"მალაზონიაზე დაყრდნობით გავიდნენ ჩხარტიშვილზე" - კვირის პალიტრა

"მალაზონიაზე დაყრდნობით გავიდნენ ჩხარტიშვილზე"

"სააკაშვილი ამერიკელებს აშანტაჟებს, ან მომეხმარეთ, ან გაზსადენს რუსებს მივცემო"

დავით გამყრელიძე, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი, აცხადებს: "სააკაშვილისთვის ეს ქვეყანა ახირებების ასრულების საშუალებაა. ამ ადამიანისა და მისი ახირებებისაგან უნდა გავთავისუფლდეთ, მაგრამ ისე, რომ უარესი ხელისუფლება არ მოვიდეს, ან სააკაშვილის გაშვების დროს ქვეყანა არ დაგვენგრეს თავზე".

მან ჩვენთან საუბრისას აღიარა, რომ ერთხანს ხელიც კი ჩაიქნია ბრძოლაზე და პოლიტიკიდან წასვლასაც აპირებდა. დღეს რა გეგმა და ამოცანები აქვს დაშლილი "ალიანსის" ყოფილ თანათავმჯდომარეს და რაზე სწყდება გული, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- გული ხომ არ დაგწყდათ, ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე რომ არ მიგიწვიეს?

-   ჰილარი კლინტონის ჩამოსვლა ვალის მოხდას უფრო ჰგავდა, ვიდრე ძლიერ მხარდაჭერას. მიუხედავად ამისა,  მაინც მნიშვნელოვნად მიმაჩნია განცხადება, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა  და იმის დეკლარირების გარდა, რომ ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია, აშშ-ს ბევრად ძლიერი ბერკეტებიც აქვს, მაგრამ ახლა ამერიკისათვის ბევრად პრიორიტეტული საკითხებია რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, ავღანეთი და ირანი.

ამ საკითხების რიცხვში, სამწუხაროდ, საქართველო ვერ ხვდება. სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე რომ არ მიმიწვიეს, საგანგაშოდ სულაც არ მიმაჩნია. ადგილობრივ არჩევნებზე ყველაზე კარგი შედეგი "ალიანსმა" და ქრისტიან-დემოკრატებმა მიიღეს. ამიტომაც, ბუნებრივია, კლინტონი გიორგი თარგამაძესა და ირაკლი ალასანიას შეხვდა.

- გამახსენდა საქართველოში ვიზიტისას პრეზიდენტ ბუშის ნათქვამი თქვენზე, ასეთ ოპოზიციას ვინატრებდიო.

-  რას იზამ, იყო დრო, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს მარტო მე შევხვდი.

- ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ალასანია, რომელსაც აშშ ამჯერად მეტად უჭერს მხარს, მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრედ მოიაზრება?

- მომავალი პრეზიდენტის, პარლამენტისა და უმრავლესობის საკითხი საქართველოში წყდება. თუმც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება მონიტორინგი და ზეწოლა ხელისუფლებაზე, რადგან აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილი  ემზადება მესამე ვადით ხელისუფლებაში დასარჩენად.

- რატომ დაიშალა "ალიანსი საქართველოსათვის", რომელიც, როგორც ცხადდებოდა, არ იყო მხოლოდ საარჩევნო ერთობა?

- არ დავმალავ გულდაწყვეტას "ალიანსის" დაშლის გამო. "ახალმა მემარჯვენეებმა" ყველაფერი გავაკეთეთ ამ პროექტის წარმატებისთვის. მე ვიყავი ინიციატორი "ალიანსში" ერთ პარტიად გაერთიანებისა. მზად ვიყავი, პარტია გამეუქმებინა, მაგრამ ეტყობა, მზად ვერ აღმოვჩნდით "ალიანსის" შესანარჩუნებლად.  უახლოესი მომავალი გამოაჩენს, რომელი პოლიტიკური ძალა იყო "ალიანსში" სუსტი და რა პოზიციას დავიჭერთ "ახლები".

"ალიანსს" ებრძოდა როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. ყველა მხრიდან უგებდნენ ხაფანგს, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა შეცდომები (მაგალითად, სვლა ნოღაიდელისკენ, რამაც ძალზე დააზარალა "ალიანსი") "ალიანსს" ჰქონდა შანსი, ყოფილიყო ხელისუფლების ალტერნატივა.

- ითქვა, რომ ერთხანს პოლიტიკიდან წასვლასაც აპირებდით.

- პირველად თქვენთან ვიტყვი: რევოლუციის შემდეგ დეპრესია მომეძალა და ვთქვი, აქვს კი აზრი უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმას-მეთქი, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა (თანაგუნდელებმა) და ოჯახის წევრებმა მითხრეს, სწორედ ახლა არის ბრძოლა საჭირო სიმართლისთვისო. ჩვენ ურთულესი პერიოდები გამოვიარეთ: იყო მარცხიც, უიმედობაც, უმცირესობაში აღმოჩენაც (როდესაც ყველა ოქრუაშვილის ირგვლივ გაერთიანდა), მაგრამ არც მაშინ ჩამიქნევია ხელი, როდესაც "ალიანსი" დაიშალა.

- ბრძოლის რაიმე ახალი ფორმა თუ მოძებნეთ?

- მშვიდობიანი ბრძოლის ყველა გზა მოვსინჯე და ვერავინ იტყვის, რომ "ახლები" თეთრი ხელთათმანებით ვიბრძოდით. ვიშიმშილეთ, არც რკინიგზაზე გასვლა ვითაკილეთ და ქუჩის აქციებშიც მაშინ ვმონაწილეობდით, როდესაც გამოსვლას ვერავინ ბედავდა, მაგრამ პოლიტიკოსი მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ ვერ იმოქმედებს, ის ვალდებულია ხალხის სურვილებს გამოეხმაუროს და არ ამოვარდეს კალაპოტიდან. დღეს საზოგადოების ძირითადი ნაწილი ზომიერ, ევოლუციურ, მშვიდობიან ცვლილებებს ითხოვს. რადიკალურ ქმედებებს აღარ იწონებენ.

- ლაპარაკია ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობით ახალი ალიანსის შექმნაზე.

- არ შევალ ალიანსში იმ პირებთან, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში შემოქმედნი იყვნენ ყველა იმ ბოროტებისა, რის გამოც ხალხი ასეთ მდგომარეობაშია. ირაკლი ოქრუაშვილია იმ აგრესიული კონფრონტაციული პოლიტიკის შემოქმედი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ წამოიწყო რუსეთთან. 2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილი არ შევარდა ცხინვალში? მაშინ ძლივს გადავურჩით ომს. არ ვერჩი ამ ხალხს, გაერთიანდნენ და გამოუცხადონ გადამწყვეტი ბრძოლა სააკაშვილს.

- თქვენი აზრით, ადგილობრივ არჩევნებს დაპატიმრებათა სერია რატომ მოჰყვა?

- ხელისუფლებას ახლა აქვს დრო ანგარიშსწორებისათვის, როდესაც ოპოზიცია მოდუნებული და დასუსტებულია, საზოგადოება შეგუებულია თავის მდგომარეობას და მთავარი - ხელისუფლებას აქვს მაქსიმალური ლეგიტიმაცია. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება შეეცდება ხელში ჩაიგდოს ყველა ბიზნესი, მოიცილოს პოლიტიკური ოპონენტები.

მაქვს ინფორმაცია (და მტკიცებულებების მოძიებას ვცდილობ), რომ ვანო ჩხარტიშვილს აიძულებდნენ მიეცა ჩვენება, ვითომ ქრთამი მისცა ზურაბ ნოღაიდელს. ამისათვის დაიჭირეს გენო მალაზონია და მიაცემინეს ჩვენება, რომ თითქოს მან იცის, ნოღაიდელს რომ მისცეს ქრთამი. მალაზონიაზე დაყრდნობით გავიდნენ ჩხარტიშვილზე, მაგრამ მან უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. ამიტომაც დადგა არჩევანის წინაშე: ან სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა ქვეყანა, ან დააპატიმრებდნენ.

როდესაც ჩხარტიშვილმა ქვეყანა დატოვა, მისი ქალიშვილი, ცოლი და შვილიშვილი ჰყავდათ მძევლად. როგორც ვიცი, იმის გამო, რომ ნოღაიდელზე ჩვენება არ მისცა და ქვეყნიდან წავიდა, ვანო ჩხარტიშვილი დააჯარიმეს, 20 მილიონი უნდა გადაიხადოო. ახლა მიდის მასთან ამ საკითხზე მოლაპარაკება. თუ არ გადაიხდის, ძებნას გამოაცხადებენ და დაუყადაღებენ ქონებას.

ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაეხსნა და შანტაჟზე გადავიდა. ამის დადასტურებაა თუნდაც  გაზსადენის გაყიდვის შეზღუდვის მოხსნა. ეს ძალიან დიდი ავანტიურაა. ჩემი აზრით, სააკაშვილი ამერიკელებს აშანტაჟებს, ან მომეხმარეთ, ან გაზსადენს რუსებს მივცემო. ამ გაზსადენის მყიდველი რუსეთის მეტი არავინ არის. მას სურს, თავისი გაზმომარაგების ინფრასტრუქტურა ირანს მიუერთოს, რითაც საკუთარ ინტერესებს დაიკმაყოფილებს რეგიონში.

თუ რუსეთი მზად არის გაზსადენის სანაცვლოდ ტერიტორიები დაგვიბრუნოს, ეს საჯაროდ უნდა თქვან და იქნებ მეც მხარი დავუჭირო. სააკაშვილი კონსტიტუციის გადაკეთებისთვის ემზადება. თუ ის მართლაც პრემიერ-მინისტრი გახდა, გარწმუნებთ, მთავრობის სასახლე პრეზიდენტის დღევანდელ რეზიდენციაში გადავა, სიმბოლურად არჩეულ პრეზიდენტს კი სხვაგან გადააგდებენ. ამიტომაც პოლიტიკურ პარტიებს დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ სამშობლო სააკაშვილს  არ დავანგრევინოთ.