"კობახიძე ავტორიტარული ნოტებით გველაპარაკება, რაც მიუღებელია" - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"? - კვირის პალიტრა

"კობახიძე ავტორიტარული ნოტებით გველაპარაკება, რაც მიუღებელია" - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?

10 აპრილს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ფრაქციების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში დეპუტატებმა დაადასტურეს, რომ ლაპარაკი გედევან ფოფხაძის პარტიიდან გასვლა-დარჩენასაც შეეხო. მოგეხსენებათ, ნინია კაკაბაძის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში არჩევამ და ამის შემდეგ გედევან ფოფხაძის მიერ გამოთქმულმა პროტესტმა - განცხადებამ, რომ დატოვებდა საპარლამენტო უმრავლესობას, "ქართულ ოცნებაში" არსებული პრობლემა ნათლად წარმოაჩინა.

ფაქტია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. ძველების ჯგუფი აშკარად უკმაყოფილოა ე.წ. ახლების ჯგუფის გადაწყვეტილებებით და შესაბამისად, პროტესტის გამოთქმასაც აღარ ერიდება.

საკუთარ განაწყენებას არ მალავენ არც "ახლები" - ფოფხაძის გადაწყვეტილებას უსიამოვნო შემთხვევა და გადაცდომა უწოდა პარლამენტის თავჯდომარემ.

"გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე. ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ფაქტებს მომავალში ადგილი არ ექნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გედევან ფოფხაძეს მხარდამჭერი "ოცნების" შიგნით მრავლად გამოუჩნდა, მეტიც, თვით პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის შეხვდა დეპუტატს და სთხოვა უმრავლესობიდან არ წასულიყო.

გედევან ფოფხაძეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. როგორც ამბობენ, ამის თაობაზე განცხადებას ბაქოდან ჩამოსვლის შემდეგ გააკეთებს, სადაც მივლინებით იმყოფება.

მედიის მტკიცებით, "ძველები" პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საქმიანობით ისეთი უკმაყოფილოები არიან, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა მისი თანამდებობიდან წასვლაც კი დააყენონ დღის წესრიგში.

"პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს გამოვრიცხავ. შესაძლებელია, არსებობდეს გარკვეული წინააღმდეგობა, რისი დაძლევის მექანიზმის შემუშავებაზე ვილაპარაკეთ", - განაცხადა პარლამენტარმა გია ჟორჟოლიანმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

"თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ერთი წელი "ქართულ ოცნებაში" იქნება და მას უფლება ექნება "ქართული ოცნების" სახელით ილაპარაკოს, ძალიან ცდება", - განაცხადა  უმრვლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ:

"დეპუტატებს გვაქვს უფლება ვთქვათ, ის რაც არ მოგვწონს. არ არის სწორი თვლა აქ არის 3-4 თუ 5-6 და მეტი დეპუტატი. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც უმრავლესობის წევრებს არ ყოფს და არ აკეთებს ფრაგმენტაციას. პირიქით, ის გუნდს ერთიანობისაკენ მოუწოდებს. არის აზრთა სხვადასხვაობა, მეც გამაჩნია ჩემი შეხედულება ბევრი ჩემი კოლეგის მიმართ. ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა და ეს პასუხი იქნება საკმაოდ ხისტი და საკმაოდ მძაფრი, ამის გარანტიას გაძლევთ".

ნუკრი ქანთარია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

"ვიცი, რომ გედევან ფოფხაძეს ოფიციალურად არ შეუტანია განცხადება და არ დაუტოვებია უმრავლესობა, ამიტომ მეც ვთხოვდი, რომ არ დატოვოს. ეს ემოციური გადაწყვეტილება იყო, იჩქარა, თუმცა მისი პოზიცია ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია.

მგონია, რომ პრემიერ-მინისტრმა ამ ინციდენტზე აბსოლუტურად ამომწურავად ილაპარაკა ლიდერის პოზიციიდან, კობახიძის შემთხვევაში კი, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური გამოცდილების არქონასთან გვაქვს საქმე, კობახიძე ავტორიტარული ნოტებით გველაპარაკება, რაც მიუღებელია, ასეთი ნოტები და ქმედებაც ჩავაბარეთ 2012 წელს.

პრემიერი არის პარტიის თავმჯდომარე, არის პრემიერ-მინისტრი, ამავე დროს ის ლაპარაკობს სიმართლეს და ზრუნავს თითოეულ წევრზე ისე, როგორც უნდა იყოს, ასევე უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარეც. ის უნდა იყოს შემაკავშირებელი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს გამოუცდელობა უფრო ჰქვია.

სხვა წევრების მხრიდან გუნდის დატოვებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის, რადგან უმრავლესობაში არ არის ისეთი სიტუაცია. განსხვავებული აზრი 4 კაცს კი არა, 80-ს აქვს, უბრალოდ ხმამაღლა ჯერ არავინ ლაპარაკობს. როცა პარლამენტის პირველი პირი ხარ, უნდა შეეცადო კომუნიკაცია დაამყარო იმ ხალხთან, ვიდრე ასეთ განცხადებას 9 აპრილის მემორიალთან გააკეთებ.

ნინია კაკაბაძის გარდა, სხვა ბევრი საკითხია, რომელზეც განსხვავებული აზრია უმრავლესობაში, მაგრამ ეს არის კარგი, რადგან არ არის რობოტების კრება და ამას სჭირდება უნარი, რომ ამ ხალხიდან დადებითი ამოკრიფო და იყო გამაერთიანებელი, ამას უნარი და საკუთარ თავზე მუშაობა უნდა. ვფიქრობ, ამ მხრივ უნდა წავიდეს პარლამენტის თავმჯდომარე, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი აქვს".

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)