"რასაც პრემიერი ამბობს, საპირისპიროდ მოქმედებს პარლამენტის თავმჯდომარე"
"რასაც პრემიერი ამბობს, საპირისპიროდ მოქმედებს პარლამენტის თავმჯდომარე"
"შესაძლოა, კალაძესა და პარლამენტში მის ფლანგად მიჩნეულ გუნდს - კობახიძესა და მეგობრებს - მართლაც თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ, სხვა დეპუტატებმა კი, რომლებიც დიდი ხანია, გაღიზიანებული არიან პარლამენტის თავმჯდომარის უტიფარი ქმედებებით, გადაწყვიტეს, კვირიკაშვილს ამოეფარონ"

"ქართული ოცნება" პარტიულ განხეთქილებას პარტიული დისციპლინის წესებს უპირისპირებს - წესები კი პარლამ­ენტის თავმჯდომარემ უნდა შეიმუშაოს და მის განხილვაში უმრავლესობის 116-ვე დეპუტატი ჩაერთოს - ჯერჯერობით ასეთია მმართველი პარტიის ერთი ფლანგის მიერ დანახული გამოსავ­ლის გზა,­ თუმცა, საეჭვოა, ამას ირაკლი
კობახიძესთან დაპირისპირებული თანაგუნდელების მეორე ფლანგი დაეთანხმოს. მაგალითად, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მამუკა მდინარაძის ფრაქცია­ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების საკითხის განხილვას არ გამორიცხავს, გახმიანდა ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების ალბათობაც. ახლა პარტია ელოდება მთავარ ოფისში პრემიერთან შეხვედრას, რომელსაც, როგორც კულუარებში ამბობენ, შესაძლოა, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი
ბიძინა ივანიშვილიც დაესწროს. "

"პარლამენტიდან­ ვერავინ ვერავის გარიცხავს"


"კვირის პალიტრა" ესაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდ­ომარეს, სოფო კილაძეს. ის დღეს ირაკლი კობახიძის ფლანგის წევრად მიიჩნევა:
- "ქართულ ოცნებაში" ყველა პრობლემა მალე მოგვარდება. კინკლაობის დრო არ არის, უნდა გავამართლოთ ნდობა, რომელიც საზოგადოებამ გამოგვიცხადა.

- ირაკლი კობახიძის ინიც­ირებული ე.წ. ქცევის კოდექსი გუნდის დანარჩენი წევრებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. რა აღმოფხვრის­ ამ დაპირისპირებას - მამუკა მდინარაძის გადაყენება, რომელიც ირაკლი­ კობახიძესთან ერთად განსაკუთრებით მიუღებელ ფიგურად გამოიკვეთა პარტიის რამდენიმე წევრისთვის?

- მდინარაძის ფრაქციის თავმჯდომა­რედ ან კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ დავით ჭიჭინაძეს არ გადაუწყვეტია. უმრავლესობის გადასაწყვეტია, რა გზით წავალთ. ქცევის წესების შეთანხმება აუცილებელია. პარტიის შიგნით ვცდილობთ პრობლემების გადაჭრას, ეს ეთიკის საკითხია და სამწუხაროა, რომ ასეთი ნორმების ოფიციალურად გაწერა გვჭირდება.

- პარადოქსია, "ქართული ოცნება" ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად მიიჩნევდა, რომ წინა ხელისუფლებისგან­ განსხვავ­ებით, პარტიას დემოკრატიული პრინციპები ჰქონდა და განსხვ­ავებული პოზიციის გამო გარიცხვა არავის ემუქრებოდა. ნუკრი ქანთარ­იამ განაცხადა,­ კობახიძე და მისი ჯგუფი ავტ­ორიტ­არული მიდგომებით გამოირჩევაო­. ქცევის კოდექსი მართლაც ხომ არ ტოვებს თანაგუნდელების შეზღუდვისკენ მიდრეკილების შთაბეჭდილებას?

- "ქართული ოცნება" სწორედ რომ დემოკრატიულობით გამოირჩევა - ყველა დეპუტატს თავისუფალი მანდატი აქვს, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული, ამიტომ პარლამენტიდან­ ვერავინ ვერავის გარიცხავს, პარტიაში კი გუნდური პრინციპი უნდა არსებობდეს და დემო­კრატიულ პროცესს ჩრდილი არ მიადგება.

- გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ 15 წუთით­ ადრე უმრავლესობის "ჩათში" დირე­ქტ­ივები მოდის, ვინ როგორ იმოქმედოსო.

- გედი ფოფხაძე საერთოდ არ არის "ჩათში" და არც ინტერნეტს იყენებს.

- რატომ?

- მისი გადაწყვეტილებაა, რომ საპარ­ლამენტო უმრავლესობის "ჩათში" არ იყოს. საუბარი, რომ კობახიძე ავტორიტარული მართვის სტილით გამოირჩევა, აბსურდია.

- ნინია კაკაბაძის კანდიდატურა რომ ვერ იქნებოდა წყალგამყოფი გუნდში, ალბათ,­ მეთანხმებით... მაშ, რა არის დაპირისპირების მთავარი მიზეზი, ე.წ. ძველმა და ახალმა დეპუტატებმა უმრავლესობაში გავლენები ვერ გაინაწილეთ თუ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიის კანდიდატზე ვერ თანხმდებით?

- ძველებისა და ახლების დაყოფა არასწორია. ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით... გეთანხმებით, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ვერ იქნება მთავარი მიზეზი. როგორც კი გედი ფოფხაძემ განაცხადა, მართლმადიდებლებს სულში ჩააფურთხესო, მაშინვე ეს გავიფიქრე, თუმცა მიჭირს პასუხის გაცემა, რა ხდება სინამდვილეში.

- გამორიცხავთ, რომ პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი გახარიას ბანაკებად დაიყო უმრავლესობა? ეს ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც დავით ჭიჭი­ნაძემ განაცხადა, პარტიაში ვერ ვხედავ ადამიანს, რომელიც კვირიკაშვილს გაუწევს კონკურენციას - გახარია­ იქნება თუ სხვა, არ გააჩნია რესურსი, რომ ამ ხალხის გაერთიანება შეძლოსო...

- დავით ჭიჭინაძის განცხადებების გამო გაოცებული დავრჩით. დიახ, გვყავს პრემიერი და გუნდებად დაყოფა ქვეყანას ნამდვილად არ არგებს. თუ ვინმე ვინმესთან უფრო ახლოს მეგობრობს და სხვებზე ხშირად ხვდება, ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი.

"თუ მდინარაძეს ღირსება გააჩნია, თვითონ უნდა წავიდეს!"


დავით ჭიჭინაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
- პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რომ გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში უნდა დარჩეს, დეპუტატებისგან საოცრებები გავიგონეთ... თითქოს ეს პარტიის თავმჯდომარე კვირიკაშვილმა კი არა, ვინმე რიგითმა მოქალაქემ თქვა. კვირიკაშვილს ლომის წილი მიუძღვის "ქართული ოცნების" გამარჯვებაში და უზარმაზარი ნდობით სარგებლობს სწორედ იმის გამო, რომ მაქსიმალურად ცდილობს, გუნდში მეგობრული ატმოსფერო შექმნას. ის არ გახლავთ სააკაშვილი, რომელიც ყველას ერთ ხმაზე ამღერებდა, პირიქით, ყველას აძლევს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას, მაგრამ ვიღაცებს გედევან ფოფხაძის უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივა არ მოსწონთ.

- ვის არ მოეწონა ეს და რატომ?

- ჩანს, საქმე ფოფხაძის დაბრუნება არ არის... ვიღაცებს სურდათ, ისე წარმოეჩინათ, თითქოს საპარლამენტო უმრავლესობა არ მიესალმება გედევან ფოფხაძის უკან დაბრუნებას. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც პრემიერმა გაავრცელა მიმართვა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ამ განცხადებას პარლამენტმა რეზოლუციით არაადეკვატური პასუხი გასცა...

- გამოდის, პრემიერი და პარლამენტის­ თავმჯდომარე დაპირისპირებული არიან?

- ჩემთვის ანგარიში არავის ჩაუბარებია, მაგრამ ასეთმა დამოკიდებულებამ სისტემური ხასიათი მიიღო - რასაც პრემიერი ამბობს, იმის საპირისპიროდ მოქმედებს პარლამენტის თავმჯდომარე. ამიტომ გამოიკვეთა ტენდენცია, თითქოს პარლამენტი დაპირისპირებულია პრემიერთან, აქედან მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებამდე კი ერთი ნაბიჯია და, შესაძლოა, სწორედ ეს შემოგვთავაზონ. ამიტომ, გავაპროტესტე მათი დამოკიდებულება - მათ­აც ჩემსავით ერთი ხმა აქვთ და არა მგონია, მათზე ნაკლებად მიჭერდეს მხარს საზოგადოება.

- კონკრეტულად რომელ დეპუტატს გულისხმობთ და ასეთი ურთიერთბრალდებების შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ ისევ ერთ პარტიაში იმავე პოზიციებზე ყოფნა?

- გვარებს არ დავასახელებ, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. თუმცა მდინარაძეს იმის გამო ვგულისხმობ, რომ მან პრემიერის განცხადების შემდეგ გააკეთა განცხადება - ის არის პარლამენტში იმ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, რომლის თავმჯდო­მარეც კვირიკაშვილია და თუ პრემიერს არ ეთანხმები, მორალური უფლება არ გაქვს, პოსტზე დარჩე. თუ მდინარაძეს ღირსება გააჩნია, თვითონ უნდა წავიდეს! თუ ჰგონია, რომ ეს თამაშია, ან ვიღაცის საამებლად განცხადებას გააკეთებს და მის სიტყვებს შესაბამ­ისი შეფასება არ მოჰყვება, ძალიან ცდება.

- რა არის დაპირისპირების მთავარი მიზეზი? ფაქტია, გუნდის ე.წ. ძველი და ახალი წევრები პოლიტიკური ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდით. თქვენ თქვენს კოლეგებს პორტირებულიც კი უწოდეთ...

- როდესაც პორტირებულები ვახსენე,­ ზუსტად ის ადამიანები ვიგულისხმე, რომლებმაც ისეთი მეთოდების დანერგვა მოინდომეს, როგორიც თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა. თუ სჯერათ, რომ საზოგადოება მათ მხარს უჭერს, გავიდნენ პარტიიდან და შექმნან საკუთარი პოლიტიკური ძალა, როგორც მათმა წინამორბედებმა გააკეთეს.

- ანუ კობახიძის ფლანგი "ნაცმოძრაობის" იდეური მემკვიდრეა? არადა, სწორედ კვირიკაშვილმა წარადგინა ეს ადამიანები საარჩევნო სიაში, როგორც ახალი სისხლი...

- ახალი სახეები არიან ისინიც, ვისაც ძველი შლეიფი არ მოსდევთ. საგურამოში წარდგენილი წევრებიდან ბევრი ღირსეულად აგრძელებს "ქართული ოცნების" თანამედროვე პოლიტიკაში მონაწილეობას. პორტირებულს ვეძახი მათ, ვინც ძველ ხელისუფლებასაც ემსახურებოდა.

- ახლა რატომ გახსენდებათ მათი წარსული? თუ თქვენთვის მიუღებელი პირები თქვენ გვერდით არიან, აქამდე რატომ დუმდით?

- მე მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი­ და სია არც შემიმოწმებია, მათი სახელი და გვარი არც არაფერს მეუბნებოდა. მერე გა­ირკვა, ვინ სად იყო. პრემიერს უნდა გაეანალიზებინა, კაცი ერთხელ თუ უღალატებს ვინმეს, ამას აუცილებლად გაიმეორებს.

"ალიაქოთი რომ გრძელდება, ეს ივანიშვილის დისტანცირებას ადასტურებს. ამასთან, ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები"


გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - კობახიძის, თალაკვაძის, მდინარაძისა თუ სხვა ე.წ. ახალი სახეების ინტეგრაცია პოლიტიკაში ექსპერიმენტის ნაწილი იყო, ეს თეორიულად­ საინტერესო გეგმა გახლდათ, თუმცა დრომ აჩვენა, რომ მთავარი მაინც გამოცდილება, პოლიტიკური ბიოგრაფია და ადამიანური უნარებია, რაც ჩამოთვლილ დეპუტატებს და მათი ფლანგის სხვა წევრებს არ აღმოაჩნდათ. მეტიც, მათ საპირისპირო თვისებები გამოამჟღავნეს, რაც ალბათ, პროგნოზირებადი იყო - როდესაც გიჩნდება განცდა, რომ იმაზე მეტი ტვირთი აიკიდე, ვიდრე შეგიძლია ზიდო, გარე სამყაროსთან კონფრონტაციაში შედიხარ. ასე დაემართა კობახიძის მცირერიცხოვან ჯგუფსაც.

დეპუტატების უმრავლესობას დიდი ხანია, აწუხებს კითხვა - რა თვისებები აქვთ თალაკვაძეს, კობახიძეს თუ მდინარაძეს ისეთი, რომ სხვებს არაფერს გვეკითხებიან და ერთპიროვნულად მართავენ კოლექტიურ ორგანოს?! ახლა ამ დაგროვილმა წუხილმა იფეთქა ბევრი მიზეზის გამო: ადამიანი, ვისი ხათრითაც კობახიძე თუ თალაკვაძე თანამდებობებზე დაინიშნენ, დღეს პროცესებში აღარ ერევა. ალიაქოთი რომ გრძელდება, ეს ივანიშვილის დისტანცირებას ადასტურებს. ამასთან, ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. თუ "ქართული ოცნების" უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამეული­ დაუმსახურებლად იკავებს მაღალ თანამდებობებს, თვითონ კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძე ფიქრობენ, რომ პარლამენტის გარდა, ქვეყნის მართვაშიც შეუძლიათ აქტიური მონაწილეობა, ანუ აბსოლუტურად უტიფარი პოზიცია აქვთ. დიდია ალბათობა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ და საჯაროდ ერთმანეთის დაჭმა დაიწყეს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, კახა კალაძე ისევ ჩაერთოს არჩევნებში­, გახდეს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი... ასევე მოიაზრება კვირიკაშვილიც...

- უცნაური იქნება, კახა კალაძე გადადგეს მერის პოსტიდან. ეს ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, მეორე საარჩევნო ფრონტი გაიხსნება, რაც "ქართულ ოცნებას" პრობლემებს შეუქმნის. თუ მან აიღო ქალაქის ინფრასტრუქტურ­ის მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობა, კეთილი ინებოს და ზიდოს ეს ტვირთი. აქ სახლობანას კი არ ვთამაშობთ - მერობა მომბეზრდა და ახლა პრეზიდენტობა მინდაო... რაც შეეხება კვირიკაშვილს, არ გამოვრიცხავ, რომ მან, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მართლაც გადაწყვიტა, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთოს. ამ შემთხვევაში პარლამენტში დაწყებული დაპირისპირება უფრო ლოგ­იკური ჩანს, მაგრამ მეეჭვება, ყველაფერი თვითონ დაეგეგმა. აქ უფრო ინტერესების თანხვედრასთან გვაქვს საქმე. შესაძლოა, კალაძესა და პარლამენტში მის ფლანგად მიჩნეულ გუნდს - კობახიძესა და მეგობრებს - მართლაც თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ, სხვა დეპუტატებმა კი, რომლებიც დიდი ხანია, გაღიზიანებული არიან პარლამენტის თავმჯდომარის უტიფარი ქმედებებით, გადაწყვიტეს, კვირიკაშვილს ამოეფარონ.

- შეგვიძლია პროგნოზირება, როგორ განვითარდება მმართველ პარტიაში მოვლენები?

- მდინარაძის შესაძლო გადაყენება თუ კობახიძის მოხსნა იმდენად წვრილმან საკითხებად მიმაჩნია, ამაზე ფიქრიც კი არასერიოზული მგონია. აშკარაა, გვაქვს ინსტიტუციური წესრიგის პრობლემა, რომლის გადაჭრის ერთადერთი სწორი გზა საპრეზიდენტო­ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ჩართვა იქნება. მან უნდა იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, რითაც შეწყდება სპეკულაციები ჩრდილოვან მმართველობასთან დაკავშირებით, ორი წლის განმავლობაში აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი, ორი წლის შემდეგ კი გახდეს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გარანტი და ამის შემდეგ გადადგეს. ახლა ყველა მის ავტორიტეტულ სიტყვას ელოდება - როგორც ის იტყვის, ყველაფერი ისე მოგვარდება.

რუსუდან შელია
ტოტო
20 აპრილი 2018 14:20
კიდევ კარგი ჯერ კიდევ პირდაპირი არჩევნებია პრეზიდენტის,თორემ პარლამენთი,რომ ირჩევდეს დიდი პრობლემები შეიქმნება.
ამიტომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა იყოს პირდაპირი და არა პარლამენტის მიერ არჩეული.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები