"ამ საქმეს შევაკვდები და არ დავთმობ" - კვირის პალიტრა

"ამ საქმეს შევაკვდები და არ დავთმობ"

"ბეჟუაშვილი თუ მისი წარმომადგენელი მართლაც იყვნენ პროკურატურაში, თუმცა მეორე დღეს ლაშა ნაცვლიშვილი შვეიცარიაში გაიქცა ფულით"

სამ კვირაში "სტერეო+" აუქციონზე გაიყიდება და მას ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებული კომპანია დაისაკუთრებს - ამის შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 19 თებერვალს წელიწადნახევრიანი განხილვის შემდეგ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ წინა ორი ინსტანციის სასამართლომ დავით ზილფიმიანი გაამართლა. რას ითხოვს დავით ბეჟუაშვილი "სტერეო +"-ისგან და აქამდე რატომ ვერ დამთავრდა 2012 წელს დაწყებული გამოძიება? "კვირის პალიტრის" კითხვებს "სტერეო +"-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი პასუხობს:

- ყველაფერი 2012 წელს დაიწყო, როდესაც "სტერეო +"-მა "ტვ 9"-სთან საქართველოს მასშტაბით "მაუწყებლობის შესახებ ხელშეკრულება" გააფორმა. მოგეხსენებათ, ეს ტელევიზია განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების მხილებაში. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მაშინდელი მაღალჩინოსნები მაფრთხილებდნენ, რომ თუ კონტრაქტს არ გავწყვეტდი, პრობლემები შემექმნებოდა, თუმცა ვერც მე და ვერც ჩემი იტალიელი პარტნიორები კანონის დაცვით გაფორმებულ ხელშეკრულებას ვერ გავწყვეტდით. მოულოდნელად, ერთ შაბათ დღეს, დავით ბეჟუაშვილმა სასამართლოს მიმართა, რომ თურმე "პირველ სტერეოს", რომლის პარტნიორიც წარსულში თვითონ იყო, "სტერეო +" ფინანსურად აზარალებდა. კვირა დღეს მოსამართლემ დაწერა განაჩენი და გამოსცა აღსრულების გადაწყვეტილება, რომ ბეჟუაშვილი დაუფლებოდა კომპანიას. მალევე ის დაცვის კომპანია "მგლებთან" აფორმებს ხელშეკრულებას და ოფისში შედიან. რეალურად, "მგლების" ფორმა ჩაიცვეს პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლებმა. ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ ადეიშვილი და კუდ-ის მაშინდელი ხელმძღვანელი ლილუაშვილი. საქმეში ჩართული იყო ვანო მერაბიშვილიც.

ჩვენ ოფისთან ავაგეთ ბარიკადები, რამდენიმე თავდასხმაც მოვიგერიეთ, მაგრამ ვეღარ გავუმკლავდით და იძულებული გავხდით, დაგვეტოვებინა ოფისი. შემდეგ ბეჟუაშვილის ბრძანებით დაიწყეს "სტერეო +"-ის ტექნიკის განადგურება. შეწყდა მაუწყებლობაც, თუმცა პარტიზანული გზებით მაინც მოვახერხეთ მოსახლეობისთვის სიგნალის მიწოდება. დახმარებისთვის მივმართეთ იტალიის საელჩოს საქართველოში. ელჩმა გააკეთა განცხადება ჩვენს მხარდასაჭერად. დარბევიდან სამი კვირის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის წყალობით "სტერეო +" დავიბრუნეთ, მაგრამ ტექნიკა განადგურებული იყო, კედლები - დანგრეული.

2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართე. ოთხ თვეში თბილისის საქალაქო პროკურატურამ მაცნობა, რომ საქმე დაამთავრეს და სასამართლოსთვის უნდა გაეგზავნათ განსახილველად, მაგრამ მთავარმა პროკურატურამ მასალების გამდიდრების საბაბით ქალაქის პროკურატურას საქმე წაართვა და სასამართლოსთვის საქმის გადაცემაც გადაიდო. მალე გამოჩნდა, რომ მთავარი პროკურატურა ბლეფს მთავაზობდა.

- რატომ?

- 2012 წლამდე ბეჟუაშვილმა დამიბრუნა მხოლოდ კომპანიის სახელი, რადგან ქონება განადგურებული იყო. ამას მოწმობს აუდიტებისა და ექსპერტების დასკვნაც. თბილისის საქალაქო პროკურატურაში იყო არა მხოლოდ მოწმეთა, არამედ აღიარებითი ჩვენებებიც და ბეჟუაშვილის საბრალდებო სკამზე დასმის საკითხი იდგა, ამ დროს კი ძიებას ხელახლა იწყებს მთავარი პროკურატურა. ამ ფაქტმა დამაეჭვა და ორჯერ შევხვდი მთავარი პროკურორის მაშინდელ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს. როდესაც ვკითხე, რატომ იწელება პროცესი-მეთქი, მიპასუხა, ახლა მხოლოდ ბეჟუაშვილის დაკითხვაღა დაგვრჩაო. ბეჟუაშვილი თუ მისი წარმომადგენელი მართლაც იყვნენ პროკურატურაში, თუმცა მეორე დღეს ლაშა ნაცვლიშვილი შვეიცარიაში გაიქცა ფულით. რა უნდა მექნა? ახალ მთავარ პროკურორს მოვთხოვე საქმის მასალები და გული გამისკდა - ამოგლეჯილი იყო ფურცლები, დისკები, ვიდეოფაილები, ხელით იყო დანომრილი საქმეები და ოთხი ტომიდან დატოვებული იყო რამდენიმე ფარატინა ფურცელი. მას შემდეგ ექვსი წელი ისე გავიდა, ვერაფერი მოვახერხე. წარმოგიდგენიათ, რამხელა ფულია აღებული, რომ ექვსი წლის განმავლობაში საქმეს ხელს არ ჰკიდებენ!

- თქვენი საქმის გამოძიება არ დასრულებულა, 2014 წელს კი ბეჟუაშვილმა ვალის დაბრუნების მოთხოვნით გიჩივლათ.

- დიახ, 2012 წლამდე რა ვითარებაშიც ვიყავი, იქ დამაბრუნეს. როგორც მაშინ, ახლაც ეპოტინებიან "სტერეო +"-ს, დამიყადაღეს თანხა და კომპანია სამ კვირაში აუქციონზე გაიყიდება. 2014 წელს ბეჟუაშვილს მოულოდნელად გაახსენდა, რომ თურმე 2004 წელს 900 ათას ლარამდე მასესხა და დაბრუნებას მთხოვდა. როდესაც მეც და მოსამართლემაც ვკითხეთ, მტკიცებულება ან სესხის ხელშეკრულება თუ ჰქონდა, გვიპასუხა, ჯენტლმენური შეთანხმებით ვასესხეო.

როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში ბეჟუაშვილი გამტყუნდა, მაგრამ უზენაეს სასამართლოში წელიწად-ნახევარი იფიქრეს და მისი გამართლების გზა მოძებნეს.

- რით ახსნეს ეს გადაწყვეტილება?

- საქმეც ეგ არის, რომ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია, ბეჟუაშვილმა კი იცის, რომ ეს თანხა არ მაქვს და ამიტომაც იყიდება აუქციონზე "სტერეო +".

- რა მიზანი უნდა ჰქონდეს დავით ბეჟუაშვილს "სტერეო +"-ის ხელში ჩაგდებით?

- ბეჟუაშვილი მეწილე იყო "რუსთავი 2"-შიც, "მზეშიც", "პირველ სტერეოშიც". მას მედიაზე ზეგავლენის სურვილი ყოველთვის ჰქონდა და დღეს ამისთვის ყველაზე კარგი პირობები შეუქმნეს. ჩამოყალიბდა კასტა, რომელიც ავრცელებს ხმებს, რომ პირველი პირისგან დავალებული აქვთ პროკურატურის ან სასამართლოს, ან მარეგულირებლის თუ სხვა სფეროების კონტროლი. ვერ დავიჯერებ, რომ ამ კასტას დავალებებს კვირიკაშვილი აძლევს.

მაღალ ეშელონებში ჩამოყალიბდა ფენა, რომელიც იბრალებს, რომ მოქმედებს პირველი პირისა და პირების სახელით და ათეთრებენ ყველა შავ საქმეს. ეს არის კორუფციული კლასტერი, ყველგან მიუწვდებათ ხელი და ისრუტავენ ფულს.

ახლა ბეჟუაშვილის ფულით ეს ჯგუფი აკეთებს ყველაფერს, რომ უკანონობა გაათეთროს და რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს.

მას შემდეგ, რაც გავაჟღერე პროკურატურის საქმიანობის შესახებ, მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაკითვაზე დამიბარეს, მითხრეს, რომ შეშფოთებულები არიან იმ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებებით, რაც ამ საქმეშია და იწყებენ შიდა გამოძიებას.

იმედს ვიტოვებ, რომ მათი შეშფოთება რეალურ შედეგს გამოიღებს და მართლაც მოხდება გამოძიება, რატომ გაიწელა ექვსი წლის განმავლობაში საქმის ძიება, რომელიც როგორც გითხარით, ოთხ თვეში აბსოლუტურად ნათელი იყო.

არ გავჩერდები. უსამართლობას არასოდეს შევრიგებივარ და ამ საქმეს არც ახლა დავთმობ, შევაკვდები და "სტერეო +"-ს ვერ დამათმობინებენ.

რუსუდან შელია