"მე მშობლებს ვეხმარებოდი. კოტე წერეთელი ჩემი მეგობარია" - "თვითმფრინავის ბიჭების" საქმე და შევარდნაძის დაკითხვის ოქმი - კვირის პალიტრა

"მე მშობლებს ვეხმარებოდი. კოტე წერეთელი ჩემი მეგობარია" - "თვითმფრინავის ბიჭების" საქმე და შევარდნაძის დაკითხვის ოქმი

1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტში შეიქმნა თვითმფრინავის გატაცების ცდის შემსწავლელი დროებითი კომისია, რომლის თავმჯდომარე ვიქტორ დომუხოვსკი გახლდათ. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ვიქტორ დომუხოვსკიმ რამდენჯერმე მიმართა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრს - ედუარდ შევარდნაძეს ეპასუხა თვითმფრინავის გატაცების მცდელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე.

1991 წლის ნოემბრის დასაწყისში ვიქტორ დომუხოვსკი და ედუარდ შევარდნაძე ერთმანეთს შეხვდნენ. დაკითხვა 50 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. თბილისში ჩამოსულ ვიქტორ დომუხოვსკის ტექსტის რედაქტირებაში მისივე მეუღლე რუსუდან კიკალეიშვილი დაეხმარა.

იმავე წლის 27 ნოემბერს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა დაკითხვის სრული ვერსია. სამწუხაროდ მას შემდეგ ქართველ საზოგადოებას ამ მასალების შესახებ არაფერი სმენია. არქივში რამდენიმეკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ვიქტორ დომუხოსვკის მეუღლეს დავუკავშირდი. შევარდნაძის დაკითხვის სრული ვერსია მან "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნებული საარქივო მასალებიდან მომცა. დოკუმენტს, რომელსაც შევარდნაძე წლების განმავლობაში მალავდა და ბოლოს ყველამ მიივიწყა, დღეს 27 წლის შემდეგ "კვირის პალიტრის" მკითხველს სრულად ვთავაზობთ:

დასაწყისი იხილეთ

დომუხოვსკი: არსებობს ერთი ლეგენდა, მინდა სიმართლე ვიცოდე. როცა ძმები ივერიელების მამა გეახლათ და შვილების შეწყალება გთხოვათ, ვითომ თქვენ გითქვამთ, რომელი შევიწყალოთო. მართალია?

ამან გააცოფა.

შევარდნაძე: ასეთი პასუხი შეიძლებოდა გაეცა ფაშისტს, ცინიკოსს, არამზადას, როგორ არა გრცხვენიათ, თუ მართლა გგონიათ, რომ შეიძლებოდა ასე მეპასუხა, საერთოდ როგორ მელაპარაკებით. ჩემი ბრალი არაფერი არ არის. ვისი ბრალიც არის პასუხიც იმას მოჰკითხეთ.

დომუხოვსკი: კი, მაგრამ განა მორალურად გამართლებულია, რომ მშობლებს არაფერი აუწყო შვილების ბედზე. როდის შეიტყვეთ, რომ განაჩენი აღსრულებულია?

შევარდნაძე: (აღელვებული) მე არაფერი არ ვიცოდი, მე რა შუაში ვარ.

დომუხოვსკი: ხომ იყვნენ თქვენთან მშობლები 3 ოქტომბრის შემდეგ, თქვენ კი, არაფერი არ უთხარით. მხოლოდ 5 წლის შემდეგ, 1989 წლის 13 მარტს აცნობა მშობლებს პატიაშვილმა პარტიის ბიუროს დადგენილებით.

შევარდნაძე: პარტია რა შუაშია აქ. ამას გაზეთში იუწყებიან, უწყებებს უგზავნიან. მე არაფერი არ ვიცი.

დომუხოვსკი: ჰოდა, მეც მანდა ვარ, მოვალენი იყავით, თქვენ კი გაზეთში დაბეჭდვა აკრძალეთ. განა დანაშაული არ არის, მშობლებს დაუმალოთ ეს. თ.ჩიხლაძის მშობლებმა დღემდე არაფერი იციან, ძმები ივერიელების დედა დღემდე ელოდება შვილებს. ისინი იყვნენ თქვენთან? განა ეს ადამიანობაა?

შევარდნაძე: (აყვირდა, წამოხტა, ლამის ისტერიკა დაემართა) ეს სიცრუეა. მე არაფერი არ ვიცოდი, მე არაფერ შუაში ვარ. არავისთვის არაფერი ამიკრძალავს და არაფერი მახსოვს.

დომუხოვსკი: ამ საქმეს სუკი იძიებდა, ბევრი ფაქტი დამახინჯებულია, ამაზე რას იტყვით?

შევარდნაძე: ეგ ჩემი საქმე არ არის, დასაჯეთ ის ვინც დამნაშავეა.

