"ამ ავიადარტყმით დასავლეთმა აჩვენა, რომ რუსეთს არაფერს დაუთმობს" - კვირის პალიტრა

"ამ ავიადარტყმით დასავლეთმა აჩვენა, რომ რუსეთს არაფერს დაუთმობს"

"თუ სიტუაცია გამწვავდა, რუსეთის მხრიდან საპასუხო დარტყმების ნომერ პირველი კანდიდატი არის უკრაინა"

14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

"გასულ ღამეს შესანიშნავად შესრულებული დარტყმები იყო, მადლობა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს მათი სიბრძნისთვის. უკეთესი შედეგი არც შეიძლება ყოფილიყო. მისია შესრულებულია", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე".

პენტაგონის ინფორმაციით, ავიადარტყმების სამიზნე გახდა დამასკოში ქიმიური იარაღის წარმოების კვლევითი ცენტრი, ასევე ქიმიური იარაღის საწყობები და სამეთაურო პუნქტები.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი რუდსკოის განცხადებით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ გაშვებული 103 ფრთიანი რაკეტიდან სირიამ 71 რაკეტა წარმატებით ჩამოაგდო: "წინასწარი ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის მსხვერპლი არაა".

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმა სირიის ტერიტორიაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სირიელების სიმტკიცეს აძლიერებს.

სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აშშ-სა და მათი მოკავშირეების აგრესიული ქმედებების განსახილველად, რუსეთის პრეზიდენტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს.

"თავისი ქმედებებით აშშ ამძიმებს სირიაში ჰუმანიტარულ კატასტროფას, უბედურება მოაქვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ფაქტობრივად ტერორისტების წისქვილზე ასხამს წყალს და ამ ქვეყნიდან და რეგიონიდან ლტოლვილების ახალი ტალღის პროვოცირებას ახდენს", - განაცხადა პუტინმა.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტის, კახა გოგოლაშვილის თქმით, თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს.

"თუ სირიაში ყველაზე დრამატული სცენარი განვითარდა და მოხდა დაპირისპირება დასავლეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და შეიძლება ლოკალურ დონეზე სირიაში იყოს დაპირისპირება, ამან შეიძლება რუსეთს გაუხსნას ხელი, რომ მან დასავლეთის ყველა პარტნიორის წინააღმდეგ იმოქმედოს. რა თქმა უნდა, დაარტყამს იქ, სადაც სუსტი ადგილია. საქართველო თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით ნამდვილად სუსტია და ამიტომ, თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსსს" გოგოლაშვილმა.

ნოდარ ხარშილაძე, ექსპერტი:

"როგორც პრეზიდენტ ტრამპს, ასევე ტერეზა მეისა და ემანუელ მაკრონს წინა დღეებში ისეთი პოზიცია ჰქონდათ დაფიქსირებული, რომ უკან დახევა აღარ შეიძლებოდა, ამიტომ დარტყმა განახორციელეს. თუმცა ისიც ცხადია, რომ რაღაც ზომა აუცილებლად უნდა მიეღოთ, რადგან ქიმიური იარაღის გამოყენება დასავლური სამყაროსთვის დაუშვებელია.

ერთჯერადია თუ არა ეს შეტევა, რთული სათქმელია, არა მგონია, რომ ერთჯერადი იყოს, თუმცა რამდენად ეფექტი აქვს ამ საჰაერო დარტყმებს ცალკე საკითხია. გაუშვებენ ხოლმე რაკეტებს და მერე მიდის გარჩევა რამდენი მოხვდა, რა დააზიანა და ა.შ. საერთაშორისო კოალიციის მხრიდან ავიადარტყმას უფრო ფსიქოლოგიური ეფექტი ჰქონდა, დასავლეთმა აჩვენა, რომ რუსეთს არაფერს დაუთმობს, მაგრამ ეს ძალთა ბალანსის სურათს არ შეცვლის.

რაც შეეხება რუსეთის საპასუხო ქმედებას, ჩემი აზრით, რუსეთის მხრიდან პასუხი იქნება ხმაურიანი, მაგრამ კონკრეტული ქმედება ამას არ მოჰყვება. შეიძლება რუსეთი თავის მოსახლეობას აჯერებდეს, რომ დასავლეთზე ძლიერია, მაგრამ სინამდვილეში კარგად იცის, რომ დასავლეთთან პირდაპირი დაპირისპირების რესურსი არ აქვს.

ამიტომ რუსეთი ისევ გააგრძელებს აგრესიულ რიტორიკას დასავლეთის წინააღმდეგ, რაც პირველ რიგში ისევ რუსეთს ავნებს. ამასთან ერთად, რუსები ძალიან ადვილად გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან, დიდი ხანი უქნიეს თითი ამერიკას, ამ უკანასკნელმა განახორციელა დარტყმა, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ. იმ პოზიციებს დაარტყა, სადაც რუსები ახლოსაც არ იყვნენ. ამ ეტაპზე რუსეთი რჩება სირიაში სიტუაციის მაკონტროლებლად.

თუ სიტუაცია გამწვავდა, რუსეთის მხრიდან საპასუხო დარტყმების ნომერ პირველი კანდიდატი არის უკრაინა, შეიძლება უკრაინაში რაღაც გაართულოს რუსეთმა, მაგრამ ამ ეტაპზე ეჭვი მეპარება, რადგან სიტუაცია ასე გართულებული არ არის. რაც შეეხება საქართველოს, შეიძლება ჩვენთანაც რაღაც გააკეთოს, მაგრამ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, რუსეთის დასასჯელთა სიაში ნომერ პირველები ჩვენ არ ვართ".

იხილეთ ასევე: "რუსეთი ეცდება დაარტყას იქ, სადაც ყველაზე სუსტი რგოლი ეგულება, შეიძლება იყოს საქართველოც"

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)