რა იქნება პუტინის პასუხი?
რა იქნება პუტინის პასუხი?
"რუსეთი სირიაში უკან დაიხევს, მაგრამ შეეცდება, დასავლეთს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც უკბინოს და არ არის გამორიცხული, ეს საქართველოში მოხდეს"

როგორ იცვლება მსოფლიო დღის წესრიგი? "კვირის პალიტრა" აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძეს ესაუბრა:

- სირიაში განხორციელებული სამხედრო დარტყმების მიუხედავად, ჯერჯერობით რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. მართალია, უფრო მცირე მასშტაბის, მაგრამ მსგავსი დარტყმა სირიაში შარშანაც ვიხილეთ, თუმცა ეს ერთჯერადი ოპერაცია აღმოჩნდა. ტრამპი არაპროგნოზირებადი ლიდერია და მოულოდნელი გადაწყვეტილებები ახასიათებს, ამიტომ რთულია თქმა, სირიაში ამჯერადაც ერთჯერადი ღონისძიება
ვიხილეთ, თუ დარტყმები ინტენსიურად გაგრძელდება, მაგრამ საჯარო განცხადებების ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს უფრო რუსეთის მკაცრად გასაფრთხილებელი სამხედრო ოპერაცია იყო. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ სირიაში ვითარება შეიცვლება, ნაადრევია, თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფრონტაციამ უფრო მაღალ დონეს მიაღწია და ამას მოწმობს
რუსეთის ბაქიბუქით სავსე განცხადება - პუტინმა განაცხადა, რომ გმობს სირიაში განხორციელებულ თავდასხმას და ამისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ფაქტია, რომ რუსებიც და სირიელებიც დღეს ჩაკეტილ სივრცეში არიან, რომელიც მათთვის უფრო შევიწროვდება.

- თუ ეს სამხედრო დარტ­ყმები რუსეთის გასაფრთხილებლად იყო გამიზნული­, მიიღებს კი ამ გაფრთხილებას პუტინი და დათმობს პოზიციებს სირიაში?

- სამხედრო დარტყმების შემდეგ სირიაში აუცილებლად გაფართოვდება დასავლეთის კონტროლირებადი ზონები, და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - თუ ადრე დასავლეთი სირიაში წარმოქმნილი რადიკალური დაჯგუფებების, მათ შორის - ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა, ტრამპის პოლიტიკით იკვეთება, რომ მისი მთავარი მიზანი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. ამ შემთხვევაში, მთავარია, დასავლეთმა მკაფიოდ განაცხადოს, როგორ წარმოუდგენია სირიის მომავალი ასადის რეჟიმის გარეშე და დარჩება თუ არა ის სახელმწიფოდ. ჯერჯერობით არ ჩანს, რა კონცეფცია აქვს ამ მხრივ აშშ-ს, მსოფლიოში ახალი საზღვრების დადგენა კი ყოველთვის მტკივნეული პროცესია. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, დასავლეთისგან განსხვავებით, პუტინი საკუთარ სურვილებს მკაფიოდ გამოხატავს - მას უნდა, სირია მისი გავლენის ქვეშ დარჩეს. ცივი ომიდან მოყოლებული, როდესაც საბჭოთა კავშირი ცდილობდა ახლო აღმოსავლეთში სატელიტების შექმნას, ერთადერთი პროექტი, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმატებით განახორციელა, სწორედ სირიის რეჟიმი იყო - მაშინ სირიას ბაშარ ასადის მამა განაგებდა. საბჭოთა კავშირმა სამხედრო ბაზა განალაგა სტარტუსსა და ხმეიმინში. ეს გახლდათ ერთადერთი სამხედრო ბაზა საბჭოთა კავშირისთვის, რომლითაც ის ადასტურებდა საკუთარ გავლენას ხმელთაშუა ზღვასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ხმელეთზეც. ასე რომ, ისტორიულადაც და ამჟამინდელი რუსული ამბიციების გათვალისწინებითაც, რუსეთისთვის სირიაში გავლენის შენარჩუნება პრესტიჟის საკითხია, რაც მას საფუძველს აძლევს, თქვას, რომ ზესახელმწიფო და გლობალური პოლიტიკის მოთამაშე ფიგურაა.

ცოტა ხნის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ დაირღვა 2013 წელს დადებული პირობა - მაშინ რუსეთმა აიღო ვალდებულება, რომ ასადს ქიმიურ იარაღს გაანადგურებინებდა, მაგრამ ეს არ მოხდა. ახლა დასავლეთს ყველა საბუთი აქვს იმის დასამტკიცებლად, რომ ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს ფაქტი რუსეთსაც აკისრებს პასუხისმგებლობას. ანუ დასავლეთის პოზიციები მყარია, რუსეთს კი სირიაში უკან დახევა მოუწევს. ეკონომიკური თვალსაზრისით მისი მდგომარეობა სულ უფრო სასაცილო ხდება, სამხედრო ბერკეტებით კი ათჯერ ჩამორჩება ნატოს ბლოკს, თანაც მარტოა მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში და მხარს არავინ­ უჭერს, თუ არ ჩავთვლით მესამე ქვეყნებსა და ირანს.

- რუსეთთან ერთად, დასავლეთის მიერ სირიაში ჩატარებული სამხედრო იერიშები ირანმაც მკაცრად დაგმო. ბაშარ ალ-ასადი სირიაზე სარაკეტო იერიშის შესახებ ესაუბრა ირანის მმართველ ჰასან როუჰანს, რომელმაც განაცხადა, რომ ირანი კვლავაც სირიის გვერდით იდგება. ასადის რეჟიმი-ირანი-რუსეთი - რამდენად არის დღეს ეს სამეული დასავლეთისთვის ანგარიშგასაწევი ფაქტორი?

- რუსეთსა და ირანს მოკავშირეებად მაინც ვერ მივიჩნევ. რუსეთს აქვს პრეტენზია, გავლენა მოახდინოს მსოფლიო დღის წესრიგზე, ირანს კი რეგიონული მასშტაბით საკუთარი ძალების დემონსტრირება სურს. ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთ­ობა მწვავდება, რადგან საუდის არაბეთი აშშ-ის ახლო მოკავშირედ ჩამოყალიბდა. ასე რომ, ამ წრის შეკვრის შემდეგ ცივილიზებული მსოფლიოსთვის ირანის პრობლემის გადაწყვეტა უფრო იოლია, ვიდრე - რუსეთის. ირანს შიდა პრობლემებიც დაუგროვდა - ეკონომიკური ვითარება დღითი დღე მძიმდება, მას არც ერთი ბუნებრივი მოკავშირე სახელმწიფო აღარ ჰყავს და რაც მთავარია, ირანის მმართველები და საზოგადოება სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს. ირანელი საზოგადოება აღარ მალავს უკმაყოფილებას მძიმე სოციალური ფონის გამო. ახლა ირანში დაახლოებით იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც ოდესღაც საბჭოთა კავშირში. მაინცდამაინც რევოლუცია მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ალბათ, რეფორმირება მალე მოხდება. თანაც, არ დაგვავიწყდეს, ირანი ისტორიული სახელმწიფოა, ის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპელებს არ გამოუგონიათ, სირია და ერაყი კი გამოგონილი სახელმწიფოებია, სადაც ერთობის შენარჩუნება მხოლოდ დიქტატორული რეჟიმით შეიძლება.

ირანის როლი სირიაში მიმდინარე მოვლენებში სუსტია, რადგან თუ ის უფრო აქტიურად ჩაერთვება მიმდინარე მოვლენებში, ირანელი საზოგადოება უთუოდ აფეთქდება, როგორც ბოლო წლებში მრავალჯერ მოხდა. ირანელებს არ სურთ, სახელმწიფო ომში მილიარდებს ხარჯავდეს, თვითონ კი შიმშილობდნენ...
ახლა, როდესაც დასავლეთი ისევ ერთ­იანია მის წინააღმდეგ, პუტინს არა აქვს ძალა, საკუთარი ლოკალური ინტერესების გამო სირიაში გლობალურ ინტერესებს დაუპირისპირდეს.

