კავკასიაში შეიძლება ახალი ომი დაიწყოს - შმულევიჩის შემაშფოთებელ-პანიკური პროგნოზი
"აზერბაიჯანი შეუტევს ყარაბაღს, მოსკოვი თბილისს "სამშვიდობო კონტინგენტის" გატარებას მოსთხოვს და თბილისი უარს იტყვის, რუსეთი საქართველოს მთელი ტერიტორიის რბილ ოკუპირებას მოახდენს"
უკრაინულ პოპულარულ გამოცემა «Обозреватель»-ში გამოქვეყნდა ცნობილი ებრაელი პოლიტოლოგისა და რელიგიური მოღვაწის აბრამ შმულევიჩის სტატია, რომელშიც გაანალიზებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა. ავტორი სიტუაციის განვითარების გარკვეულ პროგნოზსაც აკეთებს.
"აზერბაიჯანში 12-17 მარტს ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდა 25 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, 250 ტანკი, 1000-მდე საარტილერიო-სარაკეტო დანადგარი, 50-მდე თვითმფრინავი.
იმავდროულად, მსხვილი სამხედრო სწავლებები დაიწყო ჩრდილო კავკასიაში, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში. მანევრები მიმდინარეობს პოლიგონებზე, რომლებიც განლაგებულია ასტრახანის, ვოლგოგრადის, დონის როსტოვის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, ადიღეში, დაღესტანში, ინგუშეთში, ჩრდილოეთ ოსეთში... აგრეთვე რუსეთის სამხედრო ბაზების დილოკაციის ადგილებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
აზერბაიჯანისა და რუსეთის არმიების სინქრონული მოქმედება იმას მოწმობს, რომ ეს სამხედრო სწავლებები ჩვეულებრივი, გეგმიური არ არის. ვარიანტები სხვადასხვა შეიძლება არსებობდეს. შესაძლოა სწავლება მხოლოდ სწავლებად დარჩეს, მაგრამ არ შეიძლება სხვა სამხედრო სცენარის გამორიცხვაც. ვთქვათ, ასეთის:
აზერბაიჯანის შეუტევს ყარაბაღს. საბრძოლო მოქმედებები დაიწყება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მთლიან პერიმეტრზე. რუსეთი მოითხოვს ომის შეწყვეტას და რუსული სამშვიდობო ძალების მთიან ყარაბაღში შეყვანას. მოსკოვი თბილისს მოსთხოვს სასწრაფოდ გაატაროს თავის ტერიტორიაზე "რუსული სამშვიდობო კონტინგენტი". უარის შემთხვევაში იწყება "ოპერაცია ტრანზიტის იძულების მიზნით". საქართველო გინდაც დათანხმდეს ან სულაც რომ არ დათანხმდეს, შედეგი მაინც ერთია - ქვეყნის მთელი ტერიტორიის რბილი ოკუპაცია. რაც შეეხება აზერბაიჯანს: ბაქო მიიღებს იმ ტერიტორიებს, რომლებსაც შეტევის დასაწყისში დაიკავებს. თუ დაკავებული მიწები არასაკმარისი აღმოჩნდება, მაშინ "რუსი მშვიდობისმყოფლები" სომხებს გაყრიან და "გათავისუფლებულ ტერიტორიას" აზერბაიჯანს გადასცემენ.
რა თქმა უნდა, ამ პროგნოზს ალარმისტული (შემაშფოთებელ-პანიკური) ხასიათი აქვს, მაგრამ რუსეთის მოქმედების გამოცდილება გვასწავლის, რომ აბსოლუტურად ყველაფერია მოსალოდნელი: ყველაზე უკიდურესი პროგნოზიც კი შეიძლება ახდეს", - აღნიშნულია პუბლიკაციაში. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