პუტინის მეოთხე ვადით პრეზიდენტობა "ცივი ომის" ახალი საფრთხის ფონზე - კვირის პალიტრა

პუტინის მეოთხე ვადით პრეზიდენტობა "ცივი ომის" ახალი საფრთხის ფონზე

"დღეს დასავლეთში აშკარად ფიქრობენ, რომ რუსეთზე ზეწოლა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის პედალირებით გაცილებით მომგებიანი შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ უკრაინაზე ლაპარაკი"

როგორც მოსალოდნელი იყო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. ეს მოხდა დიდ ბრიტანეთთან სკანდალის ფონზე.

რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის პატარა ქალაქ სოლსბერიში გონებადაკარგული იპოვეს. იმთავითვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მათ მოწამვლაში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია. მალევე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა რუსეთი საჯაროდ დაადანაშაულეს და კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების გატარება დაიწყეს. ორ ქვეყანას შორის დაწყებული დიპლომატიური ომი სულ უფრო მასშტაბური ხდება, მასში ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებიც ჩაერთვნენ, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე ლაპარაკობენ აშშ-ისა და საფრანგეთის ლიდერებიც.

მიმდინარე პროცესებში ექსპერტთა ნაწილი ახალი "ცივი ომის" დასაწყისის ნიშნებსაც ხედავს და ეს ყველაფერი მოხდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მართლაც მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი და ყოვლისმომცველი კონფლიქტის გაჩაღება? - ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს:

"ერთი შეხედვით, სკრიპალების მოწამვლის უმთავრეს ავტორად სწორედ რუსეთი ჩანს, მაგრამ ლოგიკურად თუ გავაანალიზებთ პროცესებს, თითქოს ამ ეტაპზე კრემლს ეს სკანდალი სულაც არ სჭირდებოდა. ამიტომაც თავდაპირველად არ გამოვრიცხავდი იმის შესაძლებლობას, რომ ვიღაც სხვას ემოქმედა რუსეთის ხელწერით, თუმცა დიდი ბრიტანეთის განცხადებები ისეთი ხისტია, ძნელად წარმოსადგენია, ფაქტების გარეშე ასე ელაპარაკათ და ემოქმედათ.

თუ ამას მივაბამთ წინა მკვლელობების, ბერეზოვსკის, ლიტვინენკოსა და ა.შ., ამბებს, აშკარაა, რომ რუსეთი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქამდეც იშორებდა არასასურველ ხალხს, რაზეც ბრიტანეთი მძაფრად რეაგირებდა, მაგრამ რაც ახლა ხდება, ამას მძაფრი რეაგირება აღარ ჰქვია.

ლაპარაკია ორ ქვეყანას შორის, ფაქტობრივად, ყველანაირი ურთიერთობების გაწყვეტაზე, რაც, ბუნებრივია, გვაფიქრებინებს, რომ ამან მსოფლიო ახალი "ცივი ომის" ფაზაში შეიძლება შეიყვანოს, თანაც ფატალური დასასრულით.

ქალიშვილის საბედისწერო სტუმრობა მამასთან - "ჯაშუშური საქმის" ახალი დეტალები

ბრიტანეთის პრემიერ ტერეზა მეის პოზიცია უკიდურესად აგრესიულია, აშკარაა, ის ცდილობს დაემსგავსოს მარგარეტ ტეთჩერს და ამისთვის არგუმენტებიც აქვს და ლოგიკაც.

ეს პროცესი რუსეთისთვის ძალიან მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულდეს, იმიტომ, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია თავისი მოკავშირეების კონსოლიდირება და კრემლთან ერთიანი ფრონტით დაპირისპირება. ნატოს წევრმა ქვეყნებმა ერთმნიშვნელოვნად გამოხატეს მხარდაჭერა, გვესმის ახალი სანქციების თაობაზე განცხადებები, მასშტაბური დიპლომატიური კონფლიქტი უკვე არსებობს, რასაც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯები მოჰყვება, რაც რუსეთისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება.

დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი გააძევა თავისი ტერიტორიიდან. ასეთი რამ გასული საუკუნის 70-იან წლებშიც მოხდა, მაგრამ დღეს ვითარება თვისებრივად განსხვავებულია.

ბრიტანელებს, ამერიკელებთან ერთად, აქვთ რუსეთზე ზეწოლის სხვა ძალიან ქმედითი ბერკეტებიც, რომელთა გამოყენებაც შეუზღუდავად შეუძლიათ. მაგალითად, რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების მნიშვნელოვნად შეზღუდვა და ა.შ.

ამ ფონზე გააქტიურდა შუა აზიიდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების თემაც, რომელმაც საქართველოზე უნდა გაიაროს.

საინტერესოა, რომ დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის დაპირისპირების კონტექსტში არაერთხელ ახსენეს საქართველო და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ეს ახსენა ტერეზა მეიმაც, რაც ძალიან კარგია, მაგრამ აქვე უნდა გულისტკივილით ითქვას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ზოგჯერ საერთაშორისო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ცინიზმით იქცევიან, როცა სჭირდებათ, საქართველოს ახსენებენ, როცა არა, არა.

მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ვითარება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და მეტად შევახსენოთ მსოფლიოს ჩვენი პრობლემები. ყველა დონეზე, ყველა ფორუმზე უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. ამ პროცესს ბევრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამ შეიძლება მიებას. ახლა გვმართებს ძალიან სწორი დიპლომატიის გატარება და გონივრული მოქმედება.

დღეს დასავლეთში აშკარად ფიქრობენ, რომ რუსეთზე ზეწოლა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის პედალირებით გაცილებით მომგებიანი შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ უკრაინაზე ლაპარაკი".

...

"მალე გამოჩნდება, აპირებს თუ არა რამის მნიშვნელოვნად შეცვლას პუტინი. ამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მთავრობის დაკომპლექტება იქნება. ეს უპირველესად გამოჩნდება, საგარეო საქმეთა მინისტრს შეცვლის თუ არა.

სხვათა შორის, ტრამპმა რაღაც თვალსაზრისით ცვლილებებისთვის შანსი მისცა რუსეთს. ვგულისხმობ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის გადაყენებასა და მაიკ პომპეოს მოსვლას. სწორედ ამაზე მიანიშნებდა მისი პირველი განცხადება, რომლის შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: რუსეთი ჩვენი მეტოქეა, ჩინეთი კი მტერიო. ვფიქრობ, რუსეთში ეს გზავნილი გაიგეს, თუმცა რამდენად გაიაზრეს, ვერ გეტყვით. ერთიცაა - ბრიტანეთ-რუსეთის კრიზისის ფონზე ამას როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს, საკითხავია.

ვფიქრობ, პუტინი გამარჯვების შემდეგ შეეცდება დაარეგულიროს როგორმე ეს სკანდალი და გაიზიაროს კიდეც ტრამპის გზავნილი.

თუ მოხერხდა და კრემლი აშშ-თან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ჩადგა, არ არის გამორიცხული, საქართველოსთან ურთიერთობაშიც მიდგომა ოდნავ უკეთესობისკენ შეცვალოს.

ბარემ აქვე ვიტყვი - ზოგიერთ საქმეში ჩაუხედავს ჰგონია, რომ პრემიერის წერილი რუსეთის ხელისუფლებისადმი ცარიელ ადგილზე გაკეთდა. ეს დაუკავშირდა ტატუნაშვილის ტრაგედიას და ბევრმა მიიჩნია, რომ აქედან გამომდინარე ლაპარაკობდა კვირიკაშვილი, მაგრამ, ვფიქრობ, ასე არ არის. ჩემი აზრით, ამას ებმის კულუარული დიპლომატია, მით უფრო, რომ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ მხარი დაუჭირა პრემიერის პოზიციას და განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. სიტყვასიტყვით ასე თქვა: "საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული დიალოგი რუსეთთან".

ჩემი აზრით, ცვლილებები იგეგმება და ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა საქართველოს მთავრობამ, შეიძლება ამის წინა პირობა გახდეს. სხვათა შორის, ჩვენი მთავრობის აქტიურობა - ვიზიტები ბაქოსა და ერევანში ამ პროცესის ნაწილი მგონია".

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია

ნათია დოლიძე