"ჩვენ რუსეთში გამართული კონცერტის გამო მოღალატეები გვეძახეს, ნინო ქათამაძეზე ხმას არავინ იღებს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ რუსეთში გამართული კონცერტის გამო მოღალატეები გვეძახეს, ნინო ქათამაძეზე ხმას არავინ იღებს"

"მსოფლიო გვეუბნება, გაანებეთ რუსეთს თავიო, ამერიკას ეშინია მათი და ჩვენ რა მოგვივიდა?! მე მასწავლის ვინმე რუსეთი რაც არის?! - გათახსირებული, მაიმუნი ხალხია, თავის უფროსებიანად, მაგრამ ჩვენმა ხალხმა რა დაგვიშავა?! რა მოგვიტანა ომმა და დაპირისირებამ?!"

ერთ-ერთი პირველი, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვში გამართული კონცერტის გამო გააკრიტიკეს, ანსამბლი "ერისიონი" გახლდათ. ამის შემდეგ ამ თემაზე კიდევ არაერთი სკანადლი ვნახე, ამ ცოტა ხნის წინ, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა ყველასთვის საყავრელი ნანი ბრეგვაძე, რომელიც სოლოკონცერტის გამართვას გეგმავდა მოსკოვში. საბოლოოდ, ქალაბატონმა ნანიმ კონცერტის ჩატარებაზე უარი თქვა. როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ რუსეთის დედაქალაქში კონცეტი გამართა ნინო ქათამაძემ. გვესაუბრება ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი:

- ძალიანაც კარგი ქნა, თუ არავის დაუგდო ყური და ჩაატარა კონცერტი, მაგრამ ერთი კია: ჩვენ რუსეთში გამართული კონცერტის გამო მოღალატეები გვეძახეს, ნინო ქათამაძეზე ხმას არავინ იღებს, აქედან ჩანს, რომ ვიღაცას ვიღაცის ჯინი სჭირს!.. საქართველო მაგათ არ უყვართ, ვინც ჩვენ ამის გამო გვაკრიტიკებს. მსოფლიო გვეუბნება, გაანებეთ რუსეთს თავიო, ამერიკას ეშინია მათი და ჩვენ რა მოგვივიდა?! მე მასწავლის ვინმე რუსეთი რაც არის?! - გათახსირებული, მაიმუნი ხალხია, თავის უფროსებიანად, მაგრამ ჩვენმა ხალხმა რა დაგვიშავა?! რა მოგვიტანა ომმა და დაპირისპირებამ?! ახლახან, რუსეთის ხანძრის მერე ვიღაც ქალი გამოჩნდა, ქალი კი არა ალქაჯი და რუს ბავშვებზე ამბობს, ყველა რატომ არ ამოწყდნენ, სულ არ უნდა დაიბადონ ეგენიო... ამ დროს ქართველმა ქალმა თავი შესწირა ბავშვების გადასარჩენად იქ ხანძარს. ბავშვია ყველაზე დიდი ღირებულება მსოფლიოში და არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნებისაა.

ნანი ბრეგვაძეს ასწავლიან ვიღაც არაადამიანები საქართველოს სიყვარულს და იმის თქმას უბედავენ ქართველი კი არა რუსი მომღერალი ხარო! ეს არის სპეკულაცია და ნანის დიდი საყვედური უნდა ვუთხრა, საქართველოს მოძულე ხალხს რომ აჰყვა! როგორ არ უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მომღერალს, ცოცხალ ლეგენდას?! სადაც წავიდა, ყველგან ასახელა ჩვენი სამშობლო! ჩემს ლამაზ ნანის ვთხოვ ყურს ნუ დაუგდებს ეგეთ ხალხს!...შენ ის ქალი ხარ, რომელიც ასეთ უსინდისო ადამიანებს არ უნდა აყვე! ძნელია თავის შეკავება, მაგრამ შენ ნანი ბრეგვაძე ხარ! თამარ მეფის საგალობელია, - "ღირსად არ ვარ მე, შენ რო გაქოო"... მასეთმა ხალხმა რომ შეაქოს, არ უნდა მიიღოს ის ქება ნანიმ!

როცა ჩვენს მიმართ აგრესია წამოვიდა, გამოგიტყდებით ძალიან რთულად გადავიტანე. თუმცა საქართველოში რომ დავბრუნდით, აეროპორტში ისეთი შეხვედრა მოგვიწყვეს, ყველაფერი გადაფარა. ნამდვილი გმირები რომ ჩამოდიან, ისეთი შეხვედრა გვქონდა... ჩვენ ნამეტანი ქართველები ვართ, ამას ამჩნევენ და ამიტომ გვებრძვიან! როდესაც "ჩაკრულოს" მღერი კრემლის დარბაზში, ხანჯალს უტრიალებ ცხვირწინ პუტინს და ქართულ დროშას უფრიალებ, ეს არის ქართველობა და ამ დროს მე ვარ მოღალატე და აქ ტყუილად დამჯდარი ადამიანი გმირი?! მე კი არ ვამბობ მტერს გულში უნდა ჩაეხუტო და ეძახო, რა კარგი ბიჭი ხარ-თქო, ხალხი ცხოვრობს იქ და რაც მთავარია ძალიან ბევრი ქართველები... ეს ქართველები ოჯახებს იქედან არჩენენ. ეს ყველას ფეხებზე ჰკიდია! ერთმა ტელეწამყვანმა მკითხა, შენ მართლა უმღერე პუტინსო და ვუთხარი კი პუტინს უკვე ვუმღერე და ახლა მავზოლეუმთან მყავს ხალხი გაჩერებული, ლენინს უნდა ვუმღერო-მეთქი...

ახლა რომ დიპლომატი გააძევეს საქართველოდან, მაგასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა... ერთმა რეჟისორმა დიდად კარგი ფილმი ვერ გადაიღო ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით და როცა ნოდარმა ჰკითხა რატომ იღებდიო, უპასუხა, კანის ფესტივალზე მიმაქვსო... ნოდარმა უთხრა, შენს კანში დაეტიეო... საბოლოოდ ამას ვიტყოდი რომ ჩვენს კანში დავეტიოთ!

იხილეთ ასევე: "საპატივცემულოა იმ ადამიანების პრინციპულობა, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთში წასვლაზე, მაგრამ..."

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)