"საკმარისი მიზეზი არსებობს, სამინისტროში ანტიკორუფციული სამსახური შევიდეს" - კვირის პალიტრა

"საკმარისი მიზეზი არსებობს, სამინისტროში ანტიკორუფციული სამსახური შევიდეს"

"ალავიძის ცვლილება არ არის საკმარისი და ვფიქრობ, რომ ახალი მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, როგორც დარგის პოლიტიკური ლიდერის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს თანამდებობიდან სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის ჩამოშორება. მან პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ კითხვას, რაც გზების დეპარტამენტში კორუფციული გარიგებების შესაძლებლობებს უკავშირდება"

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებაა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურა ალავიძეს მთავრობის დატოვებამ მოუწია. ის პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლა. როგორც კულუარებში ამბობენ, სამთავრობო კარუსელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ დატრიალდება და რამდენიმე მოქმედ მინისტრს მოუწევს თანამდებობის დატოვება. ცვლილების მიზეზად პრემიერ-მინისტრმა თავად ზურა ალავიძის თხოვნა დაასახელა - გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, უკვე ყოფილ მინისტრს კერძო სექტორში დაბრუნების სურვილი გაუჩნდა, თუმცა არასამთავრობო სექტორს დიდი ხანია კითხვები აქვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საქმიანობის შესახებ. "აფბას" ანალიტიკოსი შოთა გულბანი აცხადებს, რომ სამინისტროში ანტიკორუფციული სამსახური უნდა შევიდეს და ყველა საეჭვო ფაქტი გამოიძიოს, რაც კონკრეტული კომპანიებისთვის განსაკუთრებული სატენდერო პირობების შექმნის თვალსაზრისით იკვეთება:

- როგორც ჩანს, ზურაბ ალავიძემ, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველმა პირმა, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია უამრავ დარღვევასა და აშკარა კორუფციულ რისკებთან, რომლებიც ჩვენმა ორგანიზაციამ აღმოაჩინა. კერძოდ, ლაპარაკია საავტომობილო გზების დეპარტამენტში დღევანდელი ხელმძღვანელის, გიორგი სეთურიძის თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოჩენილ შესაძლო შეუსაბამობებზე, თანამდებობრივ გულგრილობაზე, გარიგებებზე მშენებელ კომპანიებთან, კორუფციის დაშვების უკიდურესად მაღალ რისკებსა თუ შესრულებული და მიმდინარე პროექტების დაბალ ხარისხზე. როდესაც შენს სამინისტროში ასეთი მდგომარეობაა, ან უნდა დაამყარო წესრიგი, ან დატოვო პოსტი.

- რა კორუფციული დარღვევები აღმოაჩინეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში?

- დიდი ხნის განმავლობაში ვიკვლევდით მსხვილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ყურადღება მიიპყრო სამტრედია-გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთის მე-2 და მე-4 ლოტების განმახორციელებელმა ჩინურმა კომპანიამ, რომელმაც გზები უხარისხოდ დააგო. უფრო კონკრეტულად კი, ჩინური კომპანია "სინოჰიდრო" ტენდერში შედის დაბალი ფასით და იგებს ყველაზე მსხვილბიუჯეტიან საგზაო პროექტს. მშენებლობის დაწყებიდან მალევე მე-2 და მე-4 ლოტებზე, რომელსაც ასევე ჩინური კომპანია "ჩინეთის რკინიგზა 23" აშენებს, შედის ცვლილებები, რომლის თანახმად, გზის საფუძველ გრუნტში ხიმინჯები, რომლებმაც უნდა გაამაგროს ჭაობიანი ადგილები, იცვლება დაბალფასიანი ე.წ. ფითილებით (ფითილებით მშენებლობა სამჯერ ნაკლები ჯდებოდა), თუმცა ეს მექანიზმი საქართველოში ვერ ამართლებს - ჩვენთან გამდინარე წყლებია და საჭიროა ბეტონის ხიმინჯები. ამან განაპირობა გზების დამაკავშირებელი ხიდების ჩაზნექა და მისი წყალში ჩაძირვა. მივიღეთ ცალსახად უარყოფითი შედეგი, რომლის რეკონსტრუქციაზეც თანხები ხელახლა უნდა დაიხარჯოს, ვითომ დაზოგილი თანხები კი სად წავიდა, გაურკვეველია. ამასთან, ცვლილება ისე შევიდა პროექტში და ისე დაიწყო მშენებლობა, რომ არ გაუვლია შემოწმება არც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურში, არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და არც გარემოზე ზემოქმედება შეფასებულა. ამ ყველაფრის ფონზე, ახალი გეოლოგიური კვლევა პროექტის შეცვლის შემდეგ ჩინურ "სინოჰიდროს" ანდვეს, რაც ნიშნავს, რომ მას სრული კარტ-ბლანში ჰქონდა ისე მოერგო კვლევა, როგორც მისთვის იყო უკეთესი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამინისტროში უკვე შევიდა ანტიკორუფციული სამსახური. თუ ეს დარღვევები დადასტურდა, საკმარისია ზურაბ ალავიძის მხოლოდ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენება? ან კიდევ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?

- საკმარისი მიზეზი არსებობს, სამინისტროში ანტიკორუფციული სამსახური შევიდეს. კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მე-2 და მე-4 ლოტების სამშენებლო პროექტში შDეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუმცა მათ არ გაუვლიათ სავალდებულო ექსპერტიზა და ამის მიუხედავად, დეპარტამენტმა არ მიმართა მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ახალი მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით. უფრო კონკრეტულად კი, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ კანონმდებლობით პირველი კატეგორიის საავტომობილო გზა მიეკუთვნება მე-5 კლასის, ანუ განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობათა რიგს. სადავო არ არის, რომ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალი წარმოადგენს პირველი კატეგორიის საავტომობილო გზას. ამ ლოტებზე სამუშაოები უნდა წარმოებ=დეს სათანადო ნებართვის გაცემის შემდეგ, მშენებლობის ნებართვა კი გაიცა იმ საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც დეპარტამენტმა თავდაპირველად შეისყიდა და რომელმაც გაიარა ექსპერტული შემოწმების ყველა სავალდებულო საფეხური, ხოლო შემდგომში დეპარტამენტის ინიციატივით საპროექტო დოკუმენტაციაში შეტანილ ცვლილებებს ექსპერტიზა არ გაუვლია. უფრო მეტიც, ეს ცვლილებები ისე ჩაენაცვლა თავდაპირველ პროექტს, რომ ეს ნებართვის გამცემი ორგანოსთვისაც კი არ უცნობებიათ, რათა გაცემულიყო ახალი მშენებლობის ნებართვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მე-2 და მე-4 ლოტების სამშენებლო დოკუმენტაციაში ცვლილებები შევიდა მთავრობის აქტის მოთხოვნათა უხეში დარღვევით... სამშენებლო სამუშაოების ის ნაწილი, რომლებიც წარმოებს ექსპერტიზაგაუვლელი ცვლილებების შესაბამისად, ფუჭდება და ნადგურდება. იფლანგება დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრები. ამასთანავე, თავდაპირველ პროექტში ცვლილებების მალულად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს გვერდის ავლით და უექსპერტიზოდ შეტანა გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას დამკვეთს, ანუ საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მის კონტრაქტორ ორგანიზაციებს შორის. მით უმეტეს, რომ ცვლილებების შეტანის შემდეგ დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სამშენებლო პროექტის შეცვლის პროცედურებში, ცვლილებების "დამტკიცების შემდეგ სწორედ ზემოხსენებული დეპარტამენტის კონტრაქტორის, ჩინური კომპანია "სინოჰიდროს" მენეჯერად დაინიშნა.

არის თუ არა საკმარისი ეს გარემოებები ანტიკორუფციული სამსახურისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს, თავად განსაჯეთ. ბუნებრივია, სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით ალავიძის შეცვლა არ არის საკმარისი და ვფიქრობ, ახალი მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, როგორც დარგის პოლიტიკური ლიდერის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს თანამდებობიდან სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძის ჩამოშორება. მან პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ კითხვას, რომლებიც გზების დეპარტამენტში კორუფციული გარიგებების შესაძლებლობებს უკავშირდება. ამ სახელმწიფო უწყებაში მხოლოდ მიმდინარე 2018 წელს უნდა გაიაროს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამიზნულმა მილიარდ ლარზე მეტმა. შესაბამისად, თუ სასწრაფოდ არ იქნება წარმოდგენილი, რა ვითარება იყო და რა ვითარება იქნება ამ სამინისტროში, მაშინ ამ პოლიტიკურ ცვლილებას მხოლოდ ფასადური ხასიათი ექნება.

"ხელისუფლება ე.წ. გადაგორების რეჟიმში ცხოვრობს"

ქვეყანაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, კიდევ ვისი შეცვლის აუცილებლობა დგას დღეს მინისტრთა კაბინეტში, "კვირის პალიტრის" კითხვებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პასუხობს:

- მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები აუცილებლად გაგრძელდება. ალავიძის შეცვლა არ იყო ერთჯერადი აქტი, უბრალოდ, როგორც ჩანს, ვიღაცას არ სურს, მინისტრთა კაბინეტის ერთდროული ცვლილებით ქვეყანაში რყევების შთაბეჭდილება მოახდინოს. ფაქტია, რომ დღეს მმართველობითი სისტემის ღრმა კრიზისია და ხელისუფლება ე.წ. გადაგორების რეჟიმში ცხოვრობს...

კვირიკაშვილის განცხადება, "ყვავ-ყორნები ეხვევიან კანცელარიის მეთერთმეტე სართულსო", ასოციაციური აზროვნების კლასიკური ნიმუშია. ალავიძის გაშვება, რომელიც სწორედ კვირიკაშვილის დანიშნული კადრი იყო, მისთვის ცუდი სიმპტომის მანიშნებელი გახლდათ, ამიტომ მისმა ქვეცნობიერმა გამოააშკარავა, რომ ის ახლა დაჭრილი არწივის როლში გრძნობს თავს, რომელსაც ყვავ-ყორნები ეხვევიან. სხვათა შორის, ალავიძის შეცვლა რომ გამოაცხადეს, დეჟავიუ გამიჩნდა - თავის დროზე ღარიბაშვილის კადრი იყო ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი შავლელიშვილი, რომლის საქმიანობის რევიზიისთვის სამინისტროში მიავლინეს ნოდარ ჯავახიშვილი. მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა და ამაზე პასუხისმგებლობის აღებამ ღარიბაშვილს მოუწია. ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომელიც კომპეტენტური კადრია და დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი ნათელი წერტილი იქნება მთავრობაში, აუცილებლად ჩაატარებს ალავიძის საქმიანობის რევიზიას, შემდეგ დასკვნა და დოკუმენტები დაიდება კონკრეტულ მაგიდაზე და თუ მნიშვნელოვანი დარღვევები დადასტურდება, პასუხისმგებლობის აღება კვირიკაშვილს მოუწევს. არ ვამბობ, რომ თავად კვირიკაშვილია კორუმპირებული, მაგრამ რა პროცესებსაც ვადევნებდი თვალს, სხვადასხვა ჯგუფი მისით მანიპულირებს, მისი მეშვეობით "საქმეები კეთდებოდა".

- კიდევ რომელ უწყებებშია აუცილებელი რევიზია?

- ეს გაგრძელდება მანამ, სანამ სისტემური ცვლილებები არ დაიწყება. დღეს ერთადერთი, ვინც ცდილობს რაღაც გააკეთოს, ისიც მისი გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე, კახა კალაძეა. ვერ ვიტყვი, ბევრს ახერხებს-მეთქი, მაგრამ მიზანდასახულია და გრძელვადიანი ამოცანები აქვს. დანარჩენები ამასაც არ აკეთებენ, გამონაკლისს წარმოადგენენ სასჯელაღსრულების, შს და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელები. მთავრობაში ინსტიტუციური წესრიგი რომ აღდგეს, ხელისუფლებაში თანამოაზრეთა გუნდის ფორმირებაა აუცილებელი და სკამები უნდა დატოვონ ინტრიგანობითა და კვანტების დადებით გართულმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს სახელმწიფოზე მაღლა აყენებენ.

რუსუდან შელია