SOS! მსოფლიო მედიის თანამეგობრობას - კვირის პალიტრა

SOS! მსოფლიო მედიის თანამეგობრობას

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (ბელგია, ბრიუსელი)

ჟურნალისტთა საერთაშორისო კონფედერაცია (რუსეთი, მოსკოვი)

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (ავსტრია, ვენა)

საერთაშორისო ცენტრი უცხოელი ჟურნალისტებისთვის (ვაშინგტონი, აშშ)

მასმედიაში მომუშავე ქალთა საერთაშორისო ფონდი (ვაშინგტონი, აშშ)

პრესის მსოფლიო ინსტიტუტი (აშშ)

გაზეთების საერთაშორისო ფედერაცია (საფრანგეთი, პარიზი)

პრესის თავისუფლების მსოფლიო კომიტეტი (აშშ)

პროფესიონალ ჟურნალისტთა საზოგადოება (აშშ)

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი (აშშ, ნიუ-იორკი)

რეპორტიორები საზღვრების გარეშე (საფრანგეთი, პარიზი)

სულ 130-ზე მეტი საერთაშორისო მედია-ადრესატი

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ხელმძღვანელის და ორენოვანი ყოველკვირეული გაზეთის "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებლის, გამომცემლის და მთავარი რედაქტორის ნანა გაგუას ღია წერილი კოლეგებს!

თბილისი. საქართველო

"როცა აისბერგი ოკეანეში მწვანეა" მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო!

ნება მიბოძეთ, თავს უფლება მივცე და თქვენი ყურადღება მივაპყრო საქართველოში, თბილისში მცხოვრები ერთი ჟურნალისტური ოჯახის მეტად დრამატულ ვითარებას. მე, ნანა გაგუა, ჩემს მეუღლესთან, მალხაზ გულაშვილთან ერთად გახლავართ ორენოვანი გაზეთის (ქართულ-ინგლისური) "ჯორჯიან თაიმსის" მფლობელი და გამომცემელი. თავად მე კი, ამავდროულად გაზეთის მთავარი რედაქტორიც გახლავართ. ჰოლდინგში სამენოვანი (ქართულ-რუსულ-ინგლისური) საიტიც ფუნქციონირებს.

მოგახსენებთ, რომ გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი" 1993 წლიდან გამოდის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს გაზეთს მუდმივად, დაარსების დღიდან დღემდე უჭირავს ოპოზიციური ნიშა, ბუნებრივია, ხშირად მოვხვედრილვართ სხვადასხვა პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ბატალიების ეპიცენტრში.

პოლიტიკა, ანალიზი, პროგნოზი, სოციალური საკითხები, მძაფრი ინტერვიუები, ჟურნალისტური გამოძიება... ეს ძირითადი თემატიკაა, რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი" აშუქებს. გაზეთმა ფუნქციონირება პოსტგამსახურდიას (საქართველოს პირველი პრეზიდენტი) პერიოდიდან დაიწყო. შემდეგ იყო პრეზიდენტი  შევარდნაძე, დღეს კი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართავს.

თქვენ, როგორც მედიაპროფესიონალებს კარგად გესმით, რომ ამ პროცესებს ხშირად თან სდევს შეცდომებიც, რადიკალიზმიც და გაუთვალისწინებელი ნაბიჯებიც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სამთავრობო ეშელონებში აზრთა სხვადასხვაობას ხშირად ეწირება დემოკრატიული პრინციპები, უმთავრესი ღირებულებები, ადამიანური უფლებები.

მოკლედ, ჩვენ, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებლებს, მე - ნანა გაგუას და მალხაზ გულაშვილს (თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს მცირეწლოვან ვაჟებსაც კი) წლებია, "ექსტრემალური" დღის რეჟიმით გვიწევს ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჟურნალისტური ოჯახი სრულიად იზიარებს საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსს, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აირჩია, პირადად ჩვენ ვრჩებით ტრადიციების და ეროვნული ღირებულებების თაყვანისმცემლებად.

ჩემი მეუღლე, მალხაზ გულაშვილი და ჩემი მე-11 კლასელი ვაჟი დავით გულაშვილი, არ გაგიკვირდეთ და ამჯერად საქართველოდან დევნილის სტატუსით რუსეთში იმყოფებიან.

თუმცა, ხაზს ვუსვამ, არა საკუთარი ნება-სურვილით! მოვლენები ბოლო ორი თვის განმავლობაში იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ პირადად მე, როგორც "ჯორჯიან თაიმსის" მთავარ რედაქტორს არათუ თქვენთვის წერილის მოწერა ამ საკითხზე, სარედაქციო სვეტის დაწერაც კი გამიჭირდებოდა და თავს დამწყებ ჟურნალისტად ჩავთვლიდი.

საკმაოდ მოღონიერებულმა, გარკვეულმა ანტიეროვნულმა ძალებმა ჩემს მეუღლეს, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, მალხაზ გულაშვილს, ჩემს კოლეგასა და თანამებრძოლს ბევრი რამ არ  "აპატიეს": მრავალწლიანი ოპოზიციური გაზეთის, "ჯორჯიან თაიმსის" მფლობელობა, სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი აზროვნება, შეხვედრები მსოფლიოს ცნობილ ჟურნალისტებთან, პოლიტიკურ მოღვაწეებთან, ქვეყნის პრეზიდენტებთანაც კი, განსაკუთრებით,  რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრა. სცენაზე საჯაროდ რუსეთის პირველ პირთან ხელის ჩამორთმევამ გარკვეულ წრეებში სრული შოკი გამოიწვია და თვეების განმავლობაში ეს ფაქტი სამთავრობო ტელევიზიების სიუჟეტების ტოპ-ნიუსად რჩებოდა.

არ აპატიეს ასევე პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობა, საკუთარი რელიგიური მრწამსისა და ფასეულობების თავგამოდებით დაცვა. მალხაზისკენ მიმართულმა ვექტორებმა ჩემსა და ჩემს მცირეწლოვან შვილებისკენაც გადმოინაცვლა. ინტენსიურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი ჩვენი ოჯახის წევრებზე.

ხორციელდებოდა მუქარის ზარები, რომელიც დაფიქსირებულია პოლიციაში, ამჟამად მამასთან ერთად დევნილობაში მყოფი დავითი სამჯერ აღმოჩნდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დარტყმის ქვეშ (ფაქტი ჰქონდა ავარიას, "შეხვედრას" გაურკვეველ პოლიციელებთან). ჩვენ ეს ფაქტები რამდენიმეჯერ გავახმოვანეთ კიდეც, თუმცა ამაოდ, - რეაგირება ნული. იყო პერიოდი, "ჯორჯიან თაიმსი" პროტესტის ნიშნად გაჩერდა კიდეც და ერთთვიანი "მდუმარე აქცია" გამოაცხადა. რეაგირება - კვლავ ნული.

აქვე აღვნიშნავ, რომ ამას თან ერთვოდა ე.წ "სამთავრობო" ტელეარხების მხრიდან მუდმივი ცილისმწამება, ღირსებისა და პატივისცემის შემლახველი სიუჟეტები, რაც ეძღვნებოდა ჩემს მეუღლეს და ამტკიცებდა, "რომ აისბერგი ოკეანეში მწვანეა". ინტენსიურად "მუშაობდა" ესოდენ პოპულარული Fაცებოოკ-ი, რომელსაც, ცხადია, ჩვენს ოჯახშიც მოიხმარდნენ. დამოუკიდებელ ყოველკვირეულ ოპოზიციურ გაზეთ "ჯორჯიან თაიმსს" ხმამაღლა მოლაპარაკე სახელისუფლებო ტელეარხებთან არათანაბარ წონით კატეგორიაში ჭიდილი უწევდა.

ძვირფასო კოლეგებო! აქვე აღვნიშნავ, რომ გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი" დღიდან დაარსებისა არსებობს მხოლოდ ტირაჟისა და რეკლამის შემოსავლებით. გარკვეული პრინციპების გამო, მე და ჩემი მეუღლე, ანუ გაზეთის დამფუძნებლები, უარს ვამბობდით გრანტებსა და სხვადასხვა ინვესტიციაზე. მიუხედავად ამისა, მეც და ჩემი მეუღლეც ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის ჯილდოს - "ოქროს ფრთის" სხვადასხვა წლის ლაურეატები გახლავართ. იხსნებოდა და იხურებოდა "სამთავრობო" ტელეარხები, "ჯორჯიან თაიმსი" კი არსებობდა.

ჩვენ ვარსებობთ დღესაც! მე და ჩემს ჟურნალისტურ გუნდს გვიწევს მუშაობა ურთულეს ფსიქოლოგიურ სიტუაციაში. არ ვიცით, რა იქნება ხვალ, ვიცით, მხოლოდ ის, რომ ორშაბათს ახალი ნომერი უნდა დაიბეჭდოს. პირადად მე, გაზეთის მთავარ რედაქტორ ნანა გაგუას, უფლება არ მაქვს ვიფიქრო, რომ ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა შვილი პატიმრობისთვის განწირულნი არიან, მათ 2-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.  ყოველივე ზემოთ მონათხრობიდან გამომდინარე, მალხაზ გულაშვილი იძულებული გახდა(!) სასწრაფოდ განერიდებინა თავისი მცირეწლოვანი შვილი ქალაქიდან. მშობლების, ანუ ჩვენი საქმიანობის გამო, ჩვენი შვილი მუდმივად იმყოფებოდა "იდეოლოგიურ ბრძოლაში" იმ მავნე ქვეძალებთან, რომლებიც საკუთარი ამბიციების გამო სახელმწიფო იმიჯს არად დაგიდევენ.

ევროკონვენციის თანახმად, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, იძლევა უფლებას, თავის გადარჩენის მიზნით მიმართო ყველა შესაძლო ხერხს, მამა რთულ გზას გაუდგა და იძულებული გახდა გვიან ღამით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის - ცხინვალის გავლით, უახლოეს ქვეყანაში, რუსეთში გადასულიყო და შემდეგ შვილიც გადაეყვანა, რაც გარკვეულმა ძალებმა დანაშაულად ჩაუთვალეს და ჩვენი ჟურნალისტური ოჯახის წინააღმდეგ "ექსკლუზიური" კანონი აამოქმედეს.

დღეს ჩემი ქმარი და შვილი იდევნებიან საზღვრის უკანონო ჯგუფური დარღვევის გამო, იმ საზღვრის, რომელიც არ არის დადგენილი და არც საქართველოს სასაზღვრო რეჟიმი არ ხორციელდება. თბილისში კი ბედის ანაბარად დავრჩით მე და ჩემი 15 წლის შვილი არჩილი და თავს სრულიად დაუცველად ვგრძნობთ.

ნება მომეცით, ეს წერილი გამოგიგზავნოთ რუბრიკით "SOS!"

ველი თქვენს თანადგომას და იმედი მაქვს, რომ თქვენი დემოკრატიული ქვეყნები მიუთითებენ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას, რომ შუაზე არ გადატეხონ ადამიანების ბედი, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე და პატარა შვილი თავისუფალი აზრის მატარებლები და უსაზღვრო პატრიოტები არიან!

ველით თქვენს თანადგომას, გამოხმაურებას, კოლეგიალობას, რათა სამართლებრივი გზით დავიბრუნო სამშობლოში ჩემი ოჯახის უძვირფასესი წევრები - მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი.

დიდი იმედითა და პატივისცემით მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის"

დამფუძნებელი და გაზეთის

მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა