"მსოფლიოში სასტიკი შეტაკებების მოწმენი გავხდებით..."
26-03-2018
"მსოფლიოში სასტიკი შეტაკებების მოწმენი გავხდებით..."
"იმის გარკვევა, თუ რა იგულისხმება ბოლო დროს მუდმივად ნახსენებ პირდაპირ დიალოგში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, დაგვანახებს, ხომ არ გადადის საქართველო დათბობის პოლიტიკიდან დათმობის პოლიტიკაზე..."

27-28 მარტს გასამართი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მიმართ ჩვენში განსაკუთრებული ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ ამ ფორმატით ახალი ერთობლივი დეკლარაციის მიღება იგეგმება. ლაპარაკია 2008 წლის ომის შემდეგ, თითქმის 10 წლის განმავლობაში შეუთანხმებელ საკითხზე, რაც ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას გულისხმობს. ერთობლივი განცხადების თაობაზე პოზიციების შეთანხმება
დაადასტურეს მოსკოვშიც და თბილისშიც. ყველაზე დიდ კამათს იწვევს ის, თუ რა სახით იქნებიან წარმოდგენილი ამ პროცესში სოხუმის მარიონეტული რეჟიმი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი. ოპოზიციისა და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებისთვის სტატუსის შეცვლა და მათი მხარედ და დეკლარაციის ავტორად მოხსენიება დაუშვებელია. ოფიციალური თბილისის მტკიცებით,
ამ ერთობლივი დეკლარაციის მთავარი მიზანია ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სტატუსის შეცვლა არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ამ ფორუმზე ქართული მხარე წლების განმავლობაში მოითხოვდა, რუსეთს აეღო ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, ისევე როგორც ცალმხრივად გააკეთა საქართველომ. თუმცა რუსეთი ამტკიცებდა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს უნდა გაეფორმებინა მოსკოვის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, რაც თბილისისთვის მიუღებელი იყო.
რას შეიძლება ველოდოთ ჟენევის ფორმატის 43-ე რაუნდისგან და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს დაანონსებულ დეკლარაციას? - სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა­ ლაგაზიძესთან.

- თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით, ზუსტად რა ტიპის დეკლარაციაზეა ლაპარაკი და ვინ იქნებიან ამ პროცესში მხარეები.
ყველაზე დიდი ეჭვი გააჩინა იმან, თუ როდის დაიწყო ხმამაღლა ლაპარაკი ჟენევის ფორმატში დეკლარაციის მიღებაზე - გაჩნდა ვარაუდი, რომ საქართველოს მხრიდან ამ დეკლარაციის მხარდაჭერა, შესაძლოა, ყოფილიყო რუსეთის ზეწოლის შედეგი, რაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებულ პროცესს უკავშირდებოდა, ანუ საქართველოს ცხედრის გადმოცემის სანაცვლოდ დათმობა აიძულეს.

ამ ვარაუდის საფუძველს გიორგი კვირიკაშვილის განცხადება გვაძლევს, რომელშიც, ბევრის აზრით, სწორედ გარკვეულ დათმობაზე წასვლა იკითხებოდა. ამის შემდეგ, დაახლოებით 10 დღეში ვიგებთ, რომ მზადდება დეკლარაცია ცეცხლის გამოუყენებლობის თაობაზე. თუ ეს ასეა, გამოდის, რუსეთს ვაძლევთ ბერკეტს, რომელსაც ის ყოველ მომდევნო შემთხვევაში გამოიყენებს და რის შედეგადაც საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე თავს დაცულად ვერ იგრძნობს, ანუ რუსეთს ექნება უნიკალური მეთოდი - ჩვენი მოქალაქეების მოტაცებითა და ახალი ტრაგედიებით საქართველოს დაათმობინოს ის, რაც მას სურს.

თუმცა ამ ვერსიის საწინააღმდეგო არგუმენტად შეიძლება გავიხსენოთ რუსულ მედიაში გავრცელებული გრიგოლ კარასინის განცხადება, რომ 2017 წლის დეკემბერში შეთანხმება დეკლარაციის თაობაზე უკვე მიღწეული იყო. აქვე ვთქვათ, რომ არსებული ინფორმაციით, დეკლარაცია არ იქნება წერილობითი, იქნება ზეპირი, მას მიუერთდებიან მხარეები და არ იქნება სავალდებულო, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს.

რა არის აქ მთავარი საფრთხე? ის, რომ თუ ამ დეკლარაციის მხარეებად მოხსენიებული იქნებიან აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი, მაშინ ჟენევ­ის ფორმატის არსებობის პირობებში­ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაფიქსირდება მხარეებად, რის წინააღმდეგი ყოველთვის იყო საქართველო.

მოგეხსენებათ, ამ ფორმატის მონაწილედ თავიდანვე განსაზღვრული იყო სამი მხარე - საქართველო, რუსეთი და აშშ, თანათავმჯდომარეებად კი - ევროკავშირი, ეუთო და გაერო. მხოლოდ რუსეთის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი კონკრეტული პირების დონეზე ჩაერთვნენ კომისიების მუშაობაში. თუკი ისინი რეალურად მოლაპარაკების მხარეებად განიხილებიან, მაშინ ჩნდება არაპირდაპირი საშიშროება იმისა, რომ ეს აღმოჩნდეს პირველი ნაბიჯი მათი საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად განხილვის გზაზე.
აქედან ერთი ნაბიჯია კონფედერაციის თემის წამოწევამდე. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე თვის წინ ეს თემა ქართულ მედიაში კიდევ ერთხელ მოთელეს.

ჟენევის ფორმატით, თუნდაც ზეპირი დეკლარაციის პირობებში, ეს უკვე გააჩენს ფანჯარას, სადაც რუსეთმა შეიძლება მართლაც წამოსწიოს კონფედერაციის თემა.
მოგეხსენებათ, კონფედერაცია ნიშნავს სუვერენული სახელმწიფოების თანასწორუფლებიან, კონფედერაციულ კავშირს, საიდანაც გასვლა მის თითოეულ წევრს ყოველთვის შეუძლია.

უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსე­თთან კონფედერაციულ კავშირში მყოფი საქართველო ვერ და არ იქნე­ბა დასავლური. ეს ცალსახაა. კონფ­ედერაციის არსიდან გამომდინარე, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საშუალებით ამას რუსეთი არ დაუშვებს, თუმცა, ამავდროულად, მოახერხებს საქართველოს შეტყუებ­ას თავისი გავლენის სივრცეში და იქვე დატოვებას.

საქართველოში კონფედერაციის თემის დაძვრა, ვფიქრობ, ძალიან იოლი იქნება იმ რუსული საინფორმაციო შტურმის პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

- რა შეიძლება მიიღოს საქართველომ 2008 წლის 10 წლის თავზე რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ახალი ინიციატივით, ან თუნდაც ჟენევის მოლაპარაკების ფორმატით დეკლარაციის მიღებით?

- ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანს. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, მალევე, სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა კიდევ ორი ქართველი გაიტაცეს. ეს ხდება ჟენევის მოლაპარაკებების ახალ რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე. რუსეთი იმის გამოც კი არ იკავებს თავს, რომ წინ მოლაპარაკებებია და თითქოს შეთანხმების კონტურებიც ჩანს.
რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ვერც ერთმა დეკლარაციამ, ხელშეკრულებამ საქართველოს სასარგებლო ვერაფერი მოუტანა. ვფიქრობ, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.
ისმის კითხვა: მაშ, რატომ მიდის საქართველო ამაზე, რას შეიძლებოდა მიეყვანა საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯამდე? ზუსტი პასუხი არც ამ კითხვაზე გვაქვს.
არ დაგვავიწყდეს, რომ ეს პროცესები დაემთხვა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს, როდესაც შეიძლებოდა, რუსეთი განსაკუთრებულად აგრესიული ყოფილიყო; შეიძლებოდა ზეწოლის საშუალება გამხდარიყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტის მუქარა, ეს კი საქართველოში პროტესტის მაინსპირირებელი გამხდარიყო და საქართველოს ხელისუფლება ამას მოერიდა.
აქ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს, როგორც ჟენევის ფორმატის მონაწილის პოზიცია. ფუნდამენტურია კითხვა: რატომ უჭერს მხარს აშშ იმას, რომ საქართველო მიუერთდეს ამ დეკლარაციას?
დარწმუნებული ვარ, რომ მათ გარეშე ეს არ მოხდება.

არ იქნება ურიგო, თუ ჟენევის მოლაპარაკებებამდე დარჩენილ მცირე დროში მოვისმენთ მათ განმარტებას.
მათი პასუხით მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე და იმასაც, ხომ არ არის ეს დასავლეთის რჩევით რუსეთთან დათმობებზე წასვლა, რაც შეიძლება განპირობებული იყოს დროის მოგების პოლიტიკით.

ჟენევის მოლაპარაკების ეს რაუნდი "ქართული ოცნების" ხელისუფლების რუსეთთან დამოკიდებულების პროცესში, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვან წყალგამოყოფად იქცეს.
მოგეხსენებათ, 2012 წლიდან ამ ხელისუფლებამ აირჩია რუსეთთან დათბობის პოზიცია, რაც აუცილებელი იყო ესკალაციის განსამუხტავად და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, რაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნაც იყო. დღემდე რაც ხდებოდა, სწორედ დათბობის პოლიტიკას შეიძლება მივაწეროთ, გარდა იმისა, რომ ქართულმა საინფორმაციო სივრცემ რუსულ პროპაგანდას, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოუცხადა...

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვფიქრობ, უახლოესი მომავალი და იმის გარკვევა, თუ რა იგულისხმება ბოლო დროს მუდმივად ნახსენებ პირდაპირ დიალოგში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, დაგვანახებს, ხომ არ გადადის საქართველო დათბობის პოლიტიკიდან დათმობის პოლიტიკაზე...

ამ შემთხვევაში ქართველი საზოგადოების, მედიის, ოპოზიციური სპექტრის სიფხიზლე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის ბერკეტი, რომლითაც ჩვენს ხელისუფლებას მაქსიმალურად ვაზღვევთ შეცდომებისგან.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, თუნდაც აშშ-ის ბოლოდროინდელ განცხადებებზე რუსეთთან ურთიერთობის აუცილებლობის თაობაზე, ამავდროულად კი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის თემის განსაკუთრებულ გააქტიურებაზე...

- გეთანხმებით, აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავია დასავლეთის, განსაკუთრებით - აშშ-ის ბოლოდროინდელი ნაბიჯები და განცხადებები. ასეთ გაურკვეველ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ, კარგა ხანია, არ ვყოფილვართ. რასთან გვაქვს საქმე, ძნელი სათქმელია.
გარდა თქვენი ნახსენები აშშ-ის გადაწყვეტილებისა, გავიხსენებდი საქართველოს თავდაცვის გაძლიერების იმ სამწლიანი სამხედრო დახმარების პროგრამას, რომელიც სრულიად უპრეცედენტოა და რომელშიც ძალიან დიდი ფინანსები იდება. აშშ-მა უნდა მოამზადოს საქართველოს ცხრა ბატალიონი - იგულისხმება განათლება, წვრთნა, აღჭურვა.
პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს პროგრამა ემსახურება საქართველოს თავდაცვისა და აგრესიის შეკავების უნარის ზრდას, ანუ პოტენციური მტრის შემოჭრის პირობებში მტრის არმიის შეკავებას, ვიდრე პროცესში დასავლეთი ჩაერთვება. ასეთი უნიკალური პროგრამა მოწმობს, რომ აშშ-ისთვის საქართველო რჩება ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად...

ამავდროულად, ცოტა უცნაურია განცხადებები, რომლებიც აშშ-ის ელჩისგან მოვისმინეთ კვირიკაშვილის წერილის შეფასებისას, ასევე - სტოლტენბერგისა და საფრანგეთის ელჩის განცხადებები, რომლებიც კვირიკაშვილის ინიციატივებს იწონებდნენ. ერთიც უნდა აღვნიშნო - სახელისუფლებო პიარმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში პირველად მოახერხა აბსოლუტური კონსოლიდაცია, რასაც მოჰყვა კვირიკაშვილის წერილზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიტიური შეფასებები. აღსანიშნავია, რომ მათი განცხადებები იყო პასუხი ქართველი ჟურნალისტების კითხვებზე. სახელისუფლებო პიარის მოქმედებაც მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი თემაა ეს ხელისუფლებისთვის.

