"იუსტიციის სამინისტრო კანონს უხეშად არღვევს!" - კვირის პალიტრა

"იუსტიციის სამინისტრო კანონს უხეშად არღვევს!"

"ბოლო სამი წელია, იუსტიციის სამინისტრო და მას დაქვემდებარებული ქვესტრუქტურები დახურულ სივრცედ იქცა"

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების მიხედვით, ყველა საჯარო სტრუქტურა ვალდებულია, ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, პასუხი გასცეს დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადისა. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ითვლება კანონის დარღვევად. უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს, კანონის აღსრულება პრიორიტეტს არ წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროსთვის, უწყებისთვის, რომელიც ფორმალურად ქვეყანაში სამართლებრივი წესრიგის ერთ-ერთი მთავარი გარანტია.

იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაციის მიღების პრობლემა აქვთ როგორც მედიასაშუალებებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაგალითად, "ბიზნესპრესნიუსმა" 15-16 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სერვისების განვითარების სააგენტოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა. გავიდა ერთი თვე, თუმცა იუსტიციის სამინისტროსგან პასუხი მიუღია.

ეს სამინისტრო რომ დახურულ სტრუქტურად იქცა, სამოქალაქო სექტორი ამაზე დიდი ხანია ლაპარაკობს. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო სამი წელია იუსტიციის სამინისტროსა და მას დაქვემდებარებული სსიპ-ებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება გართულდა.

"კვირის პალიტრას" IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი ესაუბრა:

- ბოლო სამი წელია იუსტიციის სამინისტრო და მას დაქვემდებარებული ქვესტრუქტურები დახურულ სივრცედ იქცა. არადა, ლაპარაკია საჯარო, სახელმწიფო უწყებაზე, რომელსაც უნდა ჰქონდეს ანგარიშვალდებულების მინიმალური შეგრძნება, და თუ ეს პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები არა აქვს, კანონის მოთხოვნებს მაინც უნდა ემორჩილებოდეს. ჩვენი ყოველწლიური კვლევები მოწმობს, რომ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოების წინაშე არც პასუხისმგებლობისა და არც ანგარიშვალდებულების განცდა არა აქვს და კანონის აღსრულებაზეც უარს ამბობს, უფრო ზუსტად, უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას!

2016 წელს იუსტიციის სამინისტრო ყველაზე დახურულ საჯარო უწყებად დავასახელეთ, მასთან ერთად ყველაზე დახურულ სისტემად დასახელდა სამინისტროს თერთმეტივე ქვესტრუქტურა, რადგან ყველა საჯარო მოთხოვნა იგნორირებული იყო - ფაქტობრივად, ვერც ერთ ინფორმაციაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

- როდესაც საჯარო უწყება უარს ამბობს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის შესრულებაზე, რა სამართლებრივი გზა რჩება საჯარო ინფორმაციის მისაღებად და აუცილებელია თუ არა, დადგეს კონკრეტული მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი?

- როდესაც სამი წელი საჯარო ინფორმაციას ვერ იღებ, ერთადერთი გზა სასამართლოა. IDFI-მ შეიტანა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი, გვქონდა სამართლებრივი დავები გაუმჭვირვალე სისტემასთან და სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. დავის მოგების შემდეგ იუსტიციის სამინისტრო იძულებული შეიქნა, გაეცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილება დაგვიანებით აღასრულა. კერძოდ, 2017 წლის თებერვალში გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი 8 დეკემბრისთვის გამოგზავნეს. ისიც იცით, რატომ? მოგეხსენებათ, ყოველწლიურად საჯარო უწყებები ვალდებული არიან, ანგარიში წარუდგინონ პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს ასახული სტატისტიკაც, როგორ გასცემდნენ ისინი საჯარო ინფორმაციას წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, სამინისტრომ იფიქრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და უპასუხო წერილები არ იქნებოდა მათთვის მომგებიანი, მით უმეტეს, რომ გაუმჭვირვალე სისტემასთან არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა პრეტენზია, ამიტომაც გამოგვიგზავნეს პასუხი ანგარიშის გადაგზავნამდე ორი დღით ადრე. დასანანია, რომ

ლაპარაკია უწყებაზე, რომელიც არა მხოლოდ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით უნდა გამოირჩეოდეს, კანონის უზენაესობის, სამართლებრივი პროცედურების დაცვის მაგალითსა და გარანტს უნდა წარმოადგენდეს.

რუსუდან შელია