"ნოღაიდელი არის პოლიტიკური შიდსი" - კვირის პალიტრა

"ნოღაიდელი არის პოლიტიკური შიდსი"

"არავის სჭირდება ე.წ. სტრატეგიული ობიექტები"

"სააკაშვილმა და ჰილარი კლინტონმა საქართველოს დეოკუპაციის საკითხებზე ისაუბრეს"

ოპოზიციის ნაწილმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტით გამოწვეული ხელისუფლების აღფრთოვანება, არ გაიზიარა. მათთვის ჰილარი კლინტონის საქართველოში სტუმრობა "გზად შემოვლა" იყო, რომლისგანაც განსაკუთრებული არაფერია მოსალოდნელი. ამ თემით დავიწყეთ საუბარი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურთან:

- პოლიტიკოსებმა მაღალი დონის ვიზიტები შიდა მოხმარებისათვის არ უნდა გამოვიყენოთ. ეს ვიზიტი სასარგებლო და სასიკეთოა არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის, არამედ საქართველოსთვის. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანმა ახსენა ტერმინი "ოკუპაცია", საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენი მოწინააღმდეგეების შეშფოთების მიზეზი ის არის, რომ სადაც არსებობს ოკუპაცია, იქ უნდა დაიწყოს დეოკუპაციაც.

რუსეთი ცდილობს რუსეთ-საქართველოს ომი ეთნიკურ კონფლიქტად გაასაღოს, მაგრამ მსოფლიომ დაინახა, რომ  საქართველოს კოკოითის ბანდფორმირებები კი არა, რუსეთის ჯარი, ავიაცია და ტანკები ებრძოდნენ. ორი წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ მსოფლიოში ოკუპაციის აღიარება დაეწყოთ. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები აღიარებენ საქართველოს ოკუპაციას, მალევე დადგება დეოკუპაციის საკითხიც. რუსეთი აცხადებს, რომ არ მონაწილეობს ამ კონფლიქტებში და საქართველოს ურჩევს, აფხაზებსა და ოსებს დაელაპარაკეთო. ჩვენ მზად ვართ აფხაზებსა და ოსებთან სალაპარაკოდ.

დაგეგმილია ნეიტრალური პასპორტის შემოღებაც, რომ აფხაზეთის მოქალაქეს საქართველოს სახელმწიფომ მისცეს შესაძლებლობა, წავიდეს სხვა რომელიმე ქვეყანაში. ეს ნდობის აღდგენისაკენ გადადგმული ნაბიჯებია. თუ რუსეთი ამბობს, რომ კონფლიქტის მონაწილე არ არის, უნდა გაიყვანოს შეიარაღებული ფორმირებები ამ ტერიტორიებიდან და მათ ნაცვლად შემოვლენ საერთაშორისო დამკვირვებლები, გარანტები იმისა, რომ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის დიალოგი წარიმართოს.

საქართველოს პრეზიდენტმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ცხადია ისაუბრეს საქართველოს დეოკუპაციის საკითხზეც, მაგრამ ეს მათი პირადი საუბარია და დეტალები არ ვიცი. თუმც აშშ არასოდეს აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლის რეალიზება არ შეუძლია. აშშ ორი წლის განმავლობაში აკეთებდა საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს, მაგრამ არ ჰქონდათ სამოქმედო გეგმა. ახლა კი ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოს თაობაზე ასეთი გეგმა უკვე არსებობს.

რუსეთს მოუწევს არჩევანის გაკეთება. არ შეიძლება თან გადატვირთვის პოლიტიკას ატარებდე აშშ-თან და თან არ წყვეტდე ოკუპაციას მეზობელ ქვეყანაში. მეტიც, პარალელურად აფინანსებდე ჯაშუშურ მისიებს აშშ-ში.

- საქართველოს ხელისუფლებამ გაზსადენის გაყიდვა გადაწყვიტა და დიდი ალბათობით მყიდველი რუსეთი იქნება. რატომ ვასხვისებთ სტრატეგიულ ობიექტს?

- გაზსადენით მხოლოდ რუსეთი არ არის დაინტერესებული. რუსეთის წილი ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ 4-5 პროცენტია.

- სამაგიეროდ ის ფლობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს.

- როგორც უნდა იყოს, ეს არის ქართული ეკონომიკის მეოცედზე ნაკლები. ჩვენი ოპონენტები იმასაც ამბობენ, რუსეთი რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით იყიდის გაზსადენსო. პრივატიზაცია უნდა მოხდეს, არავის სჭირდება ე.წ. სტრატეგიული ობიექტები, რომელთაც სათანადოდ ვერ გამოიყენებ. მთავარი ის არის, რომ საკონტროლო პაკეტები ჩვენს ხელში დარჩება, რათა მეორე მხარეს არ მიეცეს მანიპულირების საშუალება. ამის თაობაზე საგანგებოდ დავუსვით კითხვა პრემიერ-მინისტრს და მან განგვიმარტა, რომ საქართველოს წილი პრივატიზაციისას მინიმუმ 51%-ით იქნება განსაზღვრული.

- ოპოზიცია ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სააკაშვილი ხელისუფლებაში მესამე ვადით, პრემიერის რანგში დარჩება.

- მას შემდეგ, რაც წინა მოწვევის პარლამენტმა გაზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილება, ყველა ოპოზიციური ძალა ამბობდა, რომ  ქვეყნის განსავითარებლად სახელისუფლებო შტოებში ურთიერთკონტროლი უნდა  იყოს. საკონსტიტუციო კომისია ცალკეული პესონალიის განსაზღვრისათვის არ შექმნილა. არ არის სწორი წინასწარ ლაპარაკი, შესაძლოა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგოს და სააკაშვილი პრემიერი გახდესო.

- მაგრამ თავად პრეზიდენტმა გაახმაურა, პრემიერობაზე მიფიქრიაო.

- გამორიცხული არაფერია. მომავალ არჩევნებზე რომელი ძალაც ხალხის მეტ მხარდაჭერას მიიღებს, ის გაიმარჯვებს. არ შეიძლება ეს ერთ პირს მივაბათ. 3 წლით ადრე ამაზე ლაპარაკი პოლიტიკური სიბეცეა.

- რამდენიმე დღის წინ ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი აიყვანეს მძევლად, რათა ჩხარტიშვილისაგან ნოღაიდელის საწინააღმდეგო ჩვენება მიეღოთ.

- ახლა ხომ ინგლისშია ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი? თუ ისინი მძევლად ჰყავდათ აყვანილი, როგორღა მოახერხეს ინგლისში ჩასვლა? თუ ჩხარტიშვილის ბიზნესსაქმიანობაზე იურიდიული მტკიცებულებები არსებობს, ეს უნდა გამოქვეყნდეს და ბრალი ოფიციალურად წაეყენოს.

ალბათ, ნოღაიდელი გულისხმობს, რომ მისი საწინააღმდეგო ჩვენება პოლიტიკური ასპარეზიდან მის ჩამოსაცილებლად სჭირდებოდათ. ნოღაიდელი არის პოლიტიკური შიდსი, მას პოლიტიკური ძალა არა აქვს. მისი პოლიტიკური არსებობა იმაზეა დამყარებული, რომ უკან რუსეთი უდგას. ბაღაფშისა და კოკოითის რანგის პიროვნებები არიან ნოღაიდელი და ბურჯანაძე და მათ მხარს არავინ უჭერს.

ნოღაიდელი პოლიტიკური ინფექცია იმიტომ არის, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მასთან დადგება, რეიტინგს კარგავს. ეს ბევრმა მწარედ გამოცადა საკუთარ თავზე. ამას სხვებზე ადრე მიხვდა ირაკლი ალასანია და მალევე გაემიჯნა ნოღაიდელს, მაგრამ ვხედავთ ეროვნული საბჭოს განულებულ რეიტინგს ნოღაიდელის გამო. ცდილობენ, თავი დააღწიონ ამ ინფექციას და გაიძახიან, ნოღაიდელთან იდეოლოგიური კავშირი არ გვქონიაო.

- გაქვთ ზუსტი ინფორმაცია, რა დანაშაული ჩაიდინა გიორგი დემეტრაძემ?

- დიდი ხანია თბილისი მოიცვა ე.წ. დანაძლევების სისტემამ. ახალგაზრდები ერთმანეთს ფეხბურთის მატჩებზე ენაძლევებიან. რამდენიმე ახალგაზრდამ დიდი ფული წააგო, ზოგიერთის მშობელმა სახლიც გაყიდა, რამდენიმე შემთხვევაში კი ნაძლევი თვითმკვლელობის მიზეზიც გახდა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

თუ ვინმე ფულს არ იხდიდა ინტერნეტის საშუალებით,  სკყპე-ით უკავშირდებოდნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს, რომელთაც საქართველოში აღარ დაედგომებათ და სხვაგან ცხოვრობენ. ისინი წყვეტდნენ, ვისთვის რამდენი უნდა მიეტანათ.

სატელევიზიო ჩანაწერიდან ჩანს, რომ ფულის გამორთმევასა და გადანაწილებაში დემეტრაძეც არის ჩართული. მტკიცებულება არა მაქვს იმისა, რომ ის დამნაშავეა, მაგრამ თუკი მას ბრალეულობა დაუდასტურდება, ის, რომ ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების წევრი იყო, ვერ იქნება დამცავი ფარი, ინდულგენციას ქართული სახელმწიფო ვერავის მისცემს.

- ითქვა, 2008 წელს ვატო ყიფიანი იმიტომ გათავისუფლეს ციხიდან, რომ მისი ძმა დაეხმარა ხელისუფლებას აგვისტოს ომის დროს რუსებთან ურთიერთობის მოგვარებაშიო. მაშინ მისაღები იყო ხელისუფლებისთვის  ავტორიტეტები?

- არ ვიცი ვატო ყიფიანის ძმის როლი ომის დროს, მაგრამ თუ ვინმე რამე კარგს აკეთებს, ეს ვერ დაიცავს მას ან  მისი ოჯახის წევრს, თუკი დანაშაულს ჩაიდენენ. გეხსომებათ რამდენიმე წლის წინ მოჭიდავეების საქმე, რომელიც გამოძალვას ეხებოდა. იმის გამო, რომ ეს პირები მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ, სახელმწიფო ვერ იქნებოდა ლოიალური. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა დემეტრაძე, რომელსაც ბევრჯერ გაუხარებია თავის თამაშით ქართველი საზოგადოება. მაგრამ კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს, - ფეხბურთელიც და ბალერინაც.

- სადღაც წავაწყდი ფოტოს, სადაც ხათუნა გოგორიშვილს თვალებზე აქვს თქვენთვის ხელი აფარებული. ეს შეხვედრის წესად გაქვთ თუ რამე მოხდა მაშინ?

- ათი დღით ვიყავი წასული აშშ-ში, როდესაც ჩამოვედი, ბევრი მეგობარი არ მენახა. ბიუროს ოთახში ჩემთვის ვიჯექი და უცებ ვიღაცამ თვალებზე ხელი ამაფარა. ხათუნას უნდოდა, გამომეცნო,  ვინ ამაფარა ხელი. ვუთხარი, ხათუნა ხარ-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში დარწმუნებული არ ვიყავი, გოგორიშვილი იყო თუ ოჩიაური. გვარი განგებ არ ვთქვი, ამით გამოცნობის შანსი გავზარდე. თურმე გამოვიცანი, ხათუნა გოგორიშვილი ყოფილა.

KvirisPalitra.Ge- კიდევ ერთი ფოტო მინახავს, სადაც თქვენ და დათო ტურაშვილი მანქანაში ხელგადახვეულები მღერით. ამ ფოტოს ისტორიას ვერ გაიხსენებთ?

- მე და დათო კურსელები ვართ. დიდი ვოკალური ნიჭით დაჯილდოებული არც ერთი არა ვართ, მაგრამ ეს გავლენას ვერ ახდენდა ჩვენს სურვილზე, გვემღერა. მე და დათოს აკვიატებული გვქონდა ერთი სიმღერა: "დედას გიტირებ, ვანია, ცხენს ფეხი მომიტეხეო, რაც რომ აქედან წაიღო, მოსკოვში დაიკვეხეო". ასე რომ, ჩვენი ანტირუსული განწყობილება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე პოლიტიკასთან კავშირი გვექნებოდა.

ეს ფოტო 1988 წელს არის გადაღებული. გარეჯისაკენ მივდიოდით. რუსული სამხედრო პოლიგონი ძალიან ახლოს იყო სამონასტრო კომპლექსთან, ავიაფრენები და აფეთქებები ფრესკებს აზიანებდა და ჩვენც, სტუდენტები ამას ვაპროტესტებდით.