ზურაბ აბაშიძე: "შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს"
ზურაბ აბაშიძე: "შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს"
"ის, რომ პრემიერი მზადაა პირადად ჩაერთოს ჟენევის ფორმატის გაძლიერების პროცესში, მან ადრეც განაცხადა, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯების გადასადგმელად, რუსეთმა კი სამდღიანი დაგვიანებით პასუხი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის საშუალებით გაავრცელა და კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს, როგორც მხარემ, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი სახელმწიფოების რანგში ესაუბროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. რა მოლოდინი ჰქონდა ქართულ მხარეს მიმართვის გავრცელებამდე და რუსეთის ცინიკური
პასუხის შემდეგ, რა სტრატეგია აქვს ქვეყანას, "კვირის პალიტრის" კითხვებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პასუხობს:

- მიმართვაში საუბარია ჟენევის ფორმატის გაძლიერებაზე, ჟენევის ფორმატში მონაწილეობს როგორც საქართველო, ასევე, აშშ და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. იყო თუ არა ეს მიმართვა შეთანხმებული საერთაშორისო პარტნიორებთან, თუ ჯერ
პრემიერის ინიციატივა გახმაურდა და შემდეგ მიაწოდეს ინიციატივა ჟენევის ფორმატში მონაწილე მხარეებს?

- ის, რომ პრემიერი მზადაა პირადად ჩაერთოს ჟენევის ფორმატის გაძლიერების პროცესში, მან ადრეც განაცხადა, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან. ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. აშშ-ის ელჩმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ დაუჭირა მხარი პრემიერის სურვილს, უფრო შედეგზე ორიენტირებული გახდეს ჟენევის ფორმატი. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს ევროპის ქვეყნების ელჩებმაც. სამწუხაროდ, პრემიერის მიმართვის ეს ნაწილი დაბალი კვალიფიკაციის გამო თუ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, სწორად ვერ ამოიკითხა ჩვენი ოპოზიციის ერთმა ნაწილმა. არც დასავლელი პარტნიორების კომენტარები შეიმჩნიეს.

- რა შეცვალა მიმართვამ? ფაქტია, რომ პრემიერს უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტმა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთისთვის საქართველოს ინიციატივები აღარ წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს?

- პრემიერის მიმართვის მიზანი გახლდათ იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ცხინვალში დატრიალებულმა ტრაგედიამ წარმოშვა. ამისათვის ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენეთ. დღეისათვის შედეგი ის არის, რომ ჩვენი ორი მოქალაქე ოჯახებს დაუბრუნდა, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა კი, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
თავისი განცხადებით რუსეთი ცდილობს დისტანცირება მოახდინოს ამ ტრაგიკული ფაქტისგან, თუმცა პასუხისმგებლობას თავიდან ვერანაირად ვერ აიცილებს.

- რუსეთის პასუხის შემდეგ, რა გზა რჩება საქართველოს? როდის გადაწყდება პრემიერის შესაძლო მონაწილეობა ჟენევის ფორმატში და ასევე, გაქვთ მოლოდინი, რომ ამ შეთავაზებას დათანხმდება რუსეთის პრემიერ-მინისტრი მაინც?

- რუსეთის პასუხის შემდეგ ქართულ მხარეს იგივე გზა რჩება, რაც მანამდე ჰქონდა:
უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება ჩვენი პოზიციების გასამყარებლად.
რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში ახალი არაფერი თქმულა. ჩვენ ადრეც ვცდილობდით და ახლაც შევეცდებით გამოსავლის გამონახვას იმ ჩიხიდან, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა, საამისოდ კი მთავარი ფორმატი ჟენევის დისკუსიებია. პრემიერი მხოლოდ მის გაძლიერებაზე საუბრობს, ამ ეტაპზე კი ჩვენი პრემიერის ჟენევაში ჩასვლა და მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ დგას დღის წესრიგში...

პრემიერმა ისაუბრა აფხაზებსა და ოსებ­თან დიალოგზე, ოპონენტებმა კი ამაში­ რატომღაც ამოიკითხეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ირიბად აღიარების სურვილი. მინდა ვკითხო ოპონენტებს, მაშ, რატომ განაცხადა ნატოს გენერალურმა­ მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომ მიესალმება"საქართველოს სურვილს, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების მოსაგვარებლად? დააკვირდით, როგორ ცდილობენ ჩვენი ოპონენტები და მათი პარტიული მედია,"ჩაფარცხონ" საქართველოს მთავრობისა და საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ეს მნიშვნელოვანი განცხადება, ვითომ სულ არ ყოფილა.

- აფხაზებსა და ოსებთან სახალხო დიპლომატია ისედაც გააქტიურებულია, შერიგებისა და თანასწორობის სამინისტრო ამაზე წლებია მუშაობს. რას გულისხმობს მაშინ პრემიერის მოწოდება აფხაზებსა და ოსებთან დიალოგის გაძლიერებაზე?

- გულისხმობს იმას, რაც წერია. არაფერი მალული ან შენიღბული ამ მიმართვაში, ან ჩვენს პოლიტიკაში არ არის. რაც შეეხება აფხაზებსა და ოსებთან სახალხო დიპლომატიას, მას ამ პროცესში თავისი ადგილი და ფუნქცია აქვს, ხოლო სახელმწიფო სტრატეგია კიდევ არაერთ სხვა მიმართულებას გულისხმობს. აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არის.
ჩვენი დასავლელი პარტნიორების პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველომ ეს რთული დიალოგი არ უნდა შეწყვიტოს. კვლავ დავესესხები ბატონ იან კელის, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას 15 მარტს დაადასტურა ვაშინგტონის ცნობილი პოზიცია, რომ რუსეთთან საქართველოს დიალოგი აუცილებელია.

- თქვენ, როგორც დიპლომატი, რომელსაც გაქვთ რუსეთში ელჩად მუშაობის გამოცდილება, რაში ხედავთ გამოსავალს?

- გამოსავლის პირველი ნაბიჯი ის არის, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად აიღო. პრემიერის ზემოხსენებულ მიმართვაში ნათლად არის ნათქვამი, რომ თუკი რუსეთს აქვს ურთიერთობის მოწესრიგების სურვილი, უპირველესად ეს ჟენევის ფორმატში უნდა გამოჩნდეს.

- მზად არის თბილისი რუსეთთან ურთიერთობის "ნორმალიზებისთვის"?

- პროგნოზის გაკეთება დღევანდელ რთულ სამყაროში უმადური რამ არის. ბევრი რამ არის დამოკიდებული საერთაშორისო ვითარებაზე, რაც ხშირად შეშფოთებას იწვევს. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალური მონდომებით, პრაგმატულობითა და წინდახედულობით ვაკეთოთ საქვეყნო­ საქმე. შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები