აზროვნების დამპყრობელი "ი არმია" - კვირის პალიტრა

აზროვნების დამპყრობელი "ი არმია"

რა წერია სუს-ის ანგარიშში

"თბილისთან ახლოს ფუნქციონირებს მედრესეები, სადაც ზრდიან შაჰიდებს და ახალგაზრდებს ამას დაუფარავად ასწავლიან. ჩვენ რას ვაკეთებთ?"

საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს 2017 წლის ანგარიშს, რომელშიც ქვეყნის მთავარ საფრთხედ დასახელებულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფნა. დოკუმენტში ნახსენებია არჩილ ტატუნაშვილის საქმეც, აღნიშნულია, რომ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებას. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების არაერთი ცდა, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა, ე.წ. ლობისტური ჯგუფები, პოლიტიკური გაერთიანებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფონდები, მოახერხონ ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტებით მანიპულირება. ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც - სუს-ის ანგარიშში საუბარია"ჰიბრიდულ ომზეც. სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ამოცანების შესასრულებლად კვლავ აქტიურად იყენებენ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას - პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ-პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით სასურველი შედეგის მიღწევას ცდილობენ.

რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წინააღმდეგ? როგორ უნდა ავიცილოთ პოლიტიკურ სპექტრზე მათი გავლენა და რას უპირისპირებს სახელმწიფო გავლენის ქვეშ მოქცეულ დესტრუქციულ საზოგადოებრივ ჯგუფებს? "კვირის პალიტრა" "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის" დამფუძნებელს, ნოდარ ხარშილაძეს ესაუბრა:

- უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები აქტიურად რომ ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე, ყველამ ვიცით და მისასალმებელია, რომ ამის შესახებ სუს-ის ანგარიშშიც აღინიშნა. ამ მხრივ მთავარი საფრთხეა რუსული სპეცსამსახურები, რომლებიც ყველა პლატფორმის გამოყენებით ცდილობენ ანტიდასავლური გზავნილებისა და განწყობის გაძლიერებას საზოგადოებაში, საკუთარი მიზნების მიღწევას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსული სპეცსამსახურების მოქმედებები სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, რაც ასევე მათი სტრატეგიის მთავარი ნაწილია, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აშკარად დადიან მოსკოვში, ღიად გამოხატავენ რუსეთისადმი სიმპათიებს. ასეთივე სქემა აქვს ზოგიერთ ე.წ. საზოგადოებრივ ორგანიზაციასაც. ანუ ქვეყნის ინტერესებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს როგორც საჯაროდ და გაცხადებულად, ასევე - ფარულად.

რა თქმა უნდა, რუსული სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელია პოპულისტური მოწოდებები, განცხადებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ქართველის გრძნობებზე, კერძოდ, რომ უცხოელები გვართმევენ მიწასა და ქართველობას, ქვეყანაში ქართველებისთვის ადგილი აღარ დარჩა, რომ არაბებმა ჩაგვანაცვლეს და ა.შ. რაც რეალურ საფრთხესთან დაკავშირებული არ არის და მხოლოდ რუსული ნარატივის კომპონენტია. რა თქმა უნდა, რუსეთის სასარგებლოდ უფრო ფარულ გზავნილებსაც გაიგონებთ და ხშირად ამაში ჩართული არიან პირები თუ ორგანიზაციები, რომლებიც მკაფიო პრორუსულ განწყობას არ ავლენენ, თუმცა ქვეტექსტებით სწორედ რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობენ და ამის შესახებ სუს-ს დეტალური ინფორმაცია უნდა გააჩნდეს.

- ფაქტია, სუს-ს ინფორმაცია აქვს, თუმცა რა ბერკეტი აქვს მას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მოქმედების შესაჩერებლად, განსაკუთრებით - პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში?

- პირველ ეტაპზე, ჩამოსაყალიბებელია ეროვნული ხედვა - რა არის ჩვენთვის უსაფრთხოება, როგორ მივაღწიოთ მას. შემდეგ უნდა გაანალიზდეს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, სად გვაქვს განსაკუთრებით პრობლემა და როგორ ვიმოქმედოთ ჩვენი ფასეულობების დასაცავად. ამის შემდეგ ეს საკითხი უნდა დავამუშაოთ უცხოელ კოლეგებთან, რომლებსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ რუსული ჰიბრიდული ომის"წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამ შიდა თუ გარე ანალიზის საფუძველზე უნდა შევიმუშაოთ ახალი უსაფრთხოების პოლიტიკის პრინციპები და განვსაზღვროთ, ვის რა როლი დაეკისრება ამ პოლიტიკის განხორციელებაში.

სამწუხაროდ, ინფორმაციული ომის ტექნოლოგიები თუ ფორმები სულ უფრო და უფრო იხვეწება და მას თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებული ძალები აქტიურად იყენებენ. სხვათა შორის,

ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა კიდეც, რომ შექმნილია ე.წ. ი - არმია, ანუ ინფორმაციული ჯარი, რომელიც ცდილობს, დაიპყროს მისთვის საინტერესო ერის აზროვნება და მიზნები. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით წინ წავიწიეთ - ჩვენი მიდგომა და მექანიზმები ისევ კონსერვატიულია და მხოლოდ გაწერილი პროცედურების მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

სუს-ის ანგარიშიც მოწმობს, რომ უსაფრთხოების სისტემების განახლება აუცილებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამაში არა მხოლოდ სუს-ი, არამედ საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - სუს-ის ანგარიში მოწმობს, რომ პრობლემა მწვავედ დგას და ეს ვითარება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხვალინდელ დღეს უქმნის საფრთხეს. რაც დღეს ქვეყანაში ხდება, კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ სურთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს სახელმწიფოს გადაყვანა სტრატეგიული მიზნებიდან საკუთარი ინტერესების რელსებზე. სხვათა შორის, მხოლოდ რუსეთს არ ვგულისხმობ. ანგარიშში ნახსენებ ქვეყნებში უნდა მოვიაზროთ როგორც ჩვენი მეზობლები, ისე - ოდნავ მოშორებით მდებარე სახელმწიფოები. ფაქტია, რომ

ჩვენს ტერიტორიაზე რამდენიმე ქვეყანა გავლენისთვის ერთმანეთს ებრძვის და ეს კარგად ჩანს თუნდაც ქვემო ქართლში შექმნილი ვითარების მაგალითზე, სადაც მუსლიმანური სახელმწიფოები გავლენისთვის აშკარად იბრძვიან.

რეალური საფრთხე კი ქვეყნისთვის მას შემდეგ გახდება პრობლემა, როცა ამ ბრძოლაში ერთი რომელიმე ქვეყანა გაიმარჯვებს. სანამ ისინი გავლენისთვის ერთმანეთს ებრძვიან, ქვემო ქართლში ვითარების ესკალაცია გამორიცხულია. სამწუხაროდ, იგივე ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზოგან - შედარებით ნაკლები აგრესიით, ზოგან კი - ხისტი მოქმედებით.

- სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახური რომ საზოგადოებაზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, გასაგებია, მაგრამ მთავარი საფრთხე, ალბათ, ის არის, რამდენად არიან ამ პროცესში ჩართული გადაწყვეტილების მიმღები პირები, პოლიტიკური სპექტრი.

- რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც აშკარად თუ ფარულად ცდილობენ რუსული თუ სხვა ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გატარებას. შესაძლოა, სუს-ის ანგარიში ვიღაცისთვის ზოგადია, მაგრამ მასში კარგად იკითხება უწყების სურვილი, ხალხმა და სახელმწიფომ გააცნობიეროს პრობლემის სიღრმე, გაიგოს, რამდენად მძიმე ვითარებაში ვართ, რაც ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება.

სპეცსამსახურების ამოცანა არ გახლავთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, მათი ამოცანაა პრობლემის შეფასება და ანალიზის მიწოდება ხელისუფლებისთვის, თუ რა უნდა გაკეთდეს, აქ კი პოლიტიკური ნებაა საჭირო, რადგან სპეცსამსახურების აქტიურობითა და რეპრესიებით პრობლემები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, პრობლემა კი პრობლემად დარჩება. კერძოდ,

პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროექტების, სოციალური და საინფორმაციო ხასიათის კამპანიების დასაგეგმად. მაგალითად, როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საზოგადოებას მთავარ საკამათო საკითხად წარმოუჩენენ განსაკუთრებული ტიპის ქორწინების დაკანონებას და ვიღაცები უშინაარსოდ ყვირიან, რომ ქართველობას გვართმევენ, უნდა გვესმოდეს, რა მიზანია ყველა ამ ლოზუნგის უკან.

- ამ ტიპის ლოზუნგებით გამორჩეული ე.წ. საზოგადოებრივი ჯგუფების წევრები ცოტა ხნის წინ დააკავეს კიდეც, თუმცა რამდენად სერიოზულ საფრთხეს ქმნიან ისინი ქვეყანაში ესკალაციის პროვოცირებისთვის?

- ერთი რამ უნდა გვესმოდეს - რუსეთის ინტერესი ყოველთვის ზედაპირზე დევს, რადგან ის იმპერიული ფსიქოლოგიის ქვეყანაა, რომლის მოქმედების ტაქტიკაც ყოველთვის უხეშია. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის სპეცსამსახურებს ურჩევნიათ, გამოიყენონ ტანკი, ვიდრე რთულ ფსიქოლოგიურ ამოცანებში ჩაერთონ. სხვები საზოგადოებაში საკუთარი ინტერესების გასატარებლად აქტიურად იყენებენ სხვადასხვა მექანიზმს, რის წინააღმდეგ როგორც ჩვენს საზოგადოებას, ისე - სახელმწიფოს სამოქმედო გეგმა არ გააჩნია.

კერძოდ, თბილისთან ახლოს ფუნქციონირებს მედრესეები, სადაც ზრდიან შაჰიდებს და ახალგაზრდებს ამას დაუფარავად ასწავლიან. ჩვენ რას ვაკეთებთ? არაფერს. საქართველოს არა აქვს ქვეყნის განვითარების სტრატეგია, ეროვნული იდეა და ამას დამატებული ლიბერალური კანონმდებლობა სპეცსამსახურებს მოქმედებას უმარტივებს. სწორედ ეს გახლავთ მთავარი პრობლემა.

რაც უნდა ბევრი სახელმწიფოს ინტერესი იკვეთებოდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს სტრატეგიული გეგმა, რომ მათმა ინტერესებმა ჩვენი არ გადაწონოს.

რუსუდან შელია