"ცივი ომი" დაწყებულია" - კვირის პალიტრა

"ცივი ომი" დაწყებულია"

"ევროპამ მეტისმეტი სიფრთხილითა და იგნორირებით წაახალისა რუსეთი, რომ გამხდარიყო საერთაშორისო ხულიგანი"

დიდი ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ურთიერთობას წყვეტს, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს და რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს - ინგლისის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ ევროკავშირი და აშშ. დიდმა ბრიტანეთმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღო. ტერეზა მეის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა გამოიყენა ისეთი იარაღი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში არ გამოყენებულა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთზე საუბრისას საქართველოც ახსენეს და აღნიშნეს, რომ ის რუსეთის მსხვერპლია. იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ძლიერი ქვეყნები საჯაროდ გმობენ რუსეთის ქმედებებს და მოიხსენიებენ საქართველოსაც, ჩნდება თუ არა ქვეყნისთვის მეტი შანსი, საერთაშორისო ასპარეზზე წინ წამოსწიოს ოკუპაციის საკითხი და საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეების მკვლელობა? - "კვირის პალიტრის" კითხვებს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე პასუხობს:

- სერგეი სკრიპალის მკვლელობა არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა "ცივი ომის" სტილში იმოქმედა. 2006 წელს ყოფილი რუსი აგენტის ლონდონში პოლონიუმით მკვლელობის უკანაც რუსეთი იდგა. მაშინ ბრიტანეთმა ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატი გააძევა. როდესაც ლაპარაკია რუსი დიპლომატების გაძევებაზე, ბუნებრივია, რუს ჯაშუშებს ვგულისხმობთ. ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო ნაბიჯები როგორც მეზობელი სახელმწიფოების, ასე ევროპისკენ მიმართული. კერძოდ, 2008 წლის ომი, უკრაინა და სირიის მოვლენები, ასევე, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის გავლენა, რაზეც, სამწუხაროდ, ევროპამ სუსტი რეაქცია გამოავლინა. სრულიად თავხედური და აგრესიული აქტი გახლდათ ბრიტანეთში სამხედრო ქიმიური იარაღის გამოყენება.

როგორც ჩანს, ბრიტანეთში, და საზოგადოდ, დასავლეთში, ნელ-ნელა მივიდნენ დასკვნამდე, რომ ე.წ. დაყვავების პოლიტიკასა და კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილს რუსეთთან უკუშედეგებამდე მივყავართ, პირიქით, რუსეთი კიდევ უფრო აგრესიული ხდება.

- ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება და, ფაქტობრივად, ევროპის ერთსულოვნება სკრიპალის საქმეში რუსეთის მონაწილეობაზე, შეგვიძლია თუ არა შევაფასოთ როგორც დასავლეთსა და კრემლს შორის გამწვავებული დაპირისპირება, თუ მოსალოდნელია მხოლოდ განცხადებები და ევროპის დათმობითი პოლიტიკა?

- კრემლის პოლიტიკის მიზანია რუს საზოგადოებას მუდმივად ჰქონდეს დასავლეთთან კონფლიქტის განცდა, ილუზია, რომ ევროპა რუსეთსა და მის"სიწმინდეებს ებრძვის, რისგანაც მათ პუტინის ძლიერი ხელი იცავს.

თუ ბრიტანეთისა და დასავლეთის პასუხები მხოლოდ დიპლომატიური დემარშით შემოიფარგლება, ევროპის პასუხი რუსეთის აგრესიაზე მხოლოდ ჩემპიონატის ბოიკოტი იქნება, პუტინს ეს სცენარი კიდევ მეტ კომფორტს შეუქმნის, გამძაფრდება რუსეთში კონფლიქტის ილუზია და რუსებს დარჩებათ შთაბეჭდილება, რომ პუტინს დასავლეთი ისევ ვერაფერს აკლებს.

სანამ რუსების გონება დასავლეთთან არარსებულ კონფლიქტზე იქნება ორიენტირებული, პუტინის რეჟიმი სტაბილურობას შეინარჩუნებს. ასეთ ვითარებაში რუსი მოსახლეობისთვის მეორეხარისხოვანი თემა ხდება უმძიმესი სოციალური პრობლემები, სიდუხჭირე. არადა, რუსეთი თავისი ბუნებრივი რესურსებით მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა უნდა იყოს, პუტინი და მისი გუნდი ქვეყანას წლების განმავლობაში ძარცვავენ, ბიუჯეტიდან მოპარულ ფულს ისევ რუსეთში კი არ აბრუნებენ რეინვესტირებისთვის, ბრიტანულ და დასავლურ ბანკებში მიაცუნცულებენ. ამიტომ

აუცილებელია ეს ვითარება დასავლეთმა, პირველ რიგში კი, ბრიტანეთმა გამოიყენოს, ეკონომიკური ბერკეტი აამოქმედოს პუტინის უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ, რაც უპირველესად პუტინზე დარტყმა იქნება - ბრიტანეთს შეფარებული ოლიგარქები სინამდვილეში სწორედ პუტინის ბანკირები არიან.

- უკვე გაცხადდა, რომ ბრიტანეთი ფინანსურ სანქციებსაც გამოიყენებს. როგორი იქნება პუტინის რეაქცია ეკონომიკურ სანქციებზე და რამდენად რეალურია მსოფლიოში ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგზე საუბარი?

- "ცივი ომი" დაწყებულია, რომელიც 2008 წლიდან ცალმხრივად მიმდინარეობს, და მისი ინიციატორი, რა თქმა უნდა, პუტინია. მაშინ ევროპის სანქციები ძალიან სუსტი იყო. დასავლეთს გულწრფელად სურდა, რომ რუსეთი პირველი "ცივი ომის" დასრულების შემდეგ პარტნიორი გამხდარიყო.

კომუნისტური რეჟიმის დანგრევის შემდეგ რუსეთი თავადაც გაიძახოდა, ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვხდებიო, იდეოლოგიური დაპირისპირებაც თითქოს შეწყდა და გაჩნდა სურვილი პარტნიორობისა, თუმცა საბოლოოდ მივიღეთ ნოსტალგია საბჭოთა კავშირზე, პუტინი თავისი რეჟიმით და რუსული დემოკრატია ჩაფლავდა.

გასაგებია დასავლეთის კეთილი სურვილები, მაგრამ მას უნდა ამოეცნო ნიშნები, დემოკრატიის ნაცვლად რა ტიპის მმართველობა ყალიბდებოდა რუსეთში - ჯერ კიდევ 2005 წელს გააცხადა პუტინმა საკუთარი გეგმები და 2008 წელს მისი აშკარად შესრულება დაიწყო სწორედ ახალი "ცივი ომის" სტილში. ევროპამ მეტისმეტი სიფრთხილითა და იგნორირებით წაახალისა რუსეთი, რომ გამხდარიყო საერთაშორისო ხულიგანი. თუმცა ახლა ჩნდება შანსი, რომ ევროპამ ადეკვატურად იმოქმედოს. უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.

- როგორ უნდა გამოიყენოს ეს ვითარება საქართველოს ხელისუფლებამ?

- ქვეყნის ოკუპაციის საკითხი მსოფლიოს დღის წესრიგში უნდა დაბრუნდეს. მიმდინარე მოვლენების ფონზე პრემიერის განცხადებები, რომ რუსეთთან მოლაპარაკების ახალი არხები უნდა გაიხსნას და, ფაქტობრივად, დე ფაქტო რეჟიმებთან დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება, სულ მცირე, უდროო და დამაზიანებელია. ახლა დასავლეთთან აქტიურად მუშაობაა აუცილებელი, რათა კიდევ უფრო მწვავედ გაესვას ხაზი რუსეთის აგრესიას საქართველოში. ეს პროცესი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც რუსეთმა საქართველოში შიდა არეულობას მაქსიმალურად შეუწყო ხელი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად ეხმარებოდა სეპარატისტულ ჯგუფებს. მაშინ ხომ არც იყო ლაპარაკი ნატოზე, ევროინტეგრაციაზე საუბარი საქართველოში მხოლოდ 2000-იან წლებში დაიწყო. ამიტომ მცდარია მოსაზრება, თითქოს რუსეთი ნატოსკენ სწრაფვის გამო გვიპირისპირდება. რუსეთს პრობლემა აქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეასთან, რადიკალური თუ

ე.წ. პრაგმატული ხელისუფლების პირობებშიც რუსეთის მთავარი ამოცანაა საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურება ყველა შესაძლო გზით.

მაშინ, როდესაც დათმობების გზაზე მივდიოდით რაღაცის მოლოდინში, ყოველთვის ნეგატიურად გვიბრუნდებოდა, მაგალითად, რუსებისთვის კონფლიქტში შუამავლის სტატუსის, რუსების საოკუპაციო ჯარებისთვის სამშვიდობო სტატუსის მინიჭება, დსთ-ში შესვლა იმ იმედით, რომ რუსეთი აფხაზეთს დაგვიბრუნებდა... ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ კრემლმა შევარდნაძის დროს საქართველოში თავდაცვის, უშიშროებისა და სხვა საკვანძო თანამდებობებზე თავისი ხალხი დაგვინიშნა. 2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობით დაიწყო ქვეყნის მართვა, მაგრამ მივიღეთ ემბარგო და ბოლოს ომი.

თუ "ქართული ოცნება" წინა ხელისუფლებების გამოცდილებას არ გაითვალისწინებს, საკუთარი გამოცდილება მაინც გაითვალისწინოს. ექვსი წელი გავიდა ხელისუფლების ცვლილებიდან, ეს საკმარისი დროა იმის გასაანალიზებლად, რომ ე.წ. დათმობის პოლიტიკა ეფექტიანი კი არა, დამანგრეველია საქართველოსთვის. რუსეთი დემონსტრაციულად დაგვცინის და უკვე მერამდენე კვირაა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს არ გვიბრუნებს. ამის შემდეგ რატომ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ რამეს დაგვითმობს?! საქართველომ ახლა უნდა გამოიყენოს ისტორიული შანსი, დასავლეთის ერთსულოვნება, რომ აღდგეს ქვეყნის სუვერენიტეტი.

რუსუდან შელია