"სამართლიანობის ილუზია რომ გაქრება, იწყება დიდი გაბრაზება" - კვირის პალიტრა

"სამართლიანობის ილუზია რომ გაქრება, იწყება დიდი გაბრაზება"

რამ გამოიწვია სისხლიანი ვენდეტები ქუჩაში, დღისით-მზისით

ფაქტია და ამას, ალბათ, არც სტატისტიკა სჭირდება და არც ექსპერტული დასკვნები, რომ ქვეყანაში შეკვეთილი მკვლელობები გახშირდა. ფაქტია ისიც, რომ გამოძიება, ძირითადად, ვერც დამკვეთისა და შემსრულებლის დადგენას და ვერც მათ დასჯას ვერ ახერხებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ მკვლელები დღისით-მზისით, მსხვერპლის ლიკვიდაციას ხალხმრავალ ადგილებშიც არ ერიდებიან. ]თითქოს გამოიკვეთა სამიზნე ჯგუფიც - ბიზნესმენები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ ბიზნესწილების გადანაწილების თვალსაზრისით.

რამ გამოიწვია სისხლიანი ვენდეტები ქუჩაში და დარჩა თუ არა რესურსი ხელისუფლებას კრიმინალის ზრდის შესაჩერებლად, "კვირის პალიტრა" ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

- "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობდა, რომ ცხრა წლის განმავლობაში ფინანსურად დაზარალებულ მოქალაქეებს საკუთარი, წართმეული ქონება უნდა დაჰბრუნებოდათ. გავიდა წლები და აღმოვჩნდით აბსოლუტურ სამართლებრივ ჩიხში, როდესაც არც პროკურატურა, არც სასამართლო და არც ფინანსური პოლიცია ნაბიჯსაც კი არ დგამენ ამ მიმართულებით და მხოლოდ ფასადურ ინფორმაციას გვაწვდიან რამდენიმე დაზარალებულზე, რომ ვიღაცას თურმე ხუთი მანქანა დაუბრუნდა. ქუჩაში გადასულ სისხლიან გარჩევებამდე რომ მივიდოდით, ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცხადი, როდესაც 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ სისტემის დემონტაჟი კი არ დაიწყო, პირიქით, მას გაურიგდა - ხომ სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ პირადად მიშა მიდიოდა ბიზნესმენებთან ღამის სამ საათზე და თავად "ახევდა" ქონებას? ამას აკეთებდნენ სისტემის სხვა რგოლები, პროკურორები თუ მოსამართლეები, რომლებსაც დღეს ხელისუფლებამ კიდევ მეტი კომფორტი შეუქმნა. ანუ, დღეს ვართ ვითარებაში, როდესაც თურმე ქონება უნდა დააბრუნოს მან, ვინც ეს ქონება თავის დროზე შანტაჟითა და ძალადობით ბიზნესმენს წაართვა. შესაბამისად, გაქრა ილუზია, რომ დაზარალებული ამ ქვეყანაში სამართლებრივად მოახერხებს წართმეულის დაბრუნებას. ამიტომაც გადავიდა პროცესი ქუჩაში.

- და რა გამოდის, საბოლოოდ, ისევ ხელისუფლება გახდა დანაშაულებრივი სისტემის ტყვე? დღეს ხალხი გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე პასუხს ხელისუფლებას სთხოვს და არა წინა ხელისუფლებიდან გადმოყოლილ კადრებს.

- რა თქმა უნდა, დღეს "კოლექტიური მურუსიძე" მართავს ქვეყანას, რომელიც საკუთარ თავს არ დაიჭერს. დღეს ხელისუფლებისთვის მისაღები ოპოზიცია გახდა "ევროპული საქართველო", სადაც თავმოყრილია ის პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ჩამორთმეულ ქონებას უფორმებდნენ, ანუ, მიშა გავუშვით, სისტემა კი დავიტოვეთ, რომელიც დღეს ხელისუფლებას მართავს, მმართველი გუნდი მხოლოდ ფორმალურად გვყავს, სისტემა გახდა ურჩხული, რომელმაც მძევლად აიყვანა მისი მამა-მარჩენალი - ხელისუფლება. სწორედ ამიტომ გახშირდა მკვლელობებიც, ადამიანებს გაუქრათ სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ გამოსავლად კრიმინალური ქმედებები მიაჩნიათ. ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ვინც ამ ვითარებაზეა პასუხისმგებელი, იუსტიციის სამინისტროა. თეა წულუკიანი უნდა ყოფილიყო გარანტი იმისა, რომ როგორც პროკურატურაში, ისე სასამართლო სისტემაში პროცესები თუ საბოლოოდ არ გაჯანსაღდებოდა, ნაბიჯი მაინც გადაიდგმებოდა, მაგრამ რა? აბსოლუტურად კომფორტულად გრძნობს იუსტიციის მინისტრი თავს დამნაშავე მოსამართლეებთან თუ პროკურორებთან.

პასუხისმგებლობა ეკისრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესაც, რომელმაც, ფაქტობრივად, ვერ შეძლო სასამართლო სისტემაში არსებულ კლანებთან გამკლავება, პირიქით, ისიც სისტემის ნაწილად იქცა.

- თუ ეს პროცესი გაგრძელდა, დარჩა თუ არა ხელისუფლებას კრიმინალის გაკონტროლების რესურსი?

- მერწმუნეთ, ბიზნესმენთა მკვლელობები უფრო გახშირდება. სასამართლოები გადატვირთულია და მოსამართლეს სურვილიც რომ ჰქონდეს, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, ამისთვის, მინიმუმ, სამწლიანი ლოდინია საჭირო, რადგან უამრავი საქმე აქვს განსახილველი. პროკურატურა სავსეა შანტაჟისტებითა და დამნაშავე კადრებით. ასე რომ, ამის შეჩერება უკვე ძალიან რთულია. ქვეყანაში სამართლიანობის ილუზია რომ გაქრება, შემდეგ იწყება დიდი გაბრაზება, რაც ხშირად აფექტის მდგომარეობაში გადადის და უკვე სწორედ ამ სტადიაშია საზოგადოება - ეს კი უფრო თვალსაჩინო გახდება, როგორც კი არენაზე ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გამოჩნდება.

რუსუდან შელია