პარლამენტია თუ ნინიას ბაღი?!
პარლამენტია თუ ნინიას ბაღი?!
პარლამენტია თუ "ნინიას ბაღი?"- რას გაიგებ, როდესაც ხალხის რჩეული დეპუტატები დილით ერთ პოზიციას გამოხატავენ, ნაშუადღევს რადიკალურად განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ, საღამოს კი ამ გადაწყვეტილების გამო ბოდიშს იხდიან. იმან, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურის დამტკიცებას მოჰყვა, მმართველი გუნდი დააბნია. 55 მომხრე და 12 წინააღმდეგი - ასე გაამწესა პარლამენტმა "ევროპული საქართველოს" კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში, სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილ იზაბელა ოსიპოვას კი მხარი 93 ხმით დაუჭირა...

ნინია კაკაბაძის კანდიდატურისთვის ხმის მიცემამდე მმართველი გუნდი ამტკიცებდა, რომ საზ­ოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მისი საქმიანობა ტენდენციური იქნებოდა, თუმცა­ განსხვავებული აღმოჩნდა კენჭისყრის შედეგები, რაც გედევან ფოფხაძემ გააპროტესტა და უმრავ­ლ­ესობის დატოვების სურვილი გამოთქვა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვიტა ბორჯომის მა­ჟ­ორიტარმა დეპუტატმა. კენჭ­ისყრის შემდეგ ბორჯომს მიაშურა და მედიასთან საუბარზე
უარს აცხადებს... უფრო პარადოქსული აღმო­ჩ­ნდა ფოფხაძის კოლეგების საქც­იელი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და უმრავლესობის დეპუტატი თამაზ ნავერიანი,­ რომლებმაც კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს, ახლა საზოგადოებას მიტევებას სთხოვენ. მარიამ ჯაშმა "ფეისბუკით" გაავრცელა განცხადება: "პატიებას ვთხოვ საზოგადოებას, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით".

რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?­ "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაზა ხუციშვილს­ ესაუბრა, რომელმაც ასევე დაუჭირა მხარი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას.
- საპარლამენტო უმცირესობას უფლება აქვს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში საკუთარი კვოტით წარადგინოს კანდიდ­ატი. როდესაც ხმა მივეცი, კაკაბაძეს კი არ დავუჭირე მხარი, საპარლამენტო უმცირესობის არჩევანის მიმართ პატივისცემა გამოვხატე.

- რამდენად მისაღებია თქვენთვის ფოფხაძის პოზიცია, რომ, მისივე თქმით, პარლამენტს პატრიარქის მაგინებელი კანდიდატისთვის მხარი არ უნდა დაეჭირა?

- ბუნებრივია, რომ პარლამენტში განსხვავებული მოსაზრებები გაჩნდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია "ქართული ოცნ­ების" თავმჯდომარემაც კი განს­ხვავებული პოზიციები გამოხატეს, თუმცა მიუღებელია ამ საკითხის რელიგიურ გრძნო­ბებთან გაიგივება. პატრიარქს საზოგადოების უდიდესი ნაწილი­ უჭერს მხარს და ვინც მას აკრიტიკებს, საკუთარ თავს აყენებს ზიანს.

- ამბობთ, რომ ნინია კაკაბაძეს­ კი არ დაუჭირეთ მხარი, ოპოზიციის პოზიცია გაითვალისწინეთ, მარიამ ჯაში კი ბოდიშს იხდის...

- უნდა მივეჩვიოთ განსხვავებულ აზრს, მით უფრო, რომ არსებობენ ათეისტები და ამ ნიშნით­ ვინმეს დაწუნება, არა მგონია, სწორი იყოს. ისიც არ იქნება მართებული, საზოგადოებრივ მაუწყებელში ერთი პარტიის მოწონებ­ული სამეურვეო საბჭო გვყავდეს.­ ამიტომაც ვთქვი, რომ ოპოზიციის კანდიდატს პატივს ვცემ. ვფიქრობ, ჩემი ნაბიჯი სწორია, სხვების ნაცვლად კი ვერ ვილაპარაკებ.

- ფოფხაძე რჩება გუნდში?

- მან გულწრფელი პროტესტი გამოთქვა, თუმცა ეს განცხადება ნაჩქარევი იყო. მასთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რომ უმრავლესობიდან არ წავიდეს.
ზაზა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: - ოპოზიციას საკუთარი კვოტები­ აქვს, მაგრამ მოდი, ასე დავ­სვათ შეკითხვა: არიან კი ისინი ოპოზიციის წარმომადგენლები? ადამიანები, რომლებიც დემაგოგიით ცდილობენ, თავისი გაიტანონ? საკითხავია, ეს ადამიანები პარლამენტში უნდა ისხდნენ, თუ მათ გამოძიება უნდა ჰკითხავდეს არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით.
თავდაპირველად ნინია კაკაბაძის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ხომ შეეძლო ოპოზიციას, შეეცვალა კანდიდატ­ურა? ეს არ გააკეთეს და რატ­ომღაც, მეორე კენჭისყრაზე კაკაბაძემ მხარდაჭერა მოიპოვა.

- რა შეიცვალა კენჭისყრიდან კენჭისყრამდე?

- არ ვიცი. მე არც სახალხო დამცველისთვის მიმიცია ხმა. ეს ქალბატონი აცხადებს, ერთსქეს­იანთა ქორწინება დავაკანონოთო. პასუხი აგონ ასეთ ადამიან­ებზე და მათ განცხადებებზე იმ პოლიტიკოსებმა, ვინც ასეთი სახალხო დამცველის არჩევას დაუჭირეს მხარი.

- ფოფხაძე უმრავლესობის დატოვებას აპირებს. გუნდში ჯგუფებად დაყოფის პროცესი დაიწყო?

- ფოფხაძე ისეთი მაღალი ღირებულებების ადამიანია, რომ მის აზრს მეტადაც უნდა ითვალ­ისწინებდნენ. კაკაბაძე ზიზღის ენით ლაპარაკობს და არასახელმწიფოებრივი მიდგომებით გამოირჩევა, ის მხარდ­აჭერას არ იმსახურებდა, თუმცა,­ არც ისე ღირს თამასის აწევა ნინია კაკაბაძეზე, რომ გედევან ფოფხაძემ თუ ვინმე სხვამ გუნდი დატოვოს. ვერ მივანიჭებთ ამ ქალბატონს ისეთ წონას, რომ შიდა რყევების მაპროვოცირებელი გახდეს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?