"ლუკაშენკომ მარგველაშვილს მეკარტოფილეობაში გამოცდა მოუწყო" - ბელარუსის პრეზიდენტმა თბილისში საიდუმლო წინადადება ჩამოიტანა? - კვირის პალიტრა

"ლუკაშენკომ მარგველაშვილს მეკარტოფილეობაში გამოცდა მოუწყო" - ბელარუსის პრეზიდენტმა თბილისში საიდუმლო წინადადება ჩამოიტანა?

"ალექსანდრე ლუკაშენკო თავის ქართველ კოლეგას მეკარტოფილეობაში გამოცდას მოუწყობს", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას «Независимая газета». სტატიაში გაშუქებულია ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი თბილისში: შეხვედრა-მოლაპარაკებები ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-თან. მასალაში საუბარია საქართველო-ბელარუსის ერთობლივ ღონისძიებებზე, რომლებიც თბილისში ჩატარდა: მინსკის დღეებზე, ერთობლივ ბიზნეს-ფორუმზე, სადაც საინტერესო და მსხვილი ბიზნეს-გარიგებები გაფორმდა (ავტორი - იური როქსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

ბელარუსი საქართველოს ტრაქტორებს მიაწვდის: ბოლო დრომდე ქართველი ფერმერები ძირითადად ჩინურ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას იყენებდნენ - მაღაზიებში და საქართველოს ველ-მინდვრებში დღესაც მხოლოდ ჩინური ტექნიკა დომინირებს. ასე რომ, ბელარუსულ ტექნიკას კონკურენციის პირობებში მოუწევს ადგილობრივ მამულებში თავისი ადგილის პოვნა.

ბელარუსი საქართველოს ლიფტებითაც უზრუნველყოფს: თბილისში ლიფტების ასაწყობი საწარმო იქმნება - ამის შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმდა და ხორციელდება კიდეც, რითაც ორივე მხარე აღფრთოვანებულია. აშკარაა, რომ ბელარუსულ კომპანია "მოგილევლიფტმაშს" ბედმა გაუღიმა: სტუმრების აღიარებით, მათთვის ეს არის "ისტორიული მასშტაბის საექსპორტო შესაძლებლობა", ხოლო მასპინძლებისათვის - შანსი იმისა, რომ ბოლოსდაბოლოს, მოევლება იმ "თავის ტკივილს", რასაც მრავალსართულიანი სახლების ლიფტების მდგომარეობა იწვევს. თბილისში შესაცვლელია დაახლოებით 10 ათასი, ხოლო მთლიანად საქართველოში - 25 ათასამდე ლიფტი.

საქართველოსა და ბელარუსის განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ორიენტირებისა და საშინაო პოლიტიკის მიუხედავად, თბილისში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევენ. საქმე იმაშია, რომ ქართველებში ასეთი აზრია გაბატონებული: ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან კოლოსალურ ზეწოლას გაუძლო და მოსკოვის კარნახის მიუხედავად, მან მაინც არ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, თვითონ ალექსანდრ გრიგორევიჩი ამის შესახებ არაფერს არ ამბობს - ალბათ, იმიტომ, რომ არ სურს რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობა შეიტანოს. ასეა თუ ისე, თბილისში კეთილი სიტყვითა და მადლობის გრძნობით მოიხსენიებენ ბელარუსის ლიდერის პოზიციას საქართველოს უკონტროლო ავტონომიების მიმართ.

პრეზიდენტების შვილების - ნიკოლაისა და ანას შეხვედრა ოფიციალური ვახშმისას

ერთადერთი, ვისთვისაც შეიძლებოდა "დამაფიქრებელი" ყოფილიყო ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი, ეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. როგორც ცნობილი გახდა, ბელარუსის ლიდერს თავისი ქართველი კოლეგისათვის ადრე კარტოფილის თესლი უჩუქებია, ახლა კი მას შეუძლია დაინტერესდეს, თუ როგორი მოსავალი მიიღო გიორგი მარგველაშვილმა.

"ნეზავისიმაია გაზეტას" ინფორმირებულმა წყაროებმა უთხრეს, რომ საქართველოს პრეზიდენტს თავის მამულში ნორმალური მოსავალი მოუწევია, მაგრამ "არა ისეთი, როგორსაც ალექსანდრე გრიგორევიჩი იღებს ხოლმე". მკითხველს გავახსენებთ, რომ საბჭოთა პერიოდში ბელორუსია სათესლე კარტოფილით საქართველოს (და მთელ რეგიონს) ამარაგებდა.

და მაინც საქართველოში, ვიზიტის პოლიტიკური ნაწილის მიმართ კითხვა უჩნდებათ - რა ან ვინ დგას ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის უკან? რასაკვირველია, ვიზიტის პოლიტიკური სარჩული, თუ ის მართლაც არსებობს, მოგვიანებით გახდება ცნობილი - დაახლოებით ისე, როგორც ეს ალექსანდრე ლუკაშენკოს 2015 წლის თბილისური ვიზიტის შემდეგ მოხდა: მან სასხვათაშორისოდ ურჩია მასპინძლებს მეტი ყურადღება მიექციათ ევრაზიული ეკონომიკური კავშირისათვის და ყველაფერზე უარი არ ეთქვათ. დღეს უფრო მეტი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ ქართველებმა იფიქრონ, რომ ბელარუსის ლიდერი თბილისს მხოლოდ ეკონომიკური საკითხების გადასაწყვეტად არ სწვევია, არამედ რაღაც წინადადება ჩამოგვიტანაო. რუსეთის მისამართით გიორგი კვირიკაშვილის ამასწინანდელი განცხადება ხომ მოსკოვში, გარკვეული პაუზის შემდეგ, ურთიერთობის გაუმჯობესების მოწოდებად შეაფასეს". (წყარო)

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბელორუს კოლეგას სწორედ მისი ნაჩუქარი თესლით მოყვანილი კარტოფილით გაუმასპინძლდა, ლუკაშენკოსგან კი საჩუქრად ტრაქტორი მიიღო.

იხილეთ ასევე: საქართველო- ბელორუსის ფრთხილი მეგობრობა - არის თუ არა ლუკაშენკოს თბილისში ვიზიტი რუსეთის გამოწვევა?

მოამზადა სიმონ კილაძემ