დიმიტრი ქუმსიშვილი: "ჩინური მხარისგან დახმარების უპრეცედენტო შეთავაზებები მივიღეთ" - კვირის პალიტრა

დიმიტრი ქუმსიშვილი: "ჩინური მხარისგან დახმარების უპრეცედენტო შეთავაზებები მივიღეთ"

"თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და საქართველოს შორის, რომელიც რეკორდულად მოკლე დროში - შვიდ თვეში დასრულდა და 2018 წლიდან ამოქმედდა, ორმხრივ სავაჭრო სტატისტიკაზე უკვე დადებითად აისახა"

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გასულ კვირას ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის ერთობლივ კონფერენციაზე "მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის", ასევე შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში აჯიჰად აზურს.

ამასთან ერთად, დიმიტრი ქუმსიშვილმა მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრ ჭონ შანთან, ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენთან, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ასევე შეხვდა აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკისა და ჩინური ინტერნეტგიგანტის "ალიბაბა ჯგუფის" შვილობილი კომპანია Fliggy Corporate-ის წარმომადგენლებს.

ჩინეთში ვიზიტის შედეგების შესახებ "კვირის პალიტრა" საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, ახლახან დაბრუნდით ჩინეთიდან, სადაც მონაწილეობა მიიღეთ ჩინეთის სახალხო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივ კონფერენციაში, რომელიც "ერთი გზა, ერთი სარტყლის" ინიციატივას მიეძღვნა. რა იყო ის ძირითადი მესიჯები, რაც საქართველოს სახელით გაახმაურეთ ამ ღონისძიებაზე?

- ჩემთვის დიდი პატივი იყო, მოხსენებით გამოვსულიყავი ამ მნიშვნელოვან კონფერენციაზე - ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, აღგვენიშნა, რას ველით და რა არის ჩვენი პრიორიტეტები "ერთი გზა, ერთი სარტყლის ინიციატივის" ფარგლებში, ასევე დაგვესახა ამ ინიციატივის წარმატებული განხორციელებისთვის აუცილებელი ნაბიჯები. უნდა ითქვას, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური ზრდისა და, ზოგადად, განვითარების კატალიზაციისთვის. აბრეშუმის გზის ინიციატივა ფარავს რეგიონს, სადაც მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ცხოვრობს, ის ასევე მოიცავს საერთო მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ს. შესაბამისად, ბაზრების ერთმანეთთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრითა და ვაჭრობის წახალისებით აბრეშუმის გზის ინიციატივა ხელს უწყობს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას. ინიციატივის ფარგლებში მეტი ინვესტიცია და ტექნოლოგია გაედინება განვითარებად ქვეყნებში. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ "ერთი გზა, ერთი სარტყლის" ინიციატივა დადებითად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე. მასში მონაწილეობით შესაძლებლობა გვექნება, განვახორციელოთ სხვადასხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის - ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ტრანსპორტი და ენერგეტიკა. ეს ასევე გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის და სოციალური კეთილდღეობის ზრდას ყველა მონაწილე ქვეყანაში.

- ქვეყნის უმსხვილეს სატრანზიტო პროექტში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ქსელის სრულფასოვანი განვითარება. რა კეთდება ამ მიმართულებით, როგორია თქვენი ხედვა?

- BRI-ს ("ერთი გზა, ერთი სარტყლის ინიციატივა") ფარგლებში ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების მობილიზება. ცხადია, საერთაშორისო სავაჭრო დინამიკის შესაბამისი ძლიერი სატრანსპორტო ქსელის განვითარებისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ინვესტიციები. საქართველომ ამ მიმართულებით წარმატებებს მიაღწია. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამა, მიზნად ისახავს ფისკალური სივრცის შექმნას ინვესტიციებისთვის. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის გარეშე ამ მიზნის მიღწევა წარმოუდგენელი იქნებოდა. დონორების დაფინანსება და შეღავათიანი სესხები ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითადი ინსტრუმენტებია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი (IMF, WB, AIIB, ADB, KFW და EIB) ჩვენი პარტნიორია ამ მიზნის განხორციელებაში. თუმცა ფინანსური რესურსების უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია მრავალმხრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა ტექნიკური დახმარების, ცოდნის გაცვლისა და ზედამხედველობის მიზნით.

ჩვენი მიზანია არარსებული კავშირების შექმნა და სანდო სატრანსპორტო ქსელის განვითარება. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, მინდა აღვნიშნო საერთაშორისო კომპანიების საბაზრო წვდომის გაუმჯობესების, სატრანსპორტო მომსახურების ლიბერალიზაციისა და ვაჭრობისთვის ინსტიტუციონალური და ბიუროკრატიული დაბრკოლების აღმოფხვრის მნიშვნელობა. ჩვენ გვჭირდება გამარტივებული საბაჟო პროცედურები მთელი დერეფნის გასწვრივ, ისევე როგორც ჰარმონიზებული კანონმდებლობა. ვფიქრობ, BRI ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განვითარებას.

- ამავე ვიზიტის ფარგლებში თქვენ მნიშვნელოვანი შეხვედრები გქონდათ ჩინეთის კომერციისა და ტრანსპორტის მინისტრებთან...

- მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრისგან მივიღეთ უპრეცედენტო შემოთავაზება და ის ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. საქმე ეხება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაში ჩინეთის მთავრობის დახმარებას. ამ ღონისძიებების მიზანი იქნება, მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს. აქვე დავამატებ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და საქართველოს შორის, რომელიც რეკორდულად მოკლე დროში - შვიდ თვეში დასრულდა და 2018 წლიდან ამოქმედდა, ორმხრივ სავაჭრო სტატისტიკაზე უკვე დადებითად აისახა.

- ნოემბერში ქართული კომპანიები მიწვეული არიან შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე. თქვენი აზრით, ქართული კომპანიებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ გამოფენებში მონაწილეობა?

- შანხაის ექსპოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის კომერციის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე. შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს 150 000 მყიდველთან (ე.წ. ბაიერთან) პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნებათ, ამაში კი მათ მხარს დაუჭერს ჩინეთის კომერციის სამინისტრო. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი პროდუქცია გაიტანონ ჩინეთის ბაზარზე და მნიშვნელოვნად გაზარდონ გაყიდვების მასშტაბი.

- ასევე ცნობილი გახდა, რომ ყველა მემორანდუმის ფარგლებში, რომლებიც ეკონომიკური განვითარების მიზნით გაფორმდა საქართველოსა და ჩინეთს შორის, ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები. რომელ მემორანდუმებზეა ლაპარაკი და რატომ დადგა დღის წესრიგში სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხი?

- ერთ-ერთი მემორანდუმი, რომელზეც ყურადღება გამახვილდა, შეეხებოდა "სარტყლისა და გზის ინიციატივის" განვითარების პერსპექტივებს, კონკრეტულად, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა დარგში თანამშრომლობას; მათ შორისაა ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვა ამ მიმართულებით იგეგმება სამწლიანი სამოქმედო გეგმის შექმნა და მის საფუძველზე გატარებული ღონისძიებების მონიტორინგი.

კიდევ ერთი მემორანდუმი უშუალოდ შეეხება ჩინეთში ქართული პროდუქციის იმპორტს. დოკუმენტის თანახმად, ამ მიზნის მისაღწევად უნდა შეიქმნას საქართველო-ჩინეთის მეწარმეთა საბჭო, ჩინეთის იმპორტის პოპულარიზაციის ვებგვერდზე (www.import.org.ch) განთავსდეს ქართული საექსპორტო პროდუქცია, გაიმართოს ვაჭრობის ხელშემწყობი დელეგაციების ვიზიტები და სხვა. მესამე მემორანდუმი კი შეეხება საწარმოო სიმძლავრეების გადმოტანას ჩინეთიდან საქართველოში და ეკონომიკური ზონების განვითარებას.

- დახმარების სურვილი გამოთქვა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპენმაც...

- ჩვენ ჩინეთის როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვეთ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მაგისტრალის, იმავე შუა მაგისტრალის პოპულარიზაცია, რაც ნიშნავს ჩვენი შესაძლებლობების პოპულარიზაციას ზოგიერთ პროვინციაში. ამავდროულად, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ განიხილოს ამ კორიდორისა და კორიდორში მოსაზიდი ტვირთების ფინანსური მხარდაჭერა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი კოლეგა სექტემბერში მოვიპატიჟე საქართველოში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ეწვევა საქართველოს.

ივნისში გაიმართება სამუშაო შეხვედრა სახმელეთო გადაზიდვების ხელშეკრულების დასასრულებლად, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლას.

- კიდევ ერთი მემორანდუმი, რომელიც თქვენი ვიზიტისას, "ალიბაბა გროუპის" შვილობილ კომპანიასთან გაფორმდა, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაა. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს მემორანდუმი?

- საუბარია ჩინური ინტერნეტგიგანტის, "ალიბაბას" შვილობილ კომპანია Fliggy Corporate-ზე, რომელთანაც გავაფორმეთ მემორანდუმი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე. მემორანდუმი მიზნად ისახავს მათ პლატფორმაზე საქართველოს დამატებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ტურისტული ნაკადის შემოსვლას.

ესაუბრა რუსუდან შელია