"ბეჟუაშვილს ახლა სხვა მიზეზით უნდა ჩემი კომპანიის ხელში ჩაგდება" - "ბეჟუაშვილის სამართლით" ქონების წართმევა გრძელდება? - კვირის პალიტრა

"ბეჟუაშვილს ახლა სხვა მიზეზით უნდა ჩემი კომპანიის ხელში ჩაგდება" - "ბეჟუაშვილის სამართლით" ქონების წართმევა გრძელდება?

"იყო გაფრთხილებები, მუქარა, რისი განხორციელებაც ადეიშვილის დავალებით ბეჟუაშვილმა ითავა"

"ჩალით არის დაფარული მთელი ჩვენი მართლმსაჯულება"

ამ ცოტა ხნის წინ, ჩვენი საზოგადოების ყურადღება კომპანია "ბადაგონში" მიმდინარე მოვლენებმა მიიქცია. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ბადაგონის" ხელში ჩაგდება ყოფილ დეპუტატს, ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს სურს. როგორც აღმოჩნდა, "ბადაგონი" არ არის ერთადერთი კომპანია, რომლის წარმომადგენლებიც დავით ბეჟუაშვილს უჩივიან.

"სტერეო +" - ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ მისი კომპანიის ხელში ჩაგდებასაც დავით ბეჟუაშვილი ცდილობს, რასაც უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებაც უწყობს ხელს.

როგორც ცნობილია, "სტერეო+" პირველი ციფრული მულტიპლექს ოპერატორია საქართველოში. სწორედ მისი საშუალებით ხდება ქართული არხების ტრანსილირება.

დავით ზილფიმიანი:

- წლების წინ დავაფუძნე ორი სხვადასხვა კომპანია, ერთი იყო "პირველი სტერეო" - გასართობი, მუსიკალური არხი, რომლის პარტნიორი 2006 წელს გახდა დავით ბეჟუაშვილი, რაც კიდევ დავის საგანია. მეორე კომპანია "სტერეო +" კი დაფუძნდა ჩემი, ჩემი ოჯახის წევრებისა და იტალიელი პარტნიორების მიერ. მისი მთავარი დანიშნულება იყო სერვისი გაეწია კომპანიებისთვის, მათ შორის მოეხდინა ტელეკომპანიებისის მიერ შექმნილი პროდუქტის მაყურებლამდე მიტანა, ანუ მაუწყებლობა. ეს არის კონკურსებში გამარჯვებული კომპანია. ეს ის კომპანიაა, რომელმაც უახლოეს წარსულში ციფრულ მაუწყებლობაზე ქვეყნის გადასვლა უზრუნველყო. კომპანიამ ააგო ქსელი, რომლის ღირებულება 18 მილიონია, აქედან 6 მილიონით კომპანიას დახმარება გაუწია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD). ჩვენ უკვე ნაწილობრივ გასტუმრებული გვაქვს "იბიარდის" ვალი, ეს იყო 5 წლიანი სესხი, გასულია ორწელიწადნახევარი. სწორედ ჩემი წილია დღეს პირველ გარანტორად "იბიარდის" წინაშე. ვალის გასტუმრება ყოველგვარი დაგვიანების გარეშე ხორციელდება და რამდენადაც ვიცი, ევროკომისიამაც და "იბიარდმაც" ეს პროცესი პოზიტიურად შეაფასეს.

2012 წლის მაისში "სტერეო +"- მა დადო კონტრაქტი "ტვ9"- სთან, რათა გაევრცელებინა მისი მაუწყებლობა. გვახსოვს ალბათ ციხის კადრები, პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა "ტვ9"-ის აქტიური მუშაობით და "სტერეო +"-ის მიერ ამ პროდუქტის მოსახლეობისთვის მიწოდებით.

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ "სტერეო +" მაშინვე მოინათლა "მტერად" იმიტომ, რომ ეხმარებოდა "მტერ" ტელეკომპანიას. იყო გაფრთხილებები, მუქარა, რისი განხორციელებაც ადეიშვილის დავალებით ბეჟუაშვილმა ითავა.

მას ასე პირდაპირ არ შეეძლო "სტერეო +"-ში შემოსვლა და დარბევა, ამიტომ საბაბად გამოიყენეს ის, რომ "პირველ სტერეოში" ბეჟუაშვილს წილი ჰქონდა. მოიგონა თითქოს, მე, როგორც პარტნიორი, ვაზარალებდი "პირველ სტერეოში" ბეჟუაშვილს... შედეგად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააყადაღეს ჩემი წილები, შემოიჭრნენ და დაარბიეს კომპანია.

"პირველი სტერეო" საბაბი იყო "სტერეო +"-ის დასარბევად, სადაც ბეჟუაშვილი არავინ იყო. შემოვიდნენ, დალეწეს ყველაფერი.

- რა გამოდის, რომ 2012 წელს ივანიშვილის დახმარებისთვის დაგსაჯეს?

- რა თქმა უნდა, ზუსტად ასეა. 2012 წელს ნამდვილად ასე იყო. მტერს როგორ ეხმარებიო, მუქარები მოდიოდა ყველა მხრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თვითონ ბეჟუაშვილის კანტორიდან. მე ვთქვი, სხვებს თუ ვავრცელებ, "ტვ9" რატომ არ უნდა გავავრცელო -მეთქი? გავაგრძელე ის, რაც უნდა გააკეთოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ, ამათ ეს არ მოეწონათ, მაშინ ადეიშვილი და ბეჟუაშვილი ძმები იყვნენ, ახლა ბეჟუაშვილს სხვა მიზეზებით უნდა კომპანიის ხელში ჩაგდება.

მოგვიანებით, იტალიის ელჩისა და საერთაშორისო საზოგადოების დიდი წნეხით, დაახლოებით 3 კვირაში, უკან დაგვიბრუნდა სრულიად განადგურებული "სტერეო +".

ამის შემდეგ მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურამ შემართებით დაიწყო გამოძიება, იყო მოწმეების ჩვენებები, შემსრულებლების აღიარებითი ჩვენებები და საქმე მზად იყო სასამართლოსთვის გადასაცემად, თუმცა უცებ მთავარმა პროკურატურამ გამოიწვია ეს საქმე და შეაჩერა. შემდეგ ძალიან ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბოლოს ადვოკატებთან ერთად ვნახეთ ეს საქმე, ოთხი ტომიდან დარჩენილია რამდენიმე ფურცელი, ჩვენებები განადგურებულია.

დაუსჯელობით გათამამებულმა პირებმა სრულიად დაუსაბუთებელი სარჩელით მიმართეს სასამართლოს. თუმცა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა ჩემი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და ისევ დამიყადაღეს ყველაფერი.

- თქვენი აზრით, როგორ მოხდა, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა თქვენს სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება, უზენაესმა კი არა?

- არც ცივილიზებულ და არც არაცივილიზებულ სამყაროში, უზენაესს არ გამოაქვს შეცვლილი გადაწყვეტილება, მაქსიმუმ დააბრუნოს საქმე წარმოებაში, მაგრამ შეცვალოს და თან არ მიგიწვიოს, ეს პირდაპირი მინიშნებაა კორუფციულ გარიგებაზე. ეს არის ფაქტი იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ ყოვლად უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო.

ეს ხდება იმის მიზეზითაც, რომ სასამართლოში კვლავაც წამყვან პოზიციებზე რჩებიან სააკაშვილის კადრები. ბეჟუაშვილი ყოველთვის კორუფციონერი იყო და ყოველთვის ჰქონდა ურთიერთობა მოსამართლეებთან.

ზოგადად ხომ ცნობილია, რომ თუ ერთხელ კორუფციაში გაისვარა მოსამართლე, რა მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, ერთხელ მასთან გარიგებულ პირს ამ მოსამართლესთან ყოველთვის მიესვლება, უფრო მეტიც, ამგავრი მოსამართლე უკვე განწირულია ახალი კორუფციული გარიგებისთვის, რადგან ეშინია ძველი უკნონობის გამჟღავნების.

- რა სურს დავით ბეჟუაშვილს?

- ბეჟუაშვილს სურს თავისი მოპარული მილიარდების გაპრავება. ერთი მხრივ მას უნდა, რომ ბომბზე არ იჯდეს და იმიტომ გაანადგურებინა ეს საქმე პროკურატურაში. მეორე მხრივ კი უნდა დაამტკიცოს, რომ თვითონ მტაცებელი კი არ არის, უბრალოდ, მე მქონდა ვალი... არადა, ეგ მართლაც მტაცებელია და საქართველოში ძალიან ბევრი ბიზნესმენი ჰყავს გამწარებეული. მას სურს დიდი გავლენის მოპოვება.

- ამ განაჩენის პირობებში რა ელის "სტერეო +"-ს?

- უზენაესმა სასამართლომ დამაკისრა 900 000 ლარამდე თანხის გადახდა, რადგანაც ანგარიშზე არ მაქვს 900 000 ლარი, უკვე მომივიდა შეტყობინება, რომ ჩემს კომპანიას 3 კვირაში აუქციონზე გაიტანენ და ბეჟუაშვილი იყიდის.

ვაპირებ ყველა ცივილიზებული წესით ბრძოლას. სტრასბურგს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ხომ ხვდებით ეს როგორ გაიწელება. მოვითხოვ, რომ უსაქმურმა პროკურატურამ ის სისხლის სამართლის საქმე მიიტანოს სასამართლომდე და იქ გამოჩნდება ვინ არის ბეჟუაშვილი, ვის აქვს ფული გადასახდელი იმ ზარალისთვის, რაც წლების წინ დარბევის დროს მოგვაყენა.

წარმოიდგინეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ დაწერა სარეზოლუციო ნაწილი, დამიყადაღეს ყველაფერი და ისიც კი არ ინებეს, რომ დასკვნა დაეწერათ, ანუ არ ვიცით რა მიზეზით, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ამის ნებას თურმე კანონი იძლევა, მოკლედ, ჩალით არის დაფარული მთელი ჩვენი მართლმსაჯულება.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო