"ჩვენმა შვილებმა სირცხვილს სიკვდილი არჩიეს" - კვირის პალიტრა

"ჩვენმა შვილებმა სირცხვილს სიკვდილი არჩიეს"

"სწორედ იმისთვის დასჭირდათ 26 დღე, რომ მოეფიქრებინათ "გამოსავალი", ცხედრის გადმოსვენების შემთხვევაში როგორ არ დადგენილიყო სიკვდილის მიზეზი..."

23 თებერვალს მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, საღამოს, "წითელი ჯვრის" შუამავლობით სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე გადასცა. დააბრუნეს ტატუნაშვილის ავტომანქანაც, რომლითაც იგი ოკუპირებულ ახალგორში გადავიდა, თუმცა ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით დაიღუპა და "ღვიძლის ციროზით და ქრონიკული ჰეპატიტით იყო დაავადებული".

დღეს საქართველოში არც ექსპერტებს და არც პოლიტიკურ ელიტას არ ეპარება ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი ნაწამებია, თუმცა, ბუნებრივია, ამის დამტკიცება ქართულმა მხარემ ოფიციალურადაც უნდა შეძლოს! სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ტატუნაშვილის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების პასუხები, გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, რუსულმა და ოსურმა მხარეებმა ცხედარი ქართულ მხარეს ისეთ მდგომარეობაში გადმოსცეს, ქართველ ექსპერტებს გაუძნელდეთ დადგენა, რომ ტატუნაშვილი ნამდვილად წამებით მოკლეს. განსაკუთრებით ეს ეხება ცხედრის შინაგანი ორგანოების ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხებს. ექსპერტების თქმით, ცხედრის ამ მდგომარეობაში გადმოცემით რუსულმა და ოსურმა მხარეებმა დაარღვიეს საერთაშორისო კონვენციები და ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული.

"კვირის პალიტრა" ორგანიზაცია "ემპათიის" საერთაშორისო ექსპერტ მარიამ ჯიშკარიანს ესაუბრა. სწორედ ამ ორგანიზაციის ექსპერტმა ჩაატარა სამხარაულის ეროვნულ ბიუროსთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა:

- ქალბატონო მარიამ, ჩვენი ინფორმაციით, ექსპერტები განსაკუთრებით შეგაშფოთათ ცხედრის დათვალიერებისას შინაგანი ორგანოების კვლევასთან დაკავშირებულმა საკითხებმა. შეგიძლიათ ამაზე ვრცლად გვესაუბროთ? რა მდგომარეობაშია არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი?

- ამ კითხვაზე ვრცლად ახლა ვერ გიპასუხებთ, დაველოდოთ ექსპერტების დასკვნას, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მასალები, მათ შორის, სხეულის ქსოვილები სრულად არ გადმოუციათ. ფაქტობრივად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსეთმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ვერ დადგინდეს, რა ვითარებაში დაიღუპა ადამიანი. სხეულის ყველა მიდამოში ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, ეს კი, დიდი ალბათობით, მიუთითებს იმაზე, რომ გამოყენებული იყო წამების სხვადასხვა მეთოდი.

შესაძლოა, მას დაზიანება მიაყენეს ბლაგვი საგნით, არა მხოლოდ ხელით და ფეხით, არამედ იარაღის ტარით, სკამით, ხისა თუ რკინის სხვადასხვა საგნით. ნიშანდობლივია, რომ

დოკუმენტაცია და მასალები, რომლებიც ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ და რუსეთის ე.წ. ექსპერტიზამ გადმოგვცეს, არასრულყოფილია, ისეა შედგენილი, რომ ვერ დადგინდეს ჭეშმარიტება, რა მეთოდებით აწამეს არჩილ ტატუნაშვილი და რამ განაპირობა სიკვდილი.

- ახლა რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურაშია, გქონდათ შესაძლებლობა, მას გასცნობოდით?

- დეტალებს გავეცანი - მაგალითად, საქმეში არ არის აღწერილი საქმის გარემოება, რა ვითარებაში დაიღუპა, რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები. ღვიძლის ციროზსა და გულის უკმარისობაზე საუბარი არაფერს ნიშნავს, რუსული ექსპერტიზა გვეუბნება, რომ სხეულზე აღწერილი დაზიანებები მსუბუქი ხარისხისაა. უნდა ეთქვათ და გადმოეცათ მასალები, გამოიწვია თუ არა სხეულზე მიყენებულმა დაზიანებებმა სიკვდილი. წამების სხვადასხვა მეთოდმაც შეიძლება გულის უკმარისობა გამოიწვიოს, რასაც რუსული ექსპერტიზა საერთოდ ყურადღებას არ აქცევს. ახლა ჩვენს ექსპერტიზაზეა დამოკიდებული, რამდენად პროფესიონალურად მოვიქცევით.

- თუ მასალები სრულყოფილი არ გაქვთ ექსპერტებს, და ამ შემთხვევაში, მხოლოდ დოკუმენტაციას არ ვგულისხმობ, რჩება რესურსი სიმართლის დასადგენად?

- პირველ რიგში უნდა ჩატარდეს კომპლექსური ექსპერტიზა, ასევე, აუცილებლად უნდა გამოვითხოვოთ მასალები ცხინვალის დე ფაქტო ტერიტორიიდან და რუსეთიდან. ჯერ ერთი, არჩილ ტატუნაშვილის დაკავებისას ცხინვალში უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, ეს ქართული მხარისთვისაც უნდა ეცნობებინათ და შესაბამისი ოქმიც გადმოეცათ ან ახლა უნდა გადმოგვცენ.

- და როდესაც 26 დღის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალი უარს ამბობდა ცხედრის გადმოცემაზეც კი, რატომ ელითY, რომ ახლა ცხედრის მასალებს გადმოგვცემენ?

- სწორედ იმისთვის დასჭირდათ 26 დღე, რომ მოეფიქრებინათ "გამოსავალი", ცხედრის გადმოსვენების შემთხვევაში როგორ არ დადგენილიყო სიკვდილის მიზეზი... შესაძლოა იმედი ტყუილად გვაქვს, რომ გადმოგვცემენ, მაგრამ ჩვენ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ სამედიცინო ექსპერტიზა. როდესაც ტატუნაშვილი ცხინვალში მიიყვანეს, იქაც უნდა შედგენილიყო აქტები.

თუ მასალებს არ მოგვცემენ, ესეც უნდა მივუთითოთ დასკვნაში. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი გასაგები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროსასამართლოსთვის.

- ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წამებასთან ერთად არჩილ ტატუნაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლეს. აქვს თუ არა სხეულზე ნატყვიარი?

- ცხედარს ტყვიის კვალი არ აღენიშნებოდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითი მოჭრილი ჰქონდა, თუმცა ესეც მცდარი ინფორმაციაა - დაზიანებები თითებზე თვალსაჩინო იყო, თუმცა თითი ნამდვილად არ აქვს მოჭრილი.

ნაწამები გმირის, არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდზე 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახიც მივიდა. "ჩვენ საერთო ტკივილი გვაქვს", - ამ სიტყვებით მიუსამძიმრა გიგა ოთხოზორიას დედამ არჩილ ტატუნაშვილის დედას. "ჩვენმა შვილებმა სირცხვილს სიკვდილი არჩიეს", - იყო პასუხი... "კვირის პალიტრა" გიგა ოთხოზორიას დედას, ჯულიეტა ჭანტურიას ესაუბრა:

- რა უნდა ვთქვა? მე და სხვა შვილმოკლულ დედებს, ალბათ, ყველაზე უკეთ გვესმის ის ტკივილი, რასაც არჩილ ტატუნაშვილის დედა გრძნობს, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გიგასა და არჩილის მკვლელობა მთელი საქართველოსთვის ტრაგედიაა. ორი წელი გავიდა ჩემი შვილის მკვლელობიდან და მკვლელი დღესაც თავისუფალია. 14 წელი აქვს ქაღალდზე მისჯილი, მაგრამ ვერ მოხერხდა სასჯელის აღსრულება. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი არ გაკეთდა დამნაშავის დასასჯელად. არადა, მთელი საქართველო ფეხზე დადგა, ყველა კუთხიდან მოდიოდნენ მოქალაქეები სამძიმრის სათქმელად, მაგრამ ვისაც ევალებოდა სამართლებრივად გიგას მკვლელობის გამოყენება თუნდაც იმისთვის, რომ გვეთქვა მთელი მსოფლიოსთვის, რას აკეთებს რუსეთი ჩვენს მიწა-წყალზე, ვერ მოახერხეს.

- რას გულისხმობთ, ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე მიჩქმალა თქვენი შვილის მკვლელობა?

- ასე ცალსახადაც ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ გამოძიებაც ჩემთვის გაუგებრად წარიმართა. სადაც ხელი მიუწვდებოდათ, ალბათ, ყველგან მიიტანეს ჩემი შვილის, უდანაშაულო მოქალაქის მკვლელობის ამბავი, მაგრამ ამით რა? შედეგი ვერ მივიღეთ! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ გიგა ჩემი შვილია, ის საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც პატიოსნად ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას. მაგალითად, საქმის მასალებში ნათქვამია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, მაგრამ რატომღაც არ გამახვილდა ყურადღება იმაზე, რომ საოკუპაციო ხაზთან 23 წლის ახალგაზრდას მთვრალმა ე.წ. მესაზღვრემ ქართული პასპორტი გამოართვა, ძირს დააგდო და ფეხით შედგა. ამ დროს იქ აღმოჩნდა ჩემი შვილი, გამოესარჩლა ახალგაზრდას და მისი დაცვა სცადა, სწორედ ამ დროს დაახალა ტყვიები მთვრალმა მესაზღვრემ. ეს ყველაფერი საქმეში ვერ მოხვდა.

- რატომ, რა პასუხი გაგცათ გამოძიებამ?

- რა პასუხი უნდა გაეცათ, როდესაც არც უცდიათ ხაზი გაესვათ მკვლელობის მიზეზისთვის. ხომ გითხარით, სასამართლო დადგენილებაში წერია, რომ მკვლელობა მოხდა შელაპარაკების ნიადაგზე, მაგრამ რას მოჰყვა შელაპარაკება, არ არის ნათქვამი. იქნებ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა გახდეს ის საქმე, რომელსაც მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის სახის საჩვენებლად გამოიყენებენ. გიგა ოთხოზორიამდე და არჩილ ტატუნაშვილამდეც უამრავი გმირი ჰყავდა საქართველოს, უბრალოდ, ზოგის შესახებ საზოგადოებამ ვერაფერი შეიტყო. აქამდეც უნდა გვეზრუნა დამნაშავეების დასჯაზე, ეს ყველაფერი ხომ ჩვენ თვალწინ ხდებოდა, ხომ ვუყურებდით, როგორ ეწირებოდნენ ბიჭები ომს?! იქნებ უფრო ფხიზლად რომ ვყოფილიყავით, უფრო გვეაქტიურა, არ შესწირვოდა ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ოკუპანტს.

"თავს ნუ მოვიტყუებთ - ეს რუსეთია!"

ანა გომეში, პორტუგალიელი ევროპარლამენტარი: - ხშირად მესმის ტერმინი "დე ფაქტო მთავრობა". დე ფაქტო მთავრობა ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ეს არის ოკუპანტი რუსეთი. სულისშემძვრელი იყო იმის გაგება, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მის ქვეყანასა და ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ დაუბრუნეს. ვიცი, რომ საქართველოში ყველას ძალიან უჭირს ამ ფაქტთან შეგუება, ხალხი აღშფოთებულია, მთავრობამ ყველაფერი იღონა, რათა საკუთარი მოქალაქის ცხედარი დაებრუნებინა. ეს ცხადყოფს, რომ რუსეთი თანდათან უფრო აგრესიული ხდება. თავს ნუ მოვიტყუებთ - იმ ყველაფრის მიღმა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხდება, სწორედ რუსეთია.

მინდა თანავუგრძნო და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს, სრულიად საქართველოს ხალხს. მალე თქვენს ქვეყანას ჩვენგან უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია ესტუმრება. იმედია, ეს შესაძლებლობას მისცემს ევროპარლამენტს, უფრო უკეთ გაეცნოს ვითარებას. ჩვენ გვადარდებს საქართველო და მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთის პროვოკაციები, ქვეყანა, რომელსაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული აქვს. ვფიქრობ, ეს ის დროა, როდესაც საქართველოს თითოეული მეგობარი მხარში უნდა დაუდგეს.

- მთავრობამ და ოპოზიციამ ერთობლივად შეიმუშავეს რეზოლუცია - შეიქმნება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, მაგნიტსკის სიის მსგავსი ინსტრუმენტი და სანქციებს დააკისრებს იმ პირებს, რომლებიც გარეული იყვნენ ამ მკვლელობებში. როგორ ფიქრობთ, ევროპული ინსტიტუციები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს აგვიბამენ და იმავე სანქციებს დააწესებენ?

- ეს ძალიან კარგი იქნება, განსაკუთრებით ახლა, ბრიტანეთში მომხდარი სკანდალის ფონზე. იმედია, სანქციები, რომლებზეც რეზოლუციაშია საუბარი, რეალურად დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ მკვლელობებში. ხაზს გავუსვამ - საქართველოს სრული უფლება აქვს ამ საკითხზე მხარდაჭერა მოსთხოვოს საერთაშორისო თანამეგობრობას. მე, პირადად, მხარს დავუჭერ ამ ინიციატივას ევროპულ მთავრობებსა და ინსტიტუციებში.

"ეს ამაზრზენი საქციელი და გარდაცვლილის შეურაცხყოფაა"

პეტრას აუსტრევიჩუსი, ლიტველი ევროპარლამენტარი: - ევროკავშირის ყველა წარმომადგენლობამ უნდა დააფიქსიროს, რომ აუცილებელია გამოძიების ბოლომდე მიყვანა. რაში სჭირდებოდათ ცხედრის ამდენი ხნით დატოვება? ეს ამაზრზენი საქციელი და გარდაცვლილის შეურაცხყოფაა.

- არსებობს მოსაზრება, რომ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო შურისძიების აქტი... ამას დავუმატოთ ცხინვალში გამართული დემონსტრაცია, სადაც ითხოვდნენ, ცხედარი ოჯახისათვის არ გადაეცათ. ასეთ პირობებში რომელ სახალხო დიპლომატიაზეა ლაპარაკი?

- სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის სირთულე სწორედ ის არის, რომ მტრები უნდა შეთანხმდნენ და არა მეგობრები. მსგავსი სიტუაციების ფონზე, ეს წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ აუცილებელია კომპრომისი. ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება, რომ დიალოგის გარეშე ვითარება უფრო დამძიმდება... საქართველოს სუვერენიტეტი უნდა იყოს ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება. არ მინდა რამე ვიწინასწარმეტყველო, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს პრეცედენტები სწორედ იმის გამო ხდება, რომ ქართველებსა და ოს-აფხაზებს შორის ურთიერთობა სულ უფრო დამძიმდეს და ვერაფერზე მოილაპარაკონ. ჩვენ გვინდა საქართველო იყოს ეკონომიკურად ძლიერი, პოლიტიკურად სტაბილური და უსაფრთხო, მაგრამ ჩანს, სხვებს სხვა გეგმა აქვთ, რომელიც თბილისის ხედვას არ ემთხვევა.

- ქართველმა ჟურნალისტმა გაავრცელა პეტიცია, რომ მოსკოვის პროსპექტს თბილისში ტატუნაშვილის პროსპექტი დაერქვას. ბევრი მხარს უჭერს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს რუსეთის უფრო პროვოცირებაა.

- ჩვენ თავის დროზე გადავარქვით ქუჩებს სახელი. დარწმუნებული ვარ, ამ ქუჩას ყოველთვის მოსკოვის პროსპექტი არ ერქვა და კარგი იქნებოდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. 2008 თუ 2009 წელს პირადად ვთხოვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, იქნებ სტალინის ძეგლი მოაშოროთ გორიდან-მეთქი. ხალხი აღშფოთდებაო, მითხრა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც აიღეს. მოსკოვის პროსპექტს უნდა დაერქვას თუ არა მისი სახელი, ეს მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია.

რუსუდან შელია