ოღონდ კელის განცხადება მაინც გამორჩეულია. კელიმ ბრძანა: "თქვენ რუსეთთან დიდი საზღვარი გაქვთ, ასე რომ, რუსეთთან დიალოგი აბსოლუტური აუცილებლობაა. მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის რუსეთთან კომუნიკაციის ინიციატივას. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში არ შედის მზარდი ბორდერიზაცია, ურთიერთობების, ვაჭრობის უქონლობა და ვფიქრობ, უნდა იყოთ ფრთხილად!"

ეს ძალიან დამაფიქრებელი განცხადებაა. იშვიათად მახსენდება აშშ-ის განცხადებები, რომლებშიც ისინი აღნიშნავდნენ რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობას; გარდა ამისა, ეს სიფრთხილისკენ მოწოდება ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს. ამავდროულად, მის განცხადებასა და აშშ-ის ბოლოდროინდელ განცხადებებში, ფაქტია, პოზიციების საოცრად დიდი გაბნევაა.

რასთან გვაქვს საქმე?! რატომ მოგვიწოდებს კელი ასე დაბეჯითებით სიფრთხილისკენ? რით დაიმუქრა რუსეთი, რისგან თავის არიდებისთვისაც დაუჭირა აშშ-მა მხარი საქართველოს მთავრობის ამ ახალ ინიციატივას? ეს არის უმნიშვნელოვანესი კითხვები, რო­მლებზე პასუხიც ჯერჯერობით არ გვაქვს.


- საზოგადოების ხელჩაქნეულობას რუსულ პროპაგანდაზე არანაკლებ უწყობს ხელს ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის ტრაგედიების მსგავსი შემთხვევები. უდანაშაულო ადამიანებს მშვიდობის დროს თვალწინ გვიხოცავენ, ჩვენ კი მკვლელების დასჯის მექანიზმი არ გვაქვს. ეს, ბუნებრივია, საზოგადოებაში ნიჰილიზმს აღვივებს... მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში საზოგადოების აღშფოთება ძალიან მასშტაბური იყო...
- გეთანხმებით, ეს ტრაგედიები ნებისმიერ პროპაგანდზე დამთრგუნველია, თუმცა ერთიცაა - საზოგადოების ეს უკმაყოფილება სოციალურ ქსელებს მაინცდამაინც არ გასცილებია. ეს ერთგვარი ტესტიც არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილთათვის...
რუსეთს, ნებისმიერ აგრესორს ხელს აძლევს, თუკი საზოგადოების პროტესტი სოციალურ სივრცეში ჩაიკეტება და ამას მხოლოდ ბოლის გამოშვების ეფექტი ექნება...
სამწუხაროა, რომ ამ პროცესს ხელისუფლება ხშირად ხელსაც უწყობს, იმის შიშით, ვაითუ, საპროტესტოდ განწყობილი, აზვირთებული და გაბრაზებული საზოგადოების მართვა ვეღარ მოახერხოს და ეს მასვე შემოუბრუნდეს.

- გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. გადაწყდა, რომ შეიქმნება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომლის ფიგურანტების წინააღმდეგაც გარკვეული სანქციები დაწესდება...

- რთული კითხვაა... მათი ნაწილი, ვისაც სანქციები უნდა შეეხოს, ჟენევის მოლაპარაკებებშიც კი მონაწილეობს. აბსურდამდე მივდივართ... ერთი მხრივ - სანქციებს ვუწესებთ, მეორე მხრივ - მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართ და დეკლარაციას ვუთანხმებთ... გამოდის, რომ ამ ყველაფერს ფორმალური ხასიათი ექნება. გარდა ამისა, საინტერესოა, ამ სიაში რუსეთიდანაც თუ მოხვდებიან პირები. თუ მოხვდებიან, მაშინ ეს უფრო გაუგებარია. რუსეთიდან ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უკვე განაცხადა, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობებს სწორედ სიის ფიგურანტების მიხედვით გააგრძელებსო. მიმაჩნია, რომ პარლამენტს ეს რეზოლუცია უნდა მიეღო, მაგრამ ამისგან ხელშესახებ შედეგს არ ველი.

- რამდენიმე დღის წინ პუტინი უკვე მეოთხედ აირჩიეს პრეზიდენტად, როგორი იქნება მისი მმართველობის მორიგი ექვსი წელი?

- ურთულესი.

შევდივართ პუტინის მართვის ბოლო ფაზაში, როდესაც სრულიად რადიკალურად დაუპირისპირდება ერთმანეთს დასავლეთისა და პუტინის მიზნები. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ბოლო ფაზა განსაკუთრებით მწვავე იქნება.

პუტინის მიზანი იქნება, საკუთარი გარემოცვა ისე გააძლიეროს, რომ მისი წასვლის შემთხვევაში, ერთი მხრივ - მის პოლიტიკურ გუნდს არაფერი დაემუქროს, მეორე მხრივ კი - რუსეთის მიერ პუტინის მმართველობის პირობებში საერთაშორისო არენაზე დაბრუნებული პოზიციები მინიმუმ - შენარჩუნდეს და მაქსიმუმ - გაფართოვდეს.
ეს გაფართოების პოლიტიკა, უპირველესად, რუსეთის უშუალო სამეზობლოს შეეხება და ამ შემთხვევაში დარტყმა შეიძლება მიადგეს საქართველოსაც. პუტინი ეცდება, წასვლის წინ მსოფლიო კონკრეტული მოცემულობის წინაშე დააყენოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ამ მოცემულობაში არ მოვხვდეთ.

თავის მხრივ, დასავლეთის ამოცანა იქნება, ამ ვადაში ისე დაასუსტოს პუტინის გარემოცვა, რომ მისი წასვლის შემდეგ დასავლეთში პოლიტიკური პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ აშშ-ს, თორემ ევროპა ისეთი კონსერვატორული და ობივატელურია, არ ვიცი, ამ პროცესში როგორი აქტივობით ჩაერთვება.
მოკლედ, დასავლეთსა და პუტინს რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ. რუსეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მოდის ე.წ. სმარტფონების თაობა, რომელიც ცნობიერებით, არსით შორს დგას პუტინის რუსეთისგან და სწორედ ამ თაობის გამოყენებას შეეცდება დასავლეთი პუტინის ჩასანაცვლებლად.

მსოფლიოში სასტიკი შეტაკებების მოწმენი გავხდებით, რომელთა ნაპერწკლები საქართველოსაც მოსწვდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ნაპერწკლებმა აქ ცეცხლი არ აანთოს...

გადამწყვეტი იქნება საზოგადოების და ხელისუფლების გონიერება და თანამშრომლობა. ხელისუფლებას საზოგადოების კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ ის უნდა იყოს მისი პარტნიორი ყველა გამოწვევისას. ამასთანვე, დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა იქნება უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ საქართველომ ამ ურთულესი პროცესებიდან სამშვიდობოს გასვლა შეძლოს.

- თქვენ კი ახსენეთ, რუსეთის მიმართ ევროპის ობივატელური და კონსერვატორული დამოკიდებულება, მაგრამ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ბოლო ხანს გამწვავებულმა ურთიერთობებმა ბევრი რამ სხვაგვარად დაგვანახა... ბოლო ინფორმაციით, რუსი დიპლომატების გაძევებას აშშ და ევროპის ქვეყნებიც აპირებენ...

- ევროკავშირმა მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და რუსეთიდან ელჩი გაიწვია. ლაპარაკია კიდევ არაერთი ევროპული ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე, მაგრამ ევროპა გაცილებით მეტად არის რუსეთზე მიბმული როგორც რუსეთში ჩადებული ინვესტიციების, ასევე, განსაკუთრებით, ენერგოდამოკიდებულების გამო. ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებს უჭირთ ამ ობივატელურ და უზრუნველ ყოფას მიჩვეული ამომრჩევლისთვის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების ახსნა... მაგრამ არსებობს ეგზისტენციალური საფრთხე - თუ რუსეთმა ეს ნივთიერება მართლაც გამოიყენა აგენტის წინააღმდეგ, ვინ იქნება გარანტი, რომ ხვალ ამას რომელიმე პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ არ გამოიყენებს?!
ეს არის ჯინი, რომლის გამოშვებაც უაღრესად საშიშია, ამიტომ მეც ვფიქრობ, რომ ევროკავშირი და აშშ-ის პოზიციები რუსეთის წინააღმდეგ საბოლოოდ უფრო დაუახლოვდება.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები