საქართველო- ბელორუსის ფრთხილი მეგობრობა - არის თუ არა ლუკაშენკოს თბილისში ვიზიტი რუსეთის გამოწვევა? - კვირის პალიტრა

საქართველო- ბელორუსის ფრთხილი მეგობრობა - არის თუ არა ლუკაშენკოს თბილისში ვიზიტი რუსეთის გამოწვევა?

ბელარუსის ექსპერტთა საზოგადოებამ გამოცემა «Наше мнение»-ში გამოაქვეყნა ანალიტიკური დასკვნა ბელარუს-საქართველოს ურთიერთობის თაობაზე, კერძოდ, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით. მასში მოცემულია ორი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთის მიმართ, ეკონომიკური დაახლოების მიზეზები და პროგნოზები პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხში.

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

"საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ორდღიანი ვიზიტის (22-23 მარტი) პროგრამის თანახმად, იგი თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს უნდა შეხვდეს და მოელაპარაკოს.

თბილისისა და მოსკოვის, რბილად რომ ვთქვათ, რთული ურთიერთობის გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა შევაფასოთ კრემლის გამოწვევად ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისური ვიზიტი? მით უმეტეს, რუსეთში ახლახან გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფონზე?

ასეთი მაღალი დონის ვიზიტები, როგორც წესი, დიდი ხნის განმავლობაში მზადდება, ამიტომ მისი პირდაპირი დაკავშირება რუსეთში ორიოდე დღის წინ ჩატარებულ არჩევნებთან მაინცდამაინც გამართლებული არ იქნება, მით უმეტეს, რომ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბელარუს-საქართველოს მოლაპარაკების მიზანია მიმდინარე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მდგომარეობისა და პერსპექტივის განხილვა.

საჭიროა ავღნიშნოთ, რომ ბოლო წლებში ბელარუს-საქართველოს ურთიერთობაში ნამდვილად კარგი ტენდენციები ჩანს. მაგალითად, გასულ წელს საქონელთბრუნვა 26,5%-ით გაიზარდა და 93,5 მილიონ დოლარს მიაღწია, თანაც ბელარუსს საქართველოსთან ვაჭრობაში 54-მილიონიანი დადებითი სალდო აქვს. შედარებისათვის: ჩვენს ახლო პარტნიორთან იმავე რეგიონში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და "ოდკბ"-ის წევრს სომხეთთან იგივე მაჩვენებლებმა, შესაბამისად, 42,7 და 26,3 მილიონი დოლარი შეადგინა.

გავიხსენოთ, რომ 2007 წელს, საქართველოს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ივანე მერაბიშვილთან შეხვედრისას ალექსანდრე ლუკაშენკომ სურვილი გამოთქვა ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 100 მილიონ დოლარამდე გაზრდილიყო. შეიძლება ითქვას, რომ იმდროინდელი მიზანი მიღწეულია. რასაკვირველია, მის რეალიზებას დრო დაჭირდა, ვაჭრობის ტემპები ნელა იზრდებოდა, მაგრამ ამგვარი პროგრესი სხვა მიმართულებით მაინც არ შეიმჩნევა.

თუმცა არსებობს ეჭვი, რომ წარმატება, გარკვეული დონით, არა იდენად ბელარუსის ეკონომიკის განვითარების შედეგია, რამდენადაც პოლიტიკური კონიუნქტურისა.

პაატა შეშელიძის - საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის მტკიცებით, იმის გამო, რომ ბელარუსმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიაროს, საქართველო იძულებულია ბელარუსისაგან ტრაქტორები და სხვა ტექნიკა შეიძინოს, რასაც, სხვა შემთხვევაში, ცხადია, არ გააკეთებდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდა დაკავშირებული, ამგვარ სიტუაციას უნდა შევურიგდეთ.

რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ ვიზიტის პოლიტიკური მნიშვნელობაც. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსისა და საქართველოს დამოკიდებეულებები რუსეთთან ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავდება, დღევანდელ სიტუაციაში, როცა მოსკოვი აშკარად იმპერიულ განწყობებს ამჟღავნებს, ანექსიის საფრთხე, თუნდაც სხვადასხვა დონით, მაგრამ მაინც არსებობს მისი ყველა მეზობლისათვის. სამწუხაროდ, მინსკი და თბილისი ამ მიმართულებით ერთმანეთს სერიოზულ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, ამის შესაძლებლობა ჯერ-ჯერობით არ განიხილება. ამიტომაც, რასაკვირველია, ბელარუს-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოება მისასალმებელია, მაგრამ თბილისური ვიზიტით მოსკოვის გამოწვევაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