დომუხოვსკი: ყოვლად უდანაშაულო მღვდელი თემურ ჩიხლაძე რატომღა დასაჯეთ?

შევარდნაძე: იგი დამნაშავე იყო, ბანდას ხელმძღვანელობდა, თვითონ აღიარა, და მერე არც მე, არც თქვენ სპეციალისტები არა ვართ და ამაზე ვერ ვიმსჯელებთ. მე მშობლებს ვეხმარებოდი. კოტე წერეთელი ჩემი მეგობარია, მოვახერხე, რომ პარტიიდან არ გაერიცხათ, უნივერსიტეტში დაეტოვებინათ, სხვა მშობლებსაც ვეხმარებოდი. მე თქვენ ძალიან პატივს გცემთ, მაგრამ ასე არ უნდა მომქცეოდით. მე მიგიღეთ, თუმცა შემეძლო არც ეს მექნა.

11 საათსა და 20 წუთზე მდივანი შემოვიდა და მოახსენა, 11 საათიდან გელოდებიანო ქალები.

შევარდნაძე: (აღშფოთებული ეუბნება) რატომ აქამდე არ მითხარით, რომ მელოდებოდნენ.

წამოვდექით და სანამ დავიხარე და პორტფელი ავიღე, ედუარდ შევარდნაძემ სწრაფად ჩაუარა გრძელ მაგიდას და კართან გაჩერდა, რითაც მაგრძნობინა, რომ დრო იყო წამოვსულიყავი, მივუახლოვდი და ვკითხე: ბატონო ედუარდ, როდის გასცემთ პასუხს ჩემს წერილობით შეკითხვებს?

შევარდნაძე: არ ვიცი, იქნებ არც გიპასუხო, არ ვიცი.

დომუხოვსკი: მაგრამ კომისია სხვაგვარად მუშაობას ვერ დაამთავრებს, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება პასუხი ამ კითხვებზე.

შევარდნაძე: მაშინ ჩაწერეთ, რომ ეს ჯიუტი კაცია და პასუხის გაცემა არ სურს-თქო.

ჩვენ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და უკვე დამთმობი ტონით მეორე დღეს, ნაშუადღევს, კვლავ მიმიწვია თავისთან მშვიდი საუბრისთვის. მე ქართულად გამოვეთხოვე და ამ შეხვედრაზე აღარ წავსულვარ.

ქუჩაში გამოვედი და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მგლის ბუნაგში ვყოფილიყავი. შენობის გარშემო უამრავი დაცვა იყო.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დაკითხვის მასალები ვიქტორ დომუხოვკიმ ცეცხლგამძლე კარადაში შეინახა, მთავრობის სახლის ხანძრის დროს მან მოახერხა შესულიყო პარლამენტის შენობაში და გადაერჩინა დოკუმენტები, რომელიც მოგვიანებით კოტე წერეთელს ჩააბარა.

ცნობილია, რომ კოტე წერეთელი მასალების არსებობას უარყოფდა. 2006 წელს გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მიცემულ ინტერვიუში ვიქტორ დომუხოვსკი შევარდნაძეს ასე იხსენებს:

"მე შევარდნაძისათვის საშიში არ ვყოფლივარ, უბრალოდ ბოღმიანი კაცია და "თვითმფრინავის ბიჭების" დაცვა არ მაპატია... ბოლო დროს ისევ წამოვიდა ხმები, რომ შევარდნაძე არაფერ შუაშია, რომ მან მხოლოდ მოსკოვის მითითება შეასრულა და განაჩენის შერბილება ან აღსრულების გადავადება შესაძლებელი არ იყო... ვინც ამ საქმეში შევარდნაძის "გათეთრებას" შეეცდება, შევახსენებ, რომ მუსიკოს ოვეჩკინების ოჯახის მიერ თვითმფრინავის გატაცების დროს იყო სროლაც და დიდი მსხვერპლიც, მაგრამ არავინ დახვრეტილა, მეტიც, მაქსიმალური სასჯელი 8 წელი იყო და დღეს ყველანი ცოცხლები არიან..."

1992 წლის 7 მარტს ედუარდ შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა, ვიქტორ დომუხოვსკის დასაკავებლად 9 მარტს მილიცია შევიდა ოჯახში. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავჯდომარე უკვე ბაქოში იყო გამგზავრებული. შევარდნაძე ითხოვდა აზერბაიჯანის მთავრობისგან ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას, მოგვიანებით მასთან "მხედრიონის" წევრები ჩავიდნენ და დომუხოვსკი 1993 წლის 6 აპრილს ბაქოდან "მოიტაცეს". ვიქტორ დომუხოვსკიმ პატიმრობაში 5 წელი და 7 თვე გაატარა.

მოამზადა ნინო წიფურიამ