"დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს" - კვირის პალიტრა

"დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს"

"მე ვერ ვიტყვი ევროპარლამენტის ან ევროკავშირის სახელით, ქართველებო, 2020 წელს ევროკავშირის წევრები გახდებით-მეთქი, მაგრამ ეს რეალური მიზანია მომავალი

10-15 წლისთვის"

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. ჯერ კიდევ პრობლემაა ორგანიზებული დანაშაულისა და თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის ზრდა. გერმანიის შს მინისტრის შეშფოთება არ დამცხრალიყო, როდესაც შვედეთის შს მინისტრმა განაცხადა, ჩვენი ციხეები ჩვენი არამზადებისთვის გვჭირდებაო. გვემუქრება თუ არა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება და რა წვლილი შეაქვს ამ ყველაფერში პოლიტიკურ ინტერესებს, "კვირის პალიტრა" ევროპარლამენტის მომხსენებელს, ლატვიელ ევროპარლამენტარ ანდრეის მამიკინსს ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლიდან მალე ერთი წელი შესრულდება. როგორ შეაფასებთ ამ წელს?

- ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო როგორც ქართველებისთვის, ასევე ევროპარლამენტის, ევროკავშირისა და ზოგადად, ევროპელებისთვის. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ასიოდე ქართველს უთხრეს ევროკავშირში შესვლაზე უარი. ვფიქრობ, უვიზო რეჟიმმა გაამართლა, იმიტომ, რომ ქართველებსა და ევროპელებს შორის არსებობს როგორც კულტურული სიახლოვე, ასევე ეკონომიკური კავშირები. უამრავმა ქართველმა მოიარა ევროპული ქვეყნები, მათ შორის, ჩემი ქვეყანა, ლატვია. ასე რომ, უვიზო რეჟიმი კარგად მუშაობს.

- გვესმის განცხადებები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა. რამდენიმე ქვეყანა უკმაყოფილოა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდით. შვედეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები მეორე ადგილზე არიან სირიელების შემდეგ.

- ის რამდენიმე ქვეყანა გერმანია, შვედეთი და საფრანგეთია, რომელთა უკმაყოფილება ქართველებით ძველი ისტორიაა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროკავშირის საბჭოში ვიზალიბერალიზაციის საკითხს განვიხილავდით, საფრანგეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია ასეთი იყო - ევროკავშირში უამრავი ქართული კრიმინალური დაჯგუფებაა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ტყუილია და შემიძლია გითხრათ, რატომ:

პირველ რიგში, ისინი ძველ სტატისტიკას იყენებენ და მეორე, ამ სტატისტიკას ქართული გვარების მიხედვით თვლიან. ანუ ძალიან დიდი ნაწილი იმ პირებისა, რომლებსაც ქართული გვარი აქვთ და ფრანგები ქართველ კრიმინალებად თვლიან, რუსეთის მოქალაქეები არიან. უვიზო რეჟიმი ჩვენ საქართველოს მოქალაქეებთან შემოვიღეთ და არა რუსეთის მოქალაქეებთან. ამას დაუმატეთ გვარის შეცვლის პრაქტიკა და მიხვდებით, რამდენად "გაბუქებულია" ისტორია ევროკავშირში ქართული კრიმინალური ბანდების თარეშის შესახებ. იგივე ხდება შვედეთშიც. ამ საკითხის აქტუალურობა თვითონ შვედეთში მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიებით არის განპირობებული.

- ანუ გადაჭარბებულია ლაპარაკი შეჩერების მექანიზმის გამოყენებაზე?

- რა თქმა უნდა, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

- გვაქვს თუ არა რამე მექანიზმი, რომ გავარკვიოთ, ვინ დგას ამ ე.წ. ქართული კრიმინალის მიღმა ევროპაში...

- დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს. ყველაფერი სპეკულაციაა და იმ მიმდინარე პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი, რომელსაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მინისტრი ან ევროკომისიის წარმომადგენელი მიმართავს ხოლმე.

- რატომ?

- საინტერესო შეკითხვაა და სიმართლე გითხრათ, ცალსახა პასუხი არა მაქვს.

ის, რომ საფრანგეთის შს მინისტრმა მცდარი განცხადება გააკეთა შარშან, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ევროკომისიაში დღემდე ძველ სტატისტიკებზე, სტერეოტიპებსა და საგაზეთო მასალებზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნებს. ვიმეორებ, ევროკავშირში ქართული კრიმინალური ბანდები არ თარეშობენ.

- საქართველოს მთავრობამ დაიწყო კამპანია - ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთხოვენ, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარონ.

- უდავოდ, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. ჩემი ქვეყნის, ლატვიის მაგალითს მოვიყვან - ოცამდე თავშესაფრის მაძიებელი გვყავს საქართველოდან, მაგრამ მათი უმრავლესობა ოკუპირებული ტერიტორიებიდანაა. ამ ხალხმა დაკარგა სახლი, ლტოლვილები არიან. ამიტომ ვაძლევთ თავშესაფარს. ცდილობენ, ლატვიელი საზოგადოების ნაწილი გახდნენ, ჩემი ქვეყანა კი მათ ეხმარება.

- რა იქნება შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის?

- გვაქვს ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმა, რომელიც ყოველი სამი წლის განმავლობაში განახლდება. ნოემბერში ევროპარლამენტში განვიხილავთ ანგარიშს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ. მომზადება მე მევალება.

დაგასწრებთ პასუხს კითხვაზე, როდის გახდება თქვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი და გეტყვით, რომ ინტეგრაცია ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება. ჩვენ ვიცით ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის პოზიცია - სანამ მისი ვადა არ ამოიწურება, გაფართოება არ იქნება. 2019 წელს ახალი კომისია გვეყოლება და ვიცით, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული პერსპექტივა რეალურია.

- შემდეგი რიგში ჩვენ ვიქნებით?

- მე ვერ ვიტყვი ევროპარლამენტის ან ევროკავშირის სახელით, ქართველებო, 2020 წელს ევროკავშირის წევრები გახდებით-მეთქი, მაგრამ ეს რეალური მიზანია მომავალი 10-15 წლისთვის. ჩემი მიზანი და ოცნებაა საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისითაც ევროკავშირის ოფიციალურ შემადგენელ ნაწილად იქცეს.

ვაჟა თავბერიძე

ინტერვიუ მომზადდა ორგანიზაცია

"ევროპული ალიანსი საქართველოსთვის"

პროექტის "გზავნილი ბრიუსელიდან" ფარგლებში