"ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს" - კვირის პალიტრა

"ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს"

"რუსული სპეცსამსახურების გარდა, ჩვენში მოქმედებს არაერთი სხვა ქვეყნის აგენტურაც და მათი მოქმედების ხერხებიც თითქმის რუსეთის ანალოგიურია"

ე.წ. სკრიპალის საქმის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა უფრო გაამწვავა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტმა, რაშიც აშშ-მა პირდაპირ დაადანაშაულა ბაშარ ასადის რეჟიმი და მის მიმართ საპასუხო ღონისძიებებით დაიმუქრა. "რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან წამოვა მშვენიერი, ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები," - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე. 14 აპრილს, გამთენიისას, აშშ-მა, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად, სირიას საჰაერო დარტყმა მართლაც მიაყენა. კოალიციის სამხედრო ოპერაციის სამიზნე გახდა ქიმიური იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული ობიექტები. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, მსოფლიო ვერ შეეგუება, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება ჩვეულებრივ ამბად იქცეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის თქმით კი, სირიაზე განხორციელებული დარტყმები შეზღუდული იყო. "ეს არ არის სამოქალაქო ომში ჩარევა, ან რეჟიმის შეცვლის მცდელობა. დარტყმა ცხადი სიგნალი იქნება ყველასთვის, ვისაც ჰგონია, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება დაუსჯელი დარჩება", - განაცხადა მან. რუსეთმა დაგმო მომხდარი. კრემლის მტკიცებით, თავდასხმა ფიქციური იყო და კოალიციის რაკეტების უმრავლესობა სირიამ ჩამოყარა, რასაც ტერეზა მეიმ გროტესკული და აბსურდული"განცხადებები უწოდა. "უკეთესი შედეგი არც შეიძლება ყოფილიყო. მისია შესრულებულია", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ავიაიერიშის შემდეგ.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოეს მომავალში და არსებობს თუ არა რეალურად მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე? - ამ საკითხით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

- ვიდრე აშშ და მისი მოკავშირეები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რიტორიკა ისეთი აგრესიული იყო, რომ მსოფლიო საზოგადოების ნაწილი მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე ალაპარაკდა, თუმცა მე ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ დღესდღეობით მესამე მსოფლიო ომის საფრთხე მინიმალურია. ეს აჩვენა ამ ავიადარტყმამაც. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ ამ ინტერვიუს მომხდარიდან რამდენიმე საათში ვწერთ და ბევრი რამ გასაანალიზებელია...

ერთი რამ, რისი თქმაც დაბეჯითებით შეიძლება, ის არის, რომ სამწუხაროდ, სირიაში ომი კიდევ კარგა ხანს არ დასრულდება. სირიის ტერიტორიაზე აქამდეც ხდებოდა ძალთა დემონსტრირება, იარაღის მოსინჯვა, ხვალინდელი გეოპოლიტიკური პრობლემების გადაჭრის მცდელობა... დღესაც იგივე გვაქვს.

ახლა დასავლური კოალიცია მაქსიმალურად ეცდება, რუსეთის გავლენა არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთეEლ მსოფლიოში შეასუსტოს და ყველას აჩვენოს თავისი ძალა. ვიმეორებ, სირია არის მხოლოდ სადემონსტრაციო პოლიგონი.

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ დღეს, რუსეთის გარდა, უნდა დაისაჯოს ირანი და, გარკვეულწილად, ჭკუაზე მოიყვანონ გაურჩებული თურქეთიც. როგორც ჩანს, თურქეთის ჭკუაზე მოყვანა უკვე დაწყებულია - ერდოღანის განცხადება, რომ სირიის მთავრობამ ნამდვილად გამოიყენა ქიმიური იარაღი, მისი სქემატური მოკავშირეების, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ წასვლა იყო. როგორც ჯერჯერობით ჩანს, ეს ავიაიერიში ერთჯერადი იქნება, თუმცა, ვნახოთ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დასავლეთსა და რუსეთს შორის გავლენებისთვის ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს და სირია არ იქნება გამონაკლისი. ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ სირიის ტერიტორიაზე არ მოხდება სამხედრო კონფრონტაცია. დარწმუნებული ვარ, დასავლეთი და რუსეთი მაქსიმალურად შეეცდებიან, ერთმანეთს პირისპირ, ღიად არ შეეჯახონ, მაგრამ დაიწყებენ ერთმანეთის მოკავშირეების უკიდურესად შევიწროებას. მოკლედ, მესამე მსოფლიო ომს არ ვვარაუდობ, მაგრამ ველი კონფლიქტების ესკალაციას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

- ამ ავიადარტყმების წინა პერიოდში უამრავი ვარაუდი ისმოდა... ერთ-ერთი ვერსია იყო ისიც, რომ აგრესიული რიტორიკის მიღმა, შესაძლოა, რუსეთსა და აშშ-ს შორის კულუარული მოლაპარაკებებიც გამართულიყო... როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამ ავიადარტყმაზე რუსეთის საპასუხო ნაბიჯი?

- ასეთი მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა, ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო რექს ტილერსონი, რომელმაც ვერ მოახერხა ნაყოფიერი შედეგის მიღება, ისევე როგორც ვერ მოახერხა, რომ ოფიციალური ანკარა არ გამხდარიყო მოსკოვისა და თეირანის მოკავშირე. ტილერსონი სწორედ ამას შეეწირა.

საქმე ის არის, რომ რუსეთს ისეთი სტრატეგიული ტემპი აქვს აღებული, აღარ შეუძლია, სხვანაირად მოიქცეს. პუტინის ხელისუფლება იძულებულია, საკუთარ ქვეყანაში ძალაუფლება "გამარჯვებულის" იმიჯის შექმნით შეინარჩუნოს.

სხვა ყველა სფეროში რუსეთში დღეს კატასტროფული მდგომარეობაა - საინვესტიციო გარემო იქნება, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა.

ერთადერთი დარჩათ - სამხედრო-პოლიტიკური შეტევებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ილუზორული გამარჯვება გამოიგონონ და თავისი მოსახლეობა დააჯერონ. ძალიან საინტერესო ფრაზა მოვისმინე ამას წინათ ერთ-ერთი რუსი პოლიტოლოგისგან, რომელმაც რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში სოციალური კვლევები ჩაატარა. მან გაიხსენა ერთ-ერთი იქაურის ნათქვამი, რომელიც საკუთარ დუხჭირ ყოფაზე ლაპარაკობდა. ის ჰყვებოდა, რა მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება, თუმცა საუბრის დასასრულს სიამაყით განაცხადა - მაინც კმაყოფილი ვარ, სირიაში ხომ მაგრად უტევენ ჩვენებიო... ხომ წარმოგიდგენიათ, რა დონეზეა დღეს რუსეთში სახელმწიფო პროპაგანდა.

ასეთი იდეოლოგია ჩამოუყალიბეს რუსეთის მოქალაქეს - მან ყველა უბედურებას უნდა გაუძლოს, ოღონდ კი რუსეთი აღზევდეს. ეს ერთადერთი გზაა, რამაც აქამდე მოიყვანა პუტინის ხელისუფლება და დღესაც ამ გზას აგრძელებენ. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება უპასუხოს რუსეთმა დასავლეთს, ვფიქრობ, კონკრეტული პასუხი არ იქნება, რაც პუტინის განცხადებაშიც გამოჩნდა. მან მხოლოდ ტრაფარეტული ფრაზებით დაგმო ეს ავიადარტყმა...

აღსანიშნავია, რომ რუსული სამხედრო ძალები, როგორც ირკვევა, მაქსიმალურად იყო მოშორებული კოალიციის დარტყმის ობიექტებს, რაც აჩვენებს, რომ დასავლეთიც და რუსეთიც პირდაპირ კონფრონტაციას მოერიდნენ. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ თურმე სირიამ რაკეტები ჩამოყარა და კოალიციის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, ისევ და ისევ შიდა მოხმარების პროპაგანდაა. საკუთარ მოქალაქეებს ხომ უნდა დაუმტკიცონ, რომ ამ ავიადარტყმისასაც მათ გაიმარჯვეს, რაც ღიმილის მომგვრელი უფროა...

რუსეთი დღეს რთულ ვითარებაშია. ის სანქციები, რაც ნელ-ნელა ზვავის ეფექტს იღებს, ძალიან მძიმე შედეგამდე მიიყვანს რუსეთის ეკონომიკას, შესაძლოა, კოლაფსურ მდგომარეობამდეც კი...

მით უფრო, რომ სანქციების რიცხვი და მასშტაბი იზრდება. რუსეთში ეს მშვენივრად ესმით და ამიტომაც ფრთხილობენ - დროდადრო კი იმუქრებიან, მაგრამ ასევე ცდილობენ, კულუარული თანამშრომლობის რეჟიმი შექმნან... ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი შეცვლის თავის პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ, ის კვლავაც გააგრძელებს აგრესიულ საგარეო კურსს. მისი ეს აქტივობები, არ არის გამორიცხული, ჩვენს რეგიონსაც გადმოსწვდეს.

- ზოგი ექსპერტის თქმით, თუ რუსეთმა მართლაც იწვნია სირიაში მარცხი და გავლენის სფეროების დაკარგვა დაიწყო, არ არის გამორიცხული, პატარა გამარჯვებისთვის ახალი სამიზნე იპოვოს და შეიძლება მისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი სამეზობლო აღმოჩნდეს...

- დღევანდელ ვითარებაში რუსეთს სამხრეთ კავკასიისთვის არ სცალია, მაგრამ მოიცლის, თუ აუცილებელი გახდება.

ერთიც არის - აშშ-ის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ სახე შეინარჩუნოს, რათა დაჭრილი დათვის მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რადგან იციან, რა სახიფათო შეიძლება გახდეს ასეთ შემთხვევაში...

რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ცოტა ხნის წინ ვახსენე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსალოდნელი ლოკალური ომები. არ არის გამორიცხული, ასეთი კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაშიც წარმოიშვას. დასავლეთისთვის, განსაკუთრებით - აშშ-ისთვის ყოვლად მიუღებელია რუსეთის, თურქეთისა და ირანის ტრიუმვირატის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის თემატური შეკრება და ისტორიულად ეს სამი ქვეყანა ერთმანეთის მოწინააღმდეგეა.

ამ ტრიუმვირატის დაშლის რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთია ყარაბაღის კონფლიქტის განახლება, რა შემთხვევაშიც თურქეთი - აზერბაიჯანის, რუსეთი კი სომხეთის მხარეს დაიჭერს და მათი მეკავშირეობაც დასრულდება.

ეს არის ერთ-ერთი, თუმცა არა მთავარი ვერსია, რაც ნამდვილად განიხილება. მიაქციეთ ყურადღება - 12 მაისს ბაქოში დაგეგმილია მრავალათასიანი მიტინგი, ერთადერთი მოთხოვნით: "დავიბრუნოთ ყარაბაღი!" თუ სიტუაციამ მოითხოვა, არ არის გამორიცხული, ალიევის ხელისუფლებამ მსოფლიოს გასაგონად განაცხადოს, რომ ხალხი მათგან ქმედით ზომებს ითხოვს და დასავლეთისგან კულუარულად მხარდაჭერილმა დაიწყოს შეტევა ყარაბაღის მიმართულებით. ეს ჩვენთვისაც სახიფათოა, რადგან პირდაპირ თუ ირიბად ამ პროცესში ჩათრეული აღმოვჩნდებით. რუსეთი აუცილებლად მოინდომებს სამხედრო ტვირთების გადატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით.... თუ მართლაც ასე მოხდა, ეს იქნება გაცილებით მასშტაბური კონფლიქტი, ვიდრე იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, შედეგად კი რეგიონში გაუარესდება საინვესტიციო გარემო...

ვითარება შეიძლება გართულდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც, თუმცა არ ველი, რომ რუსეთი საქართველოს თავს პირდაპირ დაესხმება...

- ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა 2017 წლის ანგარიში. მასში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებს, რომელთა ძირითადი ამოცანები, ანგარიშის თანახმად, ქართველ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობის გაღვივებაა. "თავიანთი მიზნების განსახორციელებლად კი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ "ჰიბრიდულ ომს", ცდილობენ, გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა," - ვკითხულობთ ანგარიშში...

- ეს ანგარიში ღია დოკუმენტია, ამიტომაც პოლიტიკური კონიუნქტურის ელფერი დაჰკრავს, ანუ აშკარად არის ლაპარაკი იმაზე, რაც ჩვენი საზოგადოების თვალსაზრისითაც ძირითად გამოწვევად მიიჩნევა. დარწმუნებული ვარ, ანგარიშის დახურული ვარიანტიც არსებობს, სადაც რუსეთის სპეცსამსახურების გარდა, სხვა ქვეყნების ინტერესებზეც იქნება ლაპარაკი. რუსული სპეცსამსახურების გარდა, ჩვენში მოქმედებს არაერთი სხვა ქვეყნის აგენტურაც და მათი მოქმედების ხერხებიც თითქმის რუსეთის ანალოგიურია, რა თქმა უნდა, სამხედრო კომპონენტის გამორიცხვით...

ეს ქვეყნებიც ჰიბრიდული ომის ყველა ხერხს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში საკუთარი გავლენა გააძლიერონ. ზოგიერთ შემთხვევაში იყენებენ ერთმანეთის გავლენის ჯგუფებსაც, მაგალითად, რუსები - ისლამისტურ ჯგუფებს, ისლამისტები - სხვა ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს და ა.შ. ვფიქრობ, ანგარიშში დაახლოებით ასახულია ის რეალობა და საფრთხეები, რაც ამ მიმართულებით არის დღეს ქვეყანაში...

- ამავე ანგარიშში მთავარ საფრთხედ დასახელებულია რუსეთი და მის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, თანაც ლაპარაკია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა სულ უფრო მასშტაბური ხდება. ასეთ ვითარებაში როგორ ახსნით ქართულ სატელევიზიო ბაზარზე "გაზპრომ მედიას" შემოსვლას, რომლის შვილობილი კომპანიაც არის НТВ-плюс-ი?

- საქართველოს ხელისუფლება ზოგჯერ რუსული აქტივების მიმართ რბილ მიდგომას ამჟღავნებს, რასაც იმით ვხსნი, რომ სამომავლოდ სავაჭრო ჰქონდეს რუსეთთან.

იმედი მაქვს, ეს მართლაც ასეა და გაუაზრებლად არ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. ფაქტია, ზოგჯერ დასავლეთის დიდი ქვეყნების ხელისუფლებებიც კი ერიდებიან რუსეთთან ხიდების ბოლომდე დაწვას... გეოპოლიტიკური ვითარება ყოველ წუთს იცვლება, კულუარულად ათასგვარი თამაში მიდის, ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების მტკივნეულ ეპოქაში ვცხოვრობთ... ასეთ დროს, დასანანია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული სტრატეგია და ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში არ არსებობს სათათბირო ორგანო, სადაც თავს მოიყრიდა ანალიტიკური მასალა, პოლიტიკურ დონეზე გაანალიზდებოდა საფრთხეები, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საფუძველი გახდებოდა...

- ერთია, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აანალიზებს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს, მაგრამ ხედავთ ამ საფრთხეების წინააღმდეგ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს?

- ეს ძალიან საფრთხილო თემაა. მოგეხსენებათ, ჩემი მუშაობის ძირითადი სფერო ისლამისტური ორგანიზაციებია. ვხედავ, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს მუშაობა უშიშროების სამსახურის დონეზე, რაც გულისხმობს ინფორმაციის მოპოვებას, ანალიზს და შესაბამის ნაბიჯებს, ანუ რეპრესიებს, მაგრამ მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, დიდი ხანია, ვიბრძვი, რომ საქართველოში შეიქმნას და განათლების სამინისტროს დაექვემდებაროს ისლამური საგანმანათლებლო დაწესებულებები, რათა ვიცოდეთ, რას ვასწავლით ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს.

დღეს რაც ხდება, ყოვლად მიუღებელია. უამრავ მედრესეში თუ ე.წ. ლიცეუმში ადამიანები იღებენ გაუგებარ განათლებას, ხშირად კი ეს განათლება ემსახურება შაჰიდების აღზრდას... აი, სწორედ ამგვარი საკითხები უკავშირდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. აქ ჩვენი ხელისუფლება არაერთი მიმართულებით მოიკოჭლებს.

- გასულ კვირას გამოქვეყნდა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში, რომელშიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით შექმნილი ვითარება უკიდურესად მკაცრად არის შეფასებული...

- რაღა დაგიმალოთ და, გამაოცა ამ ანგარიშმა, განსაკუთრებით კი პენიტენციარულ სისტემაზე გაკეთებულმა ჩანაწერებმა. გაუგებარი და აუხსნელია შეფასებები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ ყველამ იცის, რომ ამ სფეროში დღევანდელი მიდგომები მსოფლიო სტანდარტითაც ძალიან ლიბერალურია. დანარჩენზე აღარაფერს ვამბობ. იმდენად გამაოცა ამ დოკუმენტის პათოსმა, გადავწყვიტე, ჩემს დასავლელ კოლეგებში მისი ავტორების ამბავი მომეკითხა. სამწუხაროდ, არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია მომაწოდეს.

როგორც ჩემმა შვეიცარიელმა კოლეგებმა მითხრეს, დიდი ფულია აღებული, რომ სწორედ ამ შინაარსის ანგარიში დაწერილიყო. რასაკვირველია, ამისთვის გამოიყენეს აქაური არასამთავრობო ორგანიზაციების გაგზავნილი ტენდენციური მასალები და მათ გადასამოწმებლად ხელი არავინ გაანძრია. ამის გარდა, გარკვეული მონაკვეთების გასამძაფრებლად საკუთარი ფანტაზიაც მოიშველიეს. შეიძლება იქიდან, რაც იქ წერია, ბევრი რამ მართალიც არის - რად გვინდა სხვისი დასკვნა, განა ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ სასამართლო სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს?! მაგრამ ანგარიშში ჩაწერილი სხვა ტყუილები სამართლიან კრიტიკასაც ფასს უკარგავს.

- თუ ეს მართალია, ისმის კითხვა: ვინ გადაიხადა ეს ფული?

- რა თქმა უნდა, როდესაც ეს ინფორმაცია მომაწოდეს, მეც ეს შეკითხვა დავსვი, - ვინ გადაიხადა ფული? მიმანიშნეს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ ლიდერებზე. ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუმცა ლოგიკურად ასე ჩანს.

- "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებსაც შევეხოთ... გედევან ფოფხაძის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების თაობაზე განცხადების შემდეგ პროცესები ისე წარიმართა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პარტიული დისციპლინის გამკაცრებასა და ურჩი თანაპარტიელების მიმართ სანქციების შემოღებაზეც კი ალაპარაკდა...

- არ ვიცი, სანქციების შემოღება რას უშველის შექმნილ ვითარებას. შეიძლება ამას კონტრპროდუქტიული შედეგიც კი მოჰყვეს. უაღრესად უარყოფითად ვაფასებ იმას, რაც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში ხდება.

ამ გამწვავებული გეოპოლიტიკური პროცესების ჟამს რა დროს ერთმანეთთან დაპირისპირებაა?!

პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობაა, ასეთი პროცესები აღკვეთოს. ირაკლი კობახიძე ზურა ჟვანია არ არის და მეეჭვება, ოდესმე გახდეს. ჟვანიას შეეძლო, შეექმნა ასეთი ვითარება და თვითონ ისე ემართა, რომ ქვეყნის ინტერესები არ დაზიანებულიყო. როგორ მოახერხებს ამ ხანძრის ჩაქრობას კობახიძე, არ ვიცი. ისე კი, რაც მალე მოახერხებენ, უკეთესი იქნება. ვფიქრობ, ვითარებაში უნდა გაერკვეს პარტიის ხელმძღვანელობაც. ეს პროცესები სავარაუდო იყო, რადგან პარლამენტში უაღრესად ეკლექტიკური საზოგადოება შეიყარა... იგივე ვითარებაა თბილისის საკრებულოშიც...

- საზოგადოება შეძრა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარმა 25 წლის ქალის მკვლელობამ. როგორც ირკვევა, დანაშაულში ბრალდებული მამინაცვალი დაკავებული იყო სწორედ ოჯახური ძალადობის ბრალდებით და ციხე ვადაზე ადრე პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა...

- შეწყალება ჰუმანური აქტი და პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბოლო ხანს გახმაურებული ფაქტებით აშკარად ჩანს, რომ შეწყალებისას მიდგომები ცოტა გაუგებარია. ყველაფერი პრეზიდენტს ბრალდება ხოლმე, მაგრამ შეწყალების კომისიასაც უნდა მოეკითხოს...

თუ შეწყალების შემდეგ რაღაც მექანიზმი არ შეიქმნა, დამნაშავე, რომელმაც საკადრისი სასჯელი არ მიიღო, ორმაგად საშიში ხდება.

ნათია დოლიძე