"თუ რუსეთი იმპერიის სამხედრო ძალით აღდგენას გადაწყვეტს, მაშინ..." - კვირის პალიტრა

"თუ რუსეთი იმპერიის სამხედრო ძალით აღდგენას გადაწყვეტს, მაშინ..."

"ხელისუფლებაში ძალთა გადანაწილება პოლიტიკური, ბიზნეს- და სხვა ინტერესების მიხედვით ხდება, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, პრობლემებიც ბევრია"

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვის მიწერილი ღია წერილის შემდეგ, რომელშიც ლაპარაკი იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლაზეც, 27-28 მარტს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის წინ დაძაბული მოლოდინი გაჩნდა. მით უფრო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, თითქოს უკვე შეთანხმებული იყო ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს, რუსეთის, დე ფაქტო აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ერთობლივი ზეპირი დეკლარაციის მიღება, თუმცა ეს რაუნდიც, წინამორბედებივით, უშედეგოდ დასრულდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართულად პროვოკაციულ ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის გამოუყენებლობის საკითხზე. განცხადებაში, რომელიც რუსულმა მხარემ გაავრცელა, გამოთქმულია სინანული, რომ ჟენევის მოლაპარაკებების პროგრესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 9 მარტს გაკეთებული განცხადების საპირისპიროდ, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა თურმე პროპაგანდისტულ აქციად გადააქციეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი ჟენევის დისკუსიების ფორმატის რეფორმირებას გეგმავს. ცხადია, ქართულ და რუსულ მხარეებს ამ ფორმატის ცვლილებაზე სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვთ. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- ჟენევის მოლაპარაკებისგან დიდს არასდროს არაფერს ველოდი და არც ამჯერად მქონია იმედი. მოგეხსენებათ, ეს მოლაპარაკებები 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდგომი პროცესების დარეგულირებისთვის დაიწყო და მთავარ მხარეებს წარმოადგენენ საქართველო და რუსეთი. ეს საერთაშორისო პროექტი შეიქმნა სწორედ დაპირისპირებული მხარეების - რუსეთსა და საქართველოს შორის მოსალაპარაკებლად, თუმცა კრემლი მუდმივად ცდილობს ეს წარმოადგინოს ისე, თითქოს რუსეთი არაფერ შუაშია და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს უნდა ელაპარაკოს.

რუსეთი თავდაპირველადაც ცდილობდა და დღესაც ცდილობს, რომ გახდეს დამკვირვებელი, რაც გამორიცხულია, რადგან 2008 წელს კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის იყო. მოკლედ, ამ მოლაპარაკებაში დიამეტრულად სხვადასხვა ინტერესი გვაქვს ჩვენ და რუსეთს.

რუსეთის პოლიტიკა 2008 წლის შემდეგ მარტო ჩვენთან დამოკიდებულებაში კი არა, საზოგადოდ, პოზიტიურისკენ არათუ არ შეცვლილა, არამედ უფრო მეტად აგრესიულიც გახდა. რუსეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორი - იმპერიალისტური მიდგომებით აღადგინოს იმპერია საბჭოთა კავშირის საზღვრებში - კვლავაც ძალაშია. შესაბამისად, ჯერჯერობით

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ამ ფორმატის ან დახურვა, ან ჩაშლა არაფრით არ შეიძლება.

უნდა არსებობდეს პრობლემატურ საკითხებზე საუბრისთვის სივრცე, რადგან როცა დადგება პროცესის დარეგულირების დრო და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება, არ უნდა მოგვიხდეს რუსეთთან საუბრის ნულიდან დაწყება, რაღაც ეტაპები მაინც უნდა გვქონდეს გავლილი.

მოკლედ, ამ ფორმატში ქმედითი ნაბიჯის გადადგმისთვის პირობები არც დღეს არის და, დიდი ალბათობით, არც ექვსი თვის შემდეგ იქნება, მაგრამ დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. თუ ვინმე მოინდომებს ამ ფორმატის ჩაშლას, ეს არამც და არამც არ უნდა იყოს საქართველო, ჩვენ ამის ფუფუნება არა გვაქვს.

თუ რუსეთი ამას გააკეთებს, რა თქმა უნდა, ძალით მაგიდასთან ვერავის დავსვამთ, მაგრამ არც რუსეთს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ირიბად, აფხაზებისა და ოსების გამოყენებით ჩაშალოს ეს პროცესი.

- როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა ჟენევაში მორიგ შეხვედრამდე კარასინის განცხადება, რომ თითქოს ძალის გამოუყენებლობის დეკლარაციაზე ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეები შეთანხმებულნი იყვნენ, რასაც საქართველოში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა?

- დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ვეჭვობ, ეს ინფორმაცია ამ ფორმით საგანგებოდ გაახმაურეს, რათა ენახათ, რა რეაქცია ექნებოდა ჩვენს საზოგადოებას ამ დეკლარაციის მიღების შემთხვევაში. მოგეხსენებათ, წერილობით დოკუმენტზე არც ყოფილა ლაპარაკი, ამბობდნენ, რომ ზეპირი შეთანხმება იქნებოდა, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის გარდა, აფხაზები და ოსებიც შეუერთდებოდნენ.

ამ ინფორმაციამ ქართველი საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ვერ ვიხსენებ ვერავის - ვერც პოლიტიკურ ძალას და ვერც ექსპერტს, ვინც ეს დადებითად შეაფასა. ამან საშუალება მისცა საქართველოს ხელისუფლებას დარწმუნებულიყო, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ქართველი საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი იქნებოდა. პრობლემა ის იყო, რომ

თუნდაც ზეპირი დეკლარაციის მონაწილედ აფხაზებისა და ოსების აღიარება პირდაპირ იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მათი სტატუსი იცვლებოდა, ისინი დიალოგის სრულფასოვან მხარეებად წარმოჩნდებოდნენ, რაც ასე ძალიან სურს რუსეთს.

ამგვარი დეკლარაციის მიღება იმის ირიბი ნიშანი იქნებოდა, რომ ჟენევის ფორმატი შეიცვალა. ჯერ ამ ტერიტორიების დეოკუპაციაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა ფორმატში აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგი. მოკლედ, ამგვარ დეკლარაციას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებდა.

- გამოდის, როდესაც კარასინი ფორმატის ცვლილებაზე ლაპარაკობდა, სწორედ ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის სტატუსის შეცვლას გულისხმობდა.

- ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რუსეთისთვის - თუ მოახერხებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც მონაწილე მხარეების, ლეგიტიმაციას, მაშინ ფორმატიც შეიცვლება და მოლაპარაკებაში მონაწილე სუბიექტებიც. რუსეთი დამკვირვებლის ფუნქციას შეიძენს, ისე, როგორც დასავლელი თანათავმჯდომარეები, საბოლოოდ კი აზრს დაკარგავს ის შეთანხმება, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს დოკუმენტით არის ცნობილი, სარკოზის ძალისხმევით გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის და ამ უკანასკნელს ავალდებულებს 2008 წლის 7 აგვისტოს სტატუს-კვოს აღდგენას.

დარწმუნებული ვარ, პრემიერის წერილში, სადაც ლაპარაკი იყო ფორმატის გააქტიურებასა და ცვლილებაზე, სულ სხვა რამე იგულისხმებოდა - ეს შეეხებოდა ამ ფორმატში უფრო მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების ჩართვას და არა მონაწილეთა სტატუსის შეცვლას.

- ბოლო დროს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობაში არათანამიმდევრულ პოლიტიკაში ადანაშაულებენ - ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ პრემიერი ზომიერ წერილს სწერს რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მეორე მხრივ, პარლამენტი იღებს მკაცრ რეზოლუციას, რომლის ფარგლებში უნდა მომზადდეს ე. წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.

- რუსეთთან 200-წლიანი ურთიერთობა რომ არ გავიხსენოთ, ბოლო 30 წლის განმავლობაშიც კი ვერა და ვერ ჩამოვაყალიბეთ პრინციპული პოზიცია რუსეთთან. სულ რაღაც ქიმერულ გზებს ვეძებთ. შესაბამისად, ყველა ხელისუფალი ფიქრობს, წინა ხელისუფლებას არ დაელაპარაკნენ, მაგრამ მე დამელაპარაკებიანო. ანუ ყველა ახალ ხელისუფლებას უჩნდება ილუზია, რომ ის შეძლებს რუსეთთან დიალოგის გზით პრობლემების მოგვარებას, შედეგად კი სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა, დღემდე არ თუ ვერ ვაკეთებთ სწორ ანალიზს იმისას, თუ რა სურს რუსეთს ჩვენგან?

ზოგიერთის აზრით, რუსეთის აგრესია და ოკუპაცია განაპირობა საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვამ, მაგრამ გაიხსენეთ გასული საუკუნის 90-იანი წლები, როდესაც ლაპარაკი არც ნატოზე იყო, არც ევროკავშირზე, არც გაზსადენსა და არც ნავთობსადენზე...

თითქმის ყველაფერი გავაკეთეთ მისი გულის მოსაგებად, მაშინაც კი, როდესაც რუსეთი გაცილებით სუსტი სახელმწიფო იყო, ვიდრე დღეს არის, ის არანაირ დათმობაზე არ წამოვიდა, მასთან ვერაფერზე მოვილაპარაკეთ.

ეს ვერ შეძლო იმ ადამიანმაც, ვინც საქართველოში ყველაზე უკეთესად ერკვეოდა რუსული პოლიტიკის ლაბირინთებში, არც ის ეშლებოდა, როდის საიდან ამოდიოდა მზე და არც მედლების ჩამოკიდება... შევარდნაძეს ვგულისხმობ. თუ ვინმეს შეეძლო საქართველოში პრობლემები რუსეთთან მოლაპარაკებით გადაეწყვიტა, მასზე უკეთესი კანდიდატი არც მანამდე არსებობდა და არც დღეს არსებობს, მაგრამ მანაც ვერაფერი მოახერხა.

ტყუილად ჰგონია ვინმეს, თუ ჩვენს დასავლურ კურსზე უარს ვიტყვით და რუსეთს ჩავეხუტებით, უცებ იტყვის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე უარს. ნატოს რაკეტები 400 კილომეტრით იქით იქნება თურქეთის ტერიტორიაზე თუ 400 კილომეტრით აქეთ, ეს რომ ბევრს არაფერს ცვლის დღევანდელი სტრატეგიისა და სამხედრო ტექნიკის პირობებში, ხომ ძალიან ელემენტარულია?

არის სხვა მიზეზი, რისი აღიარებაც არაფრით არ გვინდა - საქმე ის არის, რომ რუსეთისთვის უმთავრესი პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტია.

სანამ ამას არ მივხვდებით, ვაღიარებთ და სახელმწიფო დონეზე არ გავიაზრებთ, მანამდე არაფერი გამოვა.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იცოდნენ კრემლში, რომ რამე თუ მოხდებოდა, ბალტიისპირა რესპუბლიკებს აუცილებლად დაკარგავდნენ, რადგან სახელმწიფო დონეზე კი არა, ყოფით დონეზე, ყველა ნაბიჯზე ბალტიისპირელები იგნორირებას უკეთებდნენ რუსეთს, რუსულ ენასაც, კულტურას, ტურისტებს და ა.შ. იქ ცალსახად იყო ჩამოყალიბებული აზრი ყველა დონესა და სფეროში, რომ უნდა ყოფილიყვნენ დამოუკიდებელნი და რუსეთთან უნდა ელაპარაკათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.

ჩვენ ამას დღემდე ვერ მივაღწიეთ, სამწუხაროდ. როცა ქვეყანაში ვერ ვაღწევთ შეთანხმებას, თვითონ საზოგადოებაში არ არის ამის თაობაზე ერთიანობა, ეს ყოველთვის უტოვებს რუსეთს იმის განცდას, ჯერ კიდევ შეგვიძლია საქართველო დავიჭიროთ და დავტოვოთ ჩვენს ორბიტაზეო. როცა ამაზე ჩამოვყალიბდებით, მაშინ ის პოლიტიკა, რაც დღეს გვაქვს - ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა, შეუთანხმებლობა და ა.შ. - აღარ გვექნება. მაშინ მხოლოდ ტატუნაშვილის ტრაგედიის დროს არ გამოვფხიზლდებით და არ დავიწყებთ განხილვას, უნდა ატარებდნენ თუ არა ქართველი მომღერლები კონცერტებს მოსკოვში. ემოციურ ნიადაგზე პოლიტიკის ჩამოყალიბება არაფერს მოიტანს - დიდ პოლიტიკას სჭირდება ცივი გონება და ჩარჩოები, რომელთა დიაპაზონშიც უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო ნებისმიერ დონეზე. მათ შორის ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ნება და სათანადოდ უპასუხოს იმ რუსულ პროპაგანდას, რომელიც სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. ჩემი აზრით, ეს ჯერჯერობით ჩვენს საზოგადოებაზე მნიშვნელოვნად არ მოქმედებს, მაგრამ რა იქნება ხვალ და ზეგ?!

- ხომ არ ემუქრება საფრთხე ჩვენს სუვერენიტეტს? ბოლოდროინდელი ინფორმაციით, რუსეთი ზრდის სამხედრო კონტინგენტს ჩვენს ჩრდილოეთ საზღვართან. ამის გარდა, აშკარაა, რომ რუსეთში უკვე ცდილობენ საქართველოს მტრად წარმოჩენას. გავიხსენოთ ფაროსანასთან დაკავშირებული "როსსელხოზნადზორის" ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლის განცხადება, შესაძლებელია აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიისთვის საქართველოში ხელოვნურად არის გამოყვანილიო.

- საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხე სულ არსებობდა და არსებობს დღესაც, 90-იანი წლებიდან დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა. სანამ რუსეთს ექნება განცდა, რომ უნდა აღადგინოს რუსული იმპერია საბჭოთა საზღვრებში, ეს საფრთხე მანამდე იარსებებს.

რაც შეეხება ჩრდილო კავკასიაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას, ეს უფრო ძალის დემონსტრირება მგონია და არა მისი გამოყენების რეალური გეგმა. დღეს მსოფლიო "ცივი ომის" მდგომარეობაშია. დარწმუნებული ვარ ვითარება უფრო დაიძაბება, შესაბამისად, რუსეთი კონტრზომებს იღებს და ცდილობს იქით დააშანტაჟოს დასავლეთი, თუმცა მეეჭვება გაბედოს სამხედრო მოქმედებების წამოწყება. თუმცა, თუ რუსეთი გადაწყვეტს, სამხედრო ძალით აღადგინოს იმპერია, ამის აღკვეთა, სამწუხაროდ, ნაკლებად იქნება ჩვენზე დამოკიდებული. ერთი კია, არ უნდა მივცეთ მას პროვოცირების საშუალება. დიდი სიფრთხილე გვმართებს. ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილი ვისხდეთ, პირიქით, უნდა ვიმოქმედოთ თავდაცვისუნარიანობის, საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და ა.შ.

- მას მერე, რაც სკრიპალის სკანდალური საქმის გამო დასავლეთის ქვეყნებმა რუსი დიპლომატების გაძევება გადაწყვიტეს, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა და საქართველოს დატოვება 7 დღეში მოსთხოვა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა დაგვიანებულად შეაფასა, სხვამ უადგილოდ, ზოგიერთის აზრით კი ეს საქართველოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო უნდა გაეკეთებინა.

- არ ვეთანხმები ამ მოსაზრებებს. ვფიქრობ, ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება საჭირო დროს მიიღო. ჩვენ ვერ ვიქნებით ანტირუსული პოლიტიკის ავანგარდში, მაგრამ ვერც გულგრილი დავრჩებით. მას მერე, რაც ვნახეთ დასავლეთის ქვეყნების სოლიდარული მოქმედება, ჩვენც შევუერთდით პროტესტს, რომელიც რუსეთმა დაიმსახურა.

- ბოლო კვირებში აქტიურად განიხილავენ მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებს. ლაპარაკია, რომ შესაძლოა შეიცვალოს პრემიერ-მინისტრიც, რაც გიორგი კვირიკაშვილმა კატეგორიულად უარყო. თუმცა ეს მითქმა-მოთქმა უფრო გააძლიერა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან ზურაბ ალავიძის წასვლამ.

- დღესდღეობით მოსახლეობა "ქართული ოცნების" საქმიანობით ნამდვილად არ არის აღფრთოვანებული, მაგრამ არც მისი მიუღებლობა აქვს. საზოგადოება ნამდვილად არ ფიქრობს, რომ კვირიკაშვილმა ქვეყანა დაღუპა ან რაღაც საშინელებებს აკეთებს. შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის მთავრობისადმი დამოკიდებულება საკმაოდ ნეიტრალურია. შესაბამისად, იმის თქმა, რომ მთავრობა იმიტომ უნდა შეიცვალოს, რომ საზოგადოებაში ანტისახელისუფლებო მუხტი გაჩნდა, ტყუილი იქნება. ამის აუცილებლობას პირადად მეც ვერ ვხედავ.

მაგრამ ერთია საზოგადოების განწყობა და მეორე - პოლიტიკური ელიტა. აქ ორი მხარეა: ერთია ოპოზიცია, მეორე თვითონ "ქართული ოცნება", რომელსაც ძალიან ჭრელი შემადგენლობა აქვს. ოპოზიციას პრემიერის ცვლილებაც არსებითად არაფერს მოუტანს, მაგრამ ამას აუცილებლად გამოიყენებს პიარისთვის და ამიტომაც არის დაინტერესებული ცვლილებით.

მეორე და უფრო მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" შიდა დაჯგუფებები და ის, თუ რა ხდება იქ? დანამდვილებით არ ვიცით, ინარჩუნებს კი კვირიკაშვილი გუნდში ისეთ პოზიციას, რის საფუძველზეც მოახერხებს თანამდებობაზე დარჩენას?

ხელისუფლებაში ძალთა გადანაწილება პოლიტიკური, ბიზნეს- და სხვა ინტერესების მიხედვით ხდება, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, პრობლემებიც ბევრია. ერთიცაა - შესაძლოა უმრავლესობას მართლაც სურს კვირიკაშვილის გადაყენება, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ ერთი პირის დასტური.

კვირიკაშვილის განცხადების მიხედვით, ვფიქრობ, მისი გადაყენება დღის წესრიგში არ დგას და ერთხანს არც გადადგება. უპირველესად იმიტომ, რომ ივანიშვილს ეს ჯერ არ გადაუწყვეტია. რაც შეეხება ალავიძის შეცვლას, ცოტა დაუჯერებელია ამის მიზეზად მისი კერძო სექტორში დაბრუნების სურვილის დასახელება, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადათამაშებას ამ საკადრო ცვლილებაში ვერ ვხედავ.

ნათია დოლიძე