედ ადამიანური კაპიტალია, ადამიანები, რომლებიც რთულ ვითარებაშიც კი დიდ თუ მცირე ორგანიზაციაში მომავლის რწმენით თავდაუზოგავად მუშაობდნენ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მომავლის რწმენისა და კეთილდღეობის გარანტია ყველა პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი პირობაა და სწორედ ეს არის იაპონიის ეკონომიკის განვითარების ძლიერი ბერკეტი. ამჟამინდელი ეკონომიკური პოლიტიკაც ახალგაზრდებისთვის იმედის ჩანერგვას ისახავს მიზნად. თუ ახალგაზრდებს იმედი და მაღალი თვითშეფასება არ ექნებათ, ვერ შევქმნით სტაბილურ საზოგადოებას და ვერ მივაღწევთ მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. მთავარი ფორმულა, ალბათ, ეს გახლავთ.

მტკიცედ მწამს, რომ ქართველებიც და მსოფლიოს ამ ნაწილში მცხოვრები ყველა სხვა ერიც მშრომელია, ოღონდ განვითარების გარკვეულ ეტაპამდე მისვლას დრო სჭირდება და სწორედ ეს უნდა იყოს თაობების მთავარი ამოცანა.

რუსუდან შელია