- თუმცა რუსეთს აქვს რესურსი, დასავლეთს კიდევ ერთხელ დაანახოს რეგიონში საკუთარი ძალა. რამდენად მოსალოდნელია, რუსეთმა, რომელიც სირიაში დიდ ლუკმას ვერ შესწვდება, მადა საქართველოში ესკალაციით დაიკმაყოფილოს?

- სწორედ ეს არის მთავარი საფრთხე ჩვენთვის! რუსეთი სირიაში უკან დაიხევს, მაგრამ შეეცდება, დასავლეთს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც უკბინოს და არ არის გამორიცხული, ეს საქართველოში მოხდეს. მზად უნდა ვიყოთ პატარ-პატარა პროვოკაციებისთვის. შესაძლოა, საზღვარი კიდევ გადმოსწიონ, ან სხვა ტიპის საზოგადოებრივი აფეთქებებით სცადონ პროვოკაციების მოწყობა. ეს განსაკუთრებით სახიფათოა, მით უფრო, რომ აშკარაა - საქართველოში რუსული პროპაგანდა გაძლიერდა.

- რა უნდა დაუპირისპირონ ამ სცენარს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ?

- ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ერთსულოვანი - საქართველომ უნდა განაგრძოს იმ კურსით სვლა, რომელიც ავირჩიეთ და, რაც მთავარია, უფრო მტკიცედ! აუცილებელია, რუსეთს ჩვენს ქვეყანაში აღარ ჰქონდეს მძლავრი პროპაგანდისტული­ მექანიზმები, წინააღმდეგ­ შემთხვევაში, რაც დიდთან არ გაუვიდა, შესაძლოა, პატარასთან შეძლოს.
დასავლეთიც უნდა გააქტიურდეს საქართველოსთან დაკავშირებით. სამხედრო ჩარევას არ ვგულისხმობ, მაგრამ უფრო უნდა გამოიკვეთოს საქართველოს ნატო-ში გაწევრების პერსპექტივა. სირიის მოვლენებმაც აჩვენა, რომ ევროპამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს რუსეთის სამოქმედო არეალი, რადგან დათმობის შემთხვევაში ის უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იპყრობს.

რა მოხდა გუტაში...

7 აპრილს სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში, ქალაქ დუმის ორ სხვადასხვა რაიონში ქიმიური იარაღის გამოყენებით ორი საჰაერო დარტყმა განხორციელდა. პირველი შეტევისას ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა ყვითელი ფერის მოზრდილი გაზის ბალონი, რომელმაც ჭერი ჩაანგრია. ბალონში დაჭირხნული ქლორი აღმოჩნდა, რომელიც წნევით გამოვიდა და 34 მცხოვრები სასიკვდილოდ მოწამლა. მეორე შეტევა ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე განხორციელდა, რასაც ასევე მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. ორივე საჰაერო დაბომბვის შედეგად ქალაქ დუმაში დაახლოებით 70 ადამიანი დაიღუპა და 860-მდე მოიწამლა.

Gგაზის ბალონების ჩამოყრა მხოლოდ შვეულმფრენებს შეეძლოთ, აღმოსავლეთ გუტის დაბომბვისას კი საფრენ აპარატებს მხოლოდ ბაშარ ასადის რეჟიმის ავიაცია და მისი მოკავშირე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები იყენებენ.

საჰაერო იერიშამდე ნახევარი საათით ადრე თვითმხილველებმა შენიშნეს, რომ დუმეირის სამხედრო აეროდრომიდან ორი სირიული შვეულმფრენი აფრინდა, რომლებიც დაბომბვის დროს ქალაქ დუმის თავზეც შეამჩნიეს. ანალოგიური ფორმისა და ფერის გაზის ბალონები, რომლებშიც მომწამვლელი ქლორი იყო ჩატუმბული, ასადის ხელისუფლების შვეულმფრენებს შვიდწლიანი სამოქალაქო ომის პერიოდში არაერთხელ ჩამოუყრიათ და ამის დამადასტურებლად ბევრი ნივთმტკიცება არსებობს.

"მყროლავი ბომბები "

საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერება მასობრივი განადგურების იარაღის კლასს განეკუთვნება. ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება შეიძლება იყოს ნერვულ-პარალიტიკური (ზარინი, ზომანი, ტაბუნი), კანის გამაღიზიანებელი (იპრიტი, ლუიზიტი), მხუთავი (ფოსგენი, დიფოსგენი), ფსიქოქიმიური (დიეთილამიდი), საერთო მომწამვლელი (ქლორციანი) და გამაღიზიანებელი (ქლორაცეტონფენოლი, ქლორპიკრინი) მოქმედების. მისი საბრძოლო გამოყენებისთვის საარტილერიო ჭურვებში, რაკეტებსა და საავიაციო ბომბებში აირი ან სითხე წნევით იტუმბება.

ქიმიური იარაღი "მყროლავი ბომბების" სახით პირველად ბრიტანელებმა რუსების წინააღმდეგ 1854 წელს, ყირიმის ომის დროს, სევასტოპოლზე შეტევისას გამოიყენეს. პირველი მსოფლიო ომის დროს ყველა მეომარი მხარე ინტენსიურად იყენებდა ქიმიურ მომწამვლელ ნივთიერებებს. მას შემდეგ ქიმიური იარაღი პერიოდულად ჩნდებოდა სხვადასხვა ინტენსივობის შეიარაღებულ კონფლიქტებში, თუმცა საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა ერაყის ლიდერის, სადამ ჰუსეინის მიერ 1987-89 წლებში ჩრდილოეთ ერაყში 50 ათასიდან 182 ათასამდე ქურთის იპრიტითა და ზარინით მოწამვლის სპეცოპერაციას...

1993 წლიდან მოქმედებს ქიმიური იარაღის შექმნის, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვის კონვენცია, რომელსაც შეუერთდა 190-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის - საქართველოც.

ქიმიური დაბომბვების ქრონიკა სირიაში

2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც სირიის არაბულ რესპუბლიკაში ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი დაიწყო, ათჯერ მაინც დაფიქსირდა საჰაერო და სარაკეტო დაბომბვებით განხორციელებული ქიმიური შეტევები. მათგან ყველაზე მასშტაბური 2013 წლის 21 აგვისტოს ორი ქიმიური შეტევა აღმოჩნდა, როდესაც გუტაში რაკეტების აფეთქების შედეგად გაფრქვეულმა მომწამვლელმა ნერვულ-პარალიტიკურმა ნივთიერება ზარინმა სხვადასხვა მონაცემით 281-დან 1,7 ათასამდე ადამიანი შეიწირა.

მანამდე, 29 აპრილს, ალეპოში, თვითმხილველების თქმით, პრეზიდენტ ასადის რეჟიმის საჰაერო ძალების შვეულმფრენმა თვითნაკეთი 200-ლიტრიანი კასრები ჩამოყარა, რომლებშიც ზარინი იყო მოთავსებული. ერთი ქალი დაიღუპა, 12 მოიწამლა.

2017 წლის 4 აპრილს სირიის სახელისუფლებო ძალების თვითმფრინავმა იდლიბის პროვინციაში ზარინიანი ბომბები ჩამოყარა, რასაც 74 კაცი შეეწირა, 500-მდე კი მოიწამლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობდა, გაევრცელებინა ინფორმაცია, თითქოს სირიულმა თვითმფრინავმა ჩვეულებრივი ბომბები გამოიყენა, რომლებმაც ოპოზიციის მებრძოლთა მომწამვლელი ნივთიერებების საწყობი ააფეთქა და მოსახლეობა ამან მოწამლა, მაგრამ ამერიკულმა მხარემ არ გაიზიარა კრემლის პოზიცია და 7 აპრილს ტრამპის ბრძანებით, ხმელთაშუა ზღაში მცურავი ამერიკული სამხედრო ხომალდებიდან 59 ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკი" გაუშვეს, რომლებმაც შაირათის სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე სირიული საბრძოლო თვითმფრინავი გაანადგურეს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები