რატომ შეწყვიტა საქართველომ თურქეთიდან კარტოფილის იმპორტი? - კვირის პალიტრა

რატომ შეწყვიტა საქართველომ თურქეთიდან კარტოფილის იმპორტი?

"თბილისმა ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაუქმოს"

თურქულმა გამოცემამ «Cumhuriyet» გამოქვეყნა სტატია, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის დადგენილებას თურქეთიდან კარტოფილის იმპორტის შეწყვეტის თაობაზე. მასში ასახულია აგრეთვე თურქული მხარის ნეგატიური პოზიციაც.

როგორც პუბლიკაციაში ნათქვამი, საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის დადგენილებას (15 მარტი, №598), რომლის თანახმად, დროებით, პირველ ივნისამდე შეწყდება კარტოფილის იმპორტი თურქეთიდან. ამის გამო ქალაქ ხოფაში თურქული კარტოფილით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები გაჩერებულნი არიან.

იმპორტის აკრძალვის მიზანი კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა.

როგორც ხოფის ვაჭრობისა და მრეწველობის პალატის პრეზიდენტმა ოსმან აკირეკმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის დადგენილება, კეთილმეზობლობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დადებით შეფასებას არ იმსახურებს. მისი თქმით, "ოფიციალურმა თბილისმა აღნიშნული გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააუქმოს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